ქსარელტო — პრეპარატი სისხლის შედედებასთან საბრძოლველად

ქსარელტო თურქული და გერმანული წარმოების პრეპარატია, რომელიც აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. ის აქტიურ ნივთიერება მაკრონიზებულ რივაროქსაბანს შეიცავს, რომელიც სისხლის შედედების თავიდან არიდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

აღნიშნული ნივთიერების დოზირება ტაბლეტებში განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 2.5 მგ, 10 მგ, 15 მგ და 20 მგ რივაროქსაბანის შემცველი ქსარელტოს ტაბლეტებია ხელმისაწვდომი.

ქსარელტო 2.5 მგ გერმანული წარმოებისაა და ერთ შეკვრაში 56 ტაბლეტია. თურქულ ქსარელტო 10 მგ-ში 10 ტაბლეტია, გერმანულში კი — 30, ხოლო ქსარელტო 15 მგ-სა და ქსარელტო 20 მგ-ში - 28. ბოლო ორი დოზირებით, პრეპარატის როგორც თურქული, ასევე გერმანული ვერსიაა ხელმისაწვდომი.

ქსარელტო II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია და რეცეპტით გაიცემა.

ქსარელტოს ანოტაცია 

ქსარელტო ანტიკოაგულანტული (შედედების საწინააღმდეგო) პრეპარატია, რომელიც ზრდასრულებში გამოიყენება. მას ვენური თორმბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, იმ პაციენტებს უნიშნავენ, რომლებსაც გადატანილი აქვთ ორთოპედიული ოპერაციები მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსარზე.

თრომბოებოლიის დროს სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბი მის კედელს სცილდება, სისხლის ნაკადით გადაიტანება და სხვა, უფრო მცირე დიამეტრის სისხლძარღვს ახშობს.

ექიმი აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას ზოგჯერ უნიშნავს წინაგულის ფიბრილაციის (გულის რითმის დარღვევა, რომელსაც მარტივად მოციმციმე არითმიას უწოდებენ) მქონე პირებს, თუ მდგომარეობა ამ ორგანოს სარქვლის პრობლემებით არ არის გამოწვეული. მკურნალობა ინსულტისა და სისხლის შედედების პრევენციისკენაა მიმართული.

მედიკამენტი ხშირად ღრმა ვენების თრომბოზისა (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობისას გამოიყენება. ის ამ მდგომარეობის განმეორების რისკს ამცირებს.

ქსარელტო შეიძლება დაინიშნოს გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების მეორადი პრევენციისთვის, როგორიცაა გულის შეტევა და ინსულტი, ასევე ქრონიკული კორონარული არტერიის დაავადების ან პერიფერიული არტერიის დაავადების დროს.

 

როგორია ქსარელტოს მიღების წესი 

ქსარელტო პერორალურად მისაღები მედიკამენტია. მასში შემავალი რივაროქსაბანი სწრაფი შეღწევადობით ხასიათდება, მაქსიმალური კონცენტრაცია კი ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათში მიიღწევა.

რივაროქსაბანის ბიოშეღწევადობა 10მგ დოზის გამოყენებისას შემდეგ 80%-დან 100%-მდე მერყეობს. ქსარელტოს გამოყენება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

ამასთან, ქსარელტო 10მგ დოზით შეიძლება დაინიშნოს ჭამის დროს ან საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ქსარელტო 15მგ და ქსარელტო 20მგ მიღებულ უნდა იქნას საკვებთან ერთად.

თუ პაციენტს მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა უჭირს, შესაძლებელია მისი დაფხვნა  და წყალში ან მსუბუქ საკვებში შერევა, როგორიცაა ვაშლის პიურე. დაფხვნილი ტაბლეტის მიღება შესაძლებელია კუჭში ზონდის გამოყენებითაც.

პრეპარატის დოზირება 

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური პროთეზირებით, ქსარელტო 10მგ-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ მისაღებად. პირველი დოზის მიღება დაშვებულია ოპერაციიდან 6-10 საათის შემდეგ, მიღწეული ჰემოსტაზის (სისხლდენის შეჩერების) პირობებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა ორთოპედიული ოპერაციის ტიპზე, ასევე პაციენტში ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ინდივიდუალურ რისკზეა დამოკიდებული.

ღრმა ვენების თრომბოზისა (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობის დასაწყისში ქსარელტოს დოზა შეადგენს 15 მგ-ს დღეში ორჯერ მისაღებად, პირველი 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ კი პაციენტი, თერაპიის გასაგრძელებლად, გადადის ქსარელტოს 20 მგ-იან დოზაზე დღეში ერთხელ მისაღებად, რაც განმეორებითი ღვთ-ისა და ფათე-ის თავიდან ასაცილებლად არის გამიზნული. მკურნალობის კურსის შერჩევა უნდა მოხდეს სპეციალისტის ჩართულობითა და მისი რეკომენდაციის საფუძველზე.

ჩვეულებრივ, ღვთ-ისა და ფათე-ის რეციდივის გახანგრძლივებული პროფილაქტიკის შემთხვევაში, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, რეკომენდებული დოზა 10 მგ-ის შეადგენს, დღეში ერთხელ მისაღებად. მომატებული რისკის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის კორექტირება, თუმცა ეს უმჯობესია ექიმის რეკომენდაციით მოხდეს.

როდის არ უნდა მივიღოთ ქსარელტო  

ქსარელტოს აქვს რამდენიმე უკუჩვენება, რომელთა შემთხვევაში მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკის გამო.

მაგალითად, თუ პაციენტებს აღენიშნებათ აქტიური სისხლდენა, მათ შორის კუჭ-ნაწლავში ან თავის ტვინში, პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. ასეთ დროს ქსარელტომ, რომელიც ანტიკოაგულანტია, შესაძლოა სისხლდენა გააუარესოს.

ანამნეზში ალერგიული რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირები რივაროქსაბანის ან ქსარელტოს ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, პრეპარატის გამოყენებას უნდა მოერიდონ.

თავსი შეკავება მართებთ პაციენტებს ღვიძლის დაავადებით, რომელიც კოაგულოპათიასთან (სისხლის შედედების დარღვევა) არის დაკავშირებული. ღვიძლის მძიმე დაავადების და სისხლდენის გაზრდილი რისკის მქონე პირებში ქსარელტოს გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს ორგანო სისხლის შედედების ფაქტორების რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ქსარელტო, ჩვეულებრივ, არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ნაყოფის ან ახალშობილისთვის პოტენციური რისკის გამო. მას შეუძლია გაიაროს პლაცენტა და დედის რძეში გამოიყოს.

თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ამ პრეპარატს, რადგან თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს წამლის მოქმედებაზე და სისხლდენის რისკი გაზარდოს.

მძიმე სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს ქსარელტოს სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას. მათ შორისაა სისხლის გამათხელებელი საშუალებები: ჰეპარინი ან ვარფარინი (თუ პრეპარატები ექიმის მიერ კონკრეტული მიზეზით არ არის დანიშნული).

ქსარელტოთი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებმა უნდა განიხილონ თავიანთი სრული სამედიცინო ისტორია ექიმთან, განსაკუთრებით თუ მათ აქვთ რაიმე მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს ან გავლენას ახდენს ღვიძლისა და თირკმელების მუშაობაზე.