
სამედიცინო პრაქტიკაში, კონკრეტულად კი ნევროლოგიაში თავბრუსხვევა ყველაზე ხშირი ჩივილია. იგი ხშირად მსუბუქად გამოხატულია და თავისთავად გაივლის, მაგრამ არსებობს თავბრუსხვევის მძიმე ეპიზოდებიც, რომელიც სხვა სიმპტომებთან ერთად ვლინდება და თავისთავად არ გაივლის. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს და გამოიკვლიოთ შესაძლო მიზეზები.
როგორც მოგახსენეთ, თავბრუსხვევა ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელი არ არის და შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ფაქტორებისგან, როგორებიცაა: არტერიული წნევის ვარდნა, სტრესი, დეჰიდრატაცია, ალერგია, სტრესი, გარკვეული მედიკამენტების მიღება და სხვა. რაც შეეხება, სერიოზულ მიზეზებს ეს შეიძლება იყოს: გულსისხლძარღვთა დაავადებები, რკინის დეფიციტი, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე), შიგნითა ყურის აუტოიმუნური დაავადება და სხვა.
თავბრუსხვევის მკურნალობა პირველ რიგში მიზეზის აღმოფხვრას მოითხოვს. თავად თავბრუხვევის საწინააღმდეგოდ პრეპარატების შვიდი ჯგუფია მოწოდებული, რომელთაგან ყველაზე მიზანშეწონილის ამორჩევა, მკურნალი ექიმის კომპეტენციაა.
არლევერტი — თავბრუსხვევის საწინააღმდეგოდ მოწოდებული პრეპარატია, რომელიც დაგეხმარებათ იმ ყოველდღიური საქმიანობების შესრულებაში, რასაც ხელს უშლის თავბრუსხვევა.
რა შემთხვევაში გამოიყენება არლევერტი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?
არლევერტის შედგენილობაში შემავალი ცინარიზინი და დიმენჰიდრინატი სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნებიან: ცინარიზინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფს, ხოლო დიმენჰიდრინატი - ანტიჰისტამინური საშუალებების.
თითოეული ამ ნივთიერების მოქმედება მიმართულია თავბრუსხვევისა და გულისრევის სიმპტომების შესუსტებისკენ, ამ ნივთიერებების კომბინირებული მიღებისას კი საერთო ეფექტი აღემატება ცალ-ცალკე თითოეული მათგანის ეფექტიანობას.
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევის სამკურნალოდ, მხოლოდ მოზრდილებში. მისი მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკში.
როგორია პრეპარატის მიღების წესი და რეკომენდებული დოზები?
არლევერტი ყოველთვის უნდა მიიღოთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მიხედვით.
პრეპარატის რეკომენდებული დოზაა: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას. პრეპარატის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება შეგიძლიათ მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.
არ შეწყვიტოთ არლევერტის მიღება ექიმის გარეშე, რადგან პრეპარატის მიღების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში თავბრუსხვევის სიმპტომები შეიძლება ისევ გამოვლინდეს.
რა შეიძლება მოჰყვეს პრეპარატის დოზის გადაჭარბებას?
არლევერტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა, თავბრუსხვევა ან კანკალი. ასევე ადგილი ჰქონდეს გუგების გაფართოებას და შარდვის დარღვევას. შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, სახის გაწითლება და გულისცემის გახშირება, ასევე ოფლიანობა და თავის ტკივილი.
არლევერტის ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის მომატებას, კანკალს, მომატებულ აგზნებადობას, სუნთქვის გაძნელებას, ჰალუცინაციას და კომასაც კი.
რა უნდა იცოდეთ არლევერტის მიღებამდე? — უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები
არ მიიღოთ არლევერტი თუ თქვენ: ჯერ არ ხართ 18 წლის; გაქვთ ალერგია ცინარიზინის, დიმენჰიდრინატის ან დიფენილდიჰიდრამინის, ან პრეპარატის შედგენილობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ; გაქვთ ალერგია სხვადასხვა ანტიჰისტამინებზე (მაგალითად, ასტემიზოლზე, ქლორფენირამინზე ან ტერფენადინზე); გაქვთ გლაუკომა; დაავადებული ხართ ეპილეფსიით; გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა; დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით; გაქვთ დარღვევები პროსტატის მხრივ, რის შედეგადაც გაძნელებულია შარდვა; გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.
აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ არლევერტის მიღებამ შეიძლება გააღრმავოს ისეთი დაავადებები ან მდგომარეობები, როგორებიცაა: ნაწლავის გაუვალობა; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება; გულის მძიმე დაავადება; პარკინსონის დაავადება და სხვა.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.
პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, არლევერტსაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახის გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია (შეიძლება აღინიშნოს 10 პაციენტიდან 1-ში): პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ძილიანობა, მუცლის ტკივილი. როგორც წესი, ეს მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და ქრება რამდენიმე დღეში, მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც კი.
შედარებით იშვიათი გვერდითი მოვლენებია (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-ში): ოფლიანობა, კანის გაწითლება, დისპეფსია, გულისრევა, ფაღარათი, ნერვოზულობა, კრუნჩხვა, გულმავიწყობა, ხმაური ან შუილი ყურებში, პარესთეზია, ალერგიული რეაქციები, ტრემორი, მხედველობის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ და შარდვის გაძნელება.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-ში): თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ასევე სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს ციებ-ცხელების თანხლებით მიმდინარე ინფექციების რისკის ზრდას, სისუსტეს, ზოგადი გუნება-განწყობის მნიშვნელოვან გაუარესებას.
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
როგორია არლევერტის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან?
არლევერტს შეუძლია გარკვეული ტიპის ურთიერთქმედება მოახდინოს სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთობლივი მიღებისას.
ზოგიერთ დამამშვიდებელ საშუალებასთან, ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებთან, დეპრესიისა და შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატებთან ერთობლივი მიღებისას, არლევერტმა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი დაღლილობა ან ძილიანობა.
არლევერტს ასევე შეუძლია გააძლიეროს ატროპინის (კუნთების მოსადუნებელი პრეპარატი, რომელიც ხშირად გამოიყენება თვალის გამოკვლევის ჩასატარებლად); ეფედრინის (შეიძლება გამოიყენებოდეს ხველისა და ცხვირის “გაჭედვის” სამკურნალოდ); პროკარბაზინის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი სახის სიმსივნის სამკურნალოდ), არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატების მოქმედება.
არლევერტის მიღება არ შეიძლება გულის რიტმის დარღვევის მოსახსნელ პრეპარატებთან (ანტიარითმიულ საშუალებებთან) ერთად.
არლევერტი ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არლევერტის მიღებისას ხშირად თავს იჩენს ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა, აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატით მკურნალობისას არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ისეთ მექანიზმებთან მუშაობა, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account