
ასპირინი სხვადასხვა ქვეყანაში ტაბლეტების ფორმით იწარმოება. ის აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას, დამხმარე ნივთიერებების სახით კი მიკროკრისტალურ ცელულოზასა და სიმინდის სახამებელს შეიცავს.
აფთიაქებში პრეპარატი განსხვავებული დოზირებითა და დასახელებითაა ხელმისაწვდომი - ასპირინი 500 მგ, ასპირინი C 400 მგ, ასპირინი კარდიო 100 მგ და ასპირინი კარდიო 300 მგ. მედიკამენტი PSP-ს აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რისი წამალია ასპირინი?
ასპირინი 500 მგ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ჯგუფში შედის. მედიკამენტი სხვადასხვა სახის ტკივილის დროს გამოიყენება, მათ შორის:
- კბილის ტკივილი,
- ყელის ტკივილი,
- მენსტრუალური ტკივილი,
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი,
- თავის ტკივილი.
ასპირინი ასევე ეფექტიანია ზურგის ტკივილის სიმპტომური შემსუბუქებისთვის.
პრეპარატი მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სხეულის ტემპერატურის მომატებისა და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.
ამავე ჩვენებების წინააღმდეგ გამოიყენება ასპირინი C, იგივე შუშხუნა ასპირინი. შუშხუნა ტაბლეტები 400 მგ აცეტილსალიცილის მჟავასა და 240 მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C) შეიცავს.
პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება
თუ სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილი გაწუხებთ ან ცხელება აღგენიშნებათ, რეკომენდებული ერთჯერადი დოზა 0,5-1გ-ს შეადგენს. ერთჯერადად მისაღები დოზა 1გ-ს არ უნდა აღემატებოდეს. წამალი არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალით უნდა დალიოთ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 3გ-ს, ესე იგი 6 ტაბლეტს არ უნდა აჭარბებდეს.
რაც შეეხება გამოყენების წესს, პრეპარატი საკვების შემდეგ უნდა მიიღოთ და დიდი რაოდენობით სითხე დააყოლოთ. ტკივილგამაყუჩებლად გამოყენების შემთხვევაში ასპირინით მკურნალობა 5 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, სიცხის დამწევ საშუალებად გამოყენებისას კი არ არის რეკომენდებული წამლის 3 დღეზე მეტ ხანს გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ 15 წლამდე ასაკის პაციენტებში აცეტილსალიცილის მჟავის შემცველი პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ვირუსული ინფექციის შემთხვევაში შეიძლება, რეინოს სინდრომის რისკი გაიზარდოს.
რაც შეეხება შუშხუნა ასპირინს, საჭიროა ტაბლეტი ჭიქა წყალში გაიხსნას და დაილიოს. მისი უზმოზე მიღება რეკომენდებული არ არის.
უფროსებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ერთჯერადი დოზა 1-2 შუშხუნა ტაბლეტს შეადგენს. დღე-ღამეში მაქსიმალური დოზა 6 ტაბლეტს არ უნდა აღემატებოდეს. პრეპარატი 4-8 საათის ინტერვალით უნდა მიიღოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა, ექიმის მითითების გარეშე, 4 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი პრეპარატის მიღებისას?
პრეპარატების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ასპირინის გამოყენების შემდეგაც აღინიშნოს. მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ზოგჯერ თავს იჩენს ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, წვა, სისხლიანი ღებინება და კუპრისებრი განავალი კუჭ-ნაწლავიდან აშკარა ან ფარული სისხლდენის ნიშნებისას, ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებისას და ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა და შუილი ყურებში. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ჭარბი დოზირების ნიშნებს წარმოადგენს.
სისხლწარმომქმნელი სისტემის კუთხით, ზოგჯერ სისხლდენების რისკი იმატებს. ალერგიული რეაქციების მხრივ კი შეიძლება ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები, ასევე ბრონქოსპაზმი და კვინკეს შეშუპება გამოვლინდეს.
რისთვის იყენებენ ასპირინი კარდიოს?
ასპირინი კარდიო 100 მგ და ასპირინი კარდიო 300 მგ თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება.
პრეპარატი სისხლის უჯრედების, თრომბოციტების ადჰეზიისა და აგრეგაციის თავიდან არიდებს საშუალებას იძლევა. შედეგად, ის ხელს უშლის სისხლის კოლტების, თრომბების წარმოქმნას. ასპირინი კარდიო ამას თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების უნარის დახმარებით აკეთებს.
აღნიშნული თვისებების გამო ასპირინი კარდიო არასტაბილური სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ასევე განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
პრეპარატს მიმართავენ სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდეგ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის პროფილაქტიკის მიზნით და კორონარული არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის.
პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება
არასტაბილური სტენოკარდიის შემთხვევაში, სისხლძარღვებზე ოპერაციის დროს, ასევე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის პროფილაქტიკის მიზნით დღეში 100-300 მგ დოზაა რეკომენდებული.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ასპირინი კარდიო დღეში 100 მგ დოზირებით ინიშნება, განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის კი დღეში 300 მგ-ია რეკომენდებული.
კორონარული თრომბოზისა და შაკიკის პროფილაქტიკისთვის ინიშნება დღეში 100-200 მგ დოზა ან ყოველ მეორე დღეს 300 მგ.
წამალი ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით უნდა დალიოთ. ანტიაგრეგანტის სახით შესაძლებელია ასპირინი კარდიოს ხანგრძლივად გამოყენება, თუმცა ექიმის დანიშნულებით.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ასპირინი კარდიოს ხშირ გვერდით მოვლენებს შორისაა ტკივილი და მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ზოგჯერ კი გულისრევა და ღებინება აღინიშნება.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და კუჭის წყლული. შავი ფერის განავლის შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. ასევე იშვიათად, მოსალოდნელია ალერგიული რეაქციებიც.
ერთეულ შემთხვევებში შეიძლება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ასევე ჰიპოგლიკემია და კანის მძიმე ალერგიული რეაქციები გამოვლინდეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account