
ლიმფური კვანძები წარმოადგენს პატარა, ოვალურ ან თირკმლის ფორმის სტრუქტურებს, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ლიმფური სისტემა, ელენთასთან, გლანდებთან და ადენოიდებთან ერთად, ადამიანს დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება. ეს ორგანოები ასევე ფილტრავს მიკრობებს, სიმსივნურ უჯრედებს და ნარჩენებს ლიმფური სითხიდან.
შესაძლოა, ზოგიერთი ლიმფური კვანძი მუწუკის მსგავსად გამოიკვეთოს კისერზე, იღლიაში ან საზარდულში, თუმცა ეს, როგორც წესი, იმ შემთხვევაში ხდება, თუ თქვენი ორგანიზმი ინფექციას ებრძვის. ჩვეულებრივ, მათ არსებობას ვერც კი იგრძნობთ.
ლიმფური კვანძების რაოდენობა სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია. ზრდასრულებს, როგორც წესი, დაახლოებით 600-800 ლიმფური კვანძი აქვთ. მათი უმეტესობა მთელ სხეულშია გავრცელებული, მაგრამ ზოგი ჯგუფურად გვხვდება რამდენიმე ძირითად ადგილას, როგორიც არის კისერი, იღლიები, მკერდი, მუცელი და საზარდული.
რა ფუნქციას ასრულებს ლიმფური კვანძები?
ლიმფური სისტემა ადამიანის იმუნური სისტემის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს. ის ლიმფური სისხლძარღვებისა და კვანძებისგან შედგება. თავად ლიმფა წარმოიქმნება სისხლის თხევადი ნაწილისგან — ის კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში გადადის, ქსოვილებს წმენდს და ლიმფური ძარღვების საშუალებით კვლავ სისხლში ბრუნდება. ლიმფური სითხის შემადგენლობაში შემდეგი ელემენტები შედის:
- პროტეინები;
- მინერალები;
- ცხიმები;
- ნუტრიენტები (საკვები ნივთიერებები);
- ლიმფოციტები (სისხლის თეთრი უჯრედების — ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობა);
- დაზიანებული უჯრედები;
- სიმსივნური უჯრედები;
- ბაქტერიები და/ან ვირუსები.
ლიმფური კვანძები კი მოქმედებს, როგორც ბიოლოგიური ფილტრები, რომლებიც ამ სითხის ნაკადში არსებული მიკრობებს, ვირუსებს, უცხო ნაწილაკებსა და დაზიანებულ უჯრედებს შლის და ანადგურებს.
ბაქტერიებსა და ვირუსებს ზედაპირზე აქვთ პროტეინები, რომლებსაც ანტიგენები ეწოდება — მათ ადამიანის იმუნური სისტემა „დამპყრობლების“ აღმოსაჩენად და გასანადგურებლად იყენებს. ლიმფური სითხის მიკრობებისგან გათავისუფლებით, ლიმფური კვანძები მათ თავს უყრის ერთ სივრცეში, სადაც სისხლის თეთრი უჯრედები აანალიზებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, რომლებთანაც ორგანიზმს კონტაქტი ჰქონდა.
სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ლიმფურ კვანძებშია, მოიცავს:
- ლიმფოციტებს;
- მაკროფაგებს — ისინი გარს ეხვევა და კლავს მიკრობებს, გადაამუშავებს ადამიანის ორგანიზმის მკვდარ უჯრედებს და მოქმედებს, როგორც დამხმარე იმუნური სისტემის სხვა უჯრედებისთვის.
- დენტრიტულ უჯრედებს — ისინი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიც პასუხისმგებელია ანტიგენების აღქმასა და ლიმფოციტებისთვის მათ წარდგენაზე. ეს პროცესი აუცილებელია ადაპტაციური იმუნური რეაქციის ინიცირებისთვის.
ლიმფურ კვანძებში არსებული ძირითადი სისხლის თეთრ უჯრედებს წარმოადგენს ლიმფოციტები, რომლებიც ორი ტიპისაა:
B-ლიმფოციტები (B-უჯრედები)
B-ლიმფოციტები ორგანიზმს ინფექციისგან იცავს პროტეინის წარმოქმნით, რომელსაც ანტისხეულები ეწოდება. როდესაც თქვენი იმუნური სისტემა აღმოაჩენს ანტიგენებს — მარკერებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ბაქტერია ან ვირუსი ორგანიზმში შემოიჭრა — B-უჯრედები წარმოქმნის ანტისხეულებს საფრთხესთან საბრძოლველად.
T-ლიმფოციტები (T-უჯრედები)
T-ლიმფოციტები თქვენს იმუნურ სისტემას მიკრობებთან ბრძოლაში ეხმარება და დაავადებისგან გიცავთ. T-უჯრედების ორი ძირითადი ტიპი არსებობს:
- ციტოტოქსიური T-უჯრედები ანადგურებს ინფიცირებულ უჯრედებს.
- დამხმარე T უჯრედები აგზავნის სიგნალებს, რომლებიც სხვა იმუნურ უჯრედებს ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავს.
ორგანიზმის რომელ მიდამოებში გვხვდება ლიმფური სტრუქტურები?
ლიმფური კვანძები გავრცელებულია ადამიანის მთელ ორგანიზმში, გარდა თავისა და ზურგის ტვინისა. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ კანის ქვეშ (ზედაპირული) — კისრის, იღლიების, საზარდულის, კეფის, ყბის, მენჯის მიდამოებშია მოთავსებული. ამასთან, ლიმფური კვანძები ასევე გვხვდება სხეულის სიღრმეშიც, მაგალითად, გულმკერდში, მუცლის ღრუში და ფილტვებში. თითოეული კვანძი მასში შემავალ სითხეს ფილტრავს.
აღსანიშნავია, რომ შიდა ლიმფური კვანძები სამ ნაწილად იყოფა:
- მეზენტერული. ეს არის ლიმფური კვანძები, რომლებიც მდებარეობს მეზენტორიუმში, მემბრანაში, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მუცლის გარშემო არსებულ ქსოვილის კედელთან აკავშირებს.
- რეტროპერიტონეალური. ამ ტიპის ლიმფური კვანძები მდებარეობს თირკმელების ირგვლივ და ძირითად სისხლძარღვებში, რომლებიც სხეულის ქვედა ნაწილს გულთან აკავშირებს.
- მედიასტალური. ეს ლიმფური კვანძები განლაგებულია ტრაქეის (სასუნთქი მილი), საყლაპავის, გულის, ფილტვებისა და დიდი სისხლძარღვების გარშემო, რომლებიც გულს უერთდება.
რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?
ლიმფური კვანძების გადიდება წარმოადგენს ორგანიზმის ბუნებრივ რეაქციას ავადმყოფობაზე ან ინფექციაზე. თუ ლიმფური კვანძები გადიდებულია აშკარა მიზეზის გარეშე, მიმართეთ ექიმს, რათა რაიმე უფრო სერიოზული გამოირიცხოს.
როდესაც თავს არც ისე კარგად გრძნობთ, მაგალითად, როცა ავადდებით, შეიძლება კისრის გვერდებზე შეშუპება შეამჩნიოთ. შეხებისას ეს ამობერილი ადგილები რბილი და მგრძნობიარეა, თუმცა შეიძლება ტკივილიც იგრძნოთ. ეს შეშუპებები გადიდებულ ლიმფურ კვანძებს წარმოადგენს — ამ მდგომარეობის სამედიცინო სახელწოდება კი ადენოპათია ან ლიმფადენოპათიაა.
ადენოპათია საკმაოდ ხშირი და, რეალურად, კარგი მოვლენაა. ლიმფური კვანძების გადიდება ნიშნავს, რომ თქვენი სხეულის იმუნური სისტემა ინფექციის და/ან შემოჭრილი ვირუსების ან ბაქტერიების მოშორებაზე მუშაობს.
გადიდებული ლიმფური კვანძები მოქმედებს როგორც ფილტრები, რომლებიც თქვენს სხეულს ლიმფურ სითხეში არსებული მიკრობებისგან, დაზიანებული უჯრედებისგან ან სხვა უცხო ნივთიერებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
შესაძლოა, იღლიებში არსებული ლიმფური კვანძებიც შეშუპდეს — ამ მდგომარეობის სამედიცინო ტერმინია აქსილარული ადენოპათია ან აქსილარული ლიმფადენოპათია. ლიმფური კვანძები შეიძლება ყბის ქვეშ და საზარდულის არეშიც გადიდდეს.
შეშუპებული ლიმფური კვანძები ექიმის მიერ უნდა შემოწმდეს, რათა დადგინდეს, თუ რა იწვევს ამ მდგომარეობას. გადიდებული კვანძების შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ზომა;
- ტკივილი ან მგრძნობიარობა შეხებისას;
- სიმაგრე;
- მდებარეობა.
რა არის ლიმფური კვანძების შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზები?
კისრის ლიმფური კვანძების შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომლის სრულად აღმოფხვრასაც შეიძლება 10-დან 14 დღემდე დასჭირდეს. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ, შეშუპებამაც უნდა დაიკლოს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მის მთლიანად გასაქრობად შეიძლება რამდენიმე კვირა გახდეს საჭირო.
ლიმფური კვანძების შეშუპება ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა ბაქტერიებმა და ვირუსებმა:
- გაციება და გრიპი;
- სინუსური ინფექცია (სინუსიტი);
- სტრეპტოკოკები ყელში;
- ჭრილობები კანზე;
- მონონუკლეოზი.
ლიმფური კვანძები დიდდება მაშინ, როდესაც მეტი სისხლის უჯრედი გროვდება შემოჭრილი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ხშირ შემთხვევაში, შეშუპებული ლიმფური კვანძები ახლოს იქნება ინფექციის ადგილთან. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყელში სტრეპტოკოკები გაქვთ, შესაძლოა გადიდდეს კისერში არსებული კვანძები.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს?
თუ გადიდებული ლიმფური კვანძები მხოლოდ სხეულის ერთ ნაწილში აღინიშნება, ამ შემთხვევას ლოკალიზებულს უწოდებენ. უმეტესად ამის მიზეზია ვირუსი, ამიტომ ის უბრალოდ თავის კურსს გაივლის, შესაბამისად, კვანძები თანდათან ნორმალურ ზომამდე შემცირდება.
ზოგიერთი ინფექციის შემთხვევაში შეიძლება ექიმმა მკურნალობისთვის გარკვეული მედიკამენტი დაგინიშნოთ.
გარდა ამისა, ლიმფური კვანძები შეიძლება სხეულის ორ ან მეტ უბანშიც იყოს შეშუპებული — როგორც წესი, ეს უფრო სერიოზულ, სისტემურ დაავადებაზე მიუთითებს. შესაძლოა, საქმე გვქონდეს შემდეგ სამედიცინო მდგომარეობებთან:
- ავტოიმუნური დაავადებები, როგორებიც არის ლუპუსი (ასევე ცნობილი, როგორც წითელი მგლურა — კანისა და ლორწოვანი გარსების ავტოიმუნური, ქრონიკულად მიმდინარე დაავადება) ან რევმატოიდული ართრიტი;
- ტოქსოპლაზმოზი (ერთუჯრედიანი პარაზიტის — Toxoplazma Gondii — მიერ გამოწვეული ინფექცია);
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მაგალითად, შიდსი ან სიფილისი;
- ბაქტერიული ინფექციები, როგორებიც არის ბორელიოზი ან ტიფური ცხელება (ნაწლავური ცხელება, რომელსაც იწვევს სალმონელა ტიფი ან მასთან მონათესავე ბაქტერია — სალმონელა პარატიფი);
- ვირუსული ინფექციები, როგორებიც არის წითელა ან ეპშტეინ-ბარის ვირუსი (ჰერპეს ვირუსების ოჯახის წარმომადგენელი);
- სიმსივნეები, როგორებიც არის ლიმფომა (სისხლის კიბოს ტიპი, რომელიც ზემოქმედებს იმუნურ სისტემაზე) ან ლეიკემია (ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე).
ეს სამედიცინო მდგომარეობები საჭიროებს უფრო აგრესიულ მკურნალობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გადიდებული ლიმფური კვანძები შეიძლება არ დაუბრუნდეს ნორმალურ ზომას მკურნალობის დასრულებამდე.
შესაძლებელია თუ არა ლიმფური სტრუქტურების გადიდების პრევენცია?
ლიმფური კვანძების შეშუპების, როგორც ორგანიზმის რეაქციის, პრევენცია არ უნდა იყოს თქვენი მიზანი — როგორც უკვე ვახსენეთ, ეს მოვლენა წარმოადგენს ნიშანს იმისა, რომ თქვენი სხეული ინფექციას ან დაავადებას ებრძვის. თუ გადიდებული ლიმფური კვანძები დისკომფორტს გიქმნით, თქვენი ძალისხმევა სწორედ სხვადასხვა დაავადებისა და ინფექციის პრევენციისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ მიმართულებით შეგიძლიათ, შემდეგი ნაბიჯები გადადგათ:
- ხელები საფუძვლიანად დაიბანეთ;
- მოერიდეთ საკუთარ თვალებსა და ცხვირზე შეხებას;
- მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს;
- ჩაატარეთ დეზინფექცია სახლში და სამუშაო სივრცეში;
- იძინეთ საკმარისად, იკვებეთ ჯანსაღად და ივარჯიშეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account