
უხასიათობა, უხალისობა, უგუნებოდ ყოფნა ან ცხოვრების ხალისის დაკარგვა - ეს ჩვეულებრივი ადამიანური მდგომარეობაა, მაგრამ თუ მას ხანგრძლივად მოჰყვა ნეგატიური განწყობა, დათრგუნვა, გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა, სიცარიელისა და იმედგაცრუების შეგრძნება, შეიძლება საქმე უკვე ისეთ მძიმე აშლილობასთან გვქონდეს, როგორიც დეპრესიაა.
ეს ფსიქიკური აშლილობა ერთნაირად ცვლის ადამიანის ხასიათს, ქცევას და ცხოვრების წესს. უკარგავს მას შრომის, სწავლის, ძილის, ჭამის და საერთოდ, სიამოვნების განცდის უნარს.
თუმცა, მიუხედავად ამ აშლილობის მთავარი თვისებისა - უიმედობისა, იგი სრულიად არ განეკუთვნება განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს. კვლევებით დადგენილია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა უდიდესი ნაწილი მდგომარეობის მართვას წარმატებით ახერხებს და ამაში ფსიქო-სოციალურ ფაქტორებთან ერთად, უმთავრესი როლი მედიკამენტურ მკურნალობას ენიჭება.
სწორედ ასეთ მედიკამენტზე გესაუბრებით ამ ბლოგში. წარმოგიდგენთ პრეპარატ ადეპს, რომელსაც ფსიქიატრები დეპრესიის სამართავად იყენებენ.
ადეპის შეფუთვაში 30 შემოგარსული ტაბლეტია, რომლის შემადგენელი აქტიური ნივთიერებაა მირტაზაპინი 30მგ. იგი ნორადრენერგული და სპეციფიკური სეროტონინერგული ანტიდეპრესანტიის კლას განეკუთვნება.
ალბათ ახსნა არ გვჭირდება, რომ ადეპის თვითნებური მიღება, ექიმის დანიშნულების გარეშე, კატეგორიულად დაუშვებელია. ხოლო დანიშნვის შემთხვევაში უნდა გამოიჩინოთ მოთმინება, რადგან როგორც წესი, ამ მედიკამენტის ეფექტი 2-4 კვირის შემდეგ ვლინდება.
როგორ და რა დოზით შეიძლება ადეპის მიღება
თუ ექიმმა ადეპი 30 მგ. დაგინიშნათ, იგი აუცილებლად აგიხსნით მედიკამენტის მიღების წესს. თუმცა პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ - არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება ყოველდღე, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს, ძილის წინ.
სადღეღამისო დოზა შეგიძლიათ მიიღოთ ორ მიღებაზეც - ერთი დოზა დილით და მეორე საღამოს. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, ვინაიდან მწარეა და მიაყოლეთ წყალი.
რაც შეეხება დოზებს, ესეც აშლილობის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ვიდრე დალევას დაიწყებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ფსიქიატრის ან ნევროლოგის დანიშნულება.
ადეპის ანოტაციის მიხედვით, მოზრდილების და ხანდაზმულების საწყისი დოზა დღე-ღამეში არის 15-30 მგ. თუმცა, ეფექტის მისაღწევად, შეიძლება ეს დოზა ექიმმა გაზარდოს.
გახსოვდეთ, მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
რაც შეეხება მკურნალობის შეცვლას ან შეწყვეტას, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.
რა უნდა გააკეთოთ დოზის გადაჭარბების ან გამოტოვების შემთხვევაში
როგორც მედიცინის წარმომადგენლები ირწმუნებიან, მირტაზაპინის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით უარყოფითი გამოცდილება არ არსებობს. ამ შემთხვევაში უარყოფითი სიმპტომები, უმეტესად, მსუბუქია.
რაც შეეხება დოზის გამოტოვებას, როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში?
მაგალითად, თუ წამალ ადეპს სვამთ დღეში ერთხელ ძილის წინ და ღამე დაგავიწყდათ მისი მიღება, გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ მომდევნო დილას. ამან დღის განმავლობაში შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს. მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულებრივ დროს - ღამით.
მაგრამ თუ იღებთ დღეში ორ ტაბლეტ ადეპს (ერთ დოზას დილით, ხოლო მეორეს საღამოს) და დაგავიწყდათ ერთი ან ორივე დოზის მიღება, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ინსტრუქცია:
- თუ დაგავიწყდათ დილით წამლის მიღება, დალიეთ ის ღამის დოზასთან ერთად;
- თუ გამოგრჩათ ღამის დოზა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა მომდევნო დილას. გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით;
- ხოლო თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის დალევა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. მკურნალობა ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით განაგრძეთ.
როდის არ შეიძლება მედიკამენტის მიღება — უკუჩვენებები
ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა მირტაზაპინის ან ადეპის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ამიტომ თუ ხართ ალერგიული წინასწარ უთხარით ექიმს, ან თუ მედიკამენტის მიღებისას შეამჩნიეთ ალერგიული ნიშნები, აუცილებლად შეატყობინეთ მედიკოსს.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველა ანტიდეპრესანტს, მათ შორის ადეპს, თერაპიის დაწყების პირველ ეტაპზე ახასიათებს დეპრესიული, აგზნებითი დარღვევები, ან ზოგჯერ თავის დაზიანების და არასასურველი აზრების გამძაფრება. მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ.
პრეპარატს მოქმედებისათვის სჭირდება გარკვეული დრო, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, ზოგჯერ კი მეტიც. ამგვარი მოვლენების რისკი უფრო მაღალია თუ ადრე პაციენტს ჰქონდა საკუთარი თავის დაზიანების აზრები.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ პაციენტის ახლობლები, ეცადეთ აკონტროლოთ მოვლენები და ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ადეპი იმ მედიკამენტების რიცხვს განეკუთვნება, რომლის მოხმარების დროსაც განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ პაციენტებს, ვისაც აქვს:
- ეპილეფსია;
- ღვიძლის დაავადება (მაგალითად სიყვითლე);
- თირკმლის დაავადება;
- გულის დაავადება;
- მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა;
- ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, გვიანი გამოვლინების;
- გლაუკომა;
- შარდვის დარღვევები;
- ლაქტოზას და გალაქტოზას დაბალი ამტანობა;
- სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან აგზნების გამწვავება (ამ თემაზე ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ).
დაიმახსოვრეთ, თუ დეპრესიის პარალელურად გაწუხებთ დასახელებული პათოლოგიები, ადეპის დოზა უნდა შეირჩეს ფრთხილად და პაციენტი იყოს მუდმივ კონტროლზე.
გასათვალისწინებელია, რომ ანტიდეპრესანტი მიღების დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
რა შეიძლება იყოს ადეპის გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ანტიდეპრესანტ ადეპსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომლის ცოდნაც დაგეხმარებათ თერაპიის კურსის სწორად წარმართვაში. ამიტომ დაიმახსოვრეთ ეს სიმპტომები:
- ძილიანობა;
- თავის ტკივილი;
- სახსრების ტკივილი;
- მადის მომატება და წონაში მატება;
- არტერიული წნევის უეცარი შემცირება .
ანტიდეპრესანტ ადეპის მოქმედება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
კვლევებით ორსულობის პერიოდში მირტაზაპინის მიღების უარყოფითი გავლენა დადგენილი არ არის. მიუხედავად ამისა, ფეხმძიმობის დროს ადეპის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში, ისიც ექიმის დანიშნულებით.
რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს - მედიკოსების ინფორმაციით, დედის მიერ ადეპის მიღებისას ჩვილებში არ აღინიშნება უარყოფითი ეფექტები. აქედან გამომდინარე, მირტაზაპინის გამოყენება უსაფრთხოა როგორც მეძუძური დედისთვის ასევე ჩვილებისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას იღებს ექიმი, ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
როგორია პრეპარატის გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვაზე
მედიკოსების ზოგადი რჩევაა, რომ ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას პაციენტებმა თავი შეიკავონ ისეთი საქმიანობისგან, რომელიც საფრთხეს შეიცავს და გონების სიფხიზლეს მოითხოვს. ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმების მართვა მაღალ კონცენტრაციას საჭიროებს, რომლის დაქვეითებასაც იწვევს ადეპი, ამიტომ ექიმები გირჩევენ, თერაპიის პროცესში მოერიდოთ მათ მართვას.
როგორც მიხვდით, ადეპი საკმაოდ ეფექტიანი და სხვა ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, ნაკლებად პრობლემური მედიკამენტია. ამიტომ დეპრესიის ნიშნების დაფიქსირებისთანავე ნუ დანებდებით, მიმართეთ ექიმს, ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი და დაიბრუნეთ ცხოვრების ხალისი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account