
დუსპატალინი (Duspatalin) არის წამალი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ხსნის სპაზმებს ისე, რომ ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკას (კუჭის, ნაწლავების კედლების ტალღისებური რიტმული შეკუმშვა-გაფართოება) არ არღვევს.
მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის მოზრდილ პაციენტებში შემდეგი მიზნებით გამოიყენება:
- ნაწლავების ფუნქციური დარღვევებისა და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის მკურნალობა;
- მუცლის ღრუს სპაზმების სიმპტომატური მკურნალობა;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეორადი სპაზმების შემცირება, რომლებიც ორგანული დაავადებებით არის გამოწვეული.
დუსპატალინი 200მგ-იანი კაფსულების სახით არის ხელმისაწვდომი პსპ-ს აფთიაქებში. შეფუთვაში, როგორც წესი, 30 კაფსულია მოთავსებული.
როგორია დუსპატალინის მიღების წესები და დოზირება?
დუსპატალინის ინსტრუქციის თანახმად, მედიკამენტი კვებამდე 20 წუთით ადრე უნდა მიიღოთ პერორალურად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. რეკომენდებული დოზირება კი შეადგენს თითო ტაბლეტს დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რაიმე სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს — რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.
რა უკუჩვენებები აქვს მედიკამენტს?
უკუჩვენებების ნაწილში ვკითხულობთ, რომ ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც მისი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან დუსპატალინის ურთიერთქმედება ცნობილი არ არის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად
როგორია პრეპარატის გვერდითი მოვლენები?
დუსპატალინის ანოტაციის მიხედვით, პაციენტებს, ამ პრეპარატის მოხმარებისას, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოუვლინდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის:
- ჭინჭრის ციება (კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამონაყარით ხასიათდება);
- სახის შეშუპება;
- კვინკეს შეშუპება (ასევე ცნობილი, როგორც ანგიოედემა — რეაქცია, რომელიც ზემოქმედებს კანის ქვეშ არსებულ ქსოვილებზე);
- ეგზანთემა (წინწკლოვანი გამონაყარი კანზე).
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს დაუკავშირდით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account