
ადამიანებში კანის სიმსივნის რამდენიმე ტიპი გვხვდება, მაგრამ მათგან ყველაზე საშიში და აგრესიული მელანომაა. მისი შემთხვევები სხვა მსგავს ონკოლოგიურ დაავადებებთან შედარებით ნაკლებია, თუმცა სივერაგით ის მაინც პირველ ადგილს იკავებს.
ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მელანომა კანის ღრმა შრეებში მარტივად აღწევს და სხვა ქსოვილებზე ლიმფური სისტემის ან სისხლის მეშვეობით ვრცელდება. ასევე, იგი ბოლო სტადიებში ხშირად მკურნალობას აღარ ექვემდებარება. სამწუხაროდ, მაღალია მისით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.
აქედან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის კანის სიმსივნეებიდან ყველაზე ცნობილი და საინტერესო სწორედ მელანომაა. ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა არის მელანომა და როგორ ყალიბდება.
რა არის მელანომა
მელანომის წარმოქმნა ჩვენი კანის შემადგენელ პიგმენტურ უჯრედებს უკავშირდება, რომელთაც მელანოციტები ეწოდება. ისინი პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებს, რომელიც კანის, თმისა და თვალის შეფერილობაზეა პასუხისმგებელი.
ზოგჯერ მელანოციტები ტრანსფორმაციას განიცდის, რა დროსაც პათოლოგიურად მრავლდება, ეს კი მელანომის ფორმირებას უწყობს ხელს. შესაძლოა, ის განვითარდეს როგორც უშუალოდ კანზე, ისე კუჭ-ნაწლავში, შარდ-სასქესო სისტემაში არსებულ ორგანოებში, პირისა და ცხვირის ღრუში.
მელანომას რისკ-ფაქტორებია:
ღია შეფერილობის კანი, თვალები და თმა — ამის მიზეზი ისაა, რომ მსგავსი მახასიათებლების მქონე ადამიანებში, მათ შორის ჟღალებსა და ჭორფლიანებში, მელანინი ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება. ეს პიგმენტი მზის მავნე გამოსხივებისგან ბუნებრივად გვიცავს, შესაბამისად მისი სიმცირე ამ ეფექტს უშლის ხელს.
ბუნებრივი ან ხელოვნური (სოლარიუმის) დასხივება — დერმატოლოგები ხშირად ამბობენ, რომ გარუჯვა უსაფრთხო არასდროსაა. ეს იმიტომ, რომ დასხივება ჩვენზე უარყოფითად ზემოქმედებს, რადგან შესაძლებელია, ულტრაიისფერმა სხივებმა მელანოციტების ანომალიური გამრავლება გამოიწვიოს. აღნიშნული პროცესი BRAF გენის მუტაციას უკავშირდება და მელანომის წარმოქმნას განაპირობებს. საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი რისკის წინაშე ეკვატორთან ახლოს და მაღალმთიან არეალებში მცხოვრები ადამიანები არიან, რადგან ძლიერი დასხივების ქვეშ უწევთ ყოფნა.
მზით დამწვრობა — ვინაიდან ინტენსიური გამოსხივება მელანომის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, მნიშვნელოვანია მზით დამწვრობაც. განსაკუთრებულ რისკს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მიღებული დამწვრობები აჩენს, ამიტომ მელანომისგან დაზღვეული არც შედარებით მცირე ასაკის ადამიანები არიან. ამით ის კანის სხვა სიმსივნეებისგან განსხვავდება. მათ შემთხვევაში მეტი საფრთხე ასაკოვან პირებს ემუქრებათ, რადგან უარყოფით ეფექტს სიცოცხლის განმავლობაში ჯამურად მიღებული დამწვრობები იძლევა.
ხალების სიმრავლე სხეულზე — პირველ რიგში, მელანომა ხალი არაა, რადგან ეს უკანასკნელი კეთილთვისებიანი წანაზარდია. ამის მიუხედავად, მათ შორის მჭიდრო კავშირია, რადგან, მაგალითად, თუ ადამიანს სხეულზე 50-ზე მეტი ხალი აქვს, მელანომის განვითარების რისკი იზრდება. ეს იმიტომ, რომ ხალების ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარებაა შესაძლებელი.
გენეტიკური წინასწარგანწყობა — მელანომის რისკი იმატებს, როცა ოჯახურ ანამნეზში ჩვენს და-ძმას, დედ-მამას ან შვილს მელანომა უფიქსირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ მელანომის გამოწვევა მემკვიდრეობით გენეტიკურ დარღვევებსა და მუტაციებსაც შეუძლია.
მელანომის სიმპტომები
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მელანომა მხოლოდ უკვე არსებული ხალების გადაგვარების შედეგად ვითარდება, მაგრამ ეს ასე არაა. დაავადების შემთხვევების თითქმის 50%-ში კანის არაპიგმენტურ ნაწილში სრულიად ახალი ლაქა ან წანაზარდი აღმოცენდება, რომელიც ავთვისებიანი ხასიათისაა.
აქვე აღსანიშნავია, რომ კეთილთვისებიანი მელანომა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ამ ტერმინს სამეცნიერო საზოგადოება არ ცნობს, რადგან ეს დაავადება უპირობოდ ავთვისებიანია და უვნებელი სახესხვაობა უბრალოდ არ გააჩნია.
რაც შეეხება ძველ ხალებს, ისინი მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ, რადგან მათი გადაგვარება არ გამოგვეპაროს. შესაძლებელია, მელანომა წითელი “ხალი” იყოს ანდა მიყავისფრო-მოვარდისფრო. ნორმალურ ხალებს ერთგვაროვანი შეფერილობა აქვს და მკვეთრად გამოყოფილი საზღვრები გააჩნია. მათი ფორმა, ძირითადად, მრგვალი ან ოვალურია, ზომა კი მეტწილად 6 მილიმეტრზე ნაკლებია. როგორც წესი, ისინი კანზე ბავშვობაშივე ჩნდება და ეს პროცესი 40 წლამდე გრძელდება. ზოგჯერ მსგავსი კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ზომაში იზრდება და ქრება კიდეც.
მელანომას არაერთგვაროვანი შეფერილობა, უსწორმასწორობა და ანომალიური ზრდა გამოარჩევს. ის შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გაჩნდეს, მათ შორის ტანსაცმლით დაფარულ ადგილებში, სადაც მზის სხივები ნაკლებად აღწევს (უმეტესწილად მუქი კანის მქონე ადამიანებში). ყველაზე ხშირია ზურგზე, ფეხებზე, ხელებსა და სახეზე, რადგან ეს ზონები ყველაზე მეტი დასხივების ქვეშაა.
მაშასადამე, მელანომის პოტენციური სიმპტომია როგორც ძველი ხალის საეჭვო გადაგვარება, ისე ახლის წარმოქმნა. ზოგჯერ მელანომას თან ახლავს ისეთი სიმპტომებიც, როგორიცაა პიგმენტური ზონის მიმდებარედ ქავილი და მგრძნობელობის მომატება. ასევე, სისხლდენა და გამონადენი
როგორ გამოიყურება მელანომა?
მელანომა, კანის კიბო, დიდ ყურადღებას საჭიროებს, რათა ის არ გამოგვეპაროს და ექიმს დროულად მივმართოთ. სიმპტომებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ არის კონკრეტული მახასიათებლები, რომლებიც მიანიშნებს, რომ წარმონაქმნი შესაძლოა, მელანომა იყოს.
მის გამოსავლენად ე.წ. ABCDE წესს მიმართავენ. ის შემდეგში მდგომარეობს:
A-ასიმეტრია — ასიმეტრიის დროს ხალის ერთი ნახევარი მეორე ნახევრისგან განსხვავებულია, ანუ არაერთგვაროვანი ფორმა აქვს.
B-უსწორმასწორო საზღვრები — ჩვეულებრივ ხალს მკვეთრი და გლუვი საზღვრები აქვს. ამის საპირისპიროდ, მელანომის კიდეები უსწორმასწოროა, ანუ მისი მოხაზულობის სიმეტრია დარღვეულია.
C-ფერის ცვლილება — ხალს ერთი კონკრეტული შეფერილობა აქვს, მელანომაზე კი ცვალებადი ფერები შეინიშნება. მაგალითად, შესაძლოა, პიგმენტურ წარმონაქმნში ყავისფერი, შავი და მოვარდისფრო ერთმანეთში იყოს შერეული, რაც დაეჭვების საბაბს იძლევა.
D-დიდი დიამეტრი — ჩვეულებრივი ხალების დიამეტრი ხშირად დაახლოებით 6 მილიმეტრამდეა. მელანომა უფრო დიდი ზომით არის ხოლმე გამოხატული, მაგრამ ის უფრო პატარაც შეიძლება იყოს, ამიტომ მხოლოდ ამ ერთი კრიტერიუმით ნუ იმსჯელებთ.
E-ცვალებადობა — საეჭვოა ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხალზე შეინიშნება, იქნება ეს ფერის, ფორმის თუ ზომის. ასევე, საყურადღებოა მის მიმდებარედ მოულოდნელად გაჩენილი ქავილი, გამონადენი ან სისხლდენა.
მელანომას 4 სტადია აქვს, სხვა სიმსივნეების მსგავსად. თავდაპირველად იგი კანის ზედაპირზეა კონცენტრირებული, მაგრამ შემდეგ უკვე ღრმა შრეებში აღწევს. ესაა მეტასტაზური მელანომა, რომელიც ლიმფური სისტემისა და სისხლის გავლით ნელ-ნელა კანიდან სხვა ქსოვილებზე ვრცელდება. პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რის გამოც ეს ონკოლოგიური დაავადება განსაკუთრებულად აგრესიულად მიიჩნევა.
ყველაფრის მიუხედავად, მელანომა განკურნებადია, თუკი მას დროულად გამოვავლენთ. ამაში დაავადების პირველი პერიოდი, ანუ მელანომის 2 სტადია იგულისხმება, როცა მეტასტაზები ჯერ შორს არაა წასული და სიმსივნური უჯრედების მოშორება შედარებით მარტივია. თუ მეტასტაზები უკვე შორსაა გავრცელებული, მკურნალობა რთულდება.
არსებობს ე.წ. ფარული მელანომაც, რომელსაც სამი ძირითადი სახე აქვს. ესენია:
ფრჩხილის მელანომა — რომელიც ფრჩხილის ქვეშ კანზე ვითარდება;
თვალის მელანომა — რომელიც თვალში არსებული მელანოციტებიდან ვითარდება და მხედველობის ცვლილებას იწვევს;
მუკოზური მელანომა — რომელიც პირი ღრუში, კუჭ-ნაწლავსა და შარდ-სასქესო სისტემის ლორწოვან გარსში ჩნდება.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ და სხეულზე არსებული ხალები მუდმივად აკონტროლოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რისკ-ფაქტორებისგან შეძლებისდაგვარად დაიცვათ თავი. მაგალითად, არ იაროთ სოლარიუმში და მზის პირდაპირ სხივებს მოერიდოთ. პრევენციისთვის დერმატოლოგები მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასაც გვირჩევენ, თანაც არამხოლოდ ზაფხულში, არამედ ყველა სეზონზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account