
იარინა გერმანიაში წარმოებული კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივია. მედიკამენტი გამოიყენება არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, პრეპარატი გამოიყენება აკნეს, სებორეის, ორგანიზმში სითხის ჰორმონული შეკავების დროს.
იარინა აპკიანი გარსით დაფარული აბია, რომელიც მიიღება პერორალური გზით. იგი შეიცავს ქალის ორი სხვადასხვა სასქესო ჰორმონის მცირე დოზას, კერძოდ — დროსპირენონსა (3 მგ) და ეთინილესტრადიოლს (0.003 მგ).
რა უნდა ვიცოდეთ იარინას მიღებამდე?
ძირითადი რეკომენდაციების თანახმად, პრეპარატი იარინა არ უნდა მივიღოთ მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან მისი მიღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან.
მნიშვნელოვანია, მკურნალ ექიმს გაუზიაროთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან მან სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების შედეგად უნდა განსაზღვროს მედიკამენტის მიღების აუცილებლობა.
გასათვალისწინებელია, რომ იარინას მიღება არ შეიძლება:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს: თრომბები (სისხლის კოლტები) სხეულის ამა თუ იმ არეში, სისხლის შედედების უნარის დარღვევა, ინფარქტის ან ინსულტის წინარე გამოცდილება, სტენოკარდია ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა. გარდა ამისა, იარინას მიღება არ შეიძლება, თუკი ახლო მომავალში გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ან თუ გაქვთ შეზღუდული მოძრაობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს: ღვიძლის დაავადებები ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ღვიძლის სიმსივნე, თირკმლების ფუნქციის მძიმე ან მწვავე დარღვევა, С ჰეპატიტი. ყურადსაღებია, რომ მედიკამენტის მიღება არ შეიძლება მაშინაც კი, თუკი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება წარსულში გაწუხებდათ.
- შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმის დროს, როდესაც თანდართულია სისხლძარღვთა დაზიანებები, გამოხატული მომატებული არტერიული წნევა, სისხლში ცხიმების (ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები) დონის გამოხატული მატება და მდგომარეობა, რომელსაც ეწოდებს ჰიპერჰომოცისტეინემია.
- შაკიკის ისეთი ფორმის დროს, რომელსაც ეწოდება „შაკიკი აურით“.
- სარძევე ჯირკვლის ან სასქესო ორგანოების კიბოს ან მათზე ეჭვის შემთხვევაში.
- იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საშოდან სისხლდენა, რომლის მიზეზიც არ არის დადგენილი.
- თუ გაქვთ ალერგია ეტინილესტრადიოლზე ან დროსპირენონზე ან იარინას შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ სხვა დამხმარე კომპონენტზე.
იარინას მიღების წესი
მედიკამენტ იარინას მიღებას ახასიათებს გარკვეული თავისებურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მისი მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს და მიიღოთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს 21 დღის განმავლობაში. მედიკამენტი შეგიძლიათ მიიღოთ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
მნიშვნელოვანია ტაბლეტის მიღება ბლისტერზე მითითებული კვირის დღეების მიხედვით.
აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მედიკამენტის მიღების 21 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს 7-დღიანი შესვენება. სწორედ აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა.
7-დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის შეწყვეტის ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად, საჭიროა მე-8 დღიდან ტაბლეტის მიღების განახლება ახალი შეფუთვიდან.
შესაბამისად, ყოველი ახალი შეფუთვის მიღებას იწყებენ კვირის ერთსა და იმავე დღეს, ხოლო მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა დაიწყება მიახლოებით თვის ერთსა და იმავე დღეს.
შენიშვნა: გამომდინარე იქედან, რომ იარინა უნდა მიიღოთ ყოველდღიურად და ამასთან, ზუსტად ერთსა და იმავე დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღვიძარა, რომელიც შეგახსენებთ მედიკამენტის მიღებას და თავიდან აიცილებთ აბის მიღების ჩავარდნას.
მედიკამენტი იარინას გვერდითი მოვლენები და არასასურველი რეაქციები
ნებისმიერი სხვა სამკურნალო მედიკამენტის მსგავსად, იარინასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები და შეუძლია არასასურველი რეაქციის გამოწვევა. გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იარინას მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ, გარდამავალია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ იარინას მიღების გვერდითი მოვლენები და არასასურველი რეაქციები ყველას არ უჩნდება.
ქვემოთ ჩამოთვლილია ის გვერდითი მოვლენები და არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს იარინას მიღებისას.
ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1-10 ქალს 100-დან):
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის, სარძევე ჯირკვლების ტკივილი;
- თავის ტკივილი, დეპრესიული/დათრგუნული გუნება-განწყობა;
- შაკიკი;
- გულისრევა;
- სქელი, მოთეთრო ფერის გამონადენი საშოდან და რძიანა.
არახშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1-10 ქალს 1000-დან):
- სარძევე ჯირკვლების გადიდება, სქესობრივი სწრაფვის ცვლილება;
- მომატებული არტერიული წნევა;
- დაბალი არტერიული წნევა;
- პირღებინება, დიარეა;
- ფერიჭამიები, კანის გამონაყარი, გამოხატული ქავილი, თმის ცვენა (ალოპეცია);
- ვაგინალური ინფექცია;
- სითხის შეკავება და სხეულის წონის ცვლილება.
იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1-10 ქალს 10000-დან):
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა);
- ასთმა;
- გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან;
- სმენის გაუარესება;
- კანის დაავადებები;
- საშიში თრომბები ვენაში ან არტერიაში;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- ინსულტი;
- მიკროინსულტი ან გარდამავალი, ინსულტის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც ცნობილია როგორც ტრანზიტორული იშემიური შეტევა;
- ღვიძლის, კუჭის/ნაწლავის, თირკმლების ან თვალების სისხლძარღვთა თრომბოზი.
თუ იარინას მიღებისას ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად იჩენს თავს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მედიკამენტის მიღების შეწყვეტა.
იარინა და მენსტრუაცია
როგორც ზემოთ აღინიშნა, იარინა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივია, რომელიც გამოიყენება არასასურველი ორსულობის თავიდან არიდების მიზნით, შესაბამისად, მისი მიღება აქტიურ კავშირშია ორსულობასთან და აქედან გამომდინარე, მენსტრუაციასთანაც.
მენსტრუაციასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ იარინა არ უნდა გამოიყენონ მოზარდმა გოგოებმა, რომელთაც ჯერ არ დაწყებიათ მენსტრუალური ციკლი და ქალებმა, რომელთაც დაეწყოთ მენოპაუზა.
იარინა და ორსულობა
რაც შეეხება იარინას მიღების კავშირს ორსულობასთან, მნიშვენლოვანია გავითვალისწონოთ შემდეგი ფაქტორები:
- იარინას გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციისას პირველი 6 თვის განმავლობაში;
- მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია მშობიარობიდან 3 კვირის შემდეგ, თუ დედა ძუძუთი არ კვებავს ბავშვს. ლაქტაციის შემთხვევაში მედიკამენტის მიღება იწყება ლაქტაციიდან 6 თვის შემდეგ;
- აბორტის შემთხვევაში პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება აბორტის გაკეთების დღიდან;
- ორსულობის განსაკუთრებით დიდი რისკი არსებობს იარინას საწყისი ან ბოლო აბების გამოტოვების შემთხვევაში. თუ გამოტოვეთ იარინას ერთ აბზე მეტი, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია;
- თუ იარინას კურსის მიღებებს შორის შესვენებისას მოსალოდნელი მენსტრუაცია არ იწყება. უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ახალი შეფუთვის მიღების დაწყებამდე საჭირო ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები იარინას მიღებისას
რადგანაც იარინას მიღება შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ გვერდით მოვლენებსა და არასასურველ რექაციებს, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან მედიკამენტის მიღებამდე ან მიღებისას გამოვლენილი ნებისმიერი არასასურველი რეაქციის დროს.
ექიმთან რაც შეიძლება სწრაფი კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
- თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ შეიცვალა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა (მაგალითად, ფეხზე დადებულია თაბაშირი), იგეგმება ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია (ექიმთან კონსულტაცია საჭიროა ოპერაციამდე მინიმუმ 4-6 კვირით ადრე);
- გამოვლინდა საშოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა;
- თუ დაგავიწყდათ პირველი კვირის შეფუთვიდან ტაბლეტის მიღება და სქესობრივი კავშირი გქონდათ მანამდე 7 დღით ადრე;
- თუ 2-ჯერ ზედიზედ არ აგქონიათ მორიგი მენსტრუაცია ან ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ (ექიმთან კონსულტაციამდე არ შეიძლება შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება).
პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა, თუ:
- შეამჩნიეთ თრომბოზის შესაძლო ნიშნები: პირველად აღმოცენებული უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც მარცხენა ხელში გადაიცემა; მოულოდნელად განვითარებული ქოშინი; უჩვეულოდ ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი, შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, დიპლოპია; მეტყველების დარღვევა ან აფაზია; სმენის, ყნოსვის ან გემოვნების უეცარი ცვლილებები; თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა; სხეულის ნებისმიერ ნაწილში მგრძნობელობის შესუსტება ან დაკარგვა; “მწვავე მუცლის” სიმპტომოკომპლექსი; ფეხის ძლიერი ტკივილი ან ფეხის უეცარი შეშუპება.
- გეგმავთ ქირურგიულ ოპერაციას (შეატყობინეთ ექიმს ოპერაციამდე 6 კვირით ადრე).
- გამოვლინდა ჰეპატიტი, სიყვითლე, ქავილი, გახშირდა ეპილეფსიური შეტევები, მოიმატა არტერიულმა წნევამ ან დადგა ორსულობა.
ჭარბი დოზირება და გამოტოვებული ტაბლეტის მიღება
გაითვალისწინეთ, რომ იარინას ჭარბ დოზირებას შესაძლოა ახასიათებდეს შემდგომი სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, ვაგინალური სისხლდენა.
მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა მოხდეს ისე, რომ დაგავიწყდეთ მისი მიღება. მსგავს მდგომარეობაში გაითვალისწინეთ:
- თუ იარინას მორიგი ტაბლეტის მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლებია: ამ შემთხვევაში იარინას კონტრაცეპციული მოქმედება ინახება. ტაბლეტის მიღება საჭიროა გახსენებისთანავე. შემდეგი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ დროს.
- თუ იარინას მორიგი ტაბლეტის მიღების დაგვაინება 12 საათზე მეტია: ამ შემთხვევაში იარინას კონტრაცეპციული ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ყოველი ახალი გამოტოვებული ტაბლეტი კიდევ უფრო ამცირებს კონტრაცეპციულ საიმედობას. საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25° C ტემპერატურაზე. გაითვალისწინეთ, რომ იარინა გაიცემა ექიმის დანიშნულებით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account