მიკოფლუ — სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება

სოკოვანი ინფექცია, იგივე მიკოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ფრჩხილებს, თავის თმიან ნაწილს, ლორწოვან გარსებსა და შინაგან ორგანოებსაც კი, რაც განსაკუთრებით საშიშია სიცოცხლისათვის. 

ფართო გავრცელებისა და მაღალი კონტაგიოზურობის (ადვილად გადამდებობის) გამო, სოკოვან დაავადებათა რიცხვი სწრაფად იმატებს მსოფლიოში.

რა არის სოკოვანი დაავადების რისკფაქტორები და სიმპტომები?

სოკოვანი ინფექციება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა არსებობს მისი ხელშემწყობი მთელი რიგი ფაქტორები: ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი), მეტაბოლური პროცესების დარღვევა, ჰიპო და ავიტამინოზები, იმუნური სისტემის დასუსტება, კანის ინდივიდუალური თავისებურებები, ჰიგიენური პირობები, ჭარბი ოფლიანობა, ასაკი (სოკოვანი ინფექციებით უფრო ხშირად ავადდებიან ასაკოვანი ადამიანები), ცხელი და მაღალი ტენიანობის კლიმატი, პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან და სხვა. 

დაავადება ძალიან მრავალფეროვანი სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს, დაწყებული კანის უბრალო სიმშრალითა და აქერცვლით, დამთავრებული ღრმა დაზიანებითა და მეორეული ინფიცირებით. 

დაავადების სიმპტომების გამოვლენისას, ადამიანები ხშირად  მიმართავენ თვითმკურნალობას, რაც დაუშვებელია, რადგან ასეთ დროს იზრდება ინფექციის მასშტაბები, ჩნდება ბაქტერიული ინფექციები და რთულდება როგორც დიაგნოზის დასმის, ასევე მკურნალობის პროცესიც.

დაავადების დიაგნოსტირება მოიცავს: სრულფასოვანი ანამნეზის შეგროვებას, ანაფხეკის მასალის KOH ტესტირებას, მიკროსკოპით დათვალიერებას, ვუდის ნათურას და ა. შ. 

მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მკურნალობა, რომელსაც განსაზღვრავს ექიმი-სპეციალისტი, გამომწვევის სახეობისა და დაავადების მიმდინარეობის სირთულის მიხედვით. ძირითადად ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო ანუ ანტიმიკოზური პრეპარატები, რომლებსაც აქვს ფუნგიციდური (მიკოზის გამომწვევის გამანადგურებელი) ან ფუნგისტატიკური (მიკოზის გამომწვევის გამრავლების დამთრგუნველი) მოქმედება.

ამ ბლოგში განვიხილავთ ერთ-ერთ ძლიერ, ანტიმიკოზურ პრეპარატს – მიკოფლუს.

როგორია მიკოფლუს შედგენილობა და რაზეა დამყარებული მისი მოქმედება?

მიკოფლუ აზოლის ჯგუფის სისტემური გამოყენების ძლიერი ანტიმიკოზური საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება: ფლუკონაზოლს (150 მგ), დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს, ტალკს. პრეპარატის მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე.

მიკოფლუ აქტიურია: Microsporum spp., Candida spp., Trichophyton spp., Cryptococcus neoformans, Coccidiodes immitis, Blastomyces dermatitidis, Histoplasma capsulatum მიკროორგანიზმებისადმი.

რომელი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება მიკოფლუ?

მიკოფლუ გამოიყენება შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

  • გენერალიზებული კანდიდოზის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის სამკურნალოდ, სხვა ფორმის (თვალის, სასუნთქი, საშარდე გზების, მუცლის ღრუს და ენდოკარდის) ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის ჩათვლით;
  • მწვავე და ქრონიკუ მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, ასევე ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად;
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზის, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზის, კანდიდურიას, კანის კანდიდოზის, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის (პროთეზის მქონე პირებში) შემთხვევაში;
  • კრიპტოკოკოზის, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექციების დროს;
  • კანის, საზარდულის, ტერფების,  მიკოზების, ონიქომიკოზის, კანის კანდიდოზის სამკურნალოდ; 
  • ენდემური მიკოზის, პარაკოკციდიომიკოზის, კოკციდიომიკოზის, სპოროტრიქოზისა და ჰისტოპლაზმოზის დროს, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.
  • ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე პაციენტებში სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რომლებიც სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო, სოკოვანი ინფგექციების მიმართ წინასწარგანწყობილები არიან.

მიკოფლუს უკუჩვენება და უსაფრთხოების ზომები

მიკოფლუ უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა აქვთ.

მიკოფლუთი მკურნალობისას, ერთეულ შემთხვევებში გამოვლენილია კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისი.

უფრო იშვიათად კი დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კრუნჩხვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია.

პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებში, რადგან ცალკეულ შემთხვევებში მკურნალობისას დაფიქსირდა ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, ზოგი ასეთი შემთხვევა ლეტალურადაც დასრულდა. ასეთ დროს აუცილებელია მკურნალობის პერიოდში ღვიძლის ფუნქციის კონტროლი და ნებისმიერ დაზიანების გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

როგორია მიკოფლუსა და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედება?

ჰიდროქლორთიაზიდისა და მიკოფლუს ერთდროული გამოყენებისას პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით. ფენიტოინთან კომბინაციაში მიკოფლუ ზრდის აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაციას. რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას მიკოფლუს დოზა უნდა გავზარდოთ. 

პრეპარატის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი ტოტალური დასხივება.

შეიძლება თუ არა მიკოფლუ მიიღონ ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა?

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სოკოვანი დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში, თუ ამის სასიცოცხლო ჩვენება არსებობს. პრეპარატის შედგენლობაში შემავალი ფლუკონაზოლი ასევე გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

როგორ განისაზღვრება მიკოფლუს დღიური დოზა და როგორია პრეპარატის მიღების წესი?

მიკოფლუს დღიური დოზა სოკოვანი ინფექციის ფორმისა და სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება.

ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია მიკოფლუს ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის გათვალისწინებით.

კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პრეპარატი ინიშნება შემდეგნაირად: პირველ დღეს 400 მგ. ოდენობით, შემდეგ კი — 200-400 მგ. დღეში 1-ჯერ. 

ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს უნდა მიიღოთ 50-100 მგ მიკოფლუ 1-ჯერ დღეში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7-14 დღის განმავლობაში.

პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის სამკურნალოდ ინიშნება მიკოფლუ 50 მგ 1-ჯერ დღეში, 14 დღის განმავლობაში. მიკოფლუსთან ერთად აუცილებელია  ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. ვაგინალური კანდიდოზის დროს პრეპარატი უნდა მიიღოთ ერთჯერადად 150 მგ. ოდენობით.

ღრმა ენდემიური მიკოზების დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენება 200-400 მგ დოზით 2 წლამდე. თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და კოკციდომიკოზის დროს შეადგენს – 11-24 თვეს, პარაკოკციდომიკოზის დროს — 2-17 თვეს, სპოროტრიქოზის დროს – 1-16 თვეს, დაჰისტოპლაზმოზის დროს – 3-17 თვეს. 

კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) წამლის რეკომენდებული დოზაა 150 მგ. კვირაში 1-ჯერ ან ყოველდღე 50 მგ ერთჯერადად. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირაა.

ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შედარებით მცირე დოზებით. ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს ინიშნება 3 მგ/კგ დღეში 1-ჯერ; კრიპტოკოკული ინფექციებისა და გენერალიზებული კანდიდოზის დროს კი 6-12 მგ/კგ 1-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

ონკოლოგიურ ავადმყოფებში, სხივური თერაპიის დროს კანდიდოზების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ-ს 1- ჯერ დღეში. 

გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს 1-ჯერ დღეში, რამდენიმე დღის განმავლობაში ნეიტროპენიის მოსალოდნელ გამოვლინებამდე.