
ინფექციურ დაავადებების დროს ერთ-ერთი ეფექტიან პრეპარატს წარმოადგენს ცეფტრიაქსონი. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. იგი განკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ამ საშუალებას ასევე აქტიურად იყენებენ ახალშობილებშიც.
პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ცეფტრიაქსონი (ceftriaxone), რომელიც მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკია, იგი გამოიყენება პარენტერული გზით (ინტრავენურად ან ინტრამკურნალად) და გამოირჩევა მრავალი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ფართო სპექტრის მოქმედებით. პრეპარატი ასევე, მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მიმართ.
ცეფტრიაქსონი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფლაკონების სახით, მასში არსებული ფხვნილი, განკუთვნილია ინიექციისთვის, რადგან მისი დადებითი ეფექტი მხოლოდ საინიექციო გზით შეყვანისას მიიღწევა.
ამგვარად, ცეფტრიაქსონის ტაბლეტები ნაკლებად გამოიყენება პრეპარატის თვისებებიდან გამომდინარე: პერორალური მიღებისას იგი ცუდად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის ეფექტიანობას.
რა ჩვენებების დროს ინიშნება და როგორ მოქმედებს ცეფტრიაქსონი?
ცეფტრიაქსონის ფლაკონი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური და ანთებითი პროცესების დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი ფართოდ გამოყენება, შესაბამისად, გიზიარებთ პრეპარატის მიღებისთვის საჭირო ჩვენებებს:
სასუნთქი გზების ინფექციები:
- პნევმონია;
- ბრონქიტი;
- ფილტვების აბსცესი;
- პლევრის ემპიემა;
- ლორ-ორგანოების ინფექციები.
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები:
- პიელიტი;
- ცისტიტი;
- მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი;
- პროსტატიტი;
- გართულებული გონორეა.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები:
- რბილი შანკრი;
- სიფილისი.
ჭრილობის ინფექციები:
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები.
გარდა ამისა, ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
- მენინგიტი;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- პერიტონიტი, ნაღვლის ბუშტის ანთება;
- კუჭ-ნაწლავის ინფექციები;
- ინფექციური დაავადებები;
- ლაიმის დაავადება (სპიროქეტოზი);
- ტიფოზური ციებ-ცხელება;
- სალმონელოზი;
- სალმონელომტარებლობა.
პრეპარატი ასევე, გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების შემდეგ განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.
რაც შეეხება ცეფტრიაქსონის მოქმედების მექანიზმს, იგი დაფუძნებულია ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებაზე, რაც იწვევს მათი ზრდის შეჩერებას და სიკვდილს. ეს მექანიზმი ახასიათებს ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელშიც ცეფტრიაქსონი შედის.
ცეფრიაქსონის მოქმედება მოიცავს ეტაპებს
1. პენიცილინმაკავშირებელ ცილებთან (PBPs) დაკავშირება
ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზისთვის აუცილებელია სპეციფიკური ფერმენტები, რომლებიც ცნობილია, როგორც პენიცილინმაკავშირებელი ცილები (PBPs). ცეფტრიაქსონი ცილის ამ მოლეკულებთან კავშირს ამყარებს და მათი ნორმალური ფუნქციონირების დაბლოკვას იწვევს.
2. პეპტიდოგლიკანის ჯაჭვების ჯვარედინი კავშირების ბლოკირება
PBPs-ის ბლოკირება აჩერებს პეპტიდოგლიკანის ჯვარედინი კავშირების (cross-linking) პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანია უჯრედის კედლის სიმტკიცისთვის. ამგვარად, უჯრედის კედელი ხდება არასრული და სუსტი.
- ოსმოსური წნევის გაუწონასწორებლობა და უჯრედის განადგურება
ცეფტრიაქსონის მოქმედების შედეგად: უჯრედის კედელი ვერ უძლებს ოსმოსურ წნევას, ბაქტერიული უჯრედის მემბრანა იშლება და იწვევს უჯრედის სიკვდილს (ლიზისს).
რაც შეეხება მის ბიოშეღწევადობას, იგი 100%-ია. ინტრამუსკულური ინიექციის შემდეგ ცეფტრიქსონი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება, იგი მაქსიმალური კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს კუნთში შეყვანიდან 2-3 სთ-ში.
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და სითხეში. იგი მაღალ კონცენტრაციას ქმნის: ფილტვებში, ცხვირის ლორწოვან გარსში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში, მიოკარდიუმში, თირკმელებში, ღვიძლში, სანაღვლე გზებში, ძვლებსა და სახსრებში, წინამდებარე ჯირკვალში, პლევრულ, სინოვიურ და თავ-ზურგ-ტვინის სითხეებში.
როგორია პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტები — რა უნდა ვიცოდეთ მის ინიექციამდე
ცეფტრიაქონს, როგორც ყველა პრეპარატს, შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები, ეს ძირითადად, ადამიანის ასაკზე და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა, ქვემოთ მაინც გიზიარებთ შესაძლო გვერდით ეფექტებს:
- დიარეა;
- გულისრევა;
- ღებინება;
- სტომატიტი;
- გლოსიტი;
- ეოზინოფილია;
- ლეიკოპენია;
- გრანულოციტოპენია;
- ანემია;
- თრომბოციტოპენია;
- გამონაყარი კანზე;
- ალერგიული რეაქციები.
იშვიათ შემთხვევაში ცეფტრიაქსონი იწვევს:
- თავის ტკივილს;
- თავბრუსხვევას;
- ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას;
- პლაზმაში კრეატინინის დონის გაზრდას;
- ტემპერატურის მომატებას;
- შემცივნებას;
- ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარებას.
როგორც წესი, აღნიშნული არასასურველი რეაქციები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ თავისდავად გადის.
როგორი დოზირებით მივიღოთ ცეფტრიაქსონი — მისი გამოყენების მეთოდები
ცეფტრიაქსონის გამოყენების სპეციფიკური წესები და დოზირების სქემა ძალიან მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. ქვემოთ მოცემულია ძირითადი ინფორმაცია, რაც პრეპარატის დოზირებას და გამოყენების წეს ეხება:
პირველ რიგში, საჭიროა ინიექციის პრეპარატის მომზადება, კუნთში შეყვანის შემთხვევაში: გამოიყენება 3.5 მლ 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის გამხსნელი ხსნარი, რაც ამცირებს ინიექციის ტკივილს. პრეპარატი შეჰყავთ დუნდულის ზედა გარეთა კვადრატში.
ვენაში შეყვანის დროს, ნაკადურის შემთხვევაში: 1 გ ცეფტრიაქსონი იხსნება 10 მლ სტერილურ საინიექციო წყალში. 0.5 გ იხსნება 5 მლ სტერილურ საინიექციო წყალში. ინიექცია ხორციელდება ნელა, 2-4 წუთის განმავლობაში.
წვეთოვანად შეყვანის დროს: 2 გ პრეპარატი იხსნება 40 მლ ხსნარში, როგორიცაა: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი,5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზა, 5%-იანი ფრუქტოზა. ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 30 წუთისა.
რაც შეეხება პრეპარატის დოზირებას, იგი ამგვარია
მოზრდილები და 12 წლის ასაკიდან ბავშვები:
- სტანდარტული დოზა: 1-2 გ დღეში ერთხელ.
- მაქსიმალური დოზა: საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ-მდე დღეში.
ახალშობილები (14 დღემდე):
- დოზა: 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში.
- შენიშვნა: არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს დღეში.
15 დღიდან 12 წლამდე ბავშვები:
- სტანდარტული დოზა: 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში.
- მძიმე ინფექციების დროს: დოზა 80 მგ/კგ-მდე, სასურველია გაყოფილი ორ მიღებაზე (ყოველ 12 საათში).
მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-14 დღე. სიმპტომების გაქრობის შემდეგ: თერაპია უნდა გაგრძელდეს 2-3 დღის განმავლობაში.
როგორია პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შესაძლოა, ცეფტრიაქსონის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან გავლენას ახდენდეს მის ეფექტიანობაზე. ქვემოთ მოცემულია ცეფტრიაქსონის ურთიერთქმედებები სხვა საშუალებებთან:
ქლორამფენიკოლი და ცეფტრიაქსონი (ანტაგონიზმი) – ქლორამფენიკოლი არის ბაქტერიოსტატიკური (ზრდის შემაფერხებელი) ანტიბიოტიკი, ხოლო ცეფტრიაქსონი ბაქტერიციდულია (ბაქტერიების გამანადგურებელი). ბაქტერიოსტატიკური პრეპარატები ხელს უშლიან ბაქტერიის აქტიურ ზრდას, რაც ამცირებს ბაქტერიციდული პრეპარატების ეფექტიანობას, რადგან ისინი მხოლოდ აქტიურად მყოფ მიკროორგანიზმებზე მოქმედებენ.
ცეფტრიაქსონი და ამინოგლიკოზიდები (სინერგიზმი) – ამინოგლიკოზიდები ეფექტურად არღვევს ბაქტერიის პროტეინის სინთეზს, ხოლო ცეფტრიაქსონი ანადგურებს უჯრედის კედელს. მათი კომბინაცია განსაკუთრებით ძლიერია გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. მიუხედავად სინერგიზმისა, მათი შერევა ერთ სანიექციო ხსნარში რეკომენდებული არ არის, რადგან ფიზიკური შეუთავსებლობა შეიძლება განვითარდეს.
კალციუმის შემცველი ხსნარები (ჰარტმანისა და რინგერის ხსნარები) – კალციუმის იონები ცეფტრიაქსონთან რეაქციაში შედიან და წარმოქმნიან კალციუმის მარილებს, რაც ფიზიკური კრისტალიზაციის საფრთხეს შეიცავს. კრისტალების წარმოქმნა შეიძლება იყოს სასიკვდილო, განსაკუთრებით ახალშობილებში.
სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატები (ვანკომიცინი, ამინოგლიკოზიდები) – ცეფტრიაქსონისა და ამ პრეპარატების შერევა საინფუზიო ხსნარში იწვევს ფიზიკურ და ქიმიურ შეუთავსებლობას.
ცეფტრიაქსონი ორსულობის და ლაქტაციის დროს
ცეფტრიაქსონის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ალტერნატიული მკურნალობა შეუძლებელია. ამ დროს, მნიშვნელოვანია დაიგეგმოს ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის უსაფრთხოებასა და მის რისკებზე.
როგორც წესი, ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის მიღება არ შეიძლება, რადგან ორსულობის ადრეულ პერიოდში მიმდინარეობს ნაყოფის ორგანოგენეზი, ამ დროს კი პრეპარატის პოტენციური ზემოქმედება ნაყოფზე მაღალია.
II და III ტრიმესტრები: პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის ჯანმრთელობისთვის სარგებელი სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო რისკს.
ხოლო, რაც შეეხება ლაქტაციას: ცეფტრიაქსონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, თუმცა ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვილის ნაწლავის მიკროფლორაზე (მაგ., გამოიწვიოს დიარეა, სენსიბილიზაცია ან კანდიდოზი).
ამგვარად, მკურნალობის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში დროებით უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება, ან გამოიყენოთ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account