
კერატინი არის ცილოვანი ნივთიერება, რომელიც შედის კანის, თმისა და ფრჩხილების შემდგენილობაში. ის თმის სტრუქტურაში ქმნის ე.წ. დამცავ შრეს – კუტიკულას, რაც იცავს თმას არასასურველი ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან.
თუმცა დროთა განმავლობაში გარე ზემოქმედების შედეგად თმა მაინც ზიანდება. დაზიანებული და გამომშრალი თმის გაჯანსაღებისთვის კი აქტიურად იყენებენ კერატინით მკურნალობის მეთოდს.
კერატინით თმის გასწორება ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც გამოიყენება ბუნებრივი კერატინის შემცველი პროდუქტი/კრემი. ნივთიერება ღრმად აღწევს თმის თითოეულ ღერში და კუტიკულაში გაჩენილ სიცარიელეს ავსებს, რის შედეგადაც თმა ახალ სტრუქტურას იძენს და ხდება უფრო სრიალა, გლუვი და ძლიერი.
კერატინით მკურნალობა და თმის გასწორება შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურის თმისთვის.
კერატინით მკურნალობის პროცედურა და ხანგრძლივობა
სალონური კერატინით მკურნალობის პროცედურას ზოგჯერ ბრაზილიურ კერატინით მკურნალობასაც უწოდებენ. პროცედურა შეიძლება განსხვავდებოდეს სალონების მიხედვით, თუმცა, როგორც წესი, შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
- თმის კარგად ჩამობანა და გაშრობა — თმის დაბანისას შამპუნის 2-3-ჯერ წასმა და 3-5 წუთამდე გაჩერება. შემდეგ თანაბრად გაშრობა, რათა თმამ შეინარჩუნოს დაახლოებით 20%-იანი ტენიანობა.
- თმის დაყოფა თხელ ფენებად და კრემის წასმა ძირებიდან — სტილისტი კერატინის შემცველ კრემს თმაზე თანაბრად ანაწილებს. იმის მიხედვით, თუ რამდენ კერატინს შეიცავს კრემი, მას თმაზე 20-დან 40 წუთამდე ტოვებენ.
- თმის მრგვალი ჯაგრისით დავარცხნა და პარალელურად ფენით გაშრობა.
- ფენით გაშრობის შემდეგ სტილისტი თმას ასწორებს უთოთი. თითოეულ ფენას დაახლოებით 8-10-ჯერ სჭირდება დაუთოება.
- გასწორების შემდეგ სტილისტი თმას ბანს სპეციალური შამპუნითა და კონდიციონერით.
- პროცედურის ბოლოს სტილისტი კიდევ ერთხელ ფენით კარგად აშრობს და ასწორებს თმას.
კერატინით თმის მკურნალობის პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე, სისქესა და გასწორების ინტენსივობაზე, თუმცა საშუალოდ იგი გრძელდება 3-5 საათი.
რაც შეეხება კერატინით მკურნალობის შედეგებს, იგი შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, თუ თმას ძალიან ხშირად და ინტენსიურად არ დაიბანთ.
კერატინით თმის მკურნალობის უპირატესობები და ნაკლოვანებები
კერატინით თმის მკურნალობას აქვს მთელი რიგი სარგებელიც/უპირატესობები, თუმცა ამავე დროს აქვს ნაკლოვანებებიც.
კერატინით თმის მკურნალობის უპირატესობებია:
- თმა ჯანსაღდება და იძენს ბზინვარებას - კერატინით თმის მკურნალობის პროცედურები არბილებს თმის კუტიკულას, რაც თავის მხრივ თმას აძლევს ბუნებრივად გლუვ, მბზინავ იერს.
- აქვს ხანგრძლივი ეფექტი - თუ ადამიანი სათანადოდ ზრუნავს თმაზე, იყენებს შესაფერის პროდუქტებს და ხშირად არ იბანს მას, კერატინით თმის მკურნალობის შედეგები გრძელდება 6 თვემდე.
- გამოსადეგია ყოველგვარი ტიპის თმისთვის - კერატინით თმის მკურნალობა ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურის თმისთვის შეიძლება - არ აქვს მნიშვნელობა გრძელია თმა თუ მოკლე, სქელი თუ თხელი, ტალღოვანი თუ ხვეული.
- არ აზიანებს თმას - კერატინი არის სტრუქტურული ცილა, შესაბამისად, მას შეუძლია გააჯანსაღოს და გააძლიეროს თმა. გარდა ამისა, მკურნალობა ეხმარება თმას სწრაფ ზრდაში, რადგან ბოლოები არ იყოფა და თმის ღერები არ ტყდება.
- თმა ადვილად ივარცხნება და მოკლე ხანში იღებს სასურველ ფორმას - კერატინით მკურნალობის შემდეგ ყველაზე დაუმორჩილებელი თმაც კი უფრო დამყოლი ხდება, მარტივად ივარცხნება და უფრო მარტივადაც შრება.
- თმა დასველების შემდეგაც ინარჩუნებს ფორმას.
რაც შეეხება კერატინით თმის მკურნალობის ნაკლოვანებებს, ისინი გამოიხატება შემდეგში:
- პროცედურა ძვირია - კერატინით თმის მკურნალობა საკმაოდ ძვირი პროცედურაა, რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია თმის სიგრძესა და სტრუქტურაზე.
- პროცედურა ხანგრძლივია - როგორც ზემოთ ვნახეთ, პროცედურა შესაძლოა გაგრძელდეს 5 საათმდე.
- პროცედურიდან 2 კვირის განმავლობაში თმის შეღებვა არ შეიძლება. ასევე, არ შეიძლება თმის ყოველდღიური დაბანა.
- თმა შესაძლოა დაზიანდეს, თუ პროცედურა არაპროფესიონალმა ჩაატარა.
როგორ მოვუაროთ კერატინით დასწორებულ თმას?
კერატინით თმის მკურნალობისა და დასწორების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თმის სწორი მოვლა პირველი სამი დღის განმავლობაში.
გამომდინარე იქედან, რომ კერატინს გარკვეული დრო სჭირდება კუტიკულაში შესაღწევად და შესაკავშირებლად, პროცედურის შემდეგ დაახლოებით 48-72 საათი არ შეიძლება თავის დაბანა და თმის სამაგრით შეკვრა.
რაც შეეხება თმის შემდგომ მოვლას, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ხარისხიანი პროდუქცია. თმის მოვლის საშუალების შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ, პროდუქტი ხომ არ შეიცავს კერატინის დამშლელ კომპონენტებს – მარილს (ნატრიუმის ქლორიდს), ნატრიუმის სულფატს, სილიკონს ან ალკოჰოლს.
შედეგის გასახანგრძლივებლად გამოიყენეთ კერატინით დამუშავებული თმისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები, მაგალითად: კერატინის შემცველი შამპუნი, კონდიციონერი და კერატინის ნიღაბი.
არის თუ არა უსაფრთხო კერატინით თმის მკურნალობის პროცედურა?
კერატინით თმის მკურნალობისთვის განკუთვნილი ზოგიერთი პროდუქტი/კრემი შეიძლება შეიცავდეს ფორმალდეჰიდს — ძლიერ სურნელოვან ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების წვა, ხველა და კანის გაღიზიანება.
კერატინით თმის მკურნალობისას ფორმალდეჰიდის მავნე ზემოქმედება შეიძლება გამოიხატოს შემდეგ ნიშნებში:
- თვალების, ყელისა და ცხვირის წვა;
- ხველა;
- გულისრევა;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- ალერგიული რეაქციები;
- გამონაყარი;
- გულ-მკერდის ტკივილი.
ამ გვერდითი მოვლენების გამო კერატინით თმის მკურნალობა არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მწვავე ალერგიული რეაქციები.
თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეისთვის ბაზარზე არსებობს კერატინით თმის მკურნალობისთვის განკუთვნილი ისეთი პროდუქციაც, რომლებიც არ შეიცავს ფორმალდეჰიდს და შესაბამისად, ბევრად უსაფრთხოა მოხმარებისთვის.
შესაძლებელია თუ არა კერატინით თმის მკურნალობა სახლის პირობებში?
სახლის პირობებში თმის გაჯანსაღებისთვის და გასწორებისთვის არსებობს პროდუქტები, რომლებიც შედარებით ნაკლებ კერატინს შეიცავს, თუმცა ამ პროდუქტებს არ აქვთ ისეთი ძლიერი ეფექტი, როგორც პროფესიონალურს.
როგორია კერატინით მკურნალობის ალტერნატივები
ფორმალდეჰიდის ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად და თმის სიჯანსაღისა და ბზინვარების შესანარჩუნებლად არსებობს გარკვეული ალტერნატივები.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თმა დაიბანოთ რაც შეიძლება ნაკლებ ინტენსიურად, რადგან შამპუნი აცლის თმას ბუნებრივ ზეთებს და თმა ხდება უფრო გამომშრალი.
თუმცა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ თმის ბზინვარება და სიჯანსაღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი დამატენიანებელი პროდუქტები, როგორებიცაა: ზეითუნის ზეთი, არგანის ზეთი, ქოქოსის ზეთი, შიის კარაქი და მზესუმზირის ზეთი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account