
ფორქსიგა თურქული წარმოების პრეპარატია, რომელიც აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. ის დაპაგლიფლოზინის პროპანდიოლს შეიცავს და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებში გამოიყენება.
ფორქსიგას თითოეულ ტაბლეტში 12.30 მგ დაპაგლიფლოზინის პროპანდიოლი შედის, რაც 10 მგ დაპაგლიფლოზინის ეკვივალენტურია. ფორქსიგა 10 მგ-ის ერთ შეკვრაში 30 ტაბლეტია.
ფორქსიგა II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია და აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა.
რისი წამალია ფორქსიგა?
ფორქსიგა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 18 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად არის განკუთვნილი.
მისი გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს არ იძლევა, პარალელურად კი, მეტფორმინის გამოყენება ინტოლერანტობის გამო უკუნაჩვენებია.
ფორქსიგა კომბინირებული თერაპიის სახითაც ინიშნება, კერძოდ, გლუკოზის დამაქვეითებელ სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, ინსულინის ჩათვლით. თერაპიაში ფორქსიგას ჩართვა მაშინ ხდება აუცილებელი, როდესაც აღნიშნული მედიკამენტები, დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.
ფორქსიგას მიღების წესი და დოზირება
ფორქსიგა პერორალურად, პირის ღრუს გავლით მისაღები პრეპარატია. მისი გამოყენება დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ფორქსიგას მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე. გასათვალისწინებელია, რომ ტაბლეტები მთლიანად უნდა გადაიყლაპოს.
მონოთერაპიისა და კომბინირებულ თერაპიაზე დამატების შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დაპაგლიფლოზინს (ფორქსიგას 1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ მისაღებად. თუ ფორქსიგა ინიშნება ინსულინთან ან ინსულინის სეკრეციის დამაჩქარებელ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას ინსულინის ან მისი სეკრეციის დამაჩქარებლის შედარებით დაბალი დოზა.
აღსანიშნავია, რომ დაპაგლიფლოზინის ეფექტიანობა თირკმლის ფუნქციაზეა დამოკიდებული. ის მცირდება პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის საშუალო სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ. აქედან გამომდინარე, ფორქსიგას გამოყენება რეკომენდებული არ არის პირებში, რომლებსაც თირკმლის საშუალო და მძიმე დაზიანება დაუდგინდებათ. დოზის ცვლილება არ არის ნაჩვენები თირკმლის მსუბუქი უკმარისობის შემთხვევაში.
დოზის შეცვლა არ არის აუცილებელი ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე ადამიანებში. ღვიძლის მწვავე უკმარისობისას კი საწყისი რეკომენდებული დოზა 5 მგ-ის შეადგენს. კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში მისი 10 მგ-მდე გაზრდა შეიძლება.
ჩვეულებრივ, ასაკის მიხედვით დოზის შეცვლა რეკომენდებული არ არის. თუმცა პაციენტებში გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქცია და მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების რისკი. 75 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებში, შეზღუდული თერაპიული გამოცდილების გამო, დაპაგლიფლოზინით მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
ფორქსიგას გვერდითი მოვლენები
მედიკამენტების უმეტესობის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ფორქსიგასაც ახლდეს თან.
ფორქსიგას გამოყენებისას იზრდება საშარდე გზებისა და გენიტალური ინფექციების რისკი. ვინაიდან მედიკამენტი ხელს უწყობს შარდში შაქრის გამოყოფას, ეს ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის.
პრეპარატით მკურნალობისას ზოგჯერ აღინიშნება ხშირი შარდვა, წყურვილის გაძლიერება, გულისრევა და თავბრუსხვევა.
ფორქსიგას გამოყენებამ შეიძლება შედარებით სერიოზული გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს, მათ შორის კეტოაციდოზი. ეს იშვიათი, თუმცა საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც სისხლში მჟავის მომატების დროს იჩენს თავს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილსა და დაბნეულობას.
პრეპარატით მკურნალობისას ზოგჯერ თირკმელების მძიმე პრობლემები ვითარდება, ზოგიერთ პაციენტში კი ამ ორგანოს ფუნქცია უარესდება, რაც მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.
ხშირმა შარდვამ შეიძლება გაუწყლოება და არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, თავბრუსხვევასა და სისუსტეს იწვევს.
ფორქსიგას გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, მაგალითად გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება.
ფორქსიგას იშვიათ გვერდით მოვლენებს შორისაა პერინეუმის ნეკროზული ფაშიტიტი (ფურნიეს განგრენა). ეს ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც კანქვეშა ქსოვილს აზიანებს.
თუ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account