ხალი და მისი ტიპები — რა უნდა ვიცოდეთ?

ხალი ჩვენს კანზე არსებული პატარა მუქი ლაქა ან წარმონაქმნია. ის შეიძლება ადამიანს სხეულზე დაბადებიდან ჰქონდეს ან ცხოვრების განმავლობაში განვითარდეს.

 

უმეტეს შემთხვევაში, ხალი ყავისფერია, თუმცა ის ასევე შესაძლოა იყოს წითელი, ხორცისფერი, ვარდისფერი, რუჯისფერი, თითქმის შავი, თუნდაც ლურჯი ან თეთრი. გარდა ამისა, არსებობს ოვალური ან მრგვალი, გლუვი ან ხორკლიანი, ამობურცული ან ბრტყელი, ასევე თმიანი ხალი.

 

ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია მათი ნებისმიერი ცვლილების მონიტორინგი, რომელიც შეიძლება კიბოს წარმოქმნაზე მიუთითებდეს.

 

რა ტიპის ხალები არსებობს?

არსებობს ხალების სამი ძირითადი ტიპი. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

 

თანდაყოლილი ხალი

ამ ტიპის ხალი ხშირად კეთილთვისებიანია. დიდი ზომის შემთხვევაში კი შედარებით მეტად სავარაუდოა, რომ ის შემდგომში სიმსივნეში გადაიზრდება.

 

შეძენილი ხალი

შეძენილი ხალები მოგვიანებით ვითარდება — მათი უმეტესობა ყავისფერია და მზით გამოწვეული დაზიანების გამო ჩნდება. როგორც წესი, ისინი მრგვალია და ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად არ იცვლება. ამ ტიპის ხალები შეიძლება დროთა განმავლობაში გამუქდეს და სულაც არ არის აუცილებელი, რომ მელანომად (კანის სიმსივნის ერთ-ერთის სახეობა) გადაიქცეს.

 

არატიპური ხალი

ნორმალური ხალისგან განსხვავებით, არატიპურს სიმსივნედ გარდაქმნის უფრო დიდი რისკი ახლავს თან.

 

არატიპური ხალები სიდიდით ოდნავ აღემატება შეძენილს და გამოირჩევა არარეგულარული ფორმის საზღვრებით. გარდა ამისა, ისინი ხასიათდება ფერების ნაზავით. არატიპური ხალები ასევე წარმოადგენს მელანომის რისკ-ფაქტორს.

 

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის ასოციაცია (AAD) გვირჩევს, გამოვიყენოთ მელანომის აკრონიმი ABCDE, რათა მარტივად დავიმახსოვროთ პოტენციურად სიმსივნური ხალის სიმპტომები და მახასიათებლები:

 

(A) ასიმეტრია: ხალი არ არის ერთგვაროვანი — მისი ერთი ნახევარი მეორეს არ ჰგავს.

(B) საზღვარი: ხალს აქვს არარეგულარული ან ცუდად განსაზღვრული საზღვარი.

(C) ფერი: ერთი ხალი განსხვავებულ ფერებს მოიცავს.

(D) დიამეტრი: ხალი 6 მმ-მდე ან უფრო დიდ ზომამდე იზრდება.

(E) განვითარება: ხალი ფორმას, ზომას ან ფერს იცვლის.

 

გარდა ამისა, საშიში ხალის ნიშნები შეიძლება იყოს მისი გამკვრივება, წვისა და ქავილის შეგრძნება მის არეში, ნახეთქების გაჩენა, სისხლდენა, თმის ცვენა მისი ზედაპირიდან.

 

თუ გაგიჩნდათ ახალი ხალი ან გაქვთ ეჭვები უკვე არსებულთან დაკავშირებით, უმჯობესია ჩანიშნოთ ვიზიტი დერმატოლოგთან.

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მოდით ყურადღება გავამახვილოთ ხალის რამდენიმე ტიპზე, რომლებიც ადამიანებს განსაკუთრებით აინტერესებთ.

 

წითელი ხალი

 

წითელი ხალი არის კანის საკმაოდ გავრცელებული წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება თქვენს სხეულზე განვითარდეს. როგორც წესი, ის არასიმსივნური, ანუ კეთილთვისებიანია და მღელვარების საბაბს არ წარმოადგენს, თუ არ განიცდის სისხლდენას ან იცვლის გარეგნობას. 

 

წითელი ხალი შედგება მცირე ზომის სისხლძარღვებისგან, რაც მის მოწითალო ან მეწამულ იერს განაპირობებს. ყველაზე ხშირად ის ხანდაზმულებში გვხვდება, მაგრამ წითელი ხალი შეიძლება 20 წლის ან უფრო ახალგაზრდა ადამიანსაც განუვითარდეს. მისი წარმოქმნის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის არის ასაკის მატება, ფეხმძიმობა და გენეტიკა.

 

ხალი თვალში

თვალში ხალი ადამიანს შეიძლება დაბადებისას ჰქონდეს ან — მოგვიანებით განუვითარდეს. შესაძლოა, ის გამოჩნდეს სკლერაზე (თვალის თეთრი გარსი), ირისში (თვალის ფერადი გარსი) ან თვალის უკანა მხარეს. თვალში გაჩენილი ხალების უმეტესობა უვნებელია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება წინასიმსივნური იყოს. ამიტომ, აუცილებელია მისი კონტროლი შესაბამისი სპეციალისტის მიერ.



რა იწვევს ხალის წარმოქმნას?

ხალები წარმოიქმნება კანის უჯრედებში არანორმალური ზრდის გამო. თუმცა ეს ყოველთვის სიმსივნეს არ ნიშნავს.

 

ზოგიერთი ადამიანი ხალებით იბადება; ამასთან, ისინი შეიძლება ბავშვობაში ან ადრეულ ზრდასრულობაში განვითარდეს. ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა, ხალები უფრო ღია ან მუქი გახდეს.

 

სხვა ფაქტორებმა, როგორებიც არის მზის ზემოქმედება ან გარკვეული მედიკამენტები, ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ხალების გამუქებას ან წარმოქმნას.

 

როგორ მოვიშოროთ ხალი?

შეიძლება ხალის მოცილება სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტოთ.

 

ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა შეგაწუხოთ ზომის ან მდებარეობის გამო. სხვების მოშორების მიზეზი კი ხანდახან არის დერმატოლოგის ეჭვი მელანომაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ხალის დამოუკიდებლად მოცილება არასოდეს არ უნდა სცადოთ.

 

ამ შემთხვევაში არსებობს ინფექციის გამოწვევის შესაძლებლობა და თუ ხალი სიმსივნურია, შეიძლება დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დასმის შესაძლებლობას ხელიდან გაუშვათ.

 

არატიპური ხალები ზოგადად წინასიმსივნურად განიხილება, მაგრამ მათი უმეტესობა კიბოდ არ გადაიქცევა.

 

ხალის მოცილების შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია ის, შეიძლება საჭირო გახდეს ნაკერის დადება. ამასთან, მის მთლიანად მოშორებას ხანდახან ექიმთან ორი ვიზიტი სჭირდება.

 

რა გართულებები ახლავს თან ხალის მოშორებას?

ხალის მოცილების პროცესმა შეიძლება კანზე ნაწიბურები დატოვოს. მათი დამუშავება შესაძლებელია ქიმიური პილინგით, ლაზერული პროცედურებით და სხვა მეთოდებით.

 

ხალის მოცილების შემდეგ, თვალყური ადევნეთ მისი ხელახლა გაჩენის ნიშნებს. აუცილებელი არ არის, რომ ის სიმსივნური იყოს, მაგრამ მელანომის რისკი შესაძლოა გაიზარდოს, თუ თავდაპირველ ხალს კიბოს უჯრედები გააჩნდა.

 

ყოველთვიური თვითშემოწმებები დაგეხმარებათ, შეამჩნიოთ ცვლილებები, რომლებიც შეიძლება დერმატოლოგის ყურადღებას საჭიროებდეს.

 

როდის უნდა მიმართოთ დახმარებას?

დერმატოლოგები ზოგადად გვირჩევენ, ყველა ზრდასრულმა ადამიანმა გაიაროს კანის ყოველწლიური შემოწმება — დაახლოებით 20 წლის ასაკიდან და მანამდეც, თუ მათი კანი ღია ფერისაა. ეს ექიმებს საშუალებას აძლევს, გამოიკვლიონ არსებულ ხალებში მიმდინარე ცვლილებები და პოტენციურად სიმსივნური წარმონაქმნები. 

 

ზოგიერთი ცვლილება, რომელიც მოითხოვს შემოწმებას:

  • ნებისმიერი ახალი, სწრაფად მზარდი ხალი;
  • ხალი, რომელიც უეცრად იცვლის ფორმას ან ზომას;
  • ხალები, რომლებიც ქავილის ძლიერ შეგრძნებას იწვევს;
  • ნებისმიერი ხალი, რომელსაც სისხლი სდის თავისთავად, დაზიანების გარეშე ან ინფიცირებულად გამოიყურება;
  • მუქი ხაზი თქვენს ფრჩხილზე.

 

გაღიზიანებული ხალი შეიძლება სულაც არ იყოს კიბოსთან დაკავშირებული. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ, შესაძლოა, მელანომა ტკივილს იწვევდეს. თუ ტკივილი არ გაუმჯობესდება ან გაძლიერდება, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.