თმის გადანერგვა — რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის შესახებ?

თმის გადანერგვა არის პროცედურა, რომლის დროსაც პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს თმა თავის ერთი უბნიდან სხვა, მელოტ ან შეთხელებულ ადგილზე გადააქვს. ამ პროცედურას შეუძლია აღადგინოს თმა, რომელიც ადამიანს ასაკის, დაავადების ან ტრავმის გამო გასცვივდა. 

 

თმის გადანერგვის პროცესი, როგორც წესი, ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში მიმდინარეობს.

 

თმის ცვენის შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი ანდროგენული ალოპეციაა. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორებიც არის:

  • დიეტა;
  • სტრესი;
  • დაავადება;
  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • მედიკამენტები.

 

როგორ ხდება თმის გადანერგვა?

ქირურგი, სკალპის საფუძვლიანად გაწმენდის შემდეგ, პატარა ნემსის საშუალებით თავის უბნის ადგილობრივ ანესთეზიას აკეთებს. პროცესის შემდეგი ნაწილი კი გამოკიდებულია მეთოდზე, რომელსაც ექიმი კონკრეტულ შემთხვევაში იყენებს. 

 

მოდით, თმის გადანერგვის სამი მეთოდი განვიხილოთ.

 

FUT — ფოლიკულური ერთეულის გადანერგვა 

ამ მეთოდის გამოყენებისას პროცესი შემდეგი თანმიმდევრობით მიმდინარეობს:

  1. ქირურგი იყენებს სკალპელს თავის უკანა მხრიდან სკალპზე ზოლის გასავლებად. ჭრილობის სიგრძე, როგორც წესი, რამდენიმე სანტიმეტრია.
  2. ჭრილობა ნაკერების საშუალებით იხურება.
  3. შემდეგ ქირურგი, გამადიდებელი ლინზისა და ბასრი ქირურგიული დანის გამოყენებით, სკალპის ამოღებულ ნაწილს მცირე ნაწილებად ყოფს. იმპლანტაციისას, ეს დანაყოფები ხელს შეუწყობს თმის ბუნებრივად ზრდას.

 

FUE — ფოლიკულური ერთეულის ამოკვეთა 

ფოლიკულური ერთეულის ამოკვეთის შემთხვევაში პროცესი ასეთია:

  1. ქირურგი დანით ან ნემსით პაციენტის სკალპის არეში აკეთებს პაწაწინა ნახვრეტებს, სადაც თმის გადანერგვა ხდება. 
  2. ერთი სესიის დროს ქირურგს ასობით ან თუნდაც ათასობით თმის ღერის გადანერგვა შეუძლია.
  3. ამის შემდეგ პაციენტის სკალპს რამდენიმე დღის განმავლობაში მარლა ან სახვევი დაფარავს.

 

DHI — თმის პირდაპირი იმპლანტაცია

DHI წარმოადგენს FUE მეთოდის მოდიფიცირებულ ვერსიას და ის მსგავს პროცედურას მიჰყვება. 

  1. სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით ქირურგი თავის უკანა მხრიდან თმის ფოლიკულებს ამოიღებს.
  2. თმის ფოლიკულებს მოათავსებს კალმის ფორმის ხელსაწყოში და მათ სკალპის გამელოტებულ ნაწილში შეიყვანს.
  3. ქირურგი პაციენტს თავზე ანტიბიოტიკურ კრემს წაუსვამს და სახვევს დაადებს.

 

FUE და DHI მეთოდების გამოყენებისას, ოპერაციების ხანგრძლივობა, როგორც წესი, 8 საათს შეადგენს, მაგრამ ზუსტი დრო შეიძლება განსხვავებული იყოს გადანერგილი თმის ფოლიკულების რაოდენობის მიხედვით. ოპერაციის სრული შედეგების წარმოჩენას შეიძლება 12-დან 18 თვემდე დასჭირდეს. 

 

როგორც წესი, თმის FUT მეთოდით გადანერგვის პროცედურას უფრო მეტი დრო სჭირდება.

 

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით თმის გადანერგვა საქართველოში სხვადასხვა მეთოდით არის ხელმისაწვდომი მრავალ კლინიკაში, ამიტომ ამ თვალსაზრისით მსურველებს ფართო არჩევანის ფუფუნება გააჩნიათ.

 

თმის გადანერგვა კაცებში და ქალებში

თმის ცვენა მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ანდროგენული ალოპეციით. ეს პროცესი ძირითადად აზიანებს თმის წინა ხაზს და გვირგვინს, თუმცა გვერდით და უკანა ნაწილებში თმა ხშირად უვნებელი რჩება.

 

აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში თმის გადანერგვისთვის ზემოთ აღწერილი სამივე მეთოდი ეფექტური და უსაფრთხოა. კონკრეტული პროცედურის შერჩევა კი ექიმთან კონსულტაციის და პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

 

თმის ცვენის პრობლემა ქალებში შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი სხვადასხვა ფაქტორით, როგორებიც არის: ჰორმონალური ცვლილებები, სტრესი, თმის მოვლისთვის დამაზიანებელი საშუალებების გამოყენება და ა. შ.

 

ქალებში თმის ცვენა, როგორც წესი, უფრო თანაბრად ვრცელდება მთელ თავზე და სრული გამელოტება იშვიათი მოვლენაა. ქალების შემთხვევაში ჩვეულებრივ ფიქსირდება დიფუზური შეთხელება, რომლის დროსაც თმა ცვივა სკალპის ყველა უბნიდან, რის შედეგადაც ის მთლიანობაში თხელ, ნაკლებად მკვრივ იერს იძენს. ასეთი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას თმის გადანერგვის DHI მეთოდი წარმოადგენს.

 

გარდა ამისა, ვინაიდან ქალების უმრავლესობა გრძელ თმას ატარებს, მათთვის ხელსაყრელ არჩევანს ასევე გრძელი თმის გადანერგვის მეთოდი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, შედეგი პროცედურის დასრულებისთანავე თვალსაჩინოა და პაციენტს შეუძლია, ადგილზევე განსაზღვროს, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია მისთვის მიღებული თმის სიხშირე.

 

გრძელი თმის გადანერგვის მეთოდის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა არის უმტკივნეულო და შეუმჩნეველი პოსტოპერაციული პერიოდი. 

 

რა ხდება თმის გადანერგვის შემდეგ?

თმის გადანერგვის პროცედურის შემდეგ, შესაძლოა, სკალპის ტკივილი იგრძნოთ და დაგჭირდეთ ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორებიც არის:

  • ტკივილგამაყუჩებლები;
  • ანტიბიოტიკები ინფექციის რისკის შესამცირებლად;
  • ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები შეშუპების ჩასახშობად.

 

ადამიანების უმეტესობას, ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეუძლია, სამსახურს დაუბრუნდეს.

 

გადანერგილი თმისთვის დამახასიათებელია ცვენა პროცედურის დასრულებიდან 2-დან 3 კვირამდე პერიოდში. ეს ქმნის შესაძლებლობას ახალი თმის ზრდისთვის. ოპერაციიდან 8-12 თვეში ადამიანების უმეტესობა ახალი თმის ამოსვლას ამჩნევს.

 

რა გართულებები ახლავს თან თმის გადანერგვას?

როგორც წესი, თმის გადანერგვის გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა და რამდენიმე კვირაში ქრება. მათში მოიაზრება:

  • სისხლდენა;
  • ინფექცია;
  • სკალპის შეშუპება;
  • სისხლჩაქცევები თვალების გარშემო;
  • ფუფხი, რომელიც წარმოიქმნება სკალპის იმ ადგილებში, საიდანაც თმა ამოიღეს ან — სადაც გადანერგეს;
  • დაბუჟება ან მგრძნობელობის ნაკლებობა სკალპის დამუშავებულ უბნებზე;
  • ქავილი;
  • თმის ფოლიკულების ანთება ან ინფექცია, რომელიც ცნობილია როგორც ფოლიკულიტი;
  • გადანერგილი თმის უეცარი დაკარგვა, რაც, როგორც წესი, დროებითი მოვლენაა;
  • არაბუნებრივი გარეგნობის თმის ღეროები.



ხშირად დასმული შეკითხვა: თმის გადანერგვა მტკივნეულია?

კარგი ამბავი ის არის, რომ არა — თმის გადანერგვა არ არის მტკივნეული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცედურის დროს, სკალპის იმ არეში, რომელზეც ქირურგი მუშაობს, შეყვანილია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. შესაბამისად, შესაძლოა, პროცედურის განმავლობაში იგრძნოთ მცირე ზეწოლა ან მოძრაობა, მაგრამ ეს მტკივნეული არ უნდა იყოს.

 

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პოსტოპერაციულ პერიოდს შეიძლება თან ახლდეს დისკომფორტი ან ტკივილი ჭრილობის წერტილებში, როდესაც თქვენი სხეული შეხორცებას და აღდგენას დაიწყებს.