
საზარდულის თიაქარი არის მდგომარეობა, როდესაც მუცლის ღრუს ორგანოები — უმეტესად ნაწლავის ნაწილი ან ბადექონი (ქონის ბადისებური ფენა, რომელიც შინაგან ორგანოებზეა შემოხვეული) მუცლის კუნთებს შორის არსებულ სუსტ წერტილში გამოდის. ეს იწვევს ამობერილობას, რაც შეიძლება მტკივნეული იყოს, განსაკუთრებით მძიმე საგნების აწევისას, მოხრისას და ხველებისას. აღსანიშნავია, რომ საზარდულის თიაქარი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე — ქალებში.
გაფრთხილება: საზარდულის თიაქარი შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათოც კი იყოს, ამიტომ, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დროულად მიმართოთ ექიმს დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მკურნალობისთვის.
როგორია საზარდულის თიაქრის სიმპტომები?
შეიძლება გქონდეთ საზარდულის თიაქარი, თუ:
- გრძნობთ ტკივილს ხველების, მოხრის ან მძიმე საგნის აწევის დროს. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა გამობერილი საზარდულის ერთი ან ორივე მხარე — ეს უფრო შესამჩნევი ხდება დგომისას;
- გრძნობთ ზეწოლას, სისუსტეს ან სიმძიმეს საზარდულის არეში;
- გრძნობთ ტკივილს ან შეშუპებას სათესლე ჯირკვლების გარშემო;
- გაქვთ წვის ან ტკივილის შეგრძნება თიაქრის გამობურცვის ადგილზე.
საგულისხმოა, რომ ამ სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება თიაქრის ჩაჭედვაა. თუ თიაქარს შიგნით ვეღარ აბრუნებთ, შეიძლება ნაწლავის ნაწილი ან ბადექონი მუცლის კედელში გაიჭედოს. თიაქრის ჩაჭედვის დროს არსებობს საშიშროება, რომ ნაწლავისთვის სისხლის მიწოდება შეწყდეს. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად კი საჭიროა ოპერაციის ჩატარება. თუ პაციენტი მკურნალობას არ მიმართავს, შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
თიაქრის ჩაჭედვას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:
- ტემპერატურის მატება;
- გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან ორივე ერთად;
- უეცარი ტკივილი, რომელიც სწრაფად ძლიერდება;
- სწრაფი გულისცემა;
- ტომრის მსგავსი ამობერილობა საზარდულთან, რომელიც წითელი, იასამნისფერი ან უფრო მუქი ფერის ხდება.
ამ სიმპტომებიდან თუნდაც ერთის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
საზარდულის თიაქრის რა სახეები არსებობს?
საზარდულის თიაქრის ორი ტიპი არსებობს:
ირიბი თიაქარი თავს იჩენს მაშინ, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ საშვილოსნოშია. საზარდულის არხს ორივე ბოლოში ორი ღიობი აქვს, რომელიც, როგორც წესი, ბავშვის დაბადებამდე იხურება. მაგრამ ხანდახან ერთი ან ორივე მათგანი ღია რჩება, რაც საზარდულის თიაქარს იწვევს. ამ შემთხვევაში ეს პრობლემა შეიძლება ჩვილში დაბადებისთანავე აღინიშნებოდეს, ან რამდენიმე წლის შემდეგ გამოვლინდეს.
პირდაპირი თიაქარი ძირითადად ხანდაზმულებში გვხვდება და გამოწვეულია მუცლის კედლის სისუსტით, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.
გაითვალისწინეთ, რომ ორივე ტიპის საზარდულის თიაქარმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და გართულებები, ამიტომ მათი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია.
როგორია დაავადების გამომწვევი მიზეზები?
საზარდულის ირიბი თიაქარი ბავშვებში შეიძლება წარმოიქმნას მათი განვითარების პერიოდში საზარდულის არხის ბოლომდე არ დახურვის შემთხვევაში. შედეგად შეიძლება დარჩეს ღიობი, რომლის გავლითაც მუცლის ქსოვილის გარეთ გასვლის შანსი არსებობს.
ზრდასრულებში კი საზარდულის პირდაპირი თიაქრის გამომწვევი მიზეზებია:
- სუსტი წერტილი მუცლის კედელში;
- მუცლის შიგნით არსებული ზეწოლა;
- დაჭიმულობა დეფეკაციის აქტისას;
- სხეულისთვის დამძაბველი აქტივობების განხორციელება და მძიმე ნივთების აწევა;
- ორსულობა;
- ბევრი ხველა და ცემინება.
რა არის საზარდულის თიაქრის რისკ-ფაქტორები?
საზარდულის თიაქრის გამოვლენის ალბათობა უფრო მაღალია, თუ:
მამაკაცად ხართ დაბადებული: საზარდულის თიაქარი რვაჯერ უფრო ხშირად შეინიშნება მამაკაცებში, ვიდრე — ქალებში.
ხანდაზმული ხართ: ასაკის მატებასთან ერთად, თქვენი მუცლის კედელი ბუნებრივად სუსტდება.
ორსულად ხართ: ამ პერიოდში ქალის მუცლის კუნთები სუსტდება და მუცელზე ზეწოლა იზრდება.
საზარდულის თიაქრის განვითარების რისკებს ასევე ზრდის:
- ამ სამედიცინო მდგომარეობის საოჯახო ისტორია;
- ქრონიკული ხველა;
- ქრონიკული შეკრულობა;
- სხეულის დამძაბველი ხშირი აქტივობები;
- დაბალი წონა დაბადებისას, ასევე ნაადრევად დაბადება;
- საზარდულის თიაქრის წარსულში გამოვლენის ფაქტი.
საზარდულის თიაქარი ჩვილებში
საზარდულის ირიბი თიაქარი ბავშვებში დაბადებამდე ვითარდება. ეს სამედიცინო მდგომარეობა ბევრად უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე — გოგონებში. პატარას შეიძლება თიაქარი ჰქონდეს საზარდულის როგორც ერთ, ისე — ორივე მხარეს.
ბავშვის საზარდულის თიაქრის დანახვას ყოველთვის ვერ შეძლებთ — მას მხოლოდ მაშინ შეამჩნევთ, როდესაც პატარა ტირის ან იძაბება. ამ პრობლემის მქონე ჩვილები, კვების დროს, შეიძლება უფრო გაღიზიანებულები და ჭირვეულები იყვნენ.
თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს საზარდულის ერთი ან ორივე მხარე ამობურცული აქვს, ექიმს მიმართეთ. თქვენს პატარას შეიძლება, საზარდულის თიაქრის მოსაშორებლად, მარტივი ოპერაცია დასჭირდეს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საქმე გადაუდებელ სიტუაციასთან გაქვთ, თუ რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ:
- ძლიერი ტკივილი და სისუსტე;
- სისხლჩაქცევა ან სიწითლე ამობურცული ზონის მიმდებარედ;
- ცხელება;
- მადის დაკარგვა;
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
- სისხლი ბავშვის განავალში.
თუ თქვენს პატარას რომელიმე ეს ნიშანი აღენიშნება, მნიშვნელოვანია, რომ ექიმს დაუყოვნებლივ მიმართოთ.
როგორ მკურნალობენ საზარდულის თიაქარს?
თიაქარი თავისთავად არ ქრება და, როგორც წესი, დროთა განმავლობაში იზრდება. თუ თქვენს შემთხვევაში ის მცირეა და არ გაწუხებთ, შეიძლება სასწრაფო მკურნალობა არ დაგჭირდეთ. თუმცა დიდი ზომისა და დისკომფორტის გამოწვევის შემთხვევაში ოპერაცია აუცილებელია.
თუ ქირურგიული ჩარევის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:
თავიდან აიცილეთ შეკრულობა: დალიეთ ბევრი სითხე, მოერიდეთ სტრესს და მიირთვით ბოჭკოთი, ანუ უჯრედისით მდიდარი საკვები, როგორებიც არის, მაგალითად: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და ა. შ.
შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა: ეს ამცირებს თიაქრის წარმოქმნის რისკებს და ასევე ხელს უშლის შესაძლო გართულებების განვითარებას.
მოერიდეთ სხეულისთვის დამძაბველ აქტივობებს: მაგალითად, მძიმე წონის აწევამ შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს.
თუ თქვენი თიაქარი დიდია ან დისკომფორტს იწვევს, ექიმს მიმართეთ. ოპერაციის დანიშვნასთან ერთად, მას შეუძლია, მოგცეთ გარკვეული რჩევები ტკივილის შესამსუბუქებლად:
- გამოიყენეთ თიაქრის ბანდაჟი;
- დაიჭირეთ თიაქარი ხველების, ცემინების ან მუცელზე რაიმე სხვა გზით ზეწოლის დროს;
- არ ასწიოთ მძიმე საგნები;
- გამოიყენეთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account