აირების ჭარბწარმოქმნასა (მეტეორიზმი) და მუცლის შებერილობას შეუძლია, მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და უხერხულობის წინაშე დაგაყენოთ.
გადავსების შეგრძნებას, მუცლის არეში ტკივილს, რომელიც ამ პრობლემებს ახლავს თან, შეუძლია ჩვენი ყოველდღიური შრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეამციროს და განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
და რატომ უნდა მოითმინოთ მსგავსი ჩივილები, როცა ესპუმიზანი არსებობს და პსპ-ს აფთიაქთა ქსელშია ხელმისაწვდომი?
რა არის ესპუმიზანი და რისგან შედგება ის
ესპუმიზანი (Espumisan) არის პრეპარატი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოგიხსნით შებერილობას და გაგათავისუფლებთ მისი თანმხლები უარყოფითი ეფექტებისგან. ხელმისაწვდომია პრეპარატის რამდენიმე ვარიანტი: ესპუმიზანი ექსტრა 125მგ (ფხვნილი); ესპუმიზანი 40მგ (კაფსულები); ესპუმიზანი ბეიბი (საბავშვო წვეთები) 100მგ და ესპუმიზანი L 40მგ/მლ 30მლ ხსნარი.
ესპუმიზანი ექსტრა თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული გრანულებია, რომლებიც შეიცავს ქაფის ჩამქრობი თვისებების მქონე ნივთიერება სიმეთიკონს. ფხვნილი სწრაფად იხსნება პირის ღრუში, რაც ხელს უწყობს პრეპარატის შიგთავსის სწრაფად მოხვედრას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც სიმეთიკონის მოქმედება იწყება. ესპუმიზანი ექსტრას მოქმედი ნივთიერება სიმეთიკონია, რომლის 125მგ-საც თითოეული პაკეტი შეიცავს. პრეპარატის სხვა კომპონენტებია: სორბიტი, ტალკი, ვაშლის მჟავა, ლიმონის არომატიზატორი, ქლიავის არომატიზატორი.
ესპუმიზანი 40მგ კაფსულები, როგორც სახელი გვეუბნება, 40მგ სიმეთიკონს შეიცავს, მისი დამხმარე ნივთიერებები კი მეთილის პარა-ოქსიბენზოატი, გლიცერინი, საღებავები E 104 და E 110-ია.
ესპუმიზანი ბეიბის 1მლ ემულსია შეიცავს 100მგ სიმეთიკონს, დამხმარე ნივთიერებების სია კი ამ შემთხვევაში ასე გამოიყურება: მაკროგოლის სტეარატი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, სორბინის მჟავა (E200), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), ნატრიუმის ქლორიდი, კარბომერები, ნატრიუმის ციტრატი (E331), სუკრალოზა (E955), გაწმენდილი წყალი.
Espumisan — ესპუმიზანი L 40მგ/მლ 30მლ ხსნარის 1 მლ ემულსია (25 წვეთი) შეიცავს 40 მგ დიმეთიკონს/სილიციუმის დიოქსიდს 96:4 შეფარდებით (სიმეთიკონი). დამატებითი კომპონენტებია მაკროგოლი 1500-სტეარატი, გლიცერინმონოსტეარატი, სორბინის მჟავა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ციკლამატი, საქარინის ნატრიუმის მარილი, არომატული ნივთიერება ბანანის სუნით, გაწმენდილი წყალი.
დიაგნოსტიკურ გამოკვლევამდე ესპუმიზანის მიღება აირის ბუშტუკებით გამოწვეული გამოსახულების დეფექტების გაჩენას უშლის ხელს. პრეპარატი კონტრასტული საშუალებით ფარავს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს. სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით.
სიმეთიკონის ნეიტრალობისა და უსაფრთხოების დამსახურებით, ესპუმიზანის წვეთების (ესპუმიზანი L, ესპუმიზანი ბეიბი) გამოყენება ნებისმიერი ასაკის პაციენტებშია შესაძლებელი – ახალშობილობიდან ღრმა სიბერემდე — მათ შორის ორსულობის პერიოდში, სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში ან ოპერაციის შემდეგ. ჩვილების შემთხვევაში წვეთების გამოყენების მოსახერხებლობა მთავარი უპირატესობაა.
სიფრთხილის ზომები ესპუმიზანის მიღებისას
ალბათ, დაგებადათ კითხვა, თუ როგორ უნდა მივიღოთ ესპუმიზანის განსხვავებული ფორმები. არ მიიღოთ ესპუმიზანი იმ შემთხვევებში, თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერება სიმეთიკონის ან მისი სხვა კომპონენტების მიმართ.
აირების მომატებულ გამოყოფასთან დაკავშირებული ჩივილები, შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის უფრო სერიოზული პრობლემების ნიშანი იყოს. თუ ხანგრძლივად გრძნობთ მუცელში მოჭერის ან გადავსების შეგრძნებას, გაწუხებთ ბოყინი, ხმაურიანი მუცელი და შებერილობა, ჩივილებს კი ხანგრძლივი ხასიათი აქვს, ექიმისთვის მიმართვა აუცილებელია — პროფესიონალმა უნდა გაარკვიოს, არის თუ არა აღნიშნული სიმპტომები ნიშნები დაავადებისა, რომელსაც ცალკეული მკურნალობა ესაჭიროება.
ჩვილებსა და ბავშვებში ესპუმიზანი ბეიბის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ახალი ჩივილების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს. არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი 14 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე — თუ ამ ხნის განმავლობაში სიმპტომები არ გაქრა, ექიმს უნდა მიმართოთ.
ესპუმიზანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არასასურველი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. სიმეთიკონი, დიდი რაოდენობითაც კი, სიმპტომების გარეშე გადაიტანება. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება აქრობს ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფიზიკური გზით, ხოლო ქიმიური და ბიოლოგიური მიმართებით ის არააქტიურია, ამიტომ მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.
რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, ესპუმიზანი ექსტრასა და ესპუმიზანი L-ის შემთხვევაში, მათი მიღების შეზღუდვები არ არსებობს. რაც შეეხება ესპუმიზან ბეიბის, ორსულობის პერიოდში მოცემული პრეპარატის ზემოქმედების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თუ პრეპარატის დოზა გამოგრჩათ, შეგიძლიათ მიიღოთ ის გახსენებისთანავე, გამორჩენილი დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება რეკომენდებული არ არის.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე ესპუმიზანი გავლენას არ ახდენს.
ესპუმიზანი ექსტრა შეიცავს სორბიტს. შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
როგორ მივიღოთ ესპუმიზანი — მიღების წესი და დოზები
ბუნებრივია, ესპუმიზანის სხვადასხვა ფორმას მიღების სხვადასხვა დოზა და წესი აქვს:
ესპუმიზანი ექსტრას დოზები: მოზრდილებსა და მოზარდებს 14 წლის ასაკიდან ზემოთ შეუძლიათ ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღება შეიძლება, აგრეთვე, ძილის წინ. თუ საჭიროა, დოზის გაზრდა შესაძლებელია 2 პაკეტამდე ერთ მიღებაზე. არ მიიღოთ დღეში 6 პაკეტზე მეტი (რაც 750 მგ სიმეთიკონს შეესაბამება).
6-14 წლის ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ ერთი პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. მათ დღეში 3 პაკეტზე მეტი არ უნდა მიიღონ (რაც 375 მგ სიმეთიკონს შეესაბამება).
6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისთვის არსებობს მკურნალობის სხვა ფორმები.
ესპუმიზანი 40მგ კაფსულის დოზები: მოზრდილებსა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, მიიღონ 1-2 კაფსული 3-5 ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.
თუ საქმე გვაქვს მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის რენტგენოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადებასთან, ინიშნება 2 კაფსული 3-ჯერ დღეში გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 2 კაფსული დილით გამოკვლევის დღეს.
ესპუმიზანი L-ის დოზები: ჩვილებში 1მლ ესპუმიზანი (დაახლოებით 25 წვეთი) ემატება ბავშვის საკვების ბოთლში, ან უნდა მიაღებინოთ პრეპარატი პატარა კოვზით ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ. 1-6 წლის ბავშვებმა იგივე რაოდენობის, 25მლ ესპუმიზანი დღე-ღამეში 3-5-ჯერ უნდა მიიღონ. 6-14 წლამდე მოზარდების შემთხვევაში პრეპარატის რაოდენობა 1-2მლ-მდე იწევა (დაახლოებით 50 წვეთი) დღეში 3-5-ჯერ. მოზრდილებმაც ამდენივეჯერ უნდა მიიღონ 2მლ ესპუმიზანი L.
გამოკვლევებისათვის მომზადების დროს უნდა მიიღოთ 2მლ ესპუმიზანი L 3-ჯერ დღე-ღამეში, გამოკვლევამდე 24 საათით ადრე და დილით გამოკვლევის ჩატარების დღეს – 2 მლ.
ესპუმიზანი ბეიბის დოზები: პრეპარატის ამ ფორმით მიღება, დოზის მიხედვით, შესაძლებელია პიპეტით ან საზომი ხუფით. თუ ესპუმიზან ბეიბის ჩვილი იღებს, 5-10 წვეთი ბავშვის საკვებს ბოთლში უნდა დაემატოს ან მიაღებინოთ პატარა კოვზით უშუალოდ ძუძუთი კვების წინ. 1-6 წლის ბავშვებმა 10 წვეთი ესპუმიზანი დღე-ღამეში 3-5-ჯერ უნდა მიიღონ. 6-14 წლამდე ბავშვებში პრეპარატის დოზა 10-20 წვეთს შეადგენს დღეში 3-5-ჯერ. მოზრდილებმა კი 3-5-ჯერ დღეში 20 წვეთი ესპუმიზანი ბეიბი უნდა მიიღონ.
ესპუმიზანის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღების თანმხლები უარყოფითი მოვლენები გამოვლენილი არ არის, თუმცა, უმჯობესია, ასეთ შემთხვევაში კონსულტაცია მაინც ექიმთან გაიაროთ.
როგორია ესპუმიზანის გვერდითი მოვლენები
სიმეთიკონის შემცველი პრეპარატების მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომელთა შორისაც შესაძლოა იყოს ურტიკარიული გამონაყარი, კანის გაწითლება, ქავილი, ალერგიული დერმატიტი და სხვა დერმატოლოგიური რეაქციები, თუმცა ამ გამოვლინებების სიხშირე უცნობია.
სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების შესახებ ცნობები არ მოიპოვება, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ესპუმიზანის მიღებას დამატებითი დისკომფორტის რისკი, ფაქტობრივად, არ ახლავს.
შენახვის პირობები და სხვა მონაცემები
ესპუმიზანი ექსტრა შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლის სხივებისათვის დაფარულ ადგილას. ასევე, შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ესპუმიზანი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე და დასაკეც მუყაოს კოლოფზე. დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ ვადაში იგულისხმება თარიღში აღნიშნული თვის ბოლო დღე, ხოლო ამ კონკრეტული პროდუქტის ვარგისობა 3 წელიწადს შეადგენს.
ესპუმიზანი ექსტრა გაიცემა შეფუთვით 0.8გ გრანულების შემცველი 8, 14 და 28 პაკეტით.
რაც შეეხება ესპუმიზანი 40მგ-ს, მისი შენახვის ტემპერატურაც მაქსიმუმ 25˚C-ს შეადგენს, ვარგისობის ვადა კი 5 წლით განისაზღვრება.
სითხეების (ესპუმიზანი L და ესპუმიზანი ბეიბი) შენახვის პირობები განსხვავებულია: ესპუმიზანი L-ის ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ 4 კვირის განმავლობაში. ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე და არ შეიძლება მისი გაყინვა. იგივე პირობები ვრცელდება ესპუმიზან ბეიბიზეც იმ განსხვავებით, რომ ფლაკონის გახსნის შემდეგ მისი გამოყენება 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, ყურადღების მიღმა გარემოც არ უნდა დაგრჩეთ — ნუ გადააგდებთ ესპუმიზანს გამდინარე წყალში, კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მორჩენილი პრეპარატების უტილიზაციაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ერთი სიტყვით, სამყაროში, რომელშიც ესპუმიზანი არსებობს, შებერილობა და მეტეორიზმი აღარ უნდა გაწუხებდეთ — თუ ტკივილისა და დისკომფორტის გამო სასოწარკვეთილებას მიეცემით, უბრალოდ გაიხსენეთ ფრაზა, რომელიც ტელევიზორიდანაც არაერთხელ გსმენიათ: „ხმაურიან და შებერილ მუცელს ესპუმიზანი უშველის უცებ!“
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account