ვანსეარი და ვანსეარი დუო — ყველაფერი, რაც ამ მედიკამენტების შესახებ უნდა ვიცოდეთ

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ვანსეარი და ვანსეარი დუო სხვადასხვა მედიკამენტია. 

ვანსეარი (იგივე მონტელუკასტი) ბრონქული ასთმისა და ალერგიული რინიტის სამკურნალო საშუალებაა. ხოლო ვანსეარი დუო ალერგიული რინიტის, ბრონქული ასთმის (ალერგიულ რინიტთან თანაარსებობის დროს), ქრონიკული ურტიკარიისა და ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მათი მოქმედება მსგავსია, ერთმანეთის შემცვლელად მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მოდით, პირველ რიგში, ვანსეარის შესახებ ვისაუბროთ:

ვანსეარის შედგენილობა და ფორმები 

 

ვანსეარი შეიძლება შეგვხვდეს საღეჭი ტაბლეტების, შემოგარსული ტაბლეტებისა და გრანულების სახით. ტაბლეტები, როგორც წესი, უფროსებში გამოიყენება, ხოლო ვანსეარი საბავშვო გრანულების ფორმითაა. თუმცა, ნებისმიერის გამოყენების შესახებ ექიმის ნებართვა და რეცეპტი დაგვჭირდება.

ვანსეარის მთავარი აქტიური ნივთიერება მონტელუკასტია. სწორედ ამ სახელწოდებითაა პრეპარატი ცნობილი ჯენერიკული სახით. გარდა ამისა, სხვადასხვა ფორმის ვანსეარის შედგენილობაში შეიძლება შეგხვდეთ რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდი, ასპარტამი და ალუბლის არომატი დამატკბობლად, ტიტანის დიოქსიდი.

რაც შეეხება დოზირებას, აფთიაქებში შეიძლება შეგვხვდეს: ვანსეარი 4 მგ-იანი, ვანსეარი 5მგ-იანი და ვანსეარი 10მგ-იანი. 

ვანსეარი 4მგ ტაბლეტებისა და საბავშვო გრანულების დოზაა, 5მგ-იანი – მხოლოდ ჩასაღეჭი ტაბლეტებია, ხოლო 10მგ-იანი — დასალევი, შემოგარსული ტაბლეტი. 

ჩასაღეჭი ვანსეარის ტაბლეტის ფასი, ისევე, როგორც ვანსეარი 10მგ-ის ფასი და გრანულების ღირებულება ცვალებადია. ეს კი ბევრ სხვადასხვა პარამეტრზე შეიძლება იყოს დამოკიდებული: რომელ ქვეყანაში იწარმოება და იმპორტირდება წამალი, როგორია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და გაცვლითი კურსი. 

მედიკამენტის მიღების წესები

 

ვანსეარის ანოტაციის თანახმად, სხვადასხვა სახის დაავადებების დროს მედიკამენტის განსხვავებული ფორმა გამოიყენება. რომელ ვანსეარს დაგინიშნავთ ექიმი, ეს თქვენს ასაკზეც არის დამოკიდებული.

მაგალითად, ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, ბრონქული ასთმისა ან/და ალერგიული რინიტის მქონე 2-დან 5 წლამდე პაციენტს ყოველდღიური დოზა 4მგ-მდე განესაზღვრება — ერთი ცალი საღეჭი ტაბლეტი, მიიღება ძილის წინ.

ბრონქული ასთმის ან/და ალერგიული რინიტის მქონე 6–14 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტების ყოველდღიური დოზა ერთი ცალი 5 მგ-იანი საღეჭი ტაბლეტია დღეში ერთხელ, ძილის წინ.

თუკი იგივე დაავადებები 15 წლისა და უფროსი ასაკის მოზრდილი პაციენტებისთვის ყოველდღიურ დოზად განსაზღვრულია ერთი 10 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერადად, ძილის წინ.

გრანულები კიდევ უფრო პატარა პაციენტებშიც ინიშნება. ბრონქული ასთმისა და ვირუსინდუცირებული ბრონქოობსტრუქციის მქონე ბავშვები, პატარა პაციენტები 2-დან 5 წლამდე და 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის სრულწლიანი ალერგიული რინიტის მქონდე ბავშვები სწორედ მედიკამენტის ამ ფორმას იღებენ. მისი გამოყენების წესი შემდეგია:

  • პაკეტი უნდა გახსნათ მხოლოდ იმ დროს, როცა უკვე მზად ხართ, ბავშვს დაალევინოთ;
  • აუცილებელია, რომ წამალი ბავშვმა პერორალურად (გადაყლაპვით) მიიღოს;
  • შეგიძლიათ, პრეპარატი პირდაპირ ჩააყაროთ პატარას პირის ღრუში, ან გადაურიოთ ცივ / ოთახის ტემპერატურის 1 ჩაის კოვზ საკვებ დანამატებს ან დედის რძეს;
  • გრანულების შერევა, ასევე, შეიძლება ვაშლისა და სტაფილოს პიურეში, ბრინჯის ფაფასა და ნაყინში;
  • ბავშვს წამალი დაალევინეთ ნებისმიერ საკვებთან შერევიდან მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში;
  • გრანულების წყალში ან სხვა სითხეებში შერევა / გახსნა დაუშვებელია. შეგიძლიათ, ბავშვს წყალი მას შემდეგ დაალევინოთ, რაც წამალს გადაყლაპავს.

თუკი რაღაც მიზეზით წამლის მიღება დაგავიწყდათ, პირდაპირ გადადით შემდეგი დოზის მიღებაზე. გამოტოვებული წამლის შესავსებად ერთდროულად გაორმაგებული დოზის მიღება დაუშვებელია.

ვანსეარის ეფექტი და სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მიღება

 

მედიკამენტი ზოგადი სამკურნალო ჩვენებებით გამოირჩევა. ბრონქული ასთმის დროს მისი ეფექტი 1 დღის პერიოდზე ვრცელდება. პაციენტებმა უნდა მიიღონ ვანსეარი არა მხოლოდ ასთმის მწვავე შეტევების, არამედ დაავადების კონტროლის დროსაც.

ვანსეარის დოზის განსაზღვრისა თუ კონტროლის დროს არ ექცევა ყურადღება პაციენტის სქესს, ასაკს, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებს (თუ, რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. 

ვანსეარი შეიძლება მიიღოთ, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაშიც:

  • თერაპია ბრონქოდილატატორებით: ვანსეარი შეიძლება დაემატოს იმ პაციენტების მკურნალობის სქემას, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ ბრონქოდილატატორებით. როდესაც კლინიკურად შედეგი აშკარა გახდება (როგორც წესი პირველი დოზის შემდეგ), ბრონქოდილატატორის დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე;
  • ინჰალაციური კორტიკოსტეროიდები: ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე ვანსეარით თერაპია უზრუნველყოფს დამატებით კლინიკურ ეფექტს. კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით, სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ზოგ პაციენტში კორტიკოსტეროიდის დოზა შეიძლება სრულად მოიხსნას. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვანსეარის (იგივე მონტელუკასტის) გამოყენება დაშვებულია ჩვილებსა და მცირეწლოვან ასთმის მქონე პაციენტებში. 2-დან 5-წლამდე ასაკის პაციენტებში ის გამოიყენება როგორც ასთმის წინააღმდეგ, ასევე, სეზონური ალერგიული რინიტების სამკურნალოდ. ასევე, მონტელუკასტი ეფექტურია და სანდოდაა მიჩნეული 15 წლისა და მეტი ასაკის მოზრდილ პაციენტებში, როგორც სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალო პრეპარატი. 

მიუხედავად ამისა, მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, თუკი ბავშვს სეზონური ალერგიული რინიტები აწუხებს.

რაც შეეხება ხანდაზმულ პაციენტებს — მონტელუკასტის ეფექტიანობა კლინიკური კვლევებით დადასტურდა და დადგინდა, რომ ასაკთან დაკავშირებული განსხვავებები წამლის გამოყენებაში არ გამოიკვეთა.

ვანსეარის გვერდითი მოვლენები

 

ვანსეარის კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა, რომ წამალს საკმაოდ მსუბუქი გვერდითი მოვლენები ახასიათებს და მისი მოხსნის საჭიროება არ დგება ხოლმე. 

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა როგორც პრეპარატის, ისე პლაცებოს ეფექტით კვლევის შემთხვევაში იყო თავის ტკივილი. თუმცა, რეალურად პრეპარატის მიმღებ პაციენტებს შორის უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ასევე, ვანსეარის გვერდით მოვლენებს შორის გვხვდება ფარინგიტები, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სინუსიტები, ოტიტები.

2-დან 14 წლამდე ასაკის სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ პლაცებო კონტროლირებულ 2 კვირიან კვლევაში წამალთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედებები დაფიქსირდა პაციენტების მხოლოდ 1%-ში ან ცოტა მეტში. 

გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი შეიძლება იყოს: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, და ძალიან იშვიათად ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია); უჩვეულო სიზმრები  და ჰალუცინაციები, ლეთარგია, გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, უძილობა და ძალიან იშვიათად კრუნჩხვები; გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი; მიალგია, კუნთოვანი სპაზმები; სისხლდენის გაძლიერება, სისხლჩაქცევები და შეშუპებები, გულის ფრიალი.

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. 

 

ვანსეარი დუო — შედგენილობა და დოზები

 

შედგენილობა სწორედ ისაა, რაც ვანსეარსა და ვანსეარ დუოს განასხვავებს. თუკი პირველის შემთხვევაში აქტიური ნივთიერება მონტელუკასტი იყო, ვანსეარი დუოს მთავარი ინგრედიენტები ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და მონტელუკასტია.

გარდა ამისა, ვანსეარ დუო შეიძლება შეიცავდეს: მიკროკრისტალურ ცელულოზას, პოლოქსამერ 188-ს, L- ჰიდროქსიპროპილ ცელულოზას, ლაქტოზას გრანულებს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, რკინის ყვითელ ოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს, ლაქტოზის მონოჰიდრატს, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდს. 

ვანსეარი დუო ვარდისფერი, ამობურცული ტაბლეტების სახით გვხვდება, რომელშიც აქტიური ინგრედიენტები ასეა კონცენტრირებული: 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი. 

მედიკამენტი ალერგიული რინიტის, ბრონქული ასთმის (ალერგიულ რინიტთან თანაარსებობის დროს), ქრონიკული ურტიკარიისა და ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ გამოიყენება. მას აფთიაქებში შესაბამისი რეცეპტის გარეშე ვერ შეიძენთ.

როდის არ უნდა მივიღოთ ვანსეარ დუო?

 

სანამ ექიმი სწორედ ამ მედიკამენტს გამოგიწერთ სამკურნალოდ, აცნობეთ მას ისეთი სამედიცინო ჩვენებების შესახებ, როგორიცაა:

  • ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა ვანსეარი დუოს შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ან იმ ქიმიური სუბსტანციების მიმართ, რომლებსაც პიპერაზინის დერივატებს უწოდებენ;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრეატინინის კლირენსი < 10მლ/წთ;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
  • ლაქტაცია;
  • ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა. 

ყველა ზემოთჩამოთვლილი ჩვენების შემთხვევაში ვანსეარ დუოს გამოყენება დაუშვებელია. 

მისი ძლიერი მოქმედებიდან გამომდინარე, როგორი დოზით და რა ხანგრძლივობით მიიღებთ ვანსეარ დუოს, მთლიანად ექიმის გადაწყვეტილებაა.

გვერდითი მოვლენები და საყურადღებო შემთხვევები

 

აღრიცხული შემთხვევების თანახმად, ვანსეარი დუოს გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს  ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები: აჟიტირებულობა, შფოთვა, დეპრესია, უცნაური სიზმრები, ჰალუცინაციები, უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა და ტრემორი. 

ნებისმიერი მსგავსი ან განსხვავებული გვერდითი მოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება — გააგრძელოთ თუ არა პრეპარატით მკურნალობა.

ლევოცეტირიზინისა და მენტოლუკასტის ერთობლივი ურთიერთქმედების მიუხედავად, პაციენტებში არ გამოვლენილა ყურადღების დაქვეითება, რეფლექსური რეაქციების შენელება და ავტომობილის მართვის უნარზე ნეგატიური მოქმედება.

იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მაინც შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია. ამიტომაც, პაციენტებმა, ვინც სხვადასხვა მექანიზმებს მართავენ, არ უნდა მიიღონ რეკომენდირებულზე მაღალი დოზები და კონსულტაცია გაიარონ ექიმთან.

ვანსეარი დუოს გამოყენება არ შეიძლება ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ მედიკამენტებთან, თუ თრობის საშუალებებთან ერთად — ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს სიფხიზლისა და რეაქტიულობის დაქვეითება.

თუკი ასპირინის მიმართ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, ვანსეარი დუოს გამოყენების პერიოდში მოერიდეთ მისი და სხვა არასტეროიდული ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას.

ვანსეარი და ვანსეარი დუო ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში

 

ორივე მედიკამენტი ძლიერი მოქმედებისაა, სწორედ ამიტომ, ზოგადი რეკომენდაცია ორივეს შემთხვევაში არის ორსულობისას მისი მიღებისგან თავის შეკავება.

თუმცა, ვანსეარის მიღებასთან დაკავშირებით ეს რეკომენდაცია შედარებით მკაცრია და მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს მის მიღებას, თუკი მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმისაა და დედისთვის მოტანილი სიკეთე ბევრად აღემატება ნაყოფისთვის არსებულ რისკებს.

რაც შეეხება ვანსეარ დუოს — ცხოველებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა პრეპარატის ნეგატიური ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე, ასევე მშობიარობასა და პოსტნატალურ პერიოდზე. მიუხედავად ამისა, ადამიანებში ამ რისკების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს — ამიტომაც, გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

ვანსეარისა და ვანსეარ დუოს გამოყენება არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის. თუკი მდგომარეობა გამოუვალია, შესაძლებელია, ლაქტაციაზე მყოფ დედას მიეცეს ვანსეარის მიღების უფლება, თუმცა, ეს პროცესიც ექიმის მიერ ბავშვსა და დედაზე მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს.