
ადამიანის ორგანიზმში მკვდარი უჯრედების ახლებით ჩანაცვლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. სიმსივნე კი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც უჯრედები უკონტროლოდ, საჭიროების არსებობის გარეშე, მრავლდება.
ტერმინი „კიბო“ მოიცავს 100-ზე მეტ დაავადებას, რომლებიც ზემოქმედებს სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე და ყოველი მათგანი, პოტენციურად, სიცოცხლისთვის საშიშია.
სიმსივნის შესახებ ათასობით წლის განმავლობაში იყო ადამიანებისთვის ცნობილი, მაგრამ მხოლოდ გასული საუკუნის სამედიცინო მეცნიერებამ გაიგო, რა არის ეს დაავადება სინამდვილეში და როგორ პროგრესირებს ის. კიბოს სპეციალისტებმა, რომლებსაც ონკოლოგები ეწოდებათ, მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს კიბოს დიაგნოსტიკაში, პრევენციასა და მკურნალობაში. დღეს სიმსივნით დაავადებული ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, თუმცა დაავადების ზოგიერთი ფორმის მკურნალობა კვლავ რთულია.
მითი: სიმსივნე გადამდებია.
ფაქტი: სიმსივნე გადამდები დაავადება არ არის, ამიტომ არ არის საჭირო, მოერიდოთ ადამიანს, რომელსაც კიბო აქვს.
როგორია სიმსივნის სიმპტომები?
თქვენი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სასარგებლოა კიბოს შესაძლო ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ ცოდნა. მართალია, ისინი დაავადების დიაგნოსტირებისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ შეიძლება თქვენ და ექიმს ნებისმიერი პრობლემის რაც შეიძლება მალე პოვნაში და მკურნალობაში დაგეხმაროთ. სიმსივნის მკურნალობას საუკეთესო შედეგი აქვს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ის პატარაა და ორგანიზმში არ არის გავრცელებული.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ყოველთვის კიბოზე არ მიუთითებს. სინამდვილეში, მათი გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, არის რაღაც ნაკლებად შემაშფოთებელი, რადგან შეიძლება იგივე სიმპტომები სხვა გავრცელებულ სამედიცინო მდგომარეობას ახასიათებდეს. მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციები, რათა ის უფრო აქტიურად დააკვირდეს თქვენს ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება შეძლოს.
როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში კიბოს გავრცელებული ადრეული ნიშნები და სიმპტომებია:
ტკივილი. ძვლის კიბო ხშირად თავიდანვე ტკივილს იწვევს. ასევე თავის ტვინის ზოგიერთი სიმსივნე განაპირობებს თავის ტკივილს, რომელიც დღეების განმავლობაში გრძელდება და მკურნალობით არ უმჯობესდება. ტკივილი ასევე შეიძლება კიბოს გვიანი ნიშანი იყოს, ასე რომ მიმართეთ ექიმს, თუ არ იცით რატომ ხდება ეს ან მდგომარეობა არ უმჯობესდება.
წონაში კლება მცდელობის გარეშე. კიბოს მქონე ადამიანების თითქმის ნახევარი წონაში იკლებს. ეს ხშირად ერთ-ერთი ნიშანია, რომელსაც სიმსივნით დაავადებული ადამიანები პირველ რიგში ამჩნევენ.
დაღლილობა. თუ მუდმივად დაღლილი ხართ და დასვენება არ გეხმარებათ, ექიმს მიმართეთ. ასეთი სიმპტომი აქვს ლეიკემიას, ასევე ამას იწვევს სისხლის დაკარგვა მსხვილი ნაწლავის ან კუჭის კიბოს გამო. გარდა ამისა, დაღლილობა შეიძლება სიმსივნესთან დაკავშირებულმა წონაში კლებამ გამოიწვიოს.
ცხელება. თუ მაღალი სიცხე გაქვთ ან ის 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ექიმს მიმართეთ. სისხლის ზოგიერთი კიბო, როგორიცაა ლიმფომა, იწვევს ცხელებას დღეების ან თუნდაც კვირების განმავლობაში.
ცვლილებები თქვენს კანში. სთხოვეთ თქვენს ექიმს, დაათვალიეროს უჩვეულო ან ახალი ხალები, მუწუკები ან ლაქები თქვენს სხეულზე, რათა დარწმუნდეს, რომ რომელიმე მათგანის გამომწვევი მიზეზი კანის კიბო არაა. კანის მდგომარეობა შეიძლება სხვა სახის სიმსივნეზეც მიუთითებდეს. თუ ადამიანს კანზე აღენიშნება ცვლილებები, როგორებიც არის გამუქება, ყვითელი ან წითელი ელფერი, ქავილი, თმის ზრდა ან აუხსნელი გამონაყარი, მას შეიძლება ლიმფომა, ღვიძლის, საკვერცხის ან თირკმლის კიბო ჰქონდეს.
წყლულები, რომლებიც არ იკურნება. წყლული, რომლიდანაც ადამიანს უწყვეტად სდის სისხლი, ასევე კანის კიბოს ნიშანია. პირის ღრუს სიმსივნე შეიძლება პირში წყლულებით დაიწყოს. თუ მწეველი ხართ, ღეჭავთ თამბაქოს ან სვამთ ბევრ ალკოჰოლს, უფრო მაღალი რისკის ქვეშ ხართ.
ხველა და ხმის ჩახლეჩა, რომელიც არ ქრება. ხველა ფილტვის კიბოს ერთ-ერთი ნიშანია, ხოლო ხმის ჩახლეჩა შეიძლება ხორხის ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიმპტომი იყოს.
უჩვეულო სისხლდენა. კიბოს შეუძლია სისხლი გამოაჩინოს იქ, სადაც არ უნდა იყოს. მაგალითად, განავალში სისხლის არსებობა შეიძლება მსხვილი ან სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომი იყოს. ასევე, შესაძლოა, შარდში სისხლის არსებობა საშარდე გზების სიმსივნით აიხსნას.
ანემია. ეს სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმში არ არის სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის გადასატანად საკმარისი ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედები ან ჰემოგლობინი. სიმსივნეებმა, როგორიც არის ლეიკემია, ლიმფომა და მრავლობითი მიელომა, შეიძლება ადამიანის ტვინი დააზიანოს. ამან კი, შესაძლოა, საბოლოოდ ანემია გამოიწვიოს.
რა სახის სიმსივნეები არსებობს?
სანამ სხვადასხვა სახის კიბოს განხილვაზე გადავალთ, მოდით, პირველ რიგში, ერთმანეთისგან კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები განვასხვაოთ. პირველი მათგანი არ იჭრება მიმდებარე ქსოვილებში და არ ვრცელდება სხვაგან. მიუხედავად ამისა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების სიახლოვეს გაზრდისას მას შეუძლია სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს ნერვზე ზეწოლით ან სისხლის ნაკადის შეზღუდვით. როგორც წესი, კეთილთვისებიანი სიმსივნე მკურნალობაზე კარგად რეაგირებს. მისი ყველაზე გავრცელებული ტიპებია: ადენომა, ფიბროიდი, ჰემანგიომა და ლიპომა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი სხეული მუდმივად აწარმოებს ახალ უჯრედებს ძველის შესაცვლელად. ზოგჯერ ამ პროცესში დნმ ზიანდება, რაც ახალი უჯრედების არანორმალურ განვითარდებას იწვევს. სიკვდილის ნაცვლად, ისინი აგრძელებს გამრავლებას უფრო სწრაფად, ვიდრე იმუნურ სისტემას შეუძლია გამკლავება და სიმსივნეს წარმოქმნის. შესაძლოა, კიბოს უჯრედები კერას დაშორდეს და სისხლის მიმოქცევის ან ლიმფური სისტემის მეშვეობით სხეულის სხვა ნაწილებში გადავიდეს. ავთვისებიანი სიმსივნეების ტიპებია: კარცინომა, სარკომა, ბლასტომა და ა. შ.
ახლა კი მოდით, განვიხილოთ სიმსივნეების სახეები ორგანოების მიხედვით.
მკერდის კიბო
მკერდის კიბოს დროს უჯრედები ერთი ან ორივე მკერდის ქვეშ უკონტროლოდ იზრდება. ისინი შეიძლება ამ ორგანოს მიღმაც გავრცელდეს და ამ შემთხვევაში კიბოს მეტასტაზური ეწოდება.
როგორც წესი, მკერდის სიმსივნე იწყება ჯირკვლებში, რომლებიც რძეს წარმოქმნის ან მის სადინარებში. ის შეიძლება მკერდში გაიზარდოს და გავრცელდეს ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში ან, სისხლის მიმოქცევის გზით, სხვა ორგანოებში. შესაძლოა, კიბომ ასევე მოიცვას მკერდის გარშემო არსებული ქსოვილები, როგორებიც არის კანი ან გულმკერდის კედელი.
მკერდის სიმსივნის ნიშნები შეიძლება იყოს:
- ძუძუში კვანძის სახით მკვრივი უბნის გაჩენა;
- ძუძუს ფორმის, შესახედაობის ან ზომის ცვლილება;
- სისხლიანი ან გამჭვირვალე გამონადენი ძუძუს თავიდან;
- ძუძუს ან მისი თავის კანის ცვლილება;
- მკერდის კანის ფერის ცვლილება;
- ძუძუს თავის ფორმის ან პოზიციის შეცვლა;
- ზონა, რომელიც ორივე მკერდის ნებისმიერი სხვა უბნისგან განსხვავდება;
- მკერდზე კანის აქერცვლა.
თავის ტვინის სიმსივნე
ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილის მსგავსად, ტვინსაც შეიძლება ჰქონდეს სიმსივნე. ვინაიდან, ტვინი მრავალი ტიპის უჯრედს მოიცავს, ის შეიძლება მრავალი სახის კიბოთი დაავადდეს; ზოგიერთი მათგანი სწრაფად იზრდება, ზოგი — ნელა. თუმცა, რადგან ტვინი სხეულის საკონტროლო ცენტრს წარმოადგენს, ყველა მათგანი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
ფილტვის სიმსივნე
აღსანიშნავია, რომ ეს არის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე პრევენცირებადი სახეობა, რომელსაც შეგიძლიათ თავი აარიდოთ, თუ აქტიური ან პასიური მწეველი არ გახდებით.
ფილტვის კიბოს გავრცელებული სიმპტომებია:
- ქოშინი;
- ხველა, რომელიც არ ქრება;
- ხიხინი;
- სისხლიანი ხველა;
- გულ-მკერდის ტკივილი;
- წონაში კლება მადის დაკარგვით ან მის გარეშე;
- ხმის ჩახლეჩა;
- მხრის ან მკლავის ტკივილი ან სისუსტე;
- ყლაპვის გაძნელება;
- ძვლის უჩვეულო ტკივილი.
პროსტატის სიმსივნე
პროსტატის კიბო, როგორც წესი, ძალიან ნელა მზარდია და ხშირად არ იწვევს სიმპტომებს საწყის სტადიებში. პროსტატის კიბოს მქონე მამაკაცების უმეტესობა კვდება სხვა მიზეზების გამო და ბევრმა არც კი იცის, რომ ეს დაავადება აქვს. თუმცა როგორც კი ის სწრაფად იწყებს ზრდას ან პროსტატის გარეთ ვრცელდება, დაავადება ძალიან საშიში ხდება.
ადრეულ სტადიაში კი, როდესაც ის მხოლოდ პროსტატის ჯირკვალში გვხვდება, ამ ტიპის კიბოთი გარდაცვალებისგან გადარჩენის ძალიან კარგი შანსები არსებობს.
კიბო, რომელიც გავრცელდა პროსტატის მიღმა (მაგალითად, ძვლებში, ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში) არ არის განკურნებადი, მაგრამ შესაძლებელია მისი გაკონტროლება მრავალი წლის განმავლობაში.
პროსტატის კიბოზე შეიძლება შემდეგი სიმპტომები მიანიშნებდეს:
- შარდვის დაწყების გაძნელება;
- სუსტი ან შეწყვეტილი შარდის ნაკადი;
- ხშირად მოშარდვა, განსაკუთრებით ღამით;
- შარდის ბუშტის მთლიანად დაცლის გაძნელება;
- შარდვისას ტკივილის ან წვის შეგრძნება;
- სისხლი შარდში ან სპერმაში;
- მუდმივი ტკივილი ზურგის, თეძოების ან მენჯის არეში;
- ტკივილი ეაკულაციის დროს.
კანის სიმსივნე
ეს მსოფლიოში კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპია. როგორც წესი, მისი განკურნება შესაძლებელია. კანის სიმსივნის უმეტესობის თავიდან აცილება შეიძლება კანის მზისა და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვით.
კანის ყველა ავთვისებიანი სიმსივნე დროთა განმავლობაში ზედაპირზე გამოჩნდება. შესაბამისად, ეს არის კიბოს ერთადერთი ტიპი, რომელიც თითქმის ყოველთვის შესამჩნევია ადრეულ, განკურნებად სტადიაზე.
კანის კიბო იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: მელანომა და არამელანომა. კანის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეები — ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა — არამელანომურია და იშვიათად ხდება სიცოცხლისთვის საშიში. ისინი ნელა იზრდება, იშვიათად ვრცელდება კანს მიღმა, ადვილად აღმოჩენადი და, როგორც წესი, განკურნებადია. ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ყველაზე ნელი ზრდით ხასიათდება. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა კი გარკვეულწილად უფრო აგრესიულია და მეტად მიდრეკილია გავრცელებისკენ.
აღსანიშნავია, რომ კანის ზოგიერთი არასიმსივნური წარმონაქმნი შეიძლება კიბოდ იქცეს.
მელანომა კი პოტენციურად აგრესიული, სიცოცხლისთვის საშიში კიბოა. ის შეიძლება წარმოიქმნას კანის მუქ ქსოვილში, როგორიცაა ხალი ან დაბადების ნიშანი, ასევე ჩვეულებრივად პიგმენტირებულ კანში.
როგორც წესი, მელანომა განკურნებადია მის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და მკურნალობის შემთხვევაში. თუმცა ის უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კანის კიბოს სხვა ტიპები და შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის ძვლებში და ტვინში. ამ შემთხვევაში მისი მკურნალობა რთულია.
პანკრეასის სიმსივნე
ეს არის დაავადება, რომლის დროსაც პანკრეასის ქსოვილებში ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები წარმოიქმნება. პანკრეასი არის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს კუჭის უკან და ხერხემლის წინ. ის გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ წვენებს და ჰორმონებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ეგზოკრინული პანკრეასის უჯრედები წარმოქმნის საჭმლის მომნელებელ წვენებს, ხოლო ენდოკრინული პანკრეასის უჯრედები — ჰორმონებს. პანკრეასის კიბოს უმეტესობა სწორედ ეგზოკრინულ უჯრედებში წარმოიქმნება.
პანკრეასის კიბოს სიმპტომებია:
- კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება;
- ტკივილი მუცლის ზედა ან შუა ნაწილში, ასევე ზურგში;
- აუხსნელი წონაში კლება;
- მადის დაკარგვა;
- დაღლილობა;
- დეპრესია.
კუჭის სიმსივნე
როგორც წესი, კუჭის კიბო ნელა იზრდება, მრავალი წლის განმავლობაში. ის ყველაზე ხშირად 60-80 წლის ადამიანებში გვხვდება.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს კუჭში კიბოს უჯრედების ზრდას, მაგრამ ცნობილია რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მისი განვითარების რისკი გაზარდოს. ერთ-ერთი მათგანია ინფექცია გავრცელებული ბაქტერიით — H. pylori — რომელიც წყლულებს იწვევს. კუჭში კიბოს განვითარების რისკები ასევე შეიძლება გაზარდოს ნაწლავის ანთებამ, რომელსაც ეწოდება გასტრიტი; პერნიციოზურმა ანემიამ (გარკვეული ტიპის ხანგრძლივი ანემია) და კუჭის წარმონაქმნებმა, რომელსაც პოლიპები ეწოდება.
სხვა ფაქტორები, რომლებიც კუჭის კიბოს განვითარების რისკებს ზრდის:
- თამბაქოს მოხმარება;
- ჭარბწონიანობა;
- შებოლილი, დამწნილებული ან მარილიანი საკვების ხშირი მოხმარება;
- ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარება;
- კუჭის წყლულის ოპერაცია;
- ეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექცია;
- გარკვეული გენები;
- ნახშირის, ლითონის, ხე-ტყის ან რეზინის წარმოებაში მუშაობა;
- აზბესტის ზემოქმედება;
- კუჭის კიბოს შემთხვევები წინაპრებში;
- გარკვეული მემკვიდრეობითი ფაქტორები.
ადრეულ ეტაპზე კუჭის კიბოს სიმპტომებია:
- საჭმლის მონელების დარღვევა;
- შებერილობის შეგრძნება ჭამის შემდეგ;
- გულძმარვა;
- მსუბუქი გულისრევა;
- მადის დაკარგვა.
საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა ჭამის შემდეგ არ ნიშნავს, რომ კუჭის კიბო გაქვთ. თუმცა, თუ ამ სიმპტომებს ხშირად გრძნობთ, ექიმს მიმართეთ.
კუჭის სიმსივნის ზრდასთან ერთად, შესაძლოა, დაავადებულ ადამიანს გამოუვლინდეს სერიოზული სიმპტომები, როგორებიც არის:
- კუჭის ტკივილი;
- სისხლი განავალში;
- ღებინება;
- წონაში უმიზეზოდ კლება;
- ყლაპვის გაძნელება;
- მოყვითალო თვალები ან კანი;
- მუცლის შეშუპება;
- შეკრულობა ან დიარეა;
- სისუსტე ან დაღლილობის შეგრძნება.
ძვლის კიბო
ძვლის კიბო ანადგურებს ნორმალურ ძვლოვან ქსოვილს. ის შეიძლება წარმოიქმნას ადამიანის ძვალში ან იქ თქვენი სხეულის სხვა ნაწილებიდან გავრცელდეს.
ძვლის კიბო იშვიათია. ამ ტიპის სიმსივნეების უმეტესობა კეთილთვისებიანია, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ ვრცელდება სხეულის სხვა უბნებზე. თუმცა მათ შესაძლოა დაასუსტოს ძვლები, გამოიწვიოს მათი გატეხვა ან სხვა პრობლემები.
შესაძლოა, ადამიანმა ძვლის სიმსივნის სიმპტომები ვერ შეამჩნიოს და ექიმმა ის სრულიად სხვა პრობლემის გამოსაკვლევად გადაღებულ რენტგენოლოგიურ სურათზე აღმოაჩინოს. თუმცა ძვლის კიბოს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს, რომელიც:
- სიმსივნის მიდამოშია;
- ყრუ ან მუდმივია;
- უარესდება აქტიურობასთან ერთად;
- ღამით ძილის საშუალებას არ გაძლევთ.
აღსანიშნავია, რომ დაზიანება ძვლის კიბოს არ იწვევს.
ძვლის სიმსივნესთან დაკავშირებული სხვა სიმპტომებია:
- ცხელება;
- ღამის ოფლიანობა;
- შეშუპება ძვლის ირგვლივ;
- კოჭლობა;
- დაღლილობა;
- წონაში კლება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმსივნე 100-ზე მეტ დაავადებას მოიცავს და, შესაბამისად, აქ მოცემული ჩამონათვალი არასრულია. გარდა ზემოთ განხილულისა, არსებობს თირკმლის სიმსივნე, ხერხემლის სიმსივნე, შარდის ბუშტის სიმსივნე, საშვილოსნოს სიმსივნე, ლიმფური კვანძების სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე და ა. შ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account