
ფიზიოტენზი მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტია, რომელიც ექიმის დანიშნულებით (რეცეპტით) გაიცემა. მისი თვითნებურად მოხმარება არ არის რეკომენდებული.
მედიკამენტი ტაბლეტების ფორმით იყიდება - როგორც წესი, ფიზიოტენზის ტაბლეტები ორივე მხრიდან ამობურცული, შუაში ღარის მქონე შეფერილი საშუალებებია.
წამლის შედგენილობა და ფორმა
ფიზიოტენზის მთავარი აქტიური ინგრედიენტი მოქსონიდინია. მის გარდა ფიზიოტენზის შემადგენლობაში შედის: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროპსოვიდონი, მაგნიუმი სტეარატი, ჰიპრომელოზა, ეთილცელულოზა, მაკროჰოლი, სალმანდი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი და ტიტანისდიოქსიდი.
ცნობილია, რომ აქტიური ნივთიერება მოქსონიდინი ამცირებს სისტემურ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და არტერიულ წნევას. ამას მრავალი კვლევა ადასტურებს. გარდა ამისა, მოქსონიდინი 21%-ით აუმჯობესებს ინსულინზე მგრძნობელობის ინდექსს ინსულინრეზისტენტულ, ზომიერი ხარისხის არტერიული წნევის მქონე და ჭარბი წონის პაციენტებში.
აფთიაქებში ფიზიოტენზი ორი დოზირებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი - ესაა 0.2მგ-იანი და 0.4 მგ-იანი ტაბლეტები. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში მედიკამენტი ორი სხვადასხვა ქვეყნის წარმოებისა რეალიზდება - ფრანგული და ირლანდიური.
ფრანგული წარმოების ეს მედიკამენტი ორი დოზით - 0.2 და 0.4 მილიგრამიანები გვხვდება. ტაბლეტები, როგორც წესი, შეფერილია - ღია ვარდისფერი, მოწითალო ან ყავისფერი. შეფუთვაში კი 14 ასეთი ტაბლეტია.
ირლანდიური ფიზიოტენზი პსპ-ში 0.4მგ-იანი ტაბლეტებითაა წარმოდგენილი. ფრანგულის მსგავსად, ისიც შეფერილია, თუმცა, შეფუთვაში 28 ტაბლეტი გვხვდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანაში წარმოებული პრეპარატი იდენტური მოქმედებისაა, კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ შეფუთვაში არსებული ანოტაცია ყოველი მათგანისთვის გამოიყენოთ - ასე, მაგალითად, თუკი კითხვა გაჩნდა წამლის 0.4მგ-იანი ფორმის შესახებ, პირველ ეტაპზე პასუხები შეიძლება ფიზიოტენზი 0.2 ანოტაციაშიც იპოვოთ. თუმცა, აუცილებელია ნებისმიერი დეტალი ექიმთანაც გადავამოწმოთ.
ჩვენს საზოგადოებაში ხშირადაა გავრცელებული მითები, რომ კონკრეტული ქვეყნის წარმოების მედიკამენტები უკეთესი, ან პირიქით, ნაკლებად ეფექტიანია. მსგავსი დაუდასტურებელი ინფორმაციაა ისიც, რომ ფიზიოტენზი თურქული წარმოების უფრო ეფექტიანია, ვიდრე სხვები. რეალურად კი პსპ-ს ქსელში არსებული ყველა პრეპარატი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და ეფექტიანობის მხრივ მწარმოებელ ქვეყანას მნიშვნელობა არ ენიჭება.
ფიზიოტენზის ანოტაცია და დოზირება
მედიკამენტის გამოყენების წესისა და ინდივიდუალური დოზირების შესახებ აუცილებლად დაუსვით კითხვა ექიმს, რადგანაც ზოგადად არსებული წესების მიუხედავად, შესაძლოა, მკურნალობა ინდივიდუალურად იყოს შერჩეული.
პრეპარატის ინსტრუქცია კი, ზოგადად, გვეუბნება, რომ ის პერორალური მიღებისაა. ეს ნიშნავს, რომ ტაბლეტები წყლის საშუალებით უნდა გადავყლაპოთ.
ფიზიოტენზის მიღების წესი ასეთია - მედიკამენტის საწყისი დოზა დღეში 0.2მგ-ია. მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება იყოს 0.6 მგ, თუმცა, ამ რაოდენობით ერთად მიღება დაუშვებელია. წამლის ერთჯერადი მაქსიმალური დოზა 0.4 მგ-ს შეადგენს.
განსხვავებულია წამლის დღიური დოზა სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებში. მაგალითად, თირკმლის უკმარისობის მქონეთათვის (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის საწყისი დღიური დოზა 0.2 მგ-ია, თუმცა, მაქსიმალური დღიური დოზა ამ შემთხვევებში 0.4მგ-ს არ აჭარბებს. თუმცა, ეს დოზაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი დგას ამის საჭიროება და პაციენტმა პრეპარატის კარგი ამტანობა აჩვენა.
ვინ არ უნდა მიიღოს ფიზიოტენზი?
მედიკამენტი, პირველ რიგში, არ ინიშნება 16 წლამდე პაციენტებში. რადგან არ არსებობს კვლევები, რაც მის უსაფრთხოებას ან, პირიქით, რაიმე ტიპის მავნე ზეგავლენას გამოააშკარავებდა.
კიდევ ერთი რისკჯგუფია ორსულები - ადამიანის ორსულობაზე, პოსტნატალურ პერიოდსა და ნაყოფის განვითარებაზე ფიზიოტენზის გავლენა კლინიკურად შესწავლილი არ არის, ამიტომაც, რეკომენდებულია მისი მიღების შეწყვეტა.
ორსულებში ფიზიოტენზის მიღება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დედისთვის მოტანილი სარგებელი ცალსახად აღემატება არსებულ რისკებს.
მედიკამენტის მოქმედი ნივთიერება მოქსონიდინი აღწევს დედის რძეშიც, ამიტომაც ლაქტაციის პერიოდში ფიზიოტენზის მიღება წყდება.
აუცილებელია მკურნალმა ექიმმა აკონტროლოს, თუ რა რეაქცია აქვს ორგანიზმს ფიზიოტენზით მკურნალობაზე. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მედიკამენტმა იმოქმედოს ავტომობილის მართვის უნარზე - ამიტომაც ინდივიდუალურ დონეზე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დროებით ავტოტრანსპორტის მართვაზე უარის თქმა.
პრეპარატის გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა ნებისმიერ პრეპარატს, ფიზიოტენზსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. მართალია, ეს უკურეაქციები პაციენტებში იშვიათად ვლინდება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაციის ქონა აუცილებელია.
გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
- ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია;
- კუჭ-ნაწლავის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა;
- კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება;
- ზოგადად: ასთენია (მარტივად დაღლა, უენერგიობა, სისუსტე).
როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომები თავს იჩენს მკურნალობის კურსის საწყის ეტაპზე და შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში, მცირდება. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია, თუკი გაესაუბრებით მკურნალ ექიმს და მასთან ერთად გადაწყვეტთ, როგორ რეჟიმში გაგრძელდეს თერაპია.
გარდა გვერდითი ეფექტებისა, შესაძლოა მკურნალობის კურსის ან ერთჯერადი მიღების დროსაც მედიკამენტი ჭარბი დოზირებით მიიღოთ. ამის სიმპტომები კი შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, სედაცია, ძილიანობა, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), პირის სიმშრალე, გულისრევა, დაღლა და ტკივილი კუჭის არეში. პოტენციურად შესაძლებელია არტერიული წნევის ხანმოკლე ზრდა, ტაქიკარდია ან ჰიერგლიკემია.
ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაშიც მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას. ფიზიოტენზის ჭარბი დოზირების წინააღმდეგ კონკრეტული ანტიდოტი არ არსებობს - გაიდლაინები კი გვეუბნება, რომ მკურნალობა სიმპტომატურად მიმდინარეობს.
მაგალითად, რეკომენდებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდა სითხის გადასხმის და დოპამინის მიღების ხარჯზე. თუკი განვითარდა ბრადიკარდია, მისი მოხსნა ატროპინის საშუალებით არის შესაძლებელი, ალფა - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებით კი შესაძლებელია მოქსონიდინით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის მოხსნა.
კონკრეტულად რომელი მედიკამენტები შეიძლება მიიღოთ - ამის შესახებ სჯობს მკურნალ ექიმს გაესაუბროთ და მან თქვენი ინდივიდუალური სამკურნალო გეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account