
პრეპარატი ნატალსიდი ადგილობრივი გამოყენების ჰემოსტატიკური საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც რექტალური სანთლების სახით არის წარმოდგენილი. მედიკამენტის ძირითადი აქტიური ნივთიერება ნატრიუმის ალგინატია, რომლის დოზირება თითოეულ სანთელში 250 მგ-ს შეადგენს.
მუყაოს კოლოფში ორი ბლისტერია მოთავსებული, თითოეულ ბლისტერზე კი ნატალსიდის 5-5 სანთელი. პრეპარატი PSP-ის აფთიაქების ქსელში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რისთვის გამოიყენება ნატალსიდი?
ნატალსიდი ეპითელიზაციის სტადიაში ქრონიკული ანალური ნახეთქებისა და პროქტოსიგმოიდიტის დროს გამოიყენება. ეს უკანასკნელი სიგმოიდური და სწორი ნაწლავის ლორწოვანის ანთებაა, რომელსაც მორეციდივე მიმდინარეობა ახასიათებს.
პრეპარატს ასევე მიმართავენ სისხლმდენი ჰემოროის (ბუასილის) შემთხვევაში, რომელიც სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვან გაგანიერებას წარმოადგენს. მას თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ კი თრომბოზი, ანთება, ქავილი და სხვა პროცესები.
ნატალსიდი გამოიყენება პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარებული სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდაც.
პრეპარატის ძირითადი აქტიური ნივთიერება ნატრიუმის ალგინატი, რომელიც ყავისფერი წყალმცენარეებისგან არის მიღებული, დამამშვიდებელ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ მოქმედებას უზრუნველყოფს. წამალი ეფექტიანია ტკივილის შესამცირებლად და რექტალურ მიდამოში შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად.
ნატალსიდში შემავალი ნატრიუმის ალგინატი ქმნის დამცავ ფენას ლორწოვან გარსზე, რომელიც შეხორცებასა და დისკომფორტის მოხსნას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებიც ბუასილისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ არაინვაზიურ და ბუნებრივ მიდგომას ეძებენ.
პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება
ნატალსიდი ორგანიზმში რექტალურად, სწორ ნაწლავის მეშვეობით აღწევს. სუპოზიტორის გამოყენებამდე რეკომენდებულია ნაწლავის დაცლა ბუნებრივად ან გამწმენდი საშუალებით.
სუპოზიტორთან შეხებამდე ხელები კარგად უნდა დაიბანოთ. შესაძლებელია სანთლის წყლით დატენიანება, რათა მისი სწორ ნაწლავში შეყვანა უფრო გამარტივდეს.
რაც შეეხება დოზირებას, მოზრდილებისთვის რეკომენდებულია ერთი სუპოზიტორი დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს, თუმცა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 7-დან 14 დღემდე პერიოდს მოიცავს, თუმცა ისიც, შედეგის შეფასების საფუძველზე, ექიმის რეკომენდაციით განისაზღვრება.
ნატალსიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში. მის მიღებას უნდა მოერიდონ პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებიც.
აღსანიშნავია, რომ ნატალსიდის გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. თუმცა ამ შემთხვევაში უმჯობესია, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
ნატალსიდის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნატალსიდი პაციენტების მიერ, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, რადგან მისი ძირითადი კომპონენტი ბუნებრივია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გვერდითმა მოვლენებმა იჩინოს თავი.
რექტალური სანთლების გამოყენების შემდეგ შესაძლოა ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის ქავილი და სიწითლე აღინიშნოს. იშვიათად, პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა ვლინდება.
თუ ზემოთ აღნიშნული ან სხვა საეჭვო გვერდითი მოვლენები შენიშნეთ, აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account