
ლ-თიროქსინი არის ჰორმონის ჩამნაცვლებელი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სხვადასხვა პრობლემის დროს. მედიკამენტი თვითმკურნალობისთვის განკუთვნილი არ არის და ექიმები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ ის თვითნებურად არ მივიღოთ. ლ-თიროქსინი ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფს მიეკუთვნება და ფორმა №3 რეცეპტით გაიცემა.
მედიკამენტის შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. აქ მომხმარებელს ლ-თიროქსინის ფართო ასორტიმენტი დახვდება:
- ლ-თიროქსინი 50 მკგ;
- ლ-თიროქსინი 75 მკგ;
- ლ-თიროქსინი 100 მკგ;
- ლ-თიროქსინი 125 მკგ;
- ლ-თიროქსინი 150 მკგ.
შესაძლოა, შეგხვდეთ ლ-თიროქსინი 25 მკგ-იანიც, თუმცა, ეს საკმაოდ იშვიათი დოზირებაა წამლისთვის.
ლ-თიროქსინის ფასის შესახებ საკმაოდ ხშირად ისმევა — მედიკამენტის ღირებულება ხშირად შეიძლება შეიცვალოს. ლ-თიროქსინის ფასი შეიძლება ისეთ ეკონომიკურ ფაქტორებზე იყოს დამოკიდებული, როგორიცაა — ეროვნული ვალუტის სიმყარე, ინფლაცია, ექსპორტისა თუ იმპორტის გადასახადის ცვლილება, მედიკამენტის ღირებულების შეცვლა მწარმოებლის მიერ და ა.შ. ეს ცვლილებები კი შეიძლება შეეხოს ნებისმიერი წარმოების პრეპარატს, განურჩევლად მისი დოზისა.
გამომდინარე იქიდან, რომ ჰორმონულ თერაპიას ადამიანის ყოველდღიურობაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, აუცილებელია მოხმარებისა და მიღების წესები სამედიცინო პერსონალისგან მიიღოთ. როგორც წესი, ლ-თიროქსინის მიღების წესი ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად დგება და, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ჩარჩოებში ჯდება, აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა.
როდის ინიშნება ლ-თიროქსინი?
ლ-თიროქსინის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტი „არასაკმარისი თირეოიდული ჰორმონის ჩასანაცვლებლად ან/და ფარისებრ ჯირკვალზე დატვირთვის შესამცირებლად“ გამოიყენება. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
პირველ რიგში, გავიგოთ, რა არის თირეოიდული ჰორმონი და რა როლს ასრულებს ის.
თირეოიდული ჰორმონი არის ქიმიური ნივთიერება, რომელსაც წარმოქმნის ფარისებრი ჯირკვალი. ეს ჰორმონი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზმის მეტაბოლიზმის რეგულირებაში, რითაც თქვენი ორგანიზმი საკვებს ენერგიად აქცევს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი ხელს უწყობს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციის კონტროლს, როგორიცაა თქვენი გულისცემა, სხეულის ტემპერატურა და რამდენად ეფექტურად წვავს თქვენი სხეული კალორიებს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი (T3). ეს ჰორმონები ერთად მუშაობენ თქვენი სხეულის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.
როდესაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონის სწორ რაოდენობას, თქვენი ორგანიზმი დაბალანსებულ მდგომარეობაში რჩება ნივთიერებათა ცვლის კუთხით. თუმცა, თუ ფარისებრი ჯირკვალი აწარმოებს ძალიან ბევრს (მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპერთირეოზი) ან ძალიან ცოტა (ჰიპოთირეოზი) ჰორმონს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა წონის ცვლილება, დაღლილობა ან კიდევ უფრო სერიოზული გართულებები. რეგულარული გამოკვლევები და დაბალანსებული დიეტა დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღი ფუნქციის შენარჩუნებაში.
ლ-თიროქსინი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰორმონის ჩამნაცვლებლად გამოიყენება – შესაბამისად, ის, უმეტესად ჰიპოთირეოზულ მდგომარეობაში ინიშნება. ასეთი სიტუაციები და სამედიცინო ჩვენებები კი შეიძლება იყოს:
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის ნებისმიერი ფორმა, როცა ჰორმონი საკმარისი რაოდენობით არ გამომუშავდება;
- ფარისებრი ჯირკვლის გადიდების დროს ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისთვის;
- ჩიყვის ოპერაციის შემდეგ;
- კეთილთვისებიანი ჩიყვის სამკურნალოდ, ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების პერიოდშიც;
- ამავე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს - მედიკამენტი ინიშნება ოპერაციული ჩარევის შემდეგ, რათა დაითრგუნოს რეციდივი და ჩანაცვლდეს არასაკმარისი ჰორმონი;
- იმ პერიოდებში, როცა კვლევების გამო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ხელოვნურად შეიძლება დაითრგუნოს, სამედიცინო ჩარევით.
რაც მთავარია, ლ-თიროქსინი ინიშნება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, თუკი ექიმი გადაწყვეტს, რომ სწორედ ეს მედიკამენტი სჭირდება პაციენტს.
როდის არ შეიძლება პრეპარატის მიღება?
მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ჰორმონის ნაკლებობის დროს ლ-თიროქსინი პაციენტებისთვის შეუცვლელი მედიკამენტიც კი იყოს, არის მთელი რიგი სამედიცინო ჩვენებები, როცა ექიმები და მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მიღებას მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ.
მნიშვნელოვანია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ჩვენებები და სხვადასხვა დაავადების ნიშნები გავაცნოთ მკურნალ ექიმსაც, რათა მან მედიკამენტის დანიშვნამდე სრულად და ამომწურავად იცოდეს სამედიცინო ისტორია.
თუკი ოდესმე გადაგიტანიათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ან გაქვთ გულის იშემიური დაავადება, გულის კუნთის სისუსტე, გულის კუნთის ანთება, ტაქიკარდია, გულის უკმარისობა ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ამ დროს თავიდან უნდა აიცილოთ სისხლში ნებისმიერი ჰორმონის მაღალი დონე. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ექიმმა მაინც დაგინიშნოთ ლ-თიროქსინი, მაგრამ დაგჭირდებათ ჰორმონების დონის ხშირი კონტროლი.
შესაძლოა, თქვენ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და, შესაბამისად, ჰორმონის ნაკლებობა, გამოწვეული იყოს ჰიპოფიზის დაავადებით (ეს არის პატარა ზომის ჯირკვალი თავის ტვინთან). ასევე, არ არის გამორიცხული ეს დაავადება მიმდინარეობდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის თანხლებით. ნებისმიერ შემთხვევაში, თირეოიდული ჰორმონით მკურნალობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც ეს სამედიცინო ჩვენება მოგვარდება.
თქვენმა ექიმმა, ასევე, უნდა გამორიცხოს ფარისებრ ჯირკვალში ისეთი უბნების არსებობა, რომლებიც უკონტროლოდ შეიძლება გამოიმუშავებდნენ ჰორმონს — იქნება ეს პერიოდულად ზედმეტის გამოყოფა, თუ ნაკლებობა. თირეოიდული ჰორმონით მკურნალობის დაწყებამდე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სრულად უნდა იქნას შესწავლილი.
ასევე, მნიშვნელოვანი ასპექტი შეიძლება იყოს შესაბამის ასაკობრივ კატეგორიის ქალებში მენოპაუზის თანმხლები მოვლენები. ასეთია, მაგალითად, ოსტეოპოროზის განვითარების მომატებული რისკი. ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს დეტალურად, რათა არიდებულ იქნას სისხლში ჰორმონის მომატება.
თუკი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა აქვს პაციენტს, რომელსაც პარალელურად აღენიშნება დიაბეტი, ან იღებს რომელიმე ანტიკოაგულანტს, გაფრთხილებული უნდა იყოს ენდოკრინოლოგიც, ვინც თირეოიდულ თერაპიაზე არის პასუხისმგებელი.
კიდევ ერთი საფრთხილო საკითხი შეიძლება იყოს დიალიზზე მყოფ პაციენტებში სხვადასხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად ლ-თიროქსინის მიღება. მაგალითად, თუკი ხართ დიალიზზე, სისხლში ფოსფატების დონე გაქვთ მომატებული და შესაბამისი მედიკამენტიც გენიშნებათ, მკურნალმა ექიმმა, თირეოიდული ჰორმონის მიღებამდე, შესაძლოა, გარკვეული სამედიცინო კვლევები დანიშნოს.
არის თუ არა განსხვავებაა ლ-თიროქსინსა და ეუთიროქსს შორის?
საკმაოდ ხშირია, ბრენდული დასახელებების გამო, თირეოიდული ჰორმონების ერთმანეთში არევა ან პაციენტების მხრიდან არასწორი წარმოდგენის ქონა, თითქოს ისინი სხვადასხვა ჩვენებისაა.
ასეთია, მაგალითად, ეუთიროქსისა და ლ-თიროქსინის შემთხვევები. რეალურად რა განსხვავებაა ამ ორს შორის? არსებითად, მხოლოდ ის, თუ რომელი კომპანიის წარმოებულია თითოეული მათგანი. ეუთიროქსი და L-თიროქსინი ორივე თიროქსინის სინთეზურ ფორმას (T4) შეიცავს. ისინი ერთნაირად მუშაობს და ორივე მათგანი მსგავსი სამედიცინო ჩვენების დროს ინიშნება.
ის, თუ რომელი მედიკამენტი შეიძლება იქნას გამოყენებული თქვენ შემთხვევაში, სრულად მკურნალი ექიმის გადასაწყვეტია — არ შეიძლება წამლის თვითნებურად შეცვლა და სხვისი მაგალითით დასკვნების გამოტანა. შესაძლოა, სხვა რომელიმე მედიკამენტს კარგი შედეგი ჰქონდეს სხვა პაციენტთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითნებურად მკურნალობის გეგმის შეცვლა სწორია. ნებისმიერ მსგავს საკითხზე გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს.
ლ-თიროქსინი სენსიტიურ პაციენტებში — ორსულები, ლაქტაციაზე მყოფი დედები და ბავშვები
პირველ რიგში, ვისაუბროთ ბავშვებზე. ეს მედიკამენტი ბავშვებსა და ჩვილებშიც კი ინიშნება, თუკი შესაბამისი სამედიცინო ჩვენება არსებობს. ეს შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, ისე შეძენილი დაავადება.
ცხადია, დოზირების გეგმას ადგენს მკურნალი ექიმი. დაუშვებელია დოზის თვითნებურად შეცვლა, შემცირება თუ გაზრდა. შესაძლოა დოზის შემცირების ან გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა თავადაც მიიღოს. ეს სრულად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტიპისაა დაავადება, რამდენად ემორჩილება მკურნალობას და როგორია თერაპიის პროგრესი.
რაც შეეხება ორსულობას, თუკი ხართ ორსულად, ან გაქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, იყოთ, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ან კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან მაინც. ასეთ დროს თირეოიდული ჰორმონებით თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მედიკამენტის მიღება უნდა გააგრძელოთ მკურნალი ექიმის დაკვირვების ქვეშ.
პრეპარატის ორსულობისას გამოყენებაზე კვლევებს ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის, ან ახალშობილის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზემოქმედება ამ დრომდე არ გამოუვლენია.
მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს დაუშვებელია ლ თიროქსინის მიღება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც დედაზე, ისე ნაყოფზე.
მაგალითად, კვლევები აჩვენებს, რომ თირეოსტაზულ წამლებს (ჰიპერფუნქციის სამკურნალო პრეპარატებს) პლაცენტაში შეღწევის უნარი აქვთ — ისინი აღწევენ ნაყოფის სისხლში და, შეიძლება, გამოიწვიონ ბავშვში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ამიტომაც, ორსულობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ თირეოსტაზულების დაბალი დოზებით.
თავის მხრივ, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი, რადგან ორსულობისას და მის შემდეგაც სისხლში ესტროგენის მომატებული დონის გამო, შესაძლოა, გაიზარდოს თირეოიდულ ჰორმონზე მოთხოვნილება. ამ შემთხვევაში კი საჭირო იქნება მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექტირება.
რაც შეეხება ლაქტაციას — თუკი აპირებთ, რომ პატარა ძუძუთი კვებაზე იყოს, პრეპარატის მიღებამდე ამ შემთხვევაშიც მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია. ორსულობის მსგავსად, ლაქტაციის დროსაც თირეოიდული ჰორმონოთერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მისი გაგრძელება საჭიროა, მხოლოდ მკურნალის ექიმის აქტიური დაკვირვების ქვეშ.
კვლევები ადასტურებს, რომ ლ-თიროქსინით მკურნალობის დროს დედის რძეში ჰორმონის იმდენად მცირე რაოდენობა გამოიყოფა, რომ პრეპარატი ახალშობილისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ხშირია არასწორი ინფორმაცია პრეპარატის შვილოსნობაზე გავლენის შესახებ — თუმცა, ამ კუთხით რაიმე ფუნქციის დარღვევაზე მეცნიერული ცნობები არ არის. უფრო მეტიც, სამეცნიერო თვალსაზრისით ამაზე ეჭვიც კი არ არსებობს.
რაც შეეხება ლ-თიროქსინის მოხმარების დროს ავტომობილისა თუ სხვა მექანიზმებზე მუშაობას, ამ კუთხით პრეპარატის რაიმე სახით ზემოქმედების შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის.
როგორ შევინახოთ ლ-თიროქსინი?
პრეპარატი, პირველ რიგში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას უნდა შევინახოთ, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ და მისი გასვლის შემდეგ მოხმარება შევწყვიტოთ. თუკი ვარგისიანობის ვადად მითითებულია არა კონკრეტული თარიღი, არამედ მხოლოდ წელიწადი და თვე, იგულისხმება, რომ მედიკამენტი მითითებული თვის ბოლო დღემდეა ვარგისი.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავში გადაგდება — იქნება ეს პრეპარატით სავსე კოლოფი, თუ ცარიელი ბლისტერი. უმჯობესია, თუკი ამ საკითხზე ფარმაცევტს მიმართავთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account