
თანამედროვე მსოფლიოს სწრაფი ტემპი ადამიანებზე მკვეთრად მოქმედებს და ხშირად მათ ფიზიკურ და გონებრივ გადატვირთვას იწვევს. დღესდღეობით, ადამიანები დახარჯული ენერგიის განსაახლებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კოფეინიის მიღებაა. ადამიანების უმეტესობა უკვე კოფეინზე დამოკიდებულიც კი არის.
ალბათ, კოფეინის ძილის რეჟიმსა და შფოთზე გავლენის გამო, მასზე ხშირად გვსმენია უარყოფითი ნარატივი, თუმცა, საჭიროა უკეთ გავერკვეთ თუ რა დადებითი და უარყოფითი ეფექტები გააჩნია სინამდვილეში მას.
კოფეინის მოყვარულებს ესიამოვნებათ თუ ვეტყვით, რომ მისი მიღება აუცილებელიც კი არის, თუმცა ზომიერად! იგი ბუნებრივი მასტიმულირებელი საშუალებაა და შეიცავს ისეთ მცენარეებს, როგორიცაა: ყავის ხე, ჩაი, მატე, გუარანა, კოლა და სხვა.
ჩვეულებრივ, კოფეინი გვხდება სასმელებში. მისი მცირე დოზით მიღება ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, ხოლო დიდი დოზით — იწვევს კოფეინიზმს ანუ კოფეინზე დამოკიდებულებას.
ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ კოფეინის მიღება არა მხოლოდ სასმლის, არამედ მედიკამენტების მეშვეობითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, პსპ-ს სააფთიაქო ქსელებში შეგიძლიათ კოფეინის ტაბლეტების შეძენა.
კოფეინი - ნატრიუმის ბენზოატი ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალებაა და იგი თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეულ არტერიული ჰიპოტენზიისა და თავის ტკივილის დროს გამოიყენება.
ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ კოფეინის სარგებლო თვისებები და ჩვენს ცხოვრებაში მისი საჭიროება.
რა ჩვენებების დროს გამოიყენება კოფეინის ტაბლეტები და როგორია მისი შედგენილობა
კოფეინის ტაბლეტების შედგენილობაში შედის კოფეინი და ნატრიუმის ბენზოატი - 200 მგ. დამხმარე ნივთიერებებს შორის კი არის რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი და აეროსილია.
ჩვეულებრივ, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი ჩვენებების დროს:
- არტერიული ჰიპოტენზია (დაბალი წნევა);
- ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა;
- სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა;
- ნარკოტიკებით მოწამვლა;
- ინფექციური დაავადებები;
- ძილიანობა;
- ბავშვებში ენურეზის დროს.
კოფეინის ტაბლეტები გამოიყენება იმ დაავადებების შემთხვევაში, რომელთაც ახასიათებთ ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება. გარდა ამისა, კოფეინი საჭიროა ზოგადი ანესთეზიის გამოყენების შემდეგ, ფილტვების ვენტილაციის აუცილებელი დონის აღსადგენად.
თავის მხრივ, კოფეინს ხშირად იყენებენ თავის ტკივილის დროს, რომელიც ძირითადად თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმით არის გამოწვეული. ამიტომაც, ექიმები პრეპარატს უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ შაკიკი. ასევე ძალიან ხშირია, მისი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში გამოყენება.
როგორ მოქმედებს კოფეინის ტაბლეტები?
კოფეინის ტაბლეტები დადებითად მოქმედებს სხვადასხვა შემთხვევებში:
ნატრიუმის ბენზოატი საუკეთესო საშუალებაა ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულიზაციისთვის, იგი მკვეთრად ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობის დონეს, ამცირებს დაღლილობას. გარდა ამისა, პრეპარატი აღაგზნებს სუნთქვისა და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებს.
პრეპარატი აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვის ინტენსივობას და სიხშირეს, აფართოებს სისხლძარღვებს თავის ტვინში, ჩონჩხის კუნთებში, გულსა და თირკმელებში, ასევე, იგი ავიწროებს სისხლძარღვებს მუცლის ღრუს ორგანოებში.
როგორც წესი, ტაბლეტის მიღებიდან 40 წუთის განმავლობაში იგი აძლიერებს დოფამინს და კარგად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. თუმცა, 3-6 საათის შემდეგ კოფეინის მოქმედება სრულდება, რაც იწვევს დაღლილობას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას და ასე შემდეგ.
აღსანიშნია, რომ კოფეინი და მისი მარილები სწრაფად შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან, რაც უზრუნველყოფს მის სისტემურ მიღებას და ეფექტიანობას.
რაც შეეხება მეტაბოლიზმს, კოფეინი ძირითადად ღვიძლში გადის დემეთილირებისა და დაჟანგვის პროცესებს, რის შედეგადაც წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტებს: თეოფილინს, პარაქსანტინს და თეობრომინს.
როგორია პრეპარატის დოზირება - მისი მიღების წესი
ჩვეულებრივ, პრეპარატის მიღება და დოზირება განისაზღვრება ექმის მიერ, პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. კოფეინის ტაბლეტები განკუთვნილია პერორალურად მიღებისთვის 2-3-ჯერ დღეში. მისი ზოგადი დოზირების პრინციპებს ქვემოთ გიზიარებთ:
- მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლის ზევით ერთჯერადი დოზა – 100-200მგ;
- უმაღლესი ერთჯერადი დოზა – 500მგ;
- უმაღლესი სადღეღამისო დოზა - 1000მგ;
- ბავშვებში 5-14 წლამდე პრეპარატი ინიშნება 50-100მგ 2-3ჯერ დღეში;
- ბავშვებში უმაღლესი სადღეღამისო დოზაა - 500მგ.
როგორც წესი, პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ძილის წინ.
რაც შეეხება თერაპიული კურსის ხანგრძლივობას, იგი განისაზღვრება ექიმის მიერ, დაავადების სიმძიმისა და მკურნალობის შედეგების შესაბამისად.
როგორია კოფეინის ტაბლეტების გვერდითი მოვლენები?
როგორც ყველა წამალს, კოფეინის ტაბლეტებსაც შეიძლება თან ახლდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომლებიც ინდივიდუალურია და პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამგვარად, ქვემოთ გამოვყოთ კოფეინის ტაბლეტების მიღების შესაძლო გვერდითი ეფექტები:
- შფოთვა;
- აგზნებადობა;
- ტაქიკარდია;
- უძილობა;
- გულისრევა;
- ღებინება.
ასევე, პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი მიჩვევა.
თუ პრეპარატის მიღების სწრაფად შეწყვეტთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ძილიანობა, დაღლილობისა და დეპრესიის განვითარება.
რაც შეეხება დოზის გადაჭარბების შემთხვევებს: კოფეინის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს, აგზნებადობა, კანკალი, თავის ტკივილი, გონების დაბინდვა და ექსტრასისტოლიები.
რა შემთხვევაში არ შეიძლება კოფეინის გამოყენება?
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია გავეცნოთ მის უკუჩვენებებს, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული თუ გაწუხებთ:
- არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა);
- გულსისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებები (ათეროსკლეროზი);
- აგზნებადობა;
- უძილობა;
- გლაუკომა.
ასევე ხაზგასასმელია, რომ ტაბლეტები არ ინიშნება 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში.
კოფეინი ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობის დროს კოფეინის ტაბლეტების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევებშია შესაძლებელი, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის პოტენციურ რისკს, რადგან კოფეინი – ნატრიუმის ბენზოატი, გადის პლაცენტარულ ბარიერს.
რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, თუ ამ დროს კოფეინის მიღების აუცილებლობაა, აუცილებელია შეწყდეს ძუძუთი კვება, რადგან ნატრიუმის ბენზოატი გადადის დედის რძეში და უარყოფითად მოქმედებს ჩვილის ჯანმრთელობაზე.
როგორია კოფეინის ტაბლეტების ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არსებობს გარკვეული სახის მედიკამენტები, რომელთა მიღების პარალელურად კოფეინის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის. მათი ერთობლივი რექაცია უარყოფითად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობაზე.
როგორც წესი, კოფეინის ტაბლეტები ამცირებს საძილე და ნარკოზული საშუალებების მოქმედების ეფექტს. იგი აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავას, პარაცეტამოლის და სხვა არანარკოტიკული ანალგეზური საშუალებების ბიოშეღწევადობას, გარდა ამისა, პრეპარატი აუმჯობესებს ერგოტამინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
აქვე აღვნიშნოთ, რომ კოფეინის ტაბლეტების გამოყენების დროს გამოვლენილი უარყოფითი ეფექტების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩანიშვნა, რათა დროულად გაგიწიონ დახმარება და თავიდან აიცილოთ გართულებები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account