
მაჟეზიკი არის თურქული წარმოების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, ნევრალგიის, დისმენორეას დროს. ასევე ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით, ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
რა ფორმით იწარმოება პრეპარატი?
მაჟეზიკი იწარმოება მაჟეზიკის ტაბლეტებისა (100მგ) და მაჟეზიკის 0.25%-იანი სპრეის (30მლ) ფორმით.
ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:
- თავის ტკივილი;
- კბილის ტკივილი;
- ნევრალგია;
- დისმენორეა;
- რევმატოიდური ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებული სპონდილიტი, მწვავე პოდაგრული ართრიტი, ართრალგია, ართროზი, მწვავე რადიკულიტი და ლუმბაგოს გადაუდებელი და ხანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობა;
მაჟეზიკის 0.25%-იანი პირის ღრუს სპრეი კი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალება ოროლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში (მაგ. ღრძილების ანთება, ტონზილიტი და სხვა).
რისგან შედგება მედიკამენტი?
მაჟეზიკის 1 ტაბლეტის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერება ფლურბიპროფენი (100 მგ) და დამხმარე ნივთიერება - ტიტანის დიოქსიდი.
მაჟეზიკის პირის ღრუს სპრეის შედგენილობაში კი შედის აქტიური ნივთიერება ფლურბიპროფენი (0.075 გ)
მედიკამენტის შედგენილობაში არსებული ფლურბიპროფენი არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
მაჟეზიკის გამოყენების ინსტრუქცია - მიღების წესები და დოზირება
მაჟეზიკის ტაბლეტების რეკომენდებული ერთჯერადი დოზა არის 50-200 მგ დღე-ღამის განმავლობაში. დისმენორეის შემთხვევაში მედიკამენტის საწყისი დოზა არის 100მგ, შემდგომში 50 ან 100მგ ყოველ 4-6 სთ-ში. ზოგადად, მაჟეზიკის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300მგ-ს.
რაც შეეხება მაჟეზიკის სპრეის გამოყენების ინსტრუქციასა და დოზირებას, დასაშვებია 2 შესხურება 3-ჯერ დღეში შესაბამის უბანზე. ყოველი შესხურება წარმოადგენს ხსნარის 0.2 მლ-ს, რომელიც შეიცავს 0.5 მგ ფლურბიპროფენს. სპრეის შეისხურეთ პირის ღრუს შესაბამის უბანზე, თუმცა არ გადაყლაპოთ.
მედიკამენტის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ფლურბიპროფენის მიმართ სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების სიპტომები შეიძლება იყოს: სუნთქვის გათრგუნვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მედიკამენტის მიღებისას?
მეჟიზიკის მიღებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არის მსუბუქი და დრობითი.
თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები:
- დისპეფსია;
- გულისრევა;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- დიარეა;
- ყაბზობა;
- ურტიკარია;
- თავბუსხვევა;
- რინიტი.
რა შეიძლება იყოს მაჟეზიკის უკუჩვენებები?
მაჟეზიკის ტაბლეტებისა და სპრეის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუკი:
- გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ფლურბიპროფენის მიმართ;
- გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღების დროს;
- ფლურბიპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
- სპრეის გამოყენება უკუნაჩვენებია პეპტიური წყლულის არსებობის შემთხვევაში.
გარდა უკუჩვენებებისა არსებობს განსაკუთრებული მითითებები, თუ როდის უნდა იქნეს გამოყენებული მაჟეზიკი სიფრთხილით. ასეთი მდგომარეობებია:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებები;
- გულის უკმარისობა, ჰიპერტონია და სხვა დაავადებებით შესაძლებელი შეშუპება და სითხის შეკავების შესაძლო განვითარება;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პოტენციური რისკი;
- ხანდაზმული ასაკი.
პრეპარატის შენახვის პირობები და ვადები
მაჟეზიკის ტაბლეტები ინახება სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. სპრეი კი არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
რაც შეეხება ვარგისიანობის ვადას, ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია წარმოებიდან 3 წლის განმავლობაში, სპრეის კი - წარმოებიდან 2 წლის განმავლობაში.
მაჟეზიკი მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია ურეცეპტოდ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account