
აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა. ის, ძირითადად, ახალგაზრდებში გვხვდება, მაგრამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს, მათ შორის ახალშობილებში.
ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ჭარბი რაოდენობის ცხიმი გამოიყოფა. ამის შედეგად ფორები იხშობა, რაც ინფექციურ კერას აჩენს. ეს გარემო ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელია, რაც მდგომარეობას ამწვავებს
აკნეს ტიპები და გამომწვევი მიზეზები
ყველაზე ხშირად აკნე სახის, გულ-მკერდის, ზურგისა და მხრების არეში ჩნდება. ის რამდენიმე ტიპისაა:
- შავი და თეთრი წერტილები (კომედონები);
- ჩირქოვანი გამონაყარი (პუსტულები);
- მოვარდისფრო შეფერილობის პაპულები;
- კისტოზური და ნოდურალური აკნე.
ზოგჯერ აკნესთვის დამახასიათებელი გამონაყარი კანს იმგვარად აზიანებს, რომ ნაწიბურები რჩება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც, რომ აკნე გადამდები არაა და მკურნალობას ექვემდებარება.
აკნეს გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
- გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- ჰორმონალური ცვლილებები;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
- თქვენი კანისთვის შეუსაბამო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.
ჰორმონალური აკნე
აკნეს ხშირად ჰორმონალური ცვლილებები იწვევს, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ამ პერიოდში მოზარდების დიდ ნაწილს გამონაყარი უჩნდება, რადგან მათი ორგანიზმი სქესობრივად მწიფდება. ეს სწორედ ჰორმონების დონის შეცვლას უკავშირდება.
შედარებით მოზრდილ ასაკში აკნე შესაძლოა, სხვაგვარმა ჰორმონალურმა პროცესებმა გამოიწვიოს. ასეთია, მაგალითად, მენსტრუალური ციკლი, მენოპაუზა, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი და სტრესი (ამ დროს სტრესის ჰორმონები გამომუშავდება)
ქალებში ჰორმონალური აკნეს მიზეზი მამრობითი სქესის ჰორმონებია — ანდროგენები. როცა ქალის სხეულში ისინი ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება,ორგანიზმში ეს სხვადასხვა უკურეაქციას განაპირობებს. აკნე ერთ-ერთი მათგანია. ასევე, ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბთმიანობა, პოლიკისტოზი და ა.შ.
კაცებში ჰორმონალური აკნეს უკან ჭარბი ანდროგენული ჰორმონი ტესტოსტერონი დგას. მისი მაღალი დონე ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ დიდი ოდენობით ცხიმის გამოყოფის მაპროვოცირებელია, რაც შემდეგ უკვე ფორების დახშობის რისკს ზრდის და აკნეს წინაპირობად იქცევა.
ახალშობილთა აკნე
ჩვილის აკნე, მოზრდილების მსგავსად, კანის ცხიმიანობასა და ფორების დახშობას უკავშირდება. ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ისევ და ისევ ჰორმონები იყოს, რომლებიც ახალშობილებს დედისგან ძუძუთი კვებისას გადაეცემათ.
მათში აკნე ლოყებზე, სკალპზე, შუბლსა და ნიკაპზე ჩნდება, ზოგჯერ ზურგსა და გულ-მკერდზეც. გამონაყარი ოდნავ შესამჩნევი დახურული კომედონების, ღია კომედონების ან ანთებითი პაპულების სახით ვლინდება. როგორც წესი, ეს დროებითი მდგომარეობაა და სამედიცინო ჩარევის გარეშე მალევე ქრება.
ამგვარი აკნე ახალშობილთა დაახლოებით 20%-ში იჩენს თავს. ის, ძირითადად, 6 კვირამდე ჩვილებში ვითარდება და ნაწიბურებს იშვიათად ტოვებს. თუ გამონაყარი არა და არ ქრება, მიმართეთ პედიატრს ან დერმატოლოგს. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, ეს მართლაც აკნეა თუ არა, ხომ არ უკავშირდება სხვა პათოლოგიას და ა.შ. შესაძლოა, გამონაყარს გარე გამღიზიანებლებიც იწვევდეს, როგორიცაა სარეცხი საშუალება, ტანსაცმლის ქსოვილი და ბავშვის კანის მოვლის საშუალებები.
თუ თქვენს ახალშობილს აკნე სახეზე აქვს, უბრალოდ თბილი წყლით უნდა დაბანოთ და პრობლემური ზონა ნაზად გაუმშრალოთ ხოლმე. მისი კანის დასატენიანებლად არ გამოიყენოთ ზეთოვანი ლოსიონები, ტანსაცმელი საბავშვო სარეცხი საშუალებით გარეცხეთ და დაელოდეთ, სანამ გამონაყარი თავისით გაივლის.
5 ფარმაცევტული პროდუქტი, რომლებიც აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
თუ აკნეს მძიმე ფორმა გაქვთ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ არ მიდის, დერმატოლოგთან კონსულტაციაა რეკომენდებული. საჭიროების შემთხვევაში, ის მკურნალობას დაგინიშნავთ, რაც შესაძლოა, მედიკამენტებთან ერთად სპეციალურ პროცედურებსაც მოიცავდეს.
ასევე, ხელმისაწვდომია ფარმაცევტული პროდუქტები, რომლებიც აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაა შექმნილი:
- სეტაფილის დასაბანი ქაფი — სეტაფილი აკნეს ხაზითაცაა წარმოდგენილი. მისი დასაბანი ქაფი ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაა განკუთვნილი. ის სახიდან ზედმეტი ცხიმის მოშორებაში გვეხმარება, რაც გამონაყარს ამცირებს. სეტაფილი აკნეს დამატენიანებელ ლოსიონსაც გვთავაზობს, რომელიც ცხიმიანობას არეგულირებს და ბზინვარებას ამცირებს.
- თუთიის მალამო — თუთიის მალამო აკნეს კარგად ებრძვის. მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, კანზე დატანისას კი ერთგვარ ბარიერს ქმნის და დაზიანებული არეების შეხორცებას უწყობს ხელს.
- ცერავეს გამწმენდი გელი — ცერავე აკნეს საწინააღმდეგო გამწმენდ გელს გვთავაზობს. ის კანიდან ჭარბ ცხიმსა და ჭუჭყს აშორებს, რისი საშუალებითაც მას ღრმად წმენდს. ის გამოიყენება როგორც სახეზე, ისე ტანზე.
- ავენის ემულსია — ავენი აკნეს შესამსუბუქებლად სპეციალურ ემულსიას გვთავაზობს, რომელიც პრობლემურ არეებში სწრაფად მოქმედებს და გამონაყარს ხანმოკლე პერიოდში აცხრობს.
- აკნეტრენტი — აკნეტრენტის კაფსულები აკნეს მძიმე ფორმებისას გამოიყენება. ის იმ შემთხვევაში ინიშნება, როცა აკნეს საწინააღმდეგო პირველადი საშუალებები უშედეგოა. მკურნალობა დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს.
აკნეს თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, რომ კომედოგენური კოსმეტიკური საშუალებები არ გამოიყენოთ, ჯანსაღად იკვებოთ და ჰორმონალური პრობლემები დროულად მოაგვაროთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account