ერიუსი — ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური საშუალება

გაწუხებთ ალერგიული რინიტი (ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთებით მიმდინარე ალერგიული დაავადება) სეზონურად, მაგალითად, მცენარის მტვერზე, ან ქრონიკულად? — მაშინ შესაძლოა, კარგად იცნობდეთ სხვადასხვა ანტიჰისტამინურ საშუალებას, რომელთაც ალერგიული დაავადებების დროს გამოიყენებენ. ერთ-ერთი მედიკამენტი ალერგიის წამლების აღნიშნული ფარმაკოლოგიური ჯგუფიდან  ერიუსია. 

რისი წამალია ერიუსი? 

 

ცემინება, ქავილის შეგრძნება ცხვირსა და სასაში,  ასევე ქავილის შეგრძნება და შეწითლება თვალის მიდამოებში, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ცრემლდენა — ალერგიული რინიტის დროს ამ სიმპტომების გაკონტროლებისა და შემსუბუქების მიზნით ექიმები ხშირად ერიუსს უნიშნავენ პაციენტებს. 

 

ერიუსს ასევე იყენებენ ჭინჭრის ციების დროს. ამ შემთხვევაშიც მედიკამენტი ამსუბუქებს, ან აქრობს ქავილს, სიწითლესა და გამონაყარს კანზე. 

ერიუსის ანოტაცია 

 

ერიუსი არასედატიური (არასაძილე) ანტიჰისტამინური საშუალებაა. მედიკამენტი მუშაობს ალერგიის წინააღმდეგ. მისი მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წუთში და ეფექტიანად აკონტროლებს სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში. რაც შეეხება ერიუსის ტაბლეტის ფარმაცევტულ ფორმას, ის არის 5 მგ-იანი აბი, ბრტყელი, მრგვალი და ღია ცისფერი, რომელსაც ერთ მხარეს აწერია “SP”. 

 

ერიუსის აბები მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან გამოიყენება. ერიუსის აბი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ. გასათვალისწინებელია, რომ ეს ტაბლეტი შუაზე არ იყოფა, სრული აბის დოზა კი გათვლილია 12 წლის ასაკიდან. რაც შეეხება ერიუსის აბებს მოზრდილებისა და მოზარდებისთვის 12 წლიდან, მათი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ერიუსის სიროფი ბავშვებისთვის — დოზირება 

 

ბავშვებში 12 წლის ასაკამდე მედიკამენტის მიღების უსაფრთხოება და ეფექტიანობა გამოკვლეული არ არის, შესაბამისად, ერიუსის საბავშვო ტაბლეტის დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს. 

 

თუმცა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია ერიუსი სიროფის ფორმით, რომლის ანოტაციაშიც ვკითხულობთ, რომ პრეპარატი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. 

 

სიროფის დოზირება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ერიუსის სიროფის ბავშვის დოზა ერთიდან ხუთ წლამდე 2.5 მლ-ია დღეში ერთხელ (ეს გამოდის ½ კოვზი 5 მლ მოცულობიდან). ექვსიდან თერთმეტ წლამდე ბავშვებში კი რეკომენდებულია 5 მლ დღეში ერთხელ (რაც გულისხმობს ერთ კოვზს 5 მლ მოცულობიდან). ზრდასრულებსა და მოზარდებში 12 წლიდან კი რეკომენდებულია 10 მლ სიროფის მიღება დღეში ერთხელ (ეს იქნება 2 კოვზი 5 მლ შეფუთვიდან).

ერიუსის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები 

ერიუსი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, თუკი გაწუხებთ თირკმლის უკმარისობა. არ არის მონაცემები და სპეციალური კვლევები ხანდაზმული პაციენტებისა და  ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის ერიუსის მიღებასთან დაკავშირებით. 

თუკი თქვენს პირად ან ოჯახის ანამნეზში მიდრეკილება გაქვთ კრუნჩხვებისადმი, განსაკუთრებით საყურადღებოა პატარა ბავშვები, რომლებიც დესლორატიდინის მკურნალობისას მიდრეკილნი არიან კრუნჩხვებისადმი — ამ შემთხვევებში ერიუსი სიფრთხილით ინიშნება. თერაპია სრულად წყდება, თუკი პაციენტებს კრუნჩხვები განუვითარდათ მკურნალობის დროს. 

ასევე ფრთხილად იყავით, თუკი გაქვთ თანდაყოლილი ლაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტოზას დეფიციტი, ან გლუკოზა-ლაქტოზას ცუდი შეწოვა (მალაბსორბცია), ასეთ დროს ერიუსი საერთოდ არ უნდა მიიღოთ, რადგანაც თითოეული ტაბლეტი 5.8 მგ ლაქტოზას შეიცავს. 

პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის. 

რაც შეეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდს, ერიუსის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, თუკი ეს აუცილებელი არ არის. პრეპარატის გავლენა კი ძუძუთი კვების დროს ჩვილებზე უცნობია, ამიტომ ერიუსის მიღება-არმიღების საკითხი უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა-არშეწყვეტის მიხედვით, ჩვილისა და დედის საუკეთესო ინტერესიდან და სარგებლიდან გამომდინარე. 

ერიუსს საერთოდ არ აქვს, ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვასა თუ სხვა მექანიკურ საშუალებებთან მუშაობის უნარზე, თუმცა, რადგანაც პაციენტებში პრეპარატების მიმართ რეაქციები ინდივიდუალურია, სასურველია, მანამ არ ჩაერთოთ ისეთ აქტივობებში, რომლებიც გონებრივ სიფხიზლეს საჭიროებს, სანამ ზუსტად არ გეცოდინებათ თქვენი რეაქცია პრეპარატზე. 

დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი — ეს ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ერიუსის მიღების დროს. სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, ასევე თუკი მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი ხელმისაწვდომია აბებისა თუ სიროფის სახით.