ფლოსტერონი — მედიკამენტი სახსრებისა და ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ

ფლოსტერონი (Flosteron) არის საინიექციო სუსპენზია, რომელიც სახსრებისა და ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატის აქტიური ნივთიერება, ბეტამეტაზონი, სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია — შესაბამისად, ის ხელს უშლის ორგანიზმში ანთების გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფას.

ფლოსტერონის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიშოკური, ანტიალერგიული, ანტიტოქსიკური, იმუნოდეპრესიული და მადესინსიბილიზირებელი (ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობის დაქვეითება ან გაქრობა მისთვის უცხო, უმეტესად ცილოვანი ბუნების ნივთიერების განმეორებითი შეყვანისას) მოქმედება.

აღსანიშნავია, რომ ფლოსტერონი ამპულებშია ხელმისაწვდომი და მისი ორგანიზმში შეყვანა ნემსის საშუალებით ხდება.

როგორია ფლოსტერონის გამოყენების წესი და დოზები?

ფლოსტერონის ინსტრუქცია გვეუბნება, რომ მისი მიღება ხდება პარენტერალური ხერხით (ეს გულისხმობს პრეპარატის ორგანიზმში შეყვანას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით, მაგალითად, კანში). ფლოსტერონი ნემსის საშუალებით შეჰყავთ სახსრებში, მათ სიახლოვეს, კანში, დაზიანებულ ქსოვილებში. გამონაკლის შემთხვევებში, პრეპარატის კუნთებში გაკეთებაც არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ფლოსტერონის ვენებში შეყვანა დაუშვებელია. ასევე, არ შეიძლება პრეპარატის გაკეთება ე. წ. აქილევსის მყესის არეში. ეს აკრძალვა ამ მყესის გაწყვეტის რისკითაა გამოწვეული.

ამასთან, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფლოსტერონის შეყვანა სახსრებში და მათ ირგვლივ სპეციალურად განსწავლულმა სპეციალისტმა უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება ფლოსტერონის დოზას, ის მოზრდილებისა და ბავშვებისათვის განისაზღვრება ინდივიდუალურად სახსრის ზომაზე, დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე, ასევე პაციენტის რეაქციაზე დაყრდნობით.

ფლოსტერონის შეყვანა სახსრებში და მათ სიახლოვეს:

  •       ძალიან მსხვილ სახსრებში (მენჯ-ბარძაყის) — 1-2 მლ;
  •       მსხვილ სახსრებში (მუხლის, წვივტერფის, მხარის) — 1 მლ;
  •       საშუალო ზომის სახსრებში (მაჯის, იდაყვის) — 0.5-1 მლ;
  •       წვრილ სახსრებში (მაჯა-ფალანგის, ფალანგშორისი, მკერდ-ლავიწის) — 0.25-0.5მლ.

აღსანიშნავია, რომ მწვავე პოდაგრული ართრიტისას გამოყენებული დოზა 0.5-1 მლ-ს შეადგენს.

მსხვილ სახსრებში შეყვანისას კი უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთ სახსარში ფლოსტერონის ნემსის გაკეთება შეიძლება არა უმეტეს 3-4-ჯერ წელიწადში.

რაც შეეხება დაზიანების კერაში მედიკამენტის შეყვანას, (გაითვალისწინეთ: კანში და არა კანქვეშ), ამ შემთხვევაში ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0.2 მლ/სმ2-ს, ხოლო ყველა დაზიანებულ უბანში მთლიანობაში შესაყვანი ყოველკვირეული დოზა კვირაში 1 მლ-ს არ უნდა აჭარბებდეს.

ადგილობრივი ინფილტრაცია:

  •       როდესაც პაციენტს აწუხებს ბურსიტი — 0.25-1 მლ (მწვავე სტადიაში 2 მლ-მდე);
  •       ტენდოსინოვიიტის, ტენდინიტის შემთხვევაში — 0.5 მლ;
  •       ფიბროზიტის მკურნალობისას — 0.5-1 მლ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ:

  •       პრეპარატის განმეორებით შეყვანა ხდება ყოველ 1-2 კვირაში.
  •       აუცილებლობის შემთხვევაში ფლოსტერონის ადგილობრივ ანესთეტიკთან ერთ შპრიცში შერევა შეიძლება.
  •       გამოხატული ალერგიული დაავადებების დროს სისტემური შეყვანისას შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ერთჯერადი დოზა 1-2 მლ (კუნთებში, მაგრამ არა ვენებში).
  •       დუნდულის არეში ფლოსტერონის კუნთებში შეყვანა ხდება ღრმად.
  •       3-5 წლის ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს, რაც პრეპარატის 0.3 მლ-ს შეესაბამება. 6-12 წლის ასაკის ბავშვებში დოზა 4 მგ-ია (შეესაბამება მედიკამენტის 0.5-0.6 მლ-ს).

რა გვერდითი მოვლენები აქვს ფლოსტერონს?

ფლოსტერონით გამოწვეული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და გამოხატულება დოზის სიდიდეზე, გამოყენების ხანგრძლივობასა და პრეპარატის დანიშვნის ცირკადული რითმის (ბიოლოგიური პროცესებისა და მოვლენების ინტენსივობისა და ხასიათის განმეორებადი ცვლილებები, რომლის პერიოდიც 20-28 საათს შეადგენს. ხშირ შემთხვევაში, ცირკადულ რითმებს მიაკუთვნებენ სადღეღამისო რითმებს) დაკვირვების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

ფლოსტერონის გვერდითი ეფექტების სია საკმაოდ ვრცელია, ამიტომ ყველაზე გავრცელებულ მაგალითებს შემოგთავაზებთ:

  •       კანის ქავილი, გამონაყარი, კანის გათხელება, სტრიები;
  •       ადგილობრივი ალერგიული რეაქციები;
  •       თავის ტკივილი;
  •       ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  •       დეპრესია;
  •       პრეპარატის შეყვანის ადგილის დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი, წვა;
  •       კუნთების სისუსტე;
  •       პირღებინება;
  •       ტკივილი მუცლის არეში.

 

როგორია ფლოსტერონის უკუჩვენებები?

ფლოსტერონი იწვევს უკუჩვენებებს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

  •       ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეტაზონის ან ფლოსტერონის სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  •       კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული, ასევე ახლო წარსულში წარმოქმნილი ნაწლავური ანასტამოზი, დივერტიკულიტი;
  •       ტუბერკულოზი;
  •       ოსტეოპოროზი;
  •       გლაუკომა;
  •       თრომბოფლებიტი;
  •       შაქრიანი დიაბეტი;
  •       მწვავე ვირუსული, სოკოვანი, ბაქტერიული სისტემური ინფექციები (იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი თერაპია არ ტარდება);
  •       ვაქცინაციამდელი და პოსტვაქცინური პერიოდი (იგულისხმება ვაქცინაციამდე 8 კვირა და ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირა);
  •       იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა (კუნთებში შეყვანა);
  •       მდგომარეობები მძიმე ტრავმებისა და ქირურგიული ოპერაციების შემდეგ;
  •       იცენკო-ქუშინგის სინდრომი;
  •       სახსრებში ანთების ნიშნების არარსებობა (ე. წ. „მშრალი“ სახსარი, მაგალითად, ოსტეოართროზის დროს სინოვიიტის გარეშე);
  •       წარსულში გაკეთებული ართროპლასტიკა;
  •       სახსრებში მიმდინარე ინფექციური (სეპტიკური) ანთებითი პროცესი, ასევე პერიარტიკულარული ინფექციები (მათ შორის ანამნეზში);
  •       ძვლების მოტეხილობა სახსრებში;
  •       სახსრების დეფორმაცია და გამოხატული ძვლოვანი დესტრუქცია (სახსრებსშორისი ნაპრალის მკვეთრი შევიწროება, ანკილოზი);
  •       სახსრის არასტაბილურობა, როგორც ართრიტის საწყისი;
  •       პათოლოგიური სისხლდენა, რომელიც ენდოგენურია ან ანტიკოაგულანტების გამოყენებით არის გამოწვეული.
  •       ძვლების ეპიფიზების მაფორმირებელი სახსრების ასეპტიკური ნეკროზი;   

რაც შეეხება ორსულობას, მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც  დედისათვის მოსალოდნელი პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის თერაპიის პოტენციურ რისკს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აუცილებელია კონსულტაციის ექიმთან გავლა.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდები მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. შესაბამისად, ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია არ არის რეკომენდებული.

გარდა ამისა, ფლოსტერონი შეიცავს ბენზილის სპირტს, ამის გამო პრეპარატი უკუჩვენებას იწვევს ახალშობილებსა და 3 წლამდე ბავშვებში.