
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც პარამიქსოვირუსების ოჯახში შემავალი იმავე სახელწოდების (წითელას) ვირუსი, იგივე Morbillivirus hominis, იწვევს. იგი ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ პათოგენი ჩვენს ორგანიზმში ინფიცირებული ინდივიდის მიერ საუბრისას, დახველებისას ან დაცემინებისას ცხვირიდან და პირიდან გამოფრქვეული ნაწილაკების სახით ხვდება.
როგორც სხვა ვირუსების უდიდესი ნაწილის შემთხვევაში, ამ დროსაც აუცილებელია, რომ წითელას მქონე ადამიანთან დისტანცია დავიცვათ, რათა ინფიცირების რისკი შემცირდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წითელა საკმაოდ გადამდებია, ანუ იგი მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში და ისეთ დაწესებულებებში, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს.
ყველაზე მეტად ეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ხდება, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამის მიუხედავად, ვირუსი პათოგენურობას მალე კარგავს, თუ ორგანიზმში შეღწევა ვერ მოახერხა, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის მიერ დაავადების გადატანის შანსი ძალიან მცირეა.
წითელა და წითურა
წითელა/წითურა/ბატონები — ეს სამი სახელწოდება საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, რადგან ზოგჯერ მათ ერთმანეთისგან სათანადოდ ვერ ვასხვავებთ და სინონიმებადაც კი ვიყენებთ. სინამდვილეში, წითელა/წითურა არა ერთი და იგივე, არამედ ორი სხვადასხვა დაავადებაა.
მართალია, ეს ორივე მწვავე ინფექციაა და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, თუმცა გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია. როგორც უკვე ვახსენეთ, წითელას Morbillivirus hominis-ის ვირუსი იწვევს, წითურას უკან კი Rubivirus rubellae დგას, იგივე წითურას ვირუსი. საინტერესოა, რომ წითურას მეორენაირად გერმანულ წითელასაც უწოდებენ, მაგრამ არც ამან უნდა დაგვაბნიოს. ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ ორი სხვადასხვა პათოგენი განაპირობებს.
რაც შეეხება ბატონებს, ეს ბავშვებში გავრცელებული ვირუსული დაავადებების საერთო სახელწოდებაა, რომლითაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც წითურა და წითელა, ისე ქუნთრუშაც და ყივანახველაც. რა თქმა უნდა, ეს სამეცნიერო დასახელება არაა და ძველად საქართველოში არსებულ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. კერძოდ, ბატონებად სნეულების მომტან სულებს მოიხსენიებდნენ, რომელთა “სტუმრობაც” საკრალურ მოვლენად მიიჩნეოდა და “წაბრძანებაც” ასეთივე რიტუალების თანხლებით ხდებოდა. მაშ წითელა/ბატონები შეგვიძლია, გარკვეულწილად, სინონიმებად გამოვიყენოთ, მაგრამ არა — წითურა/წითელა.
წითელას სიმპტომები
წითელა დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ვლინდება, ანუ მისთვის საფეხურებრივი მიმდინარეობაა დამახასიათებელი.
პირველ ეტაპს პროდრომული პერიოდი ეწოდება. ამ დროს ინფიცირებულს ზოგადი სიმპტომები აღენიშნება. უფრო კონკრეტულად, თავს იჩენს სხეულის მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, რინიტი, ცემინება, სურდო, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ლოყის ლორწოვან გარსზე მონაცრისფრო-თეთრი შეფერილობის ნადები და სასაზე წითელი უსწორმასწორო ლაქები. ეს 2-3 დღეს გრძელდება.
შემდეგ, მეორე ფაზისას, უკვე ბევრად შესამჩნევიო სიმპტომი ჩნდება, რომელიც უკვე მიგვანიშნებს, რომ საქმე, სავარაუდოდ, წითელასთან გვაქვს. ეს ლაქოვან-კვანძოვანი, იგივე მოკულო-პაპულური, მოვარდისფრო-მოწითალო გამონაყარია. ის ჯერ შუბლზე, ყურის უკანა არეში, ცხვირსა და ლოყებზე ჩნდება, ამის მერე კი ზემოდან ქვემოთ ვრცელდება:კისერზე, გულ-მკერდზე, ზურგზე, მუცელზე, ხელებზე, ფეხებზე, ტერფებზე. ამ ეტაპის ხანგრძლივობა 4-5 დღეა.
ბოლო ფაზა უკვე გამოჯანმრთელებაა, რასაც საშუალოდ 5 დღის განმავლობაში ხელ-ფეხის გულების გარდა სხეულის სხვა ნაწილებში კანის აქერცვლა ახასიათებს. ნელ-ნელა დაბლა იწევს ტემპერატურაც, გამონაყარი ისევ ზემოდან ქვემოთა მიმართულებით ფერმკრთალდება, ყველაზე გვიან კი პაციენტებში ხველა ქრება.
წითელას გამონაყარი ერთგვარი კვანძების სახითაა წარმოდგენილი. ისინი კანიდან სულ ოდნავაა ამოწეული და თითქოს ერთმანეთს ერწყმის.
წითელა ბავშვებში
წითელა ყველაზე ხშირად სწორედ ბავშვებში ვლინდება. პათოგენის გავრცელების შემთხვევები უმეტესწილად ბაღებსა და სკოლებში ფიქსირდება. ყველაზე მოწყვლად ჯგუფებად კი ახალშობილები და 1 წლამდე ასაკის პატარები მიიჩნევიან, რომლებშიც ინფექცია უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს ხოლმე.
ამის მიუხედავად, შედარებით იშვიათად წითელა დიდებშიც იჩენს თავს, თუკი მათ დაავადება ადრე არ გადაუტანიათ და აცრილებიც არ არიან. ბავშვებსა და ზრდასრულებში ინფექციის მიმდინარეობა მეტ-ნაკლებად ერთნაირია. მცირე ასაკის ინდივიდებში წითელას სიმპტომატიკა ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსია, ანუ მშობელი ჯერ გრიპისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ამჩნევს, შემდეგ კი უკვე გამონაყარი ჩნდება — პირველ ეტაპზე სხეულის ზედა ნაწილში, შემდეგ კი ქვემოთ.
ამას წინ ინკუბაციის პერიოდი უსწრებს. ესაა ის დრო, რომლის განმავლობაშიც სხეულში მოხვედრილი ვირუსით გამოწვეული სიმპტომები ჯერ არ ვლინდება. წითელას ინკუბაციის პერიოდი დაახლოებით 10-14 დღეა, მაგრამ ზოგჯერ 20-21 დღემდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ვირუსიან ბავშვს დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ 1 კვირაზე მეტხანს არაფერი აწუხებს. ბავშვებში ინკუბაციის დროის გახანგრძლივებას ზოგჯერ იმუნოგლობულინის ტიპის ანტისხეულების მიღება და სისხლის ან პლაზმის გადასხმაც განაპირობებს.
როგორ მკურნალობენ წითელას
იქიდან გამომდინარე, რომ წითელა ვირუსია, რომლითაც ორგანიზმი ინფიცირდება, მისი მკურნალობა სიმპტომური ხასიათისაა. ეს იმიტომ, რომ უკვე დაავადებული ადამიანისთვის ისეთი პრეპარატი არ არსებობს, რომელსაც დაუყოვნებლივი განკურნების ეფექტი ექნება. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ, როდის გაივლის გამონაყარი.
ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მდგომარეობის შემსუბუქების, სიმპტომების გაკონტროლებისა და სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებელი გზები არსებობს. მაგალითად, ექიმები წითელას მქონე პაციენტებს ურჩევენ, რომ დაისვენონ და საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღონ, რაც მათ მალე გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.
ასევე. იქიდან გამომდინარე, რომ წითელას შემაწუხებელი სიმპტომები ახასიათებს, მათ შესამსუბუქებლად მედიკამენტების მიღებაც რეკომენდებულია. თუკი პაციენტს ინფიცირების პირველ ეტაპზე მაღალი ტემპერატურა აქვს, შეუძლია სიცხის დამწევი პრეპარატი დალიოს, როგორიც, პირობითად, იბუპროფენი ან ანტიფლუა. ბავშვებში მოერიდეთ ასპირინის გამოყენებას, რადგან ეს მათში რეის სინდრომის განვითარების რისკს შეიცავს.
ზოგ შემთხვევაში ექიმი ანტივირუსულ საშუალებებსაც ნიშნავს, რომელთა საჭიროებასაც თავად განსაზღვრავს. ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ წითელას დროს რეკომენდებულია ვიტამინ A-ს მიღებაც, რადგან ის დაავადების გამწვავებისგან გვიცავს. ვინაიდან ხანდახან წითელას მეორეული ინფექციებიც ახლავს თან, როგორიც პნევმონია ან ყურის ინფექციაა, შესაძლებელია, ექიმმა ანტიბიოტიკებიც დაგინიშნოთ.
რაც შეეხება წითელას პრევენციას, რა თქმა უნდა, ამის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება დროული ვაქცინაციაა. იმუნიზაციის შედეგად სხეულში ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები წარმოიქმნება, რომლებიც პათოგენს ორგანიზმის ინფიცირების საშუალებას აღარ აძლევს.
საქართველოში წითელა/წითურა/ყბაყურას აცრა ბავშვს 1 და 5 წლის ასაკში უტარდება, მაგრამ თუ დოზა გამოტოვებულია, მეორედ ვაქცინაცია ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ სხვაგვარად ვირუსისგან თავს ვერ დაიცავთ, ამიტომ იმუნიზაცია აუცილებელია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account