კლინიზოლი — პრეპარატი ვაგინალური ინფექციების წინააღმდეგ?

კლინიზოლი არის თანამედროვე, კომპლექსური შედგენილობის მქონე სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ვაგინალური ინფექციების მკურნალობისთვის. მისი უნიკალური შედგენილობა და მრავალმხრივი მოქმედება მას ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.

კლინიზოლის კაფსული შეიცავს სამ ძირითად აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც ერთობლივად ებრძვიან ინფექციას:

  • კლინდამიცინი (100 მგ) – ანტიბაქტერიული მოქმედების ლინკოზამიდი, რომელიც ეფექტურად მოქმედებს გრამდადებითი და ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ.
  • კლოტრიმაზოლი (100 მგ) – სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ანადგურებს Candida albicans-ს და Trichomonas vaginalis-ს.
  • მეტრონიდაზოლი (100 მგ) – ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული საშუალება, რომელიც ეფექტურია ანაერობული ბაქტერიებისა და პროტოზოების წინააღმდეგ.

კლინიზოლი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, როგორიცაა მინერალური ზეთი, ცვილი და ჟელატინი, რაც უზრუნველყოფს მარტივ და კომფორტულ გამოყენებას.

ხშირია ამ კაფსულების სანთლად მოხსენიება - თუმცა, აღნიშნული მედიკამენტი კაფსულაა და არა სუპოზიტორია, ანუ კლინიზოლის სანთელი.

კლინიზოლის ანოტაცია გვიჩვენებს, რომ ეს პრეპარატი გამოირჩევა მრავალმხრივი მოქმედებით და უნიკალური შემადგენლობით. მისი მთავარი უპირატესობებია:

  • ინფექციის ძირეულ გამომწვევებზე ერთდროული ზემოქმედება.
  • კომფორტული პროცედურა.
  • მინიმალური სისტემური ეფექტები.

როგორ მოქმედებს კლინიზოლი?  

კლინიზოლი აქტიურად მოქმედებს ვაგინალური ინფექციების გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ. პირველ რიგში, ეს არის ბაქტერიებისა და სოკოების განადგურება კლოტრიმაზოლის და კლინდამიცინის მოქმედებით. გარდა ამისა, კაფსულების მოქმედებით ხდება ანაერობული ბაქტერიების დნმ-ის დაზიანება და გამრავლების შეჩერება - ამას ნივთიერება მეტრონიდაზოლის საშუალებით ახერხებს. ხოლო შემადგენლობაში შემავალი კლოტრიმაზოლი უჯრედული მემბრანების სტრუქტურის დარღვევას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ცვლის უჯრედის მემბრანის შეღწევადობას, რაც სოკოს განადგურებას იწვევს.

კლინიზოლი განსაკუთრებით ეფექტიანია შერეული ინფექციების დროს, სადაც ერთდროულად არის ბაქტერიული, სოკოვანი და პროტოზოული გამღიზიანებლები.

როდის გამოიყენება ეს მედიკამენტი?  

დაუშვებელია ამ პრეპარატის თვითნებურად გამოყენება. ის სააფთიაქო ქსელებიდან მხოლოდ ექიმის შესაბამისი დანიშნულებით გაიცემა. 

კლინიზოლის ანოტაციის თანახმად კი, პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • ბაქტერიული ვაგინიტები.
  • ვაგინალური კანდიდოზი და მიკოზები.
  • ტრიქომონიაზი.
  • ინფექციური ლეიკორეა.
  • შერეული ვაგინალური ინფექციები.
  • არასპეციფიკური ვაგინიტები.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სერიოზული დიაგნოზი თვითნებურად არ დავუსვათ საკუთარ თავს და თუკი რომელიმე მათგანზე ეჭვი გვაქვს, ან რაიმე დისკომფორტს ვგრძნობთ, აუცილებლად გავიაროთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.

კლინიზოლის მიღების წესი და დოზირება 

კლინიზოლის კაფსულა გამოიყენება ინტრავაგინალურად, საღამოს, ძილის წინ. რეკომენდებულია კაფსულის შეყვანა შემდეგი წესით:

  1. დაიბანეთ ხელები და მოემზადეთ პროცედურისთვის.
  2. კაფსულა მოათავსეთ ვაგინაში რაც შეიძლება ღრმად. კომფორტისთვის უმჯობესია დაწოლა და პროცედურის შესრულება.
  3. გამოყენების შემდეგ თავიდან აიცილეთ ფიზიკური აქტივობა.
  4. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, გრძელდება 6-7 ღამე. მენსტრუაციის დროს კლინიზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ კლინიზოლს მკურნალი ექიმი გინიშნავთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ამიტომაც, სწორედ მან უნდა განსაზღვროს, რამდენხნიანი იქნება მკურნალობის კურსი, რა დოზირებით მიიღებთ მედიკამენტს და ყველა სხვა დეტალიც.

უსაფრთხოების ზომები და უკუჩვენებები 

კლინიზოლი უკუნაჩვენებია, თუ პაციენტს აქვს შემდეგი მდგომარეობები:

  • კლოტრიმაზოლის, კლინდამიცინის ან მეტრონიდაზოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
  • წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტი;
  • კრონის დაავადება.

თუკი რომელიმე ზემოხსენებული მდგომარეობა გაწუხებთ, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია მკურნალ ექიმს. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაგრძელდეს თერაპია.

მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილე და ექიმის რეკომენდაციების მკაცრად შესრულება.

მკურნალობის პერიოდში უნდა მოერიდოთ სქესობრივ კავშირს, არ გამოიყენოთ სხვა ვაგინალური საშუალებები, როგორიცაა ტამპონები და არ მიმართოთ ვაგინალურ გამორეცხვებს.

ასევე, მედიკამენტის ანოტაცია გვაფრთხილებს, რომ კლინიზოლის თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში, სხვა კურსის დაწყებამდე, უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი მიკრობიოლოგიური კვლევები, რათა დადასტურდეს დიაგნოზი და გამოირიცხოს სხვა პათოგენების არსებობა.

კლინიზოლი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში? — რა უნდა ვიცოდეთ 

ორსულობის პერიოდში კლინიზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის. დაშვებულია მისი მოხმარება მხოლოდ ისეთ რთულ მდგომარეობაში, როცა დედისთვის მოტანილი სარგებელი ბევრად აღემატება ნაყოფისთვის არსებულ რისკებს.

მედიკამენტის მიღება არც ლაქტაციის პერიოდშია სახარბიელო - ამ შემთხვევაშიც მკურნალობა ექიმის დანიშნულებითა და კონტროლით უნდა წარიმართოს.

რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ (H2) 

მიუხედავად იმისა, რომ კლინიზოლი ზოგადად უსაფრთხოა და ორგანიზმის მიერ კარგად შეიწოვება, ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:

  • ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი ან წვა.
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.
  • იშვიათად შარდვის ოდნავ გახშირება.

თუ გვერდითი მოვლენები მძიმდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.

კლინიზოლის კაფსული ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 2 წელია.