
პეო ანტიბიოტიკია, რომლის აქტიური ინგრედიენტიც ცეფტრიაქსონია, ნატრიუმის მარილის სახით. ის მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფს მიეკუთვნება და მხოლოდ ექიმის ნებართვითა და მის მიერ გაცემული რეცეპტით შეიძლება აფთიაქებში შეძენა.
პსპ-ს სააფთიაქო ქსელში პრეპარატის შეძენა ორი სახით შეგიძლიათ — ესაა პეო 1.0 და პეო ლიდოკაინით. ორივე შემთხვევაში აქტიური ნივთიერება ცეფტრიაქსონია და პრეპარატის 1 მგ-ს შეიცავს, თუმცა, როგორც სახელწოდებაც გვეუბნება, მეორე შემთხვევაში ფლაკონს მოჰყვება ლიდოკაინიც.
როდის ინიშნება პეო?
ანტიბიოტიკი პეო ინიშნება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ბაქტერიული მენინგიტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი, სეფსისი, ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა), შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ცისტიტი), გონორეა (მათ შორის ორსულობის პერიოდშიც), ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები, შიგელოზი, სალმონელოზი და ლაიმის დაავადება. ამას გარდა, პეოთი შეიძლება მოხდეს ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
თუმცა, გამომდინარე მისი ძლიერი მოქმედებიდან, არცერთი ზემოხსენებული დაავადების დადგენის შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა — აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და მან გადაწყვიტოს, რომელი ტიპის ანტიბიოტიკი დაგჭირდებათ.
პეოს მიღების წესები
მედიკამენტის მოხმარებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და მკურნალი ექიმი მთელი რიგი საკითხების შესახებ უნდა გავაფრთხილოთ. მაგალითად, პრეპარატი პეო ცეფტრიაქსონს შეიცავს, რომელზეც გარკვეულ პაციენტებს ალერგია შეიძლება ჰქონდეთ. თუკი პეოთი ინიექციამდე ოდესმე გამოგივლინდათ პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობა, აცნობეთ ექიმს.
თუკი პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა აღენიშნება, უნდა კორექტირდეს დოზა — შესაბამისად, ამაზეც ინფორმაცია ექიმს უნდა ჰქონდეს. საყურადღებოა ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის პეოს ინიექციაც. პეოთი მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა აკონტროლოს პერიფერიული სისხლის სურათი.
ასევე, გახსოვდეთ, რომ ცეფტრიაქსონის გამოყენება სხვა ანტიბიოტიკების შემცველ ხსნარებთან დაუშვებელია.
პრეპარატი პეო ნემსის ინიექციით შეიყვანება ორგანიზმში. იმის მიხედვით, თუ რომელ პრეპარატს იყენებთ, ხდება კუნთში ან ვენაში ინიექცია.
კუნთში კეთდება პეო ლიდოკაინით, ხოლო ვენაში საინიექციოდ მხოლოდ პეოს ხსნარი გამოიყენება. გარდა ამისა, სუფთა ცეფტრიაქსონის ხსნარი შეიძლება გამოიყენონ ვენაში ინფუზიისთვის — მარტივ ენაზე ე.წ. გადასხმისათვის.
პეოს დოზირება პაციენტებში
იმის მიხედვით, თუ რამდენად სერიოზულია დაავადება და რა ასაკისაა პაციენტი, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის დოზირების შესახებ. თუმცა, არსებობს ზოგადი წესები, რის შესახებ წარმოდგენა უნდა გვქონდეს.
მაგალითად, უფროსებსა და 12 წელს გადაცილებულ მოზარდებაში პეო ინიშნება 1-2 გ ერთხელ დღეში ან ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. თუკი ექიმი ჩათვლის, რომ ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს და საფრთხე ემუქრება სიცოცხლეს, შეიძლება ეს დოზა 4 გ-მდე გაზარდოს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, პრეპარატი ინფუზიის სახით შეჰყავთ ვენაში — 12სთ-ში ერთხელ, 30 წთ-ის განმავლობაში.
თუკი ექიმი გადაწყვეტს, რომ დაავადების საწინააღმდეგოდ პეოს გამოყენებაა საჭირო, შეიძლება პრეპარატი 12 წლამდე ბავშვსაც დაენიშნოს. ამ შემთხვევაში რეკომენდებული დღიური დოზა არის 50-დან 75 მგ-მდე ერთ კილოგრამზე, თუმცა დღიურმა დოზამ არ შეიძლება 2 გრამს გადააჭარბოს. თუკი საქმე გვაქვს ისეთ მძიმე ავადობასთან, როგორიც მენინგიტია, შეიძლება ექიმმა 100მგ/კგ დოზითაც დანიშნოს წამალი, თუმცა დღიურმა საერთო დოზამ 4 გრამს არ უნდა გადააჭარბოს.
2 კვირის ასაკამდე ახალშობილებში პეოს ნიშნავენ მხოლოდ ინტრავენური ინფუზიით — 60 წთ-ზე მეტი ხანგრძლივობით 20-50 მგ/ კგ წონაზე, ერთხელ დღეში. ხოლო 3 კვირის ასაკიდან ახალშობილებში 20-დან 80 მგ-მდე 1კგ წონაზე, ერთხელ დღეში.
პეო ასევე გამოიყენება ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკის მიზნითაც. ამ დროს რეკომენდაციაა, რომ ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე პრეპარატის 1-2 გ ერთჯერადი ინიექცია გაკეთდეს. დოზის განსაზღვრისას დასნებოვნების სიმძიმის საშიშროება უნდა იქნას გათვალისწინებული.
თუკი პაციენტს თირკმლის ფუნქციის გამოხატული სიმპტომები აქვს, მაქსიმალური დღიური დოზა 2 გრამი შეიძლება იყოს.
როგორც წესი, პეოთი მკურნალობა ინფექციის სიმძიმეზეა დამოკიდებული და ხანგრძლივობას ექიმი ადგენს, თუმცა, მიღებულია წესი, რომ ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 3 დღეს ანტიბიოტიკის მიღება გრძელდება.
ვინ არ უნდა მიიღოს ეს წამალი?
აკრძალული არ არის, თუმცა, სიფრთხილითა და შემდეგ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით მიმდინარეობს პეოთი მკურნალობა ახალშობილებში.
სათუთი ჯგუფია ორსულები. რეკომენდაციაა, რომ პეო ამ დროს არ მიიღოთ. პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა პეოს გამოყენება ბევრად დიდ სიკეთეს მოუტანს დედას, ვიდრე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ნაყოფზე.
ასევე მნიშვნელოვანია ლაქტაციაზე მყოფი დედების ჯგუფიც. ამ დროს პეოს გამოყენების აუცილებლობა თუკი დგება, საჭიროა, ექიმთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება, აგრძელებთ თუ არა ძუძუთი კვებას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account