
პროსტატა, იგივე წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია, რომელიც მოიცავს პენისს, პროსტატის ჯირკვალს, სათესლე ბუშტუკებს და სათესლე ჯირკვლებს.
პროსტატა გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც ხელს უწყობს სპერმის გათხელებას და სპერმატოზოიდების მოძრაობას, რაც განაყოფიერებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პროსტატის ჯირკვალზეა დამოკიდებული მამაკაცის სექსუალური შესაძლებლობებიც.
პროსტატის დაავადებები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება: პროსტატიტი, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და პროსტატის სიმსივნე. ამ უკანასკნელს მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უკავია.
რა არის პროსტატის კიბო და როგორია მისი სიმპტომები?
პროსტატის კიბო იწყება პროსტატის ჯირკვლის უჯრედების ანომალური ზრდით. კიბოს უჯრედები იზრდება და იყოფა სწრაფად და დროთა განმავლობაში შეიძლება გავრცელდეს ახლო და შორეულ ქსოვილებსა და ორგანოებში, რასაც მეტასტაზირება ეწოდება. პროსტატის კიბო განვითარების ადრეულ სტადიაზე ძალიან ხშირად ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს, მანამ სანამ პროცესი არ გადავა მაღალ სტადიაში. ამიტომ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად მნიშვნელოვანია ყოველწლიურად ჩაიტაროთ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.
პროსტატის კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:
- შარდვის პრობლემები (ხშირი შარდვა, შარდვის გაძნელება, შარდის ნაკადის სიძლიერის დაქვეითება, გაყოფილი ნაკადით შარდვა და შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება და ა.შ.)
- შარდის ან ეაკულაციის დროს წვა ან ტკივილი;
- სისხლი შარდში;
- სისხლი სპერმაში;
- ტკივილი ძვლებში;
- დაღლილობა;
- მადის დაკარგვა;
- უნებლიე წონის კლება;
- ხშირი მოტეხილობები (ძვლებში სიმსივნის გავრცელების გამო იწყება ოსტეოპოროზი)
პროსტატის კიბოს სახეები და სტადიები
პროსტატის კიბოს 95%-ზე მეტი წარმოიქმნება პროსტატის ჯირკვლის უჯრედებიდან და არის ადენოკარცინომის ტიპის. ადენოკარცინომა ნელა მზარდი და არააგრესიული სიმსივნეა, თუმცა გააჩნია გარკვეული ვარიაციები. მაგალითად: სადინრის ადენოკარცინომა უფრო აგრესიულია და უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე აცინარული ადენოკარცინომის შემთხვევები. ასევე არსებობს პროსტატის კიბოს იშვიათი ტიპები, რომლებიც წარმოიქმნებიან პროსტატის ჯირკვლის სხვადასხვა უჯრედებიდან, როგორიცაა: მცირე უჯრედის კარცინომა, გარდამავალი უჯრედის ან უროთელიალური კიბო, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ნეიროენდოკრინული სიმსივნეები, რბილი ქსოვილების სარკომა.
რაც შეეხება, პროსტატის კიბოს სტადიებს, 1 და 2 სტადიებზე, სიმსივნის გავრცელება შემოიფარგლება მხოლოდ პროსტატის ჯირკვალით. მე-3 სტადიის დროს სიმსივნე გავრცელებულია პროსტატის გარეთ, ჩვეულებრივ ის გადასულია სათესლე ბუშტუკებზე, რასაც ეწოდება პროსტატის ადგილობრივად პროგრესირებული კიბო. მე-4 სტადიის პროსტატის კიბო გავრცელებულია მიმდებარე ლიმფურ კვანძებზე ან შორეულ ორგანოებზე. ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, იგი მეტასტაზირებულია ძვალზეც.
სწორედ პროსტატის კიბოს ტიპი, სტადია და ხარისხი არის გადამწყვეტი ფაქტორი მკურნალობის დაგეგმვისა და პაციენტის ჯანმრთელობის პროგნოზის შესაფასებლად.
რა იწვევს პროსტატის კიბოს - ეტიოლოგია და რისკ-ფაქტორები
პროსტატის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზები ბოლომდე უცნობია. იგი ხშირ შემთხვევებში ვითარდება მაშინ, როდესაც პროსტატის უჯრედებში იწყება დნმ-ის ცვლილებები. უჯრედის დნმ შეიცავს ინსტრუქციას, რომელიც კარნახობს უჯრედს რა გააკეთოს. დნმ-ის ცვლილებები იწვევს უჯრედების ზრდასა და დაყოფას უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხდება ნორმალური უჯრედების შემთხვევაში. არანორმალური უჯრედები აგრძელებენ სიცოცხლეს, ხოლო ნორმალური უჯრედები იღუპებიან. სწორედ ეს პათოლოგიური უჯრედები წარმოქმნიან სიმსივნეს. დროთა განმავლობაში, სიმსივნური უჯრედები იშლება და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტსტაზირება).
რაც შეეხება დაავადების რისკ-ფაქტორებს, ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ასაკი (50 წლის ზემოთ), რომლის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება.
დაავადების სხვა რისკ-ფაქტორებია:
მემკვიდრეობითობი წინასწარგანწყობა – პროსტატის კიბოს განვითარების რისკი გაცილებით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი. ასეთ დროს პროსტატის კიბოს განვითარების რისკი 7 -ჯერ მაღალია. გარდა ამისა, პროსტატის კიბოს უფრო მაღალი რისკი აქვთ იმ მამაკაცებს, რომელთა დედები ავადობდნენ ძუძუს კიბოთი.
სიმსუქნე – სხვადასხვა კვლევის თანახმად, მამაკაცებს, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ცხიმს, განსაკუთრებით მაღალ ცეცხლზე მომზადებულ წითელ ხორცს, პროსტატის კიბოს განვითარების უფრო მეტი რისკი აქვთ.
ჰორმონები - ტესტოსტერონი აჩქარებს კიბოს უჯრედების ზრდას.
როგორ სვამენ დაავადების დიაგნოზს
პროსტატის კიბოს დიაგნოსტირება ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
- PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) - ტესტი პროსტატის მიერ გამომუშავებული PSA ნივთიერების დონის გასაზომად;
- უროფლომეტრიის ტესტები - შარდის ნაკადის შესაფასებლად;
- ულტრაბგერითი კვლევა - პროსტატის ზომისა და ანატომიური აგებულების შესამოწმებლად;
- ციფრული რექტალური გამოკვლევა (DRE) - პროსტატის ჯირკვლის ტექსტურის, ფორმისა და ზომის შესამოწმებლად;
- პროსტატის ბიოფსია - ლაბორატორიაში პროსტატის ქსოვილის ნიმუშის გასაანალიზებლად, თუ წინა ტესტების დროს გაჩნდება რაიმე ეჭვი ავთვისებიანი მდგომარეობის თაობაზე.
თუ დადასტურდა პროსტატის კიბოს არსებობა, შემდგომი ტესტები და გამოკვლევები შეიძლება დაინიშნოს იმის დასადგენად, გავრცელებულია თუ არა კიბო სხეულის სხვა ნაწილებზე. ეს გამოკვლევები კი შეიძლება შეიცავდეს:
- MRI სკანირებას;
- CT სკანირებას;
- PET სკანირებას ან ძვლის სკანირებას.
როგორ მკურნალობენ პროსტატის კიბოს
პროსტატის კიბოს მკურნალობა ინდივიდუალურად იგეგმება და დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, ზომასა და აგრესიულობაზე, ასევე პაციენტის ასაკზე, პრეფერენციებსა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.
მკურნალობის პროცესი შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ერთს ან რამდენიმეს:
- აქტიური მეთვალყურეობა - პროსტატის კიბოს პაციენტთა ერთი ნაწილისთვის მკურნალობა აუცილებელი არ არისა და მხოლოდ პროცესის მეთვალყურეობაც საკმარისია. ძირითადად ეს ხდება დაბალი ხარისხის, ნელა პროგრესირებადი სიმსივნის ან “კლინიკურად უმნიშვნელო დაავადების” მქონე მამაკაცებში. დაკვირვების შედეგად, თუ ოდესმე გაჩნდება სიმსივნური პროცესის პროგრესირების საფრთხე, მაშინ იწყებენ მკურნალობას.
- ნანო დანით თერაპია - ეს არის უპროსტატის კიბოს მკურნალობის უსაფრთხო მეთოდი, რომელიც გამოიყენება როგორც ქირურგიის ალტერნატივა (შერჩეულ პაციენტებში). პროცედურა გულისხმობს მოკლე, დაბალი ენერგიის ელექტრო იმპულსების გამოყენებას კიბოს უჯრედების გასანადგურებლად. ეს მეთოდი შესანიშნავი ალტერნატივაა ისეთი პაციენტებისთვის, რომლებსაც სიმსივნე განუვითარდათ ნერვებთან და შარდსადენთან ახლოს.
- ქირურგია - ეს არის პროსტატის ჯირკვალში შემოსაზღვრული კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტური ვარიანტი. ის ასევე გამოიყენება პროსტატის კიბოს მაღალი სტადიის პაციენტებში (მკურნალობის სხვა ვარიანტებთან ერთად). პროსტატის კიბოს ოპერაცია ჩვეულებრივ გულისხმობს პროსტატის ჯირკვლის ამოკვეთას, რასაც რადიკალური პროსტატექტომია ეწოდება. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია წესით, ისე ლაპაროსკოპიული ქირურგიის სახით. ეს მეთოდი ასევე ზრდის შანსს, პაციენტებმა შეინარჩუნონ ნორმალური შარდვისა და სექსუალური ფუნქციები.
- პროსტატის რობოტული ოპერაცია - რობოტის დახმარებით ოპერაცია ახალი სიტყვაა ლაპაროსკოპიაში. ამ შემთხვევაში, რობოტულ მოწყობილობას მართავს ქირურგი. ის უზრუნველყოფს საოპერაციო ადგილის მკაფიო სამგანზომილებიან ვიზუალიზაციას, რომელიც წარმოდგენილია 12-ჯერ გადიდებული ზომით. გარდა ამისა, სისტემის რობოტულ ინსტრუმენტებს, შეუძლიათ 540 გრადუსიანი კუთხით ბრუნვა და ისეთ ადგილებში მიღწევა, რომელთა ხელით წვდომა შეუძლებელია. უფრო მეტიც, რობოტული სისტემის სიზუსტე ხშირად იძლევა კიბოს ქსოვილების ამოღების საშუალებას ისე, რომ შესაძლებელი ხდება შენარჩუნდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრუქტურები და ნერვები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შარდვასა და სექსუალურ ფუნქციებზე.
- რადიაციული მკურნალობა - იგი გამოიყენება პროსტატის ლოკალიზებული კიბოს სამკურნალოდ, ან როგორც პალიატიური თერაპია ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს დროს.
- ფოკალური თერაპიები (HIFU, კრიოთერაპია) - ეს არის არაინვაზიური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება შესაბამისი გათბობის ან გაყინვით, კიბოს უჯრედების გასანადგურებლად. ეს მეთოდი ეფექტურია პროსტატის ჯირკვალში ლოკალიზებული ძალიან მცირე სიმსივნეების სამკურნალოდ.
- მედიკამენტური მკურნალობა - ადგილობრივი გამოყენების სხვა სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, პროსტატის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები მიზნად ისახავს სხეულში არსებული კიბოს უჯრედებთან მიღწევას. ამას ეწოდება სისტემური მკურნალობა. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის ჰორმონოთერაპია, რომელიც მიზნად ისახავს მამაკაცის ჰორმონის – ტესტოსტერონის წარმოების შემცირებას; ქიმიოთერაპია, რომელიც ტარდება პერორალურად ან ინექციის სახით; იმუნოთერაპია ან მიზნობრივი თერაპია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გარკვეული პაციენტებისთვის.
- ლუტეციუმ Lu-177 PSMA თერაპია - ეს არის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი ბირთვული მედიცინის სფეროში, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს მაღალი სტადიის მქონე პაციენტებში. პროსტატის სპეციფიკური მემბრანის ანტიგენი (PSMA) არის სპეციფიკური მარკერი, რომელიც გვხვდება პროსტატის კიბოს უჯრედების ზედაპირზე და მათ შორის მთელ სხეულში გავრცელებულ მეტასტაზებში. რადიოაქტიური იზოტოპი ლუტეციუმ-177 ინექციის მეშვეობით შეჰყავთ პაციენტის სისხლში. იგი შერწყმულია მოლეკულასთან, რომელსაც შეუძლია მოთავსდეს და დაუკავშირდეს კიბოს უჯრედებზე PSMA რეცეპტორებს, სხეულის შიგნით. ამრიგად, კიბოს უჯრედები შერჩევითად დამიზნებით ნადგურდება რადიაციის მეშვეობით. Lu-177 PSMA თერაპია ხელს უწყობს პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მაშინაც კი როდესაც დაავადება აღარ ექვემდებარება ჰორმონოთერაპიას.
შესაძლებელია თუ არა პროსტატის სიმსივნის პრევენცია
პროსტატის სიმსივნის აბსოლუტური პრევენცია შესაძლებელი არ არის, თუმცა მისი განვითარების რისკის შემცირება რეალისტურია:
- ჯანსაღი კვებით, რომელიც გაჯერებულია ხილითა და ბოსტნეულით;
- ვარჯიშით;
- წონის შენარჩუნებით;
- ექიმთან დროული კონსულტაციით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account