კაპტოპრილი და მისი როლი მაღალი არტერიული წნევის მართვაში — რა უნდა ვიცოდეთ

არტერიულ ჰიპერტენზიას მეორენაირად “ჩუმ მკვლელსაც” უწოდებენ, რადგან ხშირად იგი ადამიანს მანამდე არ აწუხებს, სანამ ორგანიზმს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს. 

სათანადო კონტროლისა და მკურნალობის გარეშე  იგი იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა: ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მაგისტრალური სისხლძარღვის — აორტის კედლის დაზიანება,  გულის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მხედველობის გაუარესება და სხვა. 

დაავადების მიზეზები სრულად დადგენილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია მემკვიდრული წინასწარგანწყობის შერწყმა გარეშე ფაქტორების არასასურველ ზემოქმედებასთან. მაგალითად, ჭარბი წონა, ნერვული სტრესი, დიდი რაოდენობით სუფრის მარილის მოხმარება, ალკოჰოლი, სიგარეტი, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება და ა.შ.

ზოგიერთი პირისთვის ცხოვრების წესის შეცვლა (თამბაქოზე უარის თქმა, ჯანმრთელი კვება, მარილის მოხმარების შემცირება, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე  უარის თქმა და ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია) საკმარისი ხდება, რათა წნევა დარეგულირდეს. მეორე, უფრო დიდი ნაწილისათვის კი ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია წნევის დამწევი წამლების ჩართვა მკურნალობის პროცესში.

გაითვალისწინეთ, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესში მუდმივად უნდა მონაწილეობდეს სამედიცინო პერსონალი და ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მათთან ერთად.

მაღალი წნევის სამართავად ფარმაცევტულ ბაზარზე უამრავი პრეპარატი არსებობს. დღესდღეობით, ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დანიშნვად მედიკამენტს კი კაპტოპრილი წარმოადგენს.

რა არის კაპტოპრილი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი? 

კაპტოპრილი წარმოადგენს მაღალეფექტურ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, რომელიც ახდენს პეპტიდილდიპეპტიდ კარბოქსიჰიდროლაზას ინჰიბირებას, აღკვეთს ანგიოტენზინ I ანგიოტენზინ II-ში გადასვლას, აფერხებს ენდოგენური ვაზოდილატატორების – ბრადიქინინის და პროსტაგლანდინების ინაქტივაციას. პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას ლიპიდურ ცვლაზე.

პერორალური მიღების შემდეგ კაპტოპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 60-70%-ს. საკვებთან ერთად მიღება ამცირებს ბიოშეღწევადობას დაახლოებით 30-40%-ით, მაგრამ არ ახდენს გავლენას ანტიჰიპერტენზიულ ეფექტზე. 

საწყისი ეფექტი აღინიშნება მიღებიდან 30წთ-ის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. კაპტოპრილის 95% გამოიყოფა თირკმელებით, აქედან 40-50% — უცვლელად, დანარჩენი — მეტაბოლიტების სახით.

რა შემთხვევაში იყენებენ კაპტოპრილს? 

კაპტოპრილი ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის უკმარისობა, დიაბეტური რეტინო და ნეფროპათია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი, რეინოსა და ბარტერის სინდრომები, იდიოპათიური შეშუპებები, სკლეროდერმია.
  • არტერიული ჰიპერტონია (ყველა სტადია, როგორც მონოთერაპიის, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, მაგალითად, თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან), ჰიპერტონული კრიზები;
  • სისხლის მიმოქცევის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობა (შარდმდენი პრეპარატებითა და გლიკოზიდებით მკურნალობის მიმართ რეზისტენტულ პაციენტებში);
  • გულის მიოკარდიუმის იფარქტის შემდგომი მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • ინსულინდამოკიდებულ დიაბეტიან ავადმყოფებში დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესიის შეჩერების საჭიროება.

როგორ და რა დოზებით უნდა მიიღოთ პრეპარატი?

კაპტოპრილი ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად, მიზეზის, დაავადების მიმდინარების და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს, პრეპარატი უნდა მიიღოთ  საწყისი დოზით 12,5მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. თუ ამის საჭიროება იქნება, დოზა თანდათანობით გაზარდეთ (2-4 კვირის ინტერვალით) მაქსიმალური ეფექტის მიღწევამდე. 

გულის უკმარისობის მკურნალობისას, როდესაც დიურეტიკების საშუალებით ვერ მიიღწევა სათანადო ეფექტი, ინიშნება კაპტოპრილი — საწყისი დოზით 6,25მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზას თანდათანობით ზრდიან (2-4 კვირიანი ინტერვალებით). 

გულის მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ, კაპტოპრილის მიღება იწყება მიოკარდის ინფარქტის გადატანიდან მე-3 დღეს. საწყისი დოზაა 6,25მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს  (2-4 კვირიანი ინტერვალებით) 25-50მგ-მდე 2-3-ჯერ დღე-ღამეში. 

თირკმლის ფუნქციის დაღვევის მქონე პაციენტებში, ზომიერად გამოხატული დარღვევისას, კაპტოპრილი შეიძლება დაინიშნოს დოზით 75-100მგ/დღე-ღამეში. თირკმელების ფუნქციის შედარებით გამოხატული დარღვევისას საწყისი დოზა შეადგენს არაუმეტეს 12,5მგ/დღე-ღამეში. აუცილებლობის დროს, დოზას თანდათანობით ზრდიან.

ასაკოვან პაციენტებში კაპტოპრილის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის მიერ. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 6,25მგ-ით 2-ჯერ დღე-ღამეში და შემდგომში ყველაზე მცირე ეფექტური დოზის შენარჩუნება.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.

რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები ახლავს კაპტოპრილის მიღებას? 

კაპტოპრილით მკურნალობას შესაძლოა მოჰყვეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: 

  • არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპებები, ტაქიკარდია.
  • მშრალი ხველა, ბრონქოსპაზმი, ფილტვების შეშუპება.
  • დაღლილობა, ძილიანობა, ასთენია, თავბრუსხვევა, თავისტკივილი, ატაქსია, მხედველობის დარღვევა.
  • პირის სიმშრალე, გულისრევა, მადის დაქვეითება, აფტოზური სტომატიტი, ტკივილი მუცელში,  იშვიათად ფაღარათი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება), პროტეინურია. 
  • ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, აციდოზი.
  • ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება.

რაც შეეხება უკუჩვენებებს, კაპტოპრილი არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ჰიპერმგრძნობელობა კაპტოპრილის და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
  • კვინკეს შეშუპება (მათ შორის მემკვიდრეობითიცა და აგფინჰიბიროების გამოყენებასთან დაკავშირებული);
  • თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ჰიპერკალიემია, აზოტემია, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზი, თირკმელის გადანერგვის შემდგომი პერიოდი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
  • აორტის კარისსტენოზი და მიტრალურისტენოზი, გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინების დაბრკოლებები;
  • არტერიული ჰიპოტენზია;
  • კარდიოგენულიშოკი;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ კაპტოპრილის მიღებამდე? 

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებმა კაპტოპრილი უნდა მიიღონ მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. პრეპარატი ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც იმუნო დეპრესანტებს ღებულობენ, განსაკუთრებით თირკმელის ფუნქციის დარღვევის არსებობისას (მძიმე ინფექციების განვითარების საშიშროება, რომლებიც არ ექვემდებარებიან ანტიბიოტიკებით მკურნალობას). ასეთ შემთხვევებში კაპტოპრილით მკურნალობის დაწყებამდე, ყოველ 2 კვირაში, თერაპიის პირველი 30 თვის განმავლობაში და პერიოდულად – მკურნალობის მომდევნო პერიოდში, საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ალოპურინოლის ან პროკაინამიდით მკურნალობის, ასევე იმუნოდეპრესანტების (აზათიოპრინის, ციკლოფოსფამიდის) მკურნალობის დროს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში. 

კაპტოპრილით მკურნალობის დაწყებამდე და  მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან მატულობს პროთეინურიის განვითარების რისკი. ამიტომ პრეპარატის მკურნალობის პირველი 9 თვის განმავლობაში საჭიროა ყოველთვიურად შარდში ცილის შემცველობის კონტროლი. 

კაპტოპრილის გამოყენების შემდეგ თუ აღინიშნა არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა ზემოთ აწეული ფეხებით. ასეთ შემთხვევაში დადებითი ეფექტი აქვს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ვენაში შეყვანას.

იმ შემთხვევაში თუ კაპტოპრილის მიღებისას გავითარდა ანგიონევროზული შეშუპება, პრეპარატი უნდა მოიხსნას. თუ შეშუპება ლოკალიზდება სახეზე, სპეციალური მკურნალობა ჩვეულებრივ საჭირო არ არის (სიმპტომების გამოხატულობის შესამცირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიჰისტამინური პრეპარატები); იმ შემთვევაში, თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ხახასა და ხორხზე და არსებობს სასუნთქი გზების ობსტრუქციის (ფქოდ) საშიშროება, კანქვეშ დაუყოვნებლივ შეიყვანეთ ადრენალინი (0,5 მლ 1: 1000 განზავებით). 

რეკომენდებულია ალკოჰოლური სასმელების მიღების შეწყვეტა მკურნალობის დროს.

პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების მართვისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას, ვინაიდან შესაძლებელია რეაქციათა განვითარება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობაში აქტიური მინაწილეობის უნარზე.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

რას იწვევს პრეპარატის ჭარბი დოზირება და როგორ ურთიერთქმედებს ის სხვა მედიკამენტებთან? 

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღება იწვევს არტერიულ ჰოპოტონიას, რა დროსაც საჭიროა მოხდეს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ან სხვა პლაზმის შემცველი ხსნარების შეყვანა და ჰემოდიალიზი.

პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიურეზული საშუალებები, განგლიობლოკატორები, ადრენობლოკატორები  და ვაზოდილატატორები აძლიერებენ კაპტოპრილის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ინდომეტაცინთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთობლივად მიღებისას, შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება.

კაპტოპრილისა და კალიუმის პრეპარატების ერთობლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ლითიუმის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას კი შესაძლებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციამ მოიმატოს.

იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, პარალელურად კაპტოპრილის მიღება ზრდის ნეიტროპენიის და/ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის განვითარების რისკს.

კაპტოპრილის მიღება იმ პაციენტებში, რომლებიც იმუნოდეპრესანტებს ღებულობენ, იზრდება ჰემატოლოგიური დარღვევების განვითარების საშიშროება.