ვაზელინი — როდის შეიძლება ან არ შეიძლება მისი გამოყენება

“თუკი გსურთ კანის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება, გამოიყენეთ “ვაზელინი.” იგი ასუფთავებს ფორებს, უხეშ და გაღიზიანებულ კანს კი ამშვიდებს”, — ეს ჩანაწერი 1880-იანი წლების ერთ-ერთი ამერიკულ გაზეთიდანაა. 

 

თავდაპირველად ვაზელინს მხოლოდ დაზიანებული, ან დამწვარი კანის მოსაშუშებლად იყენებდნენ, 150 წლის წინ მას ჩრდილოეთ ამერიკაში თითქმის ყველა ოჯახის სამედიცინო ყუთში იპოვიდით, რადგანაც ამ მალამომ “საოცრება ჟელეს” (“Wonder Jelly”) სახელი გამოშვებიდან მალევე დაიმსახურა. ვაზელინს სხვა ნივთერებებთან ერთად ღებულობენ პეტროლატუმისგან — ნავთოვანი ჟელესგან. 

 

რაში გამოიყენება ვაზელინი?

 

დღეს ვაზელინს სხვადასხვა ჩვენების დროს იყენებენ, შესაბამისად, იგი იყიდება როგორც მალამოს სახით, ასევე კოსმეტიკური ვაზელინის სახით, სახის კანისთვის, ვაზელინი ტუჩისთვის, ასევე ლოსიონის, საპნის, გამწმენდებისა და დეოდორანტების სახითაც. 

 

სხვადასხვა კოსმეტოლოგიური ფირმა სხვადასხვა ქვეყანაში ვაზელინის დასახელებას, ან შემადგენლობას თავისი პროდუქტის დასამზადებლად იყენებს, მაგალითად, ვაზელინი სამედიცინო,  ზიაიას ვაზელინი/ ზიაიას თეთრი ვაზელინი და სხვა. 

 

როგორ გამოვიყენოთ ვაზელინი?

კანის დასატენიანებლად, დაზიანებული ადგილის აღსადგენად, ან გაუხეშებულის დასარბილებლად ვაზელინის მალამო მცირე დოზებით უნდა შეიზილოთ. 

 

გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით. არასდროს გამოიყენოთ ვაზელინი, როგორც ლუბრიკანტი სქესობრივი აქტის დროს, გარდა იმისა, რომ ვაზელინი არ არის რეკომენდებული შიდა გამოყენებისთვის, მან შეიძლება დააზიანოს პრეზერვარტი, ან ხელი შეუწყოს ბაქტერიის გავრცელებას. ასევე ყურადღებით იყავით და მოერიდეთ ვაზელინის თვალის გარსზე მოხვედრას.

 

გარდა კოსმეტიკური ჩვენებებისა და დანიშნულებისა, შესაბამისი შეფუთვით, ვაზელინი შეიძლება შეგხვდეთ, როგორც ყაბზობის დროს საფაღარათე ან სამკურნალო პროცედურის დაწყებამდე ოყნის მილის გასაპოხი საშუალება.

 

გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი მოხმარებისას ვაზელინმა, შესაძლოა, გამოიწვიოს გაღიზიანება, ან ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება ვაზელინის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.