
სიცხე სხეულის ტემპერატურის მატებაა, რასაც ხშირად ანთებითი და ინფექციური დაავადებები იწვევს. ეს არის სხეულის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმის ნაწილი, რომელიც მას პათოგენებთან ბრძოლაში ეხმარება, როგორიცაა ბაქტერიები ან ვირუსები.
მაღალ სიცხეს უმთავრესად იწვევს ისეთი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები, როგორიცაა გაციება, გასტროენტერიტი, სასუნთქი გზების, ყურისა და საშარდე გზების ინფექციები.
სხეულის საშუალო ნორმალური ტემპერატურა იღლიაში გაზომვისას 36.1 ºC-დან 37.2 ºC-მდე მერყეობს. მაღალ სიცხედ კი საყოველთაოდ არის მიჩნეული:
- რექტალური ტემპერატურა 38ºC-ს ზემოთ
- იღლიის ტემპერატურა 37.2ºC-ს ზემოთ
- ყურის (დაფის აპკის) ტემპერატურა-ს 38ºC ზემოთ
- შუბლის (საფეთქლის არტერიის) ტემპერატურა 37,4ºC-ს ზემოთ
- ორალური ტემპერატურა 37.8ºC-ს ზემოთ
სიცხის თანმხლები სიმპტომები
მაღალმა სიცხემ შესაძლოა, შემცივნება ან კანკალი გამოიწვიოს, გარდა ამისა, ასეთ დროს ზოგჯერ იმატებს ოფლიანობა.
მაღალი სიცხის მქონე პაციენტები ხშირად უჩივიან უმადობას, ასევე ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავისა და კუნთების ტკივილი. ამასთან ერთად, ცხელებისთვის დამახასიათებელია ზოგადი სისუსტე. სიცხის სიმპტომებს შორისაა გაღიზიანებაც.
ეს სიმპტომები ზოგი პაციენტის შემთხვევაში მეტად არის გამოხატული, ზოგთან კი ნაკლები სიძლიერით იჩენს თავს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სიმპტომების სიმძიმე ცხელების გამომწვევს დაავადებაზეც არის დამოკიდებული, ასევე მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს.
მაღალი სიცხე ბავშვებში
პატარებში სხეულის ტემპერატურის მატების მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექცია ან სხვა დაავადებები, რაც დიდების შემთხვევაშიც იჩენს თავს. გარდა ამისა, იმუნიზაციის, აცრის შემდგომი სიცხე ბავშვებში საკმაოდ ხშირია.
ბავშვებში სხეულის ტემპერატურის მომატების მიზეზი ზოგჯერ გადახურება ხდება. მაგალითად, სიცხემ ჩვილს შესაძლოა აუწიოს თბილად ჩაცმის ან ოთახის მაღალი ტემპერატურის გამო, ვინაიდან მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ არეგულირებს საკუთარ ტემპერატურას.
ტემპერატურის მომატებისას ბავშვებს, ჩვეულებრივ, ამცივნებთ, დაკლებისას კი ოფლი სდით. ამ უკანასკნელის მეშვეობით სხეული ზედმეტ სითბოს გამოყოფს. სიცხის დროს პატარები აჩქარებით სუნთქავენ და გახშირებული აქვთ გულისცემა.
37.2 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ორგანიზმის ერთ-ერთი დამცველობითი რეაქციაა, ჯანმრთელ ბავშვებში მძიმე პათოლოგიაზე იშვიათად მიუთითებს. თანაც აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურა ინფექციებს ებრძვის, რაც ტემპერატურის ზღვრულ ფარგლებში, სასარგებლოც კია.
რაც შეეხება სიცხის გაზომვას, სპეციალისტების დაკვირვებით, ბავშვში რექტალური ტემპერატურა ყველაზე ზუსტია. ზოგჯერ იღლიაში, ყურში ან შუბლზე გაზომილი სიცხის მაჩვენებლის რექტალური ან ორალური ტემპერატურით გადამოწმება ხდება საჭირო.
ამასთან, სხეულის ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება საერთოდ არ მიანიშნებდეს მძიმე ინფექციაზე. უფრო მეტიც, მაგალითად, ჩვილებში მძიმე ინფექციის დროს ზოგჯერ ტემპერატურა არათუ იზრდება, არამდე 36.1 გრადუსზე ქვემოთაც ჩამოდის.
მეორე მხრივ კი, ჩვეულებრივმა ვირუსულმა ინფექციამ, რომელიც, როგორც წესი სერიოზულ გართულებებს არ წარმოქმნის, შესაძლოა, სხეულის ტემპერატურის 40 გრადუსამდე გაზრდა გამოიწვიოს.
როგორ დავუგდოთ ბავშვს მაღალი სიცხე?
სამ თვემდე ასაკის ჩვილი, რომლის რექტალური ტემპერატურა 38ºC-ს ან მეტს შეადგენს, ექიმს აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ. ასეთ დროს სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე პატარისათვის სიცხის დამწევი მედიკამენტების მიცემა არ შეიძლება.
თუ უფრო დიდი ასაკის ბავშვებში სხეულის ტემპერატურა 38.5 გრადუსს არ აღემატება, უმრავლეს შემთხვევებში, სიცხის დამწევი აუცილებელი არ არის. თუმცა, როდესაც სამი თვიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვს 39 გრადუსზე მაღალი სიცხე აქვს, ექიმისგან მითითებების მიღებაა რეკომენდებული.
სიცხის დროს არ არის აუცილებელი ბავშვის თბილად შემოსვა, პირიქით, საჭიროა მისი გაგრილება, რათა სხეულმა სითბო ადვილად გამოყოს და ტემპერატურამ დაიწიოს. საჭიროა ოთახის ტემპერატურის დაბალანსება, რომ არც ცხელოდეს და არც ციოდეს.
მაღალი სიცხის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებულია ჩვეულებრივზე მეტი სითხის მიღება, თუმცა არ შეიძლება კოფეინიანი სასმელები, რომლებიც შარდმდენი მოქმედებით ხასიათდება და დეჰიდრატაციის საფრთხე წარმოქმნის.
რაც შეეხება მედიკამენტებს, სიცხის დამწევი ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა იბუპროფენი, რომელიც მხოლოდ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის რეკომენდებული. უფრო პატარა, სამი თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ტემპერატურის დასაწევად იყენებენ ნუროფენის სუსპენზიას.
მაღალი სიცხე დიდებში
დიდებში სიცხის გამომწვევ მიზეზებს შორისაა ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები, როგორიცაა საშარდე გზების ინფექციები, გრიპი და გაციება. ამასთან ერთად, მოზრდილებში სხეულის ტემპერატურის მატება შეიძლება აღინიშნოს რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში.
ზოგჯერ სიცხის გამომწვევი მიზეზი ხდება გარემოს ძალიან მაღალი ტემპერატურა, რაც სითბურ დარტყმას იწვევს.
დიდებში სხეულის ტემპერატურის მატება ასევე შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შემდეგ. პრეპარატების ნაწილს სიცხე უკუჩვენებებს შორის აქვს მითითებული.
გარდა ამისა, პატარების მსგავსად, დიდებშიც ხშირია ვაქცინაციის შემდგომი ცხელება.
სპეციალისტების რეკომენდაციით, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ მაღალი სიცხე სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აღინიშნება, სხეულის ტემპერატურა 39.4°C-ს აჭარბებს და თანმხლები მძიმე სიმპტომებით ხასიათდება, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან დაბნეულობა.
როგორ დავწიოთ სიცხე დიდებში?
ზოგადად, ორგანიზმში სითბოს დარეგულირებაზე ჰიპოთალამუსია პასუხისმგებელი. ის ტემპერატურის მატების ან დაცემის შესახებ ინფორმაციას კანში თავმოყრილი თერმორეცეპტორების დახმარებით იღებს. როდესაც ჰიპოთალამუსამდე ტემპერატურის მატების სიგნალი მიდის, ნერვულ-ენდოკრინული ჰორმონების ზემოქმედებით, ოფლის გამოყოფა და სითხის აორთქლება ძლიერდება, შედეგად კი, სხეულის ტემპერატურა მცირდება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მას სითბოს დასარეგულირებლად გარეშე დახმარება სჭირდება.
დიდებში მაღალი სიცხის შემთხვევაში, დეჰიდრატაციის გამოსარიცხად, რეკომენდებულია სითხეების ნორმალურზე მეტი დოზით მიღება. ასევე აუცილებელია დასვენება, რათა ორგანიზმმა სიცხის გამომწვევ მიზეზთან გამკლავება სწრაფად და ეფექტიანად შეძლოს.
თუ სხეულის ტემპერატურის გამომწვევი მიზეზი ინფექციაა, შესაძლოა საჭირო გახდეს ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობა. მკურნალობის კურსის სწორად შესარჩევად ექიმთან კონსულტაცია უმჯობესია.
სიცხის დასაწევად, როგორც 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, იბუპროფენს მოზრდილებშიც ხშირად იყენებენ. ის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება. იბუპროფენს, რომელიც აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება ახასიათებს.
დაბალი სიცხე
დაბალი სიცხე სხეულის ტემპერატურის ზომიერ მატებას გულისხმობს, რაც ხშირად მსუბუქ ინფექციაზე ან ანთებაზე მიმანიშნებელია. თუმცა ის ასევე შეიძლება წარმოიშვას სხვა მიზეზების გამო, ამიტომ მაღალ სიცხეზე არანაკლებ საყურადღებოა. ჩვეულებრივ, დაბალ სიცხედ 37.2ºC-დან 38°C-ს შორის ტემპერატურაა მიჩნეული.
სხეულის ტემპერატურის ზომიერი ზრდა დამატებით შეიძლება აღინიშნოს სტრესის დროს. გარდა ამისა, დაბალი სიცხე დამახასიათებელია ჰორმონალური ცვლილებებისთვის და ზოგჯერ თავს იჩენს ქალებში მენსტრუალური ციკლის ან მენოპაუზის პერიოდში.
ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ცხელება, როგორც გვერდითი ეფექტი.
თუ დაბალი სიცხე გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს ან თან ახლავს სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ტკივილი ან მუდმივი დაღლილობა, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო გამოკვლევა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account