
გაწუხებთ ასთმა, სეზონური ან ქრონიკული ალერგია, რინიტი, მაშინ შესაძლოა, თქვენ კარგად იცნობდეთ მედიკამენტ პულმოკასტს. იგი სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების, ბრონქული ასთმის განვითარების სამკურნალო ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.
სხვადასხვა სამედიცინო წყაროს მიხედვით, პულმოკასტი ძირითადად გამოიყენება ასთმის სიმპტომების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის. ასევე ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა მაგალითად ცემინება, ცრემლიანი თვალები, შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში და ა.შ.
რისგან შედგება პულმოკასტი და როგორ მოქმედებს ის?
მონტელუკასტის ნატრიუმი — მედიკამენტ პულმოკასტის შემადგენელი აქტიური კომპონენტია. ეს ნივთიერება ორგანიზმში მოქმედებს ლეიკოტრიენების ბლოკირებით, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ ორგანიზმში არსებული ქიმიკატებია, რომლებიც ფილტვებში სასუნთქი გზების ანთებასა და შევიწროებას იწვევს. ამ ქიმიკატების ინჰიბირებით მონტელუკასტი ხელს უწყობს ანთების შემცირებასა და სუნთქვის გაუმჯობესებას.
პულმოკასტის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებები კი, შემდეგია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი და სხვა.
გაითვალისწინეთ, რომ პულმოკასტის შემადგენელი აქტიური ნივთიერების — მონტელუკასტის ეფექტიანობა, ასევე უსაფრთხოება არ არის შესწავლილი 2 წელზე პატარა ასაკის ბავშვებში, თუმცა დეტალურადაა შესწავლილი 2-5 წლის ასაკის ასთმიან პაციენტებში და სეზონური ალერგიული რინიტის მქონე 15 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.
სიფრთხილის ზომები და გვერდითი ეფექტები — რა უნდა ვიცოდეთ
თუკი გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პულმოკასტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ანოტაციის მიხედვით, ასთმის მწვავე შეტევისას, ორალური ფორმით, პულმოკასტის ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ, რადგანაც მწვავე მდგომარეობების დროს მისი ეფექტიანობა არ არის დამტკიცებული.
თუკი გაქვთ ასპირინზე მომატებული მგრძნობელობა, პულმოკასტის მიღების პერიოდშიც კი, უნდა გააგრძელოთ ასპირინსა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისგან თავის შეკავება.
აუცილებლად დარჩით კონტაქტზე ექიმთან, ჩაიტარეთ მონიტორინგი, მაგალითად თუ რა სიხშირით დაგჭირდებათ ინჰალაციური ბეტა-2 აგონისტები, პულმოკასტით მკურნალობის ფონზე.
თავის ტკივილი, ფარინგიტები, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სინუსიტები, ოტიტები, ვირუსული ინფექციები პულმოკასტის მიღების დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია.
ყურადღებით იყავით ისეთ გამოვლინებებთან, როგორიცაა ქავილი, კანზე გამონაყარი, სხვა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები, ღებინება, ფაღარათი. მსგავსი ან ნებისმიერი საეჭვო ეფექტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუკი ხართ ორსულად, პულმოკასტი არ უნდა მიიღოთ, რადგანაც ორსულებში მონტელუკასტის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. ლაქტაციის პერიოდშიც ფრთხილად უნდა იყოთ, მედიკამენტის მიღების საჭიროება თუ დადგა, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ იშვიათ შემთხვევებში მონტელუკასტით მკურნალობის ფონზე პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ სისტემური ეოზინოფილია.
როდის ინიშნება პულმოკასტი და როგორია მისი მიღების წესი
სააფთიაქო ქსელებში პულმოკასტი 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტია ხელმისაწვდომი.
პულმოკასტის 10 მგ-იანი აბები რეკომენდებულია მოზრდილებისთვის და 15 წლის, ან უფრო მეტი ასაკის მოზარდებში, თუკი მათ აწუხებთ: ბრონქული ასთმა და სურთ მისი პროფილაქტიკა, ან გრძელვადიანი თერაპია, ასევე ასპირინული ბრონქული ასთმა, სეზონური, ან ქრონიკული ალერგიული რინიტი.
რეკომენდებულია წამლის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თქვენი მკურნალი ექიმი დაგიზუსტებთ როგორც მიღების წესს, ასევე ხანგრძლივობას. რაც შეეხება მედიკამენტის ანოტაციაში გაწერილ გეგმას, იგი შემდეგია: ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღეში ერთჯერ, საღამოს, ძილის წინ.
თუკი კითხვები გაქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორ მიიღოთ პულმოკასტი ასთმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ანოტაციის მიხედვით, მისი დამატება შეგიძლიათ თქვენს სამკურნალო განრიგში, თუმცა რეკომენდებულია ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღებამდე, მიმღებლობასა და სხვა სამკურნალო საშუალებებთან თავსებადობაზე, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account