
C ჰეპატიტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ინფექციური ვირუსია, რომელიც გლობალური ჯანმრთელობის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. დღესდღეობით, მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულის 180 მლნ. ადამიანი, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს. ზოგადად, ვირუსული ჰეპატიტები ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია ტუბერკულოზის შემდეგ.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ, რას წარმოადგენს C ჰეპატიტის ვირუსი, როგორია მისი გადაცემის გზები და რა უნდა ვიცოდეთ პრევენციული ღონისძიებების შესახებ?
რა არის C ჰეპატიტი?
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) გავრცელებული ინფექციური ვირუსია, რომელიც აფერხებს ღვიძლის ფუნქციონირებას და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
C ჰეპატიტის ვირუსს საოცრად სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვს, სწორედ ამიტომ თვითგამოჯანმრთელება მხოლოდ ინფიცირებულების 15%-ში შესაძლოა დადგეს. ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევაში, ინფიცირებიდან ისეთი დაზიანებები, როგორებიცაა ციროზი, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლუჯრედოვანი კიბო, შესაძლოა განვითარდეს 20-30 წლის შემდეგ.
ინფიცირებიდან რამდენ ხანში ვლინდება დაავადება?
C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი, ანუ პერიოდი ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან მის გამოვლენამდე, 20-დან 150 დღემდე გრძელდება, უმეტესად – 40-50 დღე. მწვავე C ჰეპატიტი რთულად შესამჩნევია, გამომდინარე იქიდან, რომ 100-დან 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მწვავე C ჰეპატიტი ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან 6 თვის განმავლობაში ვითარდება. დაავადებას აქვს სიმპტომური და უსიმპტომო ფორმები. სიმპტომური C ჰეპატიტის 50% გამოჯანმრთელებით მთავრდება. უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტის შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა შედარებით ნაკლებია.
როგორ მიმდინარეობს ქრონიკული C ჰეპატიტი?
ქრონიკული C ჰეპატიტი შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად, თუმცა პერიოდულად მწვავდებოდეს, ან მუდმივად პროგრესირებდეს. ფარული ფაზა შეიძლება 15-20 წელიწადიც კი გაგრძელდეს. ამ პერიოდში ინფიცირებული პრაქტიკულად ჯანმრთელია, არაფერი აწუხებს. დაავადება ძირითადად სიყვითლის გარეშე მიმდინარეობს. ხანდახან თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება (37-38 გრადუსამდე).
ღვიძლში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგად ყალიბდება ღვიძლის ფიბროზი, რა დროსაც ღვიძლის ქსოვილში დიდი რაოდენობით კოლაგენის ლაგდება, ხოლო მისი ელასტიკურობა იკლებს.
რას წარმოადგენს ტერმინალური დაავადებები?
ღვიძლის ციროზ ქრონიკული ჰეპატიტის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა, რა დროსაც დარღვეულია ღვიძლის სტრუქტურა და ძირითადი ფუნქციები. ეს ღვიძლის უკმარისობის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.
ღვიძლუჯრედოვანი კიბო, ღვიძლის უჯრედებისგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ათიდან რვა შემთხვევაში ღვიძლის ციროზით დავადებულებს უვითარდებათ, თუმცა გამორიცხული არ არის, ღვიძლის ქრონიკული ანთების ფონზე ის ციროზის გარეშეც განვითარდეს.
რა შემთხვევაში განიცდის C ჰეპატიტი სწრაფ პროგრესირებას?
C ჰეპატიტი გაცილებით სწრაფად პროგრესირებს აივ ინფიცირებულ პირებში. პროგრესირების ტემპი ასევე დამოკიდებულია ინფიცირების გზაზე. დაავადების სწრაფი პროგრესირება აღინიშნება ასევე პოსტტრანსფუზიული ინფიცირების შემთხვევაში.
ციროზის ჩამოყალიბებას განსაკუთრებით აჩქარებს: ღვიძლის თანმხლები დაავადებები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სიმსუქნე. ცნობილია ისიც, რომ ქალებთან შედარებით დაავადება მამაკაცებში უფრო სწრაფად პროგრესირებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია პაციენტის ასაკიც – რაც უფრო ზრდასრულ ასაკში მოხდება ინფიცირება, მით უფრო სწრაფად პროგრესირებს დაავადება.
ქრონიკული C ჰეპატიტის პროგრესირებისა და ზოგადად, დაავადების სიმძიმის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ღვიძლის ფიბროზის ხარისხის გაზომვა.
გარდა ღვიძლისმიერი გართულებებისა, რით ვლინდება C ჰეპატიტი?
ინფექცია უმთავრესად ღვიძლის ქსოვილს აზიანებს, თუმცა ცნობილია დაავადების ბევრი ღვიძლგარე გამოვლინებაც, რომლებიც ინიფიცირებულთა 30-35%-ს აღენიშნება. ეს გამოვლინებები მოიცავს: იმუნურ სისტემას, ნერვულ სისტემას, სახსრებს, თირკმელებს, კანს, თვალებსა და ასევე სხვა ორგანოებს. მათი განვითარების მექანიზმები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ უმრავლესობა ავტოიმუნური გენეზისაა.
ვისთვის არის მკურნალობა უკუნაჩვენები?
მკურნალობა უკუნაჩვენებია დეკომპენსირებული ციროზის დროს, ასევე – ორსულებსა და ასაკოვან პაციენტებში. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ თანმხლები დაავადებების შემთხვევაშიც. ამ დროს მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. მით უმეტეს, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს მრავალი გვერდითი ეფექტი ახასიათებს, როგორებიცაა: დეპრესია, ნევროზი, უძილობა, სისუსტე, ცხელება, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გულისრევა-ღებინება, ფაღარათი, და ა.შ.
რა სიმპტომები ახასიათებს C ჰეპატიტს?
C ჰეპატიტი ყოველგვარი კლინიკური სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს და ხშირად, ლაბორატორიული კვლევის შედეგით, სრულიად შემთხვევით იგებენ. ზოგჯერ დაავადებას თან სდევს ზოგადი კლინიკური ნიშნები: საერთო სისუსტე, სიყვითლე, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დისკომფორტი მუცლის არეში, ქავილი, დეპრესია, წონის უეცარი კლება, უმადობა, უხასიათობა, გულისრევის შეგრძნება,ზოგადი აღგზნებადობა და სხვა. აღნიშნული სიმპტომები იმდენად ზოგადია, რომ ძალიან ხშირად C ჰეპატიტს არც კი უკავშირებენ.
როგორ ხდება ინფიცირება?
C ჰეპატიტით ინფიცირება ხდება:
- ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული მასალის ორგანიზმში მოხვედრით;
- ინფიცირებული დონორის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისას;
- არასტერილური და საერთო საინიექციო საშუალებების გამოყენებით;
- სისხლის გადასხმით;
- ორსულობის დროს დედისგან ნაყოფის დაინფიცირებით (0,7%-ზე იშვიათ შემთხვევებში);
- სქესობრივი გზით (2%-ზე ნაკლებ შემთხვევაში);
- ინიფიცირებული პირის პირადი ჰიგიენის ნივთების (საპარსი, კბილის ჯაგრისი, მაკრატელი და ა.შ.) გამოყენებით.
დაიმახსოვრეთ: C ჰეპატიტი არ გადადის შეხებით, ჰაერწვეთოვანი გზით, კოცნით და ახლო კონტაქტით.
როგორ ხდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
ე.წ. სკრინინგ ტესტი განსაზღვრავს არის თუ არა სისხლში ანტისხეულები С ჰეპატიტის ვირუსის მიმართ. სკრინინგ ტესტის მეშვეობით დგინდება, თუ ოდესღაც ორგანიზმს ჰქონდა ვირუსთან კონტაქტი, თუმცა უშუალოდ ვირუსის არსებობას მხოლოდ PCR ტესტი (C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) რნმ-ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ადგენს.
მას შემდეგ, რაც პაციენტს დაესმება ქრონიკული C ჰეპატიტის დიაგნოზი, უნდა შეფასდეს ღვიძლის დაზიანების ხარისხი, რაც შესაძლებელია ღვიძლის ბიოფსიით ან სხვა არაინვაზიური გამოკვლევით. დამატებით, უნდა ჩატარდეს ანალიზი C ჰეპატიტის გენოტიპის დასადგენად, რადგან არსებობს C ჰეპატიტის 6 გენოტიპი, რომლებიც მკურნალობაზე განსხვავებულად რეაგირებენ. უფრო მეტიც, შეიძლება ადამიანი ინფიცირებული იყოს ერთზე მეტი გენოტიპით. სწორედ ღვიძლის დაზიანების ხარისხი და ვირუსის გენოტიპი გამოიყენება მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოიყენება:
- ანტივირუსული მედიკამენტები – მკურნალობის მიზანია C ჰეპატიტის ვირუსი არ გამოვლინდეს თქვენს ორგანიზმში მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 12 კვირის შემდეგ.
- ღვიძლის ტრანსპლანტაცია – თუ C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის შედეგად განვითარდა სერიოზული გართულებები, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შეიძლება იყოს მკურნალობის ვარიანტი. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ღვიძლის გადანერგვა არ კურნავს C ჰეპატიტს. საჭიროა მკურნალობა გაგრძელდეს ანტივირუსული მედიკამენტებით, გადანერგილი ღვიძლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ცნობისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე ანტისხეულების აღმოჩენის შემთხვევაში, გააგრძელოს გამოკვლევები და C ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ჩაიტაროს ანტივურუსული მკურნალობა. მკურნალობა მიმდინარეობს ახალი თაობის ანტივირუსული მედიკამენტებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, თანაც სრულიად უფასოდ.
ვინ უნდა ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევები?
C ჰეპატიტზე კვლევები უნდა ჩაიტარონ პირებმა, რომლებიც:
- წლების წინ ყოფილან ან ახლაც არიან ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები;
- ვისაც დასჭირდა სისხლის გადასხმის პროცედურა 1987 წლამდე;
- ვინც მოგვიანებით გაიგო, რომ მათ გადაესხათ სისხლი ინფიცირებული პირისაგან;
- ხანგრძლივი დროით დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა;
- ვისაც აქვთ ღვიძლის დაავადების სიმპტომები (მაგ ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიური მაჩვენებლები);
- სამედიცინო სფეროში მომუშავე პირებმა (ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორატორიის თანამშრომელი), ვისაც კონტაქტი აქვთ სისხლთან და/ან მის პროდუქტებთან;
- ვისაც ჰყავს რამდენიმე შემთხვევითი სქესობრივი პარტნიორი;
- ვისი სქესობრივი პარტნიორიც ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით;
- ვინც ხშირად აკითხავს სილამაზის სალონს და იკეთებენ სხვადასხვა მანიპულაციებს (პედიკური, მანიკური, ტატუირება).
როგორ უნდა მოიქცეს C ჰეპატიტით ინფიცირებული პირი?
C ჰეპატიტით ინფიცირებულმა პირმა უნდა:
- მიმართოს ექიმს, მიიღოს ინფორმაცია და რჩევები დახმარებისა და მკურნალობის ვარიანტებთან დაკავშირებით;
- ასევე ჩაიტაროს იმუნიზაცია (აიცრას) А და В ჰეპატიტების საწინააღმდეგო ვაქცინით, ამ ორი ჰეპატიტის ვირუსით თანმხლები ინფექციების თავიდან ასაცილებლად და ღვიძლის დასაცავად.
ინფიცირებულმა პირმა, აივით კოინფიცირების შემთხვევაში , უნდა მიიღოს დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მათ შორის:
- ანტირეტროვირუსული თერაპია (მკურნალობის სქემას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც ასე ვე აფასებს მის ეფექტურობას ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენის, HСVრნმის ვირუსული დატვირთვის და სისხლის ბიოქიმიური ანალიზების საშუალებით);
- ჩაიტაროს რეგულარული კონტროლი ღვიძლის და ავადების დროული დიაგნოსტიკის მიზნით (ღვიძლის ფუნქციების შეფასება, არანაკლებ ერთხელ წელიწად ში, ასევე მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, იშვიათად, ღვიძლის ელასტოგრაფია და სხვა შემთხვევაში ფუნქციური ბიოფსია).
- უნდა აცნობოს ოჯახის წევრებს არსებული დაავადების შესახებ და არასდროს გამოიყენოს მათთან საზიარო პირადი მოხმარების საგანი, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს სისხლით;
- სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, ყოველთვის უნდა ისარგებლოს პრეზერვატივით;
- დაიცვან დიეტა (შეამცირონ ცხიმიანი, მარილიანი, ცხარე, სუნელებიანი, შემწვარი, კონსერვანტების შემცველი საკვები);
როგორია ინფექციის პრევენციის გზები?
C ჰეპატიტის პრევენციას ვაქცინისა და იმუნოგლობულინის არარსებობა ართულებს. თუმცა პრევენციის გზები მაინც არსებობს და ის ვირუსის გადაცემის თავიდან არიდებას მოიცავს. კერძოდ:
- უსაფრთხო და სათანადო სამედიცინო ინიექციები;
- ბასრი ნივთებისა და ნარჩენების უსაფრთხო დამუშავება და განადგურება;
- ზიანის შემცირების ყოვლისმომცველი სერვისების მიწოდება ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის;
- დონორის სისხლის ტესტირება HBV და HCV-ზე (ისევე როგორც აივ და სიფილისზე);
- ჯანდაცვის პერსონალის გადამზადება;
- სქესობრივი კონტაქტის დროს სისხლთან კონტაქტის პრევენცია;
- უსაფრთხო პირსინგი და ტატუირება;
- უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი.
გახსოვდეთ: თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით, C ჰეპატიტი ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, თუმცა, განკურნებულთა რიგში მოხვედრას დიდი ძალისხმევა სჭირდება როგორც ექიმის, ასევე პაციენტის მხრიდან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account