მეტაზერო - ბეტა-ბლოკატორი გულის რითმის შესამცირებლად

მეტაზერო (Metazero) მიეკუთვნება ე.წ. ბეტა-ბლოკატორების მედიკამენტთა ჯგუფს, რომლის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერება მეტოპროლოლის სუქცინატი. მეტოპროლოლი ამცირებს გულზე სტრესის ჰორმონების მოქმედებას ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის დროს. შესაბამისად, მეტაზერო ამცირებს გულის რითმს და ანელებს გულის მოქმედებას.

მეტაზერო (47.5 მგ) ან მეტაზერო (23.75 მგ) არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი აპკით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტებს აქვთ გამყოფი ხაზი. გამყოფი ხაზის ერთ მხარეს არის გრავირება “ჩ”, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს კი მარკირება “1” (მეტაზერო 23.75 მგ-იანის შემთხვევაში) ან მარკირება “2” (მეტაზერო 47.5 მგ-იანის შემთხვევაში).

მეტაზერო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: 

  • ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
  • სტენოკარდია (გულისათვის არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდებით გამოწვეული ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში);
  • არითმია (გულის არარეგულარული ცემა);
  • გულის არაორგანული (ფუნქციონალური) პათოლოგია, რომელიც იწვევს პალპიტაციებს;
  • გულის სტაბილური უკმარისობა სიმპტომებით (როგორებიცაა: ქოშინი ან კოჭების შეშუპება). 

მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების პრევენციისთვის: 

  • მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განმეორებითი ინფარქტი, ან გულის დაზიანება;
  • შაკიკი;
  • მეტაზერო გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ 6-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

რა უნდა იცოდეთ მეტაზეროს გამოყენებამდე — შედგენილობა და უკუჩვენებები 

მეტაზეროს შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერება მეტოპროლოლის სუქცინატი და დამხმარე ნივთიერებები: კაჟბადის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურიალ სულფატი, პოლისორბატი (80), გლიცერინი, ჰიდროქსიპროპოლ ცელულოზა, ეთილ ცელულოზა და ნატრიუმის სტეარილფუმარატი ტაბლეტის ბირთვში და ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი და პროპილენ გლიკოლი ტაბლეტის გარსში.

მეტაზეროს გამოყენებისას მნიშვნელოვანია გამოჩინოთ სიფრთხილე და არ გამოიყენოთ მედიკამეტი, თუ:

  • ხართ ალერგიული მედიკამენტის შემადგენელი მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
  • გაქვთ არასტაბილური გულის უკმარისობა და იღებთ მედიკამენტებს გულის შეკუმშვების გასაზრდელად;
  • გაქვთ გულის უკმარისობა და არტერიული წნევა ჩამოდის 100 mmHg-ზე ქვემოთ;
  • გაქვთ გულის შენელებული ცემა (წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები) ან დაბალი არტერიული წნეა (ჰიპოტენზია);
  • გაქვთ შოკით გამოწვეული გულის პრობლემები;
  • გაქვთ გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული პრობლემები (ატრიოვენტრიკულური ბლოკი II ან III ხარისხი) ან გულის რითმის დარღვევები (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი);
  • გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (პერიფერიული არტერიის მძიმე დაავადება).

სიფრთხილის ზომები უნდა გამოიჩინოთ ასევე და მეტაზეროს მიღებამდე კონსულტაციისათვის აუცილებლად მიმართოთ მკურნალე ექიმს, თუ:

  • იღებთ ვერაპამილს ინტრავენურად;
  • მკურნალობთ დიგიტალისით;
  • გაქვთ სისხლის მომოქცევის დარღვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტა, ფერის დაკარგვა, ან სილურჯე;
  • გაქვთ ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც ჩვეულებრივ ვლინდება ღამის საათებში (პრინცმეტალის სტენოკარდია);
  • გაქვთ ასთმა, ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
  • გაქვთ გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული დარღვევები (გულის ბლოკადა);
  • გაქვთ თირკმლეზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
  • გაქვთ გულის უკმარისობა;
  • გაქვთ სისხლის მომატებული მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი);
  • გაქვთ თირკმლის მძიმე დარღვევები;
  • ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.

მეტაზეროს გამოყენება არ არის ასევე რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

მეტაზეროს ანოტაცია — როგორ მივიღოთ მედიკამენტი? 

მეტაზერო მიიღება ერთხელ დღეში - დილას, ჭიქა წყლის მიყოლებით. პრეპარატის (47.5მგ) ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორად მხოლოდ გადაყლაპვის გაადვილების მიზნით, თუმცა აუცილებლად დალიეთ სრული ტაბლეტი (სრული დოზა).

მეტაზეროს 23.75 მგ-იანი დოზის შემთხვევაში კი ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია უკვე ორ თანაბარ დოზად და დღის განმავლობაში ნახევარი ტაბლეტის მიღება.

ზოგადად მეტაზეროს დოზირება განსხვავდება დაავადებების მიხედვით. ქვემოთ მოცემულია თითოეული დაავადებისთვის რეკომენდებული დღიური დოზა. 

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია): 47.5მგ-დან 95მგ-მდე მეტოპროლოლის სუქცინატი ერთხელ დღეში.

ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია): 95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი ერთხელ დღეში.

არარეგულარული გულისცემა (არითმია): 95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი ერთხელ დღეში.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდომი პროფილაქტიკური თერაპია: 190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი ერთხელ დღეში.

გულის დაავადება, გულის პალპიტაციები: 95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი ერთხელ დღეში.

შაკიკის პრევენცია: 95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი ერთხელ დღეში.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი პრეპარატის მიღებისას 

სხვა მედიკამენტების მსგავსად, მეტაზეროს მიღებასაც შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენები. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

  • დაღლილობა;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • ხელის მტევნებისა და ტერფების გაციება;
  • გულის ცემის შენელება, პალპიტაციები;
  • გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა;
  • დეპრესია, ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა;
  • კანზე ჩხვლეტის შეგრძნება;
  • კანის მომატებული რეაქციები;
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში, სითხის შეკავება (შეშუპება), წონის მომატება.

 

შენახვის პირობები და ვადები 

მეტაზერო ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

მეტაზერო მიეკუთვნება მედიკამენტების II ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია რეცეპტის საფუძველზე.