
მაგნე B6 უნგრული ან ფრანგული წარმოების მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება მაგნიუმის უკმარისობის სიმპტომების სამკურნალოდ.
მაგნე B6-ს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული ისეთი დარღვევების პროფილაქტიკა, როგორებიცაა:
- ნევროზი;
- გაღიზიანება და შფოთვა;
- ხანმოკლე დაღლილობა;
- ძილის დარღვევევი;
- კუნთების ტკივილი და სპაზმი;
- კრუნჩხვა და ჩხვლეტის შეგრძნება.
გამოშვების ფორმა და შედგენილობა
მაგნე B6 იწარმოება ორი ფორმით - შემოგარსული ტაბლეტებისა და პერორალური (მედიკამენტის მიღება პირის ღრუს საშუალებით) მიღებისათვის განკუთვნილი ხსნარის ფორმით.
რაც შეეხება მაგნე B6-ის შედგენილობას, მისი შედგენილობა და შემავალი ნივთიერების დოზები განსხვავდება მედიკამენტის წარმოების ფორმის მიხედვით. კერძოდ, შემოგარსული ტაბლეტების შემთხვევაში მაგნე B6-ის 1 ტაბლეტში შედის შემდეგი აქტიური ნივთიერებები - მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი (470 მგ), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (INN), ანუ ვიტამინი B6 (5 მგ) და დამხმარე ნივთიერებები - საქაროზა, მძიმე კაოლინი, აკაციის გუმფისი, კარბოქსიპოლიმეთილენ 934, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კარნაუბის ცვილი (ფხვნილი), ტიტანის ორჟანგი.
ხოლო მაგნე B6-ის ხსნარის 1 ამპულაში (10 მლ) შედის აქტიური ნივთიერებები - მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი (186 მგ), მაგნიუმის პიდოლიატი (936 მგ), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (INN), ანუ ვიტამინი B6 (10 მგ) და დამხმარე ნივთიერებები - ნატრიუმის დისულფიტი (0.015 გ), ნატრიუმის საქარინატი (0.015 გ), კარამელი ალუბლის არომატული დანამატით (0.3 მლ) და გამოხდილი წყალი.
რა უნდა გაითვალისწინოთ მაგნე B6-ის მიღებამდე?
მაგნე B6-ით მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მედიკამენტის მიღება არ შეიძლება:
- თუ ხართ ალერგიული მედიკამენტის შემადგენელი აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
- თუ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (მაგნე B6 შეიცავს საქაროზას);
- თუ გაქვთ თირკმლის დაავადებები;
- თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- თუ იღებთ მედიკამენტ „ლევოდოპა“-ს (მაგნე B6 შეიცავს პირიდოქსინს);
- თუ იღებთ ფოსფატს ან კალციუმის დანამატებს.
მაგნე B6-ის მიღებამდე აუცილებელია კონსულტაციისთვის მიმართოთ მკურნალ ექიმს.
მაგნე B6-ის მიღება ბავშვებსა და ორსულებში
მედიკამენტი მაგნე B6 განკუთვნილია მოზრდილებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მაგნე B6-ის მიღება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მაგნე B6-ის მიღების წესი და დოზები
მედიკამენტი მაგნე B6 მიიღება პერორალურად (პირის ღრუს მეშვეობით). თუ მედიკამენტს იღებთ ტაბლეტების სახით, მიაყოლეთ 1 ჭიქა წყალი.
რაც შეეხება მაგნე B6-ის დოზირებას, მედიკამენტის სადღეღამისო დოზა ზრდასრულებში შეადგენს 6-8 ტაბლეტს და უნდა მიიღოთ 2-3-ჯერ, კვების დროს.
6 წელზე მეტი ასაკისა და 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვების შემთხვევაში კი სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-30 მგ/კგ სხეულის წონას (0.4-დან 1.2 მმოლ/კგ სხეულის წონაზე). დღის განმავლობაში ბავშვებმა უნდა მიიღონ 2-4 ტაბლეტი 2-3-ჯერ, კვების დროს.
ჩვეულებრივ, მაგნე B6-ით მკურნალობის ხანგრძლივობა არის 1 თვე.
დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ უნდა მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
როგორია მაგნე B6-ის შესაძლო გვერდითი მოვლენები
მაგნე B6-მა, სხვა მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. თუმცა აღსანიშნავია, რომ გვერდითი მოვლენები ყველა პაციენტში არ ვლინდება.
მაგნე B6-ის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
- კანის რეაქციები;
- დიარეა (იშვიათად);
- მუცლის ტკივილი (იშვიათად);
- ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათად).
მაგნე B6-ის შენახვის წესი
მედიკამენტი მაგნე B6 ინახება არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მისი გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მაგნე B6 მიეკუთვნება III ჯგუფის მედიკამენტებს, შესაბამისად, აფთიაქებში იგი ურეცეპტოდ გაიცემა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account