წელის ტკივილი — რა უნდა ვიცოდეთ ამ სიმპტომზე და როგორ ვუმკურნალოთ მას

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც წელის ტკივილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია. ბევრ მათგანს ეს გაუსაძლისი ტკივილი ქრონიკულად აწუხებს და პრობლემის მოგვარებას თვითმკურნალობით, ტკივილგამაყუჩებლებით და ხალხური მეთოდებით ცდილობს, რაც არასწორია, რადგან წელის ტკივილისგან საბოლოოდ განკურნება მხოლოდ სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი, რაც თანამედროვე სამედიცინო ცოდნასთან ერთად, უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსაც მოიცავს.

რას იწვევს წელის ტკივილს, როგორ ვლინდება იგი სხვადასხვა დაავადებების დროს და როგორ გავუმკლავდეთ? დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.

რა იწვევს წელის ტკივილს? 

წელის ტკივილი შეიძლება იყოს ორი სახის: მწვავე და ქრონიკული. მწვავე წელის ტკივილს ძირითადად იწვევს მძიმე საგნების აწევა, ტრავმა, მჯდომარე ცხოვრების წესი ან სულაც ცუდ პოზაში ძილი. ქრონიკული ტკივილი გაცილებით დიდხანს გრძელდება და ასაკის მატებასთან ერთად უარესდება, ამიტომ აუცილებელია მისი მკურნალობა საწყის სტადიაზევე მოხდეს.

წელის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ხერხემლის დაზიანებებით მიმდინარე დაავადებებია, თუმცა, ის შეიძლება, გინეკოლოგიური, უროლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავისა და სიმსივნურ დაავადებებს უკავშირდებოდეს.

გარდა ამისა, წელის ტკივილის აღმოცენებას ზოგიერთი სხვა ფაქტორიც უწყობს ხელს: თამბაქოს წევა, სიმსუქნე, ხანდაზმულობა, შფოთვა, დეპრესია და სისტემური სტეროიდების ხანგრძლივი მიღება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ა.შ.

წელის ტკივილი ქალებში

ქალებში წელის ტკივილის აღმოცენება შესაძლოა უკავშირდებოდეს:

  • ოვულაციურ პერიოდს;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების  ანთებას - რომელიც საშვილოსნოს, საკვერცხეებსა და ფალოპის მილებს მოიცავს;
  • ენდომეტრიოზს - საშვილოსნოს მსგავსი ქსოვილის განვითარება საშვილოსნოს გარეთ;
  • საკვერცხის კისტას - პათოლოგიური წარმონაქმნი საკვერცხეზე.

გარდა ამისა, წელის ტკივილის მიზეზი შეიძლება ორსულობა გახდეს.

წელის  ტკივილი ორსულობის დროს

წელის ტკივილი ორსული ქალების უდიდეს ნაწილს აწუხებს, რაც  ბუნებრივია, რადგან ამ პერიოდში მენჯის ძვლების დატვირთვა იზრდება და  აწვება თეძოს ძვლებს. ქალების უმეტესობას წელის ტკივილი ორსულობის მეორე ტრიმესტრში (12-ე კვირიდან 24 კვირამდე) აღენიშნება. ამ დროს ტკივილი ნაყოფის სწრაფ ზრდას უკავშირდება.

ორსულებმა წელის ტკივილის შესამსუბუქებლად უნდა მიმართონ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა: ვარჯიში, ცურვა, ფეხით სეირნობა,  დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება და რაც მთავარია, შესაბამისი საორსულე ბანდაჟების გამოყენება. საორსულე ბანდაჟები წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

წელის ტკივილი კაცებში

მამაკაცებში წელის ტკივილის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დროს ტკივილი წელიდან იწყება და მუცლის ქვედა ნაწილს გადაეცემა, რაც შარდის გამოყოფის პროცესს ართულებს. წელის ტკივილი ასევე შეიძლება თან ახლდეს აპენდიციტს ან შარდ-კენჭოვან დაავადებებს. მამაკაცებში წელის ტკივილის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც არსებობს, მაგალითად: რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, სკოლიოზი, კოქსართროზი და ა.შ.

როგორ ვუმკურნალოთ წელის ტკივილს?

წელის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე და თუ ის დასვენების, დათბუნების და ტკივილგამაყუჩებელი აბის მიღების შემდეგ ისევ გრძელდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს, რომელიც თქვენი დიაგნოზის მიხედვით შეარჩევს მკურნალობის მეთოდს. ხშირად მხოლოდ გამოკითხვა და ფიზიკური განსინჯვა არ არის საკმარისი დიაგნოზის დასადგენად და საჭირო ხდება ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება. წელის ტკივილის დროს რეკომენდირებული კვლევებია: რენტგენოლოგიური კვლევა, ექოსკოპიური კვლევა (მიკროექოსკოპია), მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა.

წელის ტკივილის დროს შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ შემდეგი სახის სამკურნალო მეთოდები:

წოლითი რეჟიმი

წელის ტკივილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ განურჩევლად მიზეზისა, პირველ დღეებში ავადმყოფი უნდა იწვეს. სიარულის ნება ეძლევა მას შემდეგ, რაც მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება.

მალამოები

მტკივან ადგილზე შეიძლება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მალამოების წასმა. ისინი მტკივნეულ უბანში სისხლის მიდინებას აძლიერებენ და ტკივილის კუპირებას ახდენენ. საგრძნობი შვება მოაქვს ასევე თბილ საფენებსა და სახვევებს. 

ტრაქციული თერაპია და ბალნეოთერაპია

მალათაშუა დისკის გადანაცვლებით გამოწვეული რადიკულოპათიის დროს მიმართავენ ტრაქციულ თერაპიას, რომელიც ითვალისწინებს სხეულის დაჭიმვას საწოლზე ან წყალქვეშ. ეს პროცედურები აუცილებლად სტაციონარულ პირობებში, პროფესიონალის მიერ უნდა ჩატარდეს.

საკმაოდ ეფექტურია ბალნეოთერაპიაც, რაც სპეციალურ აბაზანებს და ტალახის აპლიკაციებს, ასევე – სპეციალურ მასაჟს ან აკუპუნქტურას ითვალისწინებს. 

კორესტი

ტკივილის შესამცირებლად და პროფილაქტიკისთვის არცთუ ისე იშვიათად იყენებენ კორსეტს. კორსეტი ხელს უშლის ხერხემლის დეფორმაციას, აუმჯობესებს ვენური სისხლისა და ლიმფის დინებას და საგრძნობლად ამცირებს ტკივილს. თუმცა კორსეტის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება, რადგან: კორსეტის მუდმივი ტარება შესაძლოა ხერხემლისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს, ან კუნთების ატროფია გამოიწვიოს. 

მედიკამენტური მკურნალობა

წელის ტკივილის დროს ძირითადად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მაგალითად ბლოკიუმ B12. თუმცა ეს საშუალებები უკუნაჩვენებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ნაკლები გვერდითი მოვლენების ქონის გამო, უპირატესობას ციკლოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორით მკურნალობას ანიჭებენ. ასევე მიზანშეწონილია B ჯგუფის ვიტამინით ინიექციის კურსის ჩატარება.

აღსანიშნავია ისიც, რომ  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და ანალგეზიური საშუალებები ტკივილს ხსნის, მაგრამ დაავადების მიზეზზე გავლენას არ ახდენს. ამიტომ ხერხემლის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინიშნება ტკივილმამოდიფიცირებელი, ბაზისური და ნელა მოქმედი პრეპარატები. ესენია კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც იმ ბუნებრივ პოლისაქარიდებს შეიცავს, რისგანაც ხრტილოვანი ქსოვილი შედგება. ეს პრეპარატები აუმჯობესებენ ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზს და აფერხებენ ოსტეოქონდროზის პროგრესს. 

ტკივილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ საჭირო ხდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების კუნთშიგა ინიექცია (ეს ფორმა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ტაბლეტის მიღება), ხოლო თუ ტკივილი ვერ შეამცირა ვერც მედიკამენტურმა თერაპიამ, ვერც ფიზიოთერაპიამ და სხვა საშუალებებმა, სტეროიდების ეპიდურალურ ინეიქციას მიმართავენ. ამ მანიპულაციის დროს ზურგის ტვინის გარემომცველ სივრცეში შეჰყავთ ძლიერმოქმედი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ეს საკმაოდ სარისკო პროცედურაა, ამიტომ აუცილებლად გამოცდილი ექიმის მიერ უნდა ჩატარდეს. სასურველი შედეგის მისაღებად 2-3 დღეა საჭირო.

სხვა მეთოდები

მალათაშუა დისკის თიაქრის ზოგიერთი შემთხვევისას ინტენსიური ხასიათის წელის ტკივილები ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც რჩება. ასეთ შემთხვევაში მისი კუპირება ქირურგიული გზით უნდა მოხდეს.

როგორ შეგვიძლია წელის ტკივილის პრევენცია

წელის ტკივილის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა;
  • ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშების შესრულება;
  • ორგანიზმის გადაცივებისგან თავის დაცვა;
  • ერთი და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნისთვის თავის არიდება;
  • ფიზიკური დატვირთვის კონტროლი;
  • წონის შენარჩუნება.