გულის დაავადება — რა ფორმები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ის

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები მთავარი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის. საქსტატის მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები მოსახლეობაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია (რაოდენობრივად - 17,100). ეს სტატისტიკა არც არის გასაკვირი, რადგან ცნობილია, რამდენად რთული და საშიშია რიგითი მაცხოვრებლისთვის გულის პრობლემები. 

გულის დაავადებად მიიჩნევა ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ან აფერხებს გულის ფუნქციას. ეს დაავადებები მრავლი სახისაა და სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს.

გულის დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა სიმარტივისთვის შეგვიძლია რამდენიმე ზოგადი ფორმის სახით ჩამოვაყალიბოთ და გავანაწილოთ ასაკობრივ კატეგორიებში. ასევე გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს გულის დაავადებების სიმპტომების შესახებ.   

გულის დაავადებები მოზარდებში 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ძირითადად ზრდასრულ ან მოხუცებულ ასაკთან ასოცირდება, თუმცა მოზარდებშიც შეიძლება გამოვლინდეს. ბავშვებში ყველაზე გავრცელებული გულის დაავადებებია - გულის თანდაყოლილი დეფექტების, იგივე გულის მანკების სხვადასხვა ფორმები. 

დეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს (არტერიები, გულის სარქვლები, გულის პარკუჭები და კედლები რომლებიც ყოფენ გულის პარკუჭებს). ექიმს ფეხმძიმობის მონიტორინგის დროსაც შეუძლია შეამჩნიოს, თუ როგორ ვითარდება ნაყოფის გული და შესაბამისად, მისი დეფექტებიც. ამრიგად, შედარებით მძიმე გულის დეფექტების სიმპტომები მალევე შეიმჩნევა ექიმისთვის და ინიშნება მკურნალობა მათ დასაძლევად. ასეთი დეფექტების სიმპტომები არის: 

  • მკრთალი ნაცრისფერი ან ლურჯი შეფერილობის ტუჩები, ენა ან ფრჩხილები; 
  • აჩქარებული სუნთქვა;
  • ფეხების, მუცლის ან თვალების არეების შეშუპება;
  • სუნთქვის უკმარისობა კვების დროს. 

შედარებით მსუბუქი ფორმის გულის მანკები, ხშირ შემთხვევაში, არ ავლენს თავს, დიდად არ უშლის ხელს ბავშვის ზრდას და უსიმპტომოდ ან მსუბუქი გავლენით რჩება ორგანიზმში. ასეთი დაავადებები, ხშირ შემთხვევაში, ვლინდება გვიანდელი ბავშვობის პერიოდში, ასევე დაკავშირებული არის ზრდასრულ ასაკში გულის სირთულეებთან. მსუბუქი ფორმის თანდაყოლილი გულის დეფექტების სიმპტომებია: 

  • არითმიული გულის ცემა;
  • ადვილად დაღლა ან სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური აქტივობისას, მაგალითად ვარჯიშის დროს;
  • გულის წასვლა ფიზიკური აქტივობის დროს;
  • ხელების ან ფეხების შეშუპება.

თანდაყოლილი გულის დაავადებების გარდა მოზარდებში გულის პრობლემები შეიძლება სხვადასხვა ინფექციებმა, ციებ-ცხელებამ ან ანთებითმა პროცესებმა გამოიწვიოს, თუმცა ასეთი შემთხვევები შედარებით იშვიათია. 

გულის დაავადებები ზრდასრულებში 

ზრდასრულ ასაკში ყველაზე მეტად გავრცელებულია კორონალური არტერიების დაავადებები, იგივე გულის იშემიური დაავადებები. მისი გამომწვევი მიზეზია არტერიებში ქოლესტეროლის ნადების დაგროვება. 

ქოლესტეროლი არის ცხიმოვანი, ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც ჩვენი ღვიძლი წარმოქმნის. ჩვენი ორგანიზმი მას იყენებს სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. ქოლესტეროლის მიღება საკვებიდანაც შეგვიძლია, ხოლო ზედმეტი ქოლესტეროლის დაგროვების შემთხვევაში ის იწვევს სისხლის მიმოქცევის შეფერხებას და უკიდურეს შემთხვევაში, მივყავართ გულის შეტევამდე. მიიჩნევა, რომ ჩვენი გენეტიკა და ცხოვრების სტილი, (განსაკუთრებით კი სიგარეტის მოწევა ან ჭარბწონიანობა) ზრდის გულის იშემიური დაავადებების რისკს.   

გულის იშემიური დაავადებების სიმპტომებია: 

  • ტკივილი, სიმძიმე ან დაჭიმულობა მკერდის არეში; 
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • უცნაური გადაღლილობა.

ზრდასრულებში ასევე იმატებს გულის არითმიების რისკი. არითმია არის არათანაბარი გულისცემა, მისი გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა სახისაა და დამოკიდებულია კონკრეტულ დიაგნოზზე. 

გულის არითმიების სიმპტომებია: 

  • ფრიალის ან ძლიერი ცემის შეგრძნება მკერედის არეში; 
  • გულის აჩქარებული ან შენელებული ცემა;
  • მკერდის ან გულის ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა.

კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადება, რაც ართულებს გულის სამუშაოს. მისი სიმპტომები, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება არ გამოვლინდეს, თუმცა ძირითადად ადრეულ ზრდასრულობის პერიოდში და შემდეგ დაავადების გაუარესებისას თანდათან იჩენს თავს.

კარდიომიოპათიის სიმპტომებია:  

  • სუნთქვის უკმარისობა ან მკერდის ტკივილი ფიზიკური აქტივობების დროს;
  • გულის აჩქარების უჩვეულო შეგრძნება;
  • სხვადასხვა სახის შეშუპება;
  • თავბრუსხვევა და გულის წასვლა.  

ზრდასრულობისას ასევე იზრდება მაღალი წნევების რისკი, მათი რეგულირების გარეშე შეიძლება ისინი მძიმე გულის უკმარისობებადაც ჩამოყალიბდეს. 

გულის დაავადებები გვიანდელი ზრდასრულობის/მოხუცებულობის დროს 

გულის დაავადებათა რისკები ყველაზე მაღალია ხანდაზმულობის ასაკში. უკვე აღნიშნული პრობლემების - სხვადასხვა არითმიების, იშემიური დაავადებების ან სხვა გულის უკმარისობების ეფექტები დროთა განმავლობაში გროვდება და მოხუცებულ ასაკში ყველაზე მწვავე ფორმას იღებს. სტატისტიკურად, მოხუცებულ ასაკში უფრო მეტი გულის შეტევა ფიქსირდება. 

გულის შეტევის სიმპტომები 

გულის შეტევა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გულის რომელიმე არტერია იჭედება და ამცირებს ან მთლიანად აკავებს გულის მიმართულებით სისხლის მოძრაობას. სისხლის შეფერხების შედეგად იწყება გულის კუნთოვანი ქსოვილის კვდომა. მისი სიმპტომებია:

  • დისკომფორტი ან მძაფრი ტკივილი მკერდის არეში, შეიძლება შეიგრძნობოდეს როგორც დაძაბულობა ან დაჭიმულობა. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს კიდურებშიც ასევე ზურგზე, კისერზე, ყბაზე ან მუცელზე.  
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • ცივი ოფლი.

როგორ ამოვიცნოთ გულის დაავადებები 

გულის დაავადებების ამოცნობა შეგიძლიათ თქვენი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ჩამოთვლილი სიმპტომების შესაბამისად, თუმცა იგივე სიმპტომები ან სიმპტომების რაოდენობა შეიძლება სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს ემთხვეოდეს, ამიტომ ყოველთვის სასარგებლოა ექიმთან კონსულტაცია, ტესტირება და შესაბამისი დიაგნოზის დასმა, თქვენს მდგომარეობაზე მორგებული მკურნალობისთვის.