
ცოფის მომაკვდინებელი ვირუსი ადამიანს გადაედება მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი პირდაპირ კონტაქტში შედის დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ან ტვინის/ნერვული სისტემის ქსოვილთან. ინფიცირებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსებზე მოხვდება.
ბუნებაში ყველა ძუძუმწოვარი, მათ შორის ძაღლები, კატები და ადამიანები, შეიძლება ცოფის ვირუსით დაავადდეს. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულ პირობებში შესაძლებელია როგორც ჩიტების, ისე — რეპტილიებისა და მწერების უჯრედთა კულტურების დაინფიცირებაც.
გაფრთხილება: როგორც ადამიანის, ისე ცხოველის შემთხვევაში, თუ ცოფის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენა იწყება, დაავადება თითქმის ყოველთვის სიკვდილს იწვევს. სწორედ ამიტომ, თუ რისკი არსებობს, აუცილებელია, ექიმს მიმართოთ და თავის დაცვის მიზნით, ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოთ.
ფაქტი: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ცოფით ყოველწლიურად დაახლოებით 59,000 ადამიანი იღუპება. ამ შემთხვევების დაახლოებით 99% ცოფიანი ძაღლის ნაკბენით არის გამოწვეული.
ცოფის რა ტიპები არსებობს?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ცოფის ორი ტიპი არსებობს:
„მძვინვარე ცოფი” ცნობილია ჰიპერაქტიურობისა და ჰალუცინაციების გამოწვევით. სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება ჰიდროფობია (წყლის შიში) და ზოგჯერ აეროფობია (სუფთა ჰაერის შიში). რამდენიმე დღის შემდეგ „მძვინვარე ცოფი“ იწვევს სიკვდილს გულის აქტივობისა და სუნთქვის შეწყვეტით.
პარალიზური ცოფი იწვევს დამბლას (მოძრაობის შეუძლებლობა) და კომას (ღრმა უგონო მდგომარეობას). ცოფის ამ ფორმის გამოვლენის შემთხვევაში ხშირად არასწორი დიაგნოზი ისმევა. სიმპტომები მოიცავს კუნთების დამბლას, რომელიც იწყება ნაკბენის ან ნაკაწრის ადგილიდან. პარალიზური ცოფის მქონე ადამიანები ნელ-ნელა კომატოზურ მდგომარეობაში ვარდებიან და საბოლოოდ იღუპებიან.
როგორია და რამდენ ხანში ვლინდება ცოფის სიმპტომები ადამიანებში?
როგორც წესი, ცოფის ნიშნები ადამიანებში დაუყოვნებლივ არ ვლინდება. ის ორგანიზმში 1-დან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში მიძინებული რჩება. ექიმები ამას „ინკუბაციურ პერიოდს“ უწოდებენ. ცოფის პირველი ნიშნები ადამიანში შეინიშნება მას შემდეგ, რაც ვირუსი, ცენტრალური ნერვული სისტემის გავლით, ტვინში ხვდება.
პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაც ცუდი ხდება — ცხელებაა. დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ზოგადი დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. შესაძლოა გამოვლინდეს ხველა ან ყელის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კუნთების ტკივილი ან დიარეა. ასევე შეიძლება ტკივილის, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებები ჭრილობის ადგილზე. ეს ნიშნები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ვირუსის ცენტრალური ნერვული სისტემის გავლით გავრცელებასთან ერთად დაავადებულს განუვითარდება სხვა, უფრო მძიმე სიმპტომები. მათ შორის არის:
- უძილობა;
- შფოთვა;
- გონების დაბინდვა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მოძრაობაზე, აზროვნებაზე, ემოციებზე და ა. შ.
- ტვინის დისფუნქცია;
- მცირე ან ნაწილობრივი დამბლა;
- ჰიპერაქტიურობა;
- ადვილად აღგზნებადობა;
- ჰალუცინაციები;
- კრუნჩხვები;
- ჩვეულებრივზე მეტი ნერწყვდენა;
- ყლაპვის გაძნელება;
- არანორმალური ქცევა;
- სწრაფი სუნთქვა (ჰიპერვენტილაცია);
- აჩქარებული გულისცემა;
- სხვადასხვა ზომის გუგები;
- ჰიდროფობია;
- აეროფობია;
- კისრის გაშეშება (დაკავშირებული პარალიზურ ცოფთან).
დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები იწვევს კომას, გულის ან ფილტვის უკმარისობას და სიკვდილს.
როგორ მიმდინარეობს ცოფის დაავადება სხვადასხვა სტადიებში?
ცოფის ვირუსი დროთა განმავლობაში ინფიცირებული ჭრილობიდან ტვინში ხვდება. მისი ზემოქმედებისას ადამიანების უმეტესობა რამდენიმე ფაზას გადის:
ინკუბაცია პირველი ეტაპია, რომლის დასრულების შემდეგაც ცოფის მკურნალობა შეუძლებელია. ვირუსმა შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაატაროს ადამიანის ორგანიზმში, სანამ ის ნერვულ სისტემაში გადავა. აღსანიშნავია, რომ ინკუბაციის ფაზა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
პროდრომული ფაზა იწყება მაშინ, როდესაც ცოფის ვირუსი ადამიანის ნერვულ სისტემაში გადადის. ის ნერვული უჯრედების საშუალებით თავისა და ზურგის ტვინში ხვდება, გზად კი ნერვებს აზიანებს. ამ ფაზაში ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსთან ბრძოლას შეეცდება, რაც გრიპის მსგავს სიმპტომებს გამოავლენს. ნერვების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება იქ, სადაც დაინფიცირებული ცხოველმა დაკბინა ან დაკაწრა. პროდრომული ფაზა 2-10 დღის განმავლობაში გრძელდება.
მწვავე ნევროლოგიური ფაზის დროს ცოფის ვირუსი იწყებს ადამიანის თავისა ზურგის ტვინის დაზიანებას. „მძვინვარე” ცოფის მქონე ადამიანებს გამოუვლინდებათ სიმპტომები, როგორებიც არის აგრესია, კრუნჩხვები და გაშმაგება. პარალიზური ცოფის შემთხვევაში კი ამ ფაზაში შეინიშნება სისუსტე და დამბლა, რომელიც ნაკბენის ჭრილობიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებზე გადადის. „მძვინვარე” ცოფი რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე პერიოდის განმავლობაში გრძელდება. პარალიზურმა ცოფმა კი შეიძლება ერთ თვემდე გასტანოს.
კომა მრავალი ადამიანისთვის ცოფის ინფექციის ბოლო ეტაპია. საბოლოოდ, ის დაავადებულის გარდაცვალებას იწვევს.
იკურნება თუ არა ცოფი?
სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ცოფის მკურნალობის აპრობირებული მეთოდი არ არსებობს. თუმცა შეგიძლიათ, გადადგათ გარკვეული ნაბიჯები დაავადების თავიდან ასაცილებლად, თუ გარეულმა ცხოველმა დაგკბინათ, დაგკაწრათ ან გქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველთან.
თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ცოფით დაინფიცირდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ჯანდაცვის პროფესიონალს. თუ ცხოველმა დაგკბინათ ან დაგკაწრათ, ჭრილობა საპნით და წყლით გაიწმინდეთ. ექიმს შეუძლია მოგცეთ დამატებითი ინსტრუქციები ჭრილობის გაწმენდის შესახებ. თუ იპოვით ღამურას ოთახში, სადაც ვიღაცას ეძინა ან ბავშვები იმყოფებოდნენ, ჩათვალეთ, რომ იყო კონტაქტიც.
ცოფის გამოწვევის თავიდან ასაცილებლად, ექიმი უზრუნველგყოფთ ვაქცინაციის სერიით. თუ აქამდე არასოდეს ყოფილხართ ვაქცინირებული, ჭრილობის მიმდებარედ ანტისხეულებით მკურნალობაც ჩაგიტარდებათ. ეს მედიკამენტები ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას თქვენს ტვინში იმ შემთხვევაში, თუ ცოფის ვირუსთან შეხება გქონდათ. ეს წარმოადგენს პროფილაქტიკურ მკურნალობას, რომელიც ცნობილია, როგორც პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PEP).
აღსანიშნავია, რომ არსებობს პრეექსპოზიციური პროფილაქტიკაც (PrEP) — ადამიანები, რომლებიც ცოფთან კონტაქტის დიდი რისკის წინაშე დგანან (მაგალითად, ლაბორატორიის თანამშრომლები, ვეტერინარები და ა. შ.), თავის დაზღვევის მიზნით, წინასწარ იცრებიან.
ასევე შეიძლება დაგჭირდეთ ტეტანუსის აცრა, თუ ის ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ.
გაითვალისწინეთ: თუ ორსულად ხართ, ცოფის საწინააღმდეგო აცრები უსაფრთხოა როგორც თქვენთვის, ისე — თქვენი ბავშვისთვის.
როგორ ვლინდება ცოფის სიმპტომები ცხოველებში?
ამ საკითხის განხილვისას ყურადღებას გავამახვილებთ ძაღლებსა და კატებზე, რადგან ისინი ყველაზე გავრცელებული შინაური ცხოველები არიან.
ცოფის ნიშნები ძაღლებში
თუ თქვენი ძაღლი სხვა ცხოველმა დაკბინა და ცოფზე გაქვთ ეჭვი, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას, ამასთან დაუყოვნებლივ დაურეკეთ თქვენს ვეტერინარს.
ძაღლი შეიძლება სწრაფად გახდეს მოუსვენარი და გაღიზიანებული, თუნდაც აგრესიული. ცოფიანი ცხოველები ასევე შეიძლება იყვნენ არადამახასიათებლად მოსიყვარულეები.
თუ თქვენი ძაღლი ჩვეულებრივ მხიარულია, ის შეიძლება მოულოდნელად მოდუნებული და გულგრილი გახდეს. ძაღლებში ცოფის ფიზიკურ ნიშნებს მიეკუთვნება ცხელება, ყლაპვის გაძნელება, ჭარბი ნერწყვდენა, ბარბაცით სვლა, კრუნჩხვები და დამბლაც კი.
ვირუსის პროგრესირებასთან ერთად, თქვენს ძაღლზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს განათებამ, მოძრაობამ და ხმებმა. შესაძლოა, მან გამოავლინოს აგრესია ან ეძებოს ბნელი, წყნარი ადგილი დასამალად.
ძაღლებში ცოფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმპტომია დუჟი პირის ღრუში. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს უბრალოდ ჭარბი რაოდენობის ნერწყვთან. ეს იმის ნიშანია, რომ ვირუსი პროგრესირებს. ცოფის ბოლო სტადიაზე ხშირია კრუნჩხვები და მზარდი დამბლა. ძაღლები ამ ეტაპზე ვერ აკონტროლებენ კუნთებს (განსაკუთრებით თავისა და ყელის) ეს კი ყლაპვას ართულებს. საბოლოოდ მათთვის სუნთქვა შეუძლებელი ხდება, რაც სიკვდილს იწვევს.
ვირუსი შეიძლება ძაღლის ორგანიზმში ცოფის ნიშნების განვითარებამდე კვირებით ადრე არსებობდეს. მათში, შემთხვევების უმეტესობაში, ვირუსი შეხებიდან 21-დან 80 დღემდე პერიოდში ვითარდება, მაგრამ ინკუბაციური პერიოდი შეიძლება უფრო მოკლე ან ხანგრძლივი იყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ცოფის განკურნება შეუძლებელია, ამიტომ, თუ ეჭვი არსებობს, აუცილებელია სწრაფი მოქმედება.
ცოფის ნიშნები კატებში
ამ შემთხვევაშიც, თუ თქვენი კატა სხვა ცხოველმა დაკბინა, დაუყოვნებლივ ექიმს დაუკავშირდით. ცოფით დაინფიცირებისას შეიძლება თქვენს შინაურ ცხოველს შემდეგი სიმპტომები გამოუვლინდეს:
ცვლილებები ქცევაში. კატები, რომლებიც ჩვეულებრივ მშვიდები არიან, შეიძლება მგრძნობიარეები გახდნენ. ექსტრავერტმა კატებმა კი შესაძლოა, იზოლირების სურვილი გამოავლინონ.
აგრესია. ცოფით ინფიცირებული კატა შეიძლება გახდეს აგრესიული სხვა ცხოველების ან ადამიანების მიმართ.
ჭარბი ნერწყვის გამოყოფა. ცოფმა შეიძლება გავლენა იქონიოს კატის პირის ღრუს კუნთებზე, რაც მას ყლაპვაში ხელს შეუშლის. ამის შედეგი კი შესაძლოა იყოს ჭარბი ნერწყვი ან დუჟი.
კუნთების კონტროლის დაკარგვა. ცოფის ბოლო სტადიები იწვევს დამბლას და კომას.
როგორ ავიცილოთ ცოფი თავიდან?
ცოფის თავიდან აცილება შესაძლებელია და არსებობს მარტივი ზომები, რომელთა მიღებაც ამაში დაგეხმარებათ:
- ჩაიტარეთ PrEP ვაქცინაცია, თუ ცოფთან კონტაქტის დიდი რისკის წინაშე ხართ.
- აცერით თქვენი შინაური ცხოველები;
- შინაური ცხოველები გარეთ ხეტიალს მოარიდეთ;
- საეჭვო მაწანწალა ცხოველების შესახებ შესაბამის სამსახურებს შეატყობინეთ;
- მოერიდეთ გარეულ ცხოველებთან კონტაქტს;
- არ მისცეთ ღამურებს საშუალება, შემოიჭრან თქვენს საცხოვრებელ სივრცეში ან მასთან ახლოს მდებარე სხვა სტრუქტურებში.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ცოფის პრევენციული ზომების ამომწურავი ჩამონათვალი არ არის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account