ქსილაზოლი — როდის გამოიყენება ეს ცხვირის სპრეი ბავშვებში

ქსილაზოლი (Xylazol) არის ცხვრის სპრეი/წვეთები ბავშვებისთვის, რომელიც გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს თანდართული რინიტის ნიშნებით, მწვავე ალერგიული რინიტის, ვაზომოტორული რინიტის, სინუსიტისა და შუა ყურის ანთების დროს.

რა ნივთიერებები შედის პრეპარატის შედგენილობაში?

ქსილაზოლის 1 მლ-იანი სპრეი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი (0.5 მგ) და დექსპანტენოლი (50 მგ) და დამხმარე ნივთიერებებს: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ბენზალკონის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

როდის იყენებენ და რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ქსილაზოლის სპრეის? 

ქსილაზოლი არის შეშუპების საწინააღმდეგო და ადგილობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი.

მედიკამენტის შემადგენელი აქტიური ნივთიერება - ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება დეკონგესტანტებს (ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროებელ ჯგუფს), შესაბამისად, მისი ცხვირის ღრუში მოხვედრა იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, აღადგენს ჰაერის გამტარობას ცხვირიდან და ამსუბუქებს სუნთქვას. როგორც წესი, მედიკამენტის მოქმედება იწყება გამოყენებიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ.

სპრეის ანოტაცია — გამოყენების წესი და დოზები  

მედიკამენტი განკუთვნილია ინტრანაზალური (ცხვირის ღრუში მდებარე) გამოყენებისათვის. იგი გამოიყენება 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეკომენდებულია 1 შესხურება თითოეულ ნესტოში, დღის განმავლობაში მაქსიმუმ 3-ჯერ. 

ზოგადად, ქსილაზოლის სპრეი ან უნდა გამოიყენოთ 7 დღეზე მეტხანს. სპრეის მიღებამდე საჭიროა ცხვირის ღრუს გასუფთავება, მედიკამენტისთვის თავსახურის მოხსნა, გამფრქვევის შეყოფა ცხვირში ვერტიკალურად და შესხურება. შესხურების დროს აუცილებელია მსუბუქად შეისუნთქოთ ცხვირით. 

 

როდის არ გამოიყენება ქსილაზოლი და როდის უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე? 

ქსილაზოლის სპრეის უკუჩვენებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ;
  • მშრალი რინიტი;
  • ქირურგიული ჩარევა თავის ტვინის გარსებზე;
  • გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სპრეი სიფრთხილით გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული შემთხვევების დროს:

  • მაო-ს ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას;
  • მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით კი დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დარღვევა (მაგალითად, კორონარული დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია);
  • ფეოქრომოციტომა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მაგალითად, ჰიპერთირეოზი, დიაბეტი);
  • პორფირია;
  • წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია;
  • ორსულობა და ლაქტაცია.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი სპრეის გამოყენების შემთვევაში 

სხვა მედიკამენტების მსგავსად ქსილაზოლის სპრეისაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, კერძოდ:

  • ცხვირის ღრუს დროებითი, მსუბუქი გაღიზიანება;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • თავის ტკივილი;
  • უძილობა ან ძილიანობა;
  • გახშირებული გულის რითმი და არტერიული წნევის მატება; 
  • კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში);
  • ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება).

 

როგორ მოვიქცეთ მედიკამენტის ჭარბი დოზირების დროს?

ქსილაზოლის სპრეის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გუგების შევიწროება (მიოზი), გუგების გაფართოება (მიდრიაზი), გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ცხელება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, სისხლძარღვოვანი უკმარისობა, გულის გაჩერება, ჰიპერტენზია, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის ფუნქციის დარღვევა, ჰალუცინაციები.

ჭარბ დოზირებასთან გასამკლავებლად საჭიროებისამებრ გამოიყენება: აქტივირებული ნახშირი, კუჭის ამორეცხვა, ფილტვების ჟანგბადოვანი ვენტილაცია, არტერიული წნევის დამწევები, სიცხის დამწევები და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.

მედიკამენტის შენახვის პირობები და ვარგისიანობა 

ქსილაზოლი ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ზოგადად, მედიკამენტი ვარგისია გამოშვებიდან 3 წლის განმავლობაში, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ფლაკონის გახსნის შემდეგ მედიკამენტის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ 12 კვირის განმავლობაში.

ქსილაზოლის სპრეი განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, შესაბამისად მისი გაცემა აფთიაქიდან დაშვებულია რეცეპტის გარეშე.