რა უნდა ვიცოდეთ პარაცეტამოლის გამოყენებამდე?

პარაცეტამოლი რისი წამალია, ალბათ, ყველას გაუგია და, ასე თუ ისე, მოხმარებაც ბევრმა იცის. თუმცა, მისი ხშირი გამოყენება და გავრცელებულობა არ ნიშნავს, რომ მედიკამენტს სიფრთხილით არ უნდა მოვეკიდოთ.

პარაცეტამოლი სიცხის დროს მიიღება დამწევ საშუალებად, ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ძალიან სუსტად, მაგრამ, აქვს ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედების უნარიც. თუმცა, ამ უკანასკნელი დანიშნულებით იშვიათად თუ მოიხმარენ და ძირითადად, პარაცეტამოლი ტკივილგამაყუჩებლად და სიცხის დამწევად გამოიყენება.

პრეპარატი სიმპტომური მკურნალობისთვის  

მედიკამენტი სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება — ეს ნიშნავს, რომ პარაცეტამოლის მიღების წესი რეგულარული არ შეიძლება იყოს. ეს პრეპარატი განკუთვნილია პერიოდული, სუსტი ან ზომიერი ტკივილისთვის, როგორიც შეიძლება იყოს კუნთების, წელის, კბილისა და მენსტრუალური ტკივილი. მისი მიღება არ არის რეკომენდირებული სიცხის ნებისმიერ ცვლილებაზეც. 

პრეპარატის გამოყენებამდე უმჯობესი იქნება, თუკი ექიმთან ან ფარმაცევტთან მაინც გავივლით კონსულტაციას და ზუსტად დავადგენთ, სხეულის რა ტემპერატურაზე არის უმჯობესი მედიკამენტის მიღება.

პარაცეტამოლი პსპ-ს სააფთიაქსო ქსელში შეგვიძლია შევიძინოთ. აქ მომხმარებელს პრეპარატი დახვდება როგორც ტაბლეტების, ისე სუსპენზიისა და ე.წ. სანთლების სახით (სამედიცინო ენაზე სანთლების ნაცვლად შეიძლება შეგვხვდეს სიტყვა „სუპოზიტორია“).

პარაცეტამოლის ტაბლეტები ყველაზე ხშირად 500მგ-იანი ტაბლეტების სახითაა ხელმისაწვდომი. პარაცეტამოლის 500 მგ-იანი ტაბლეტი შეიძლება შეიცავდეს ისეთ დამატებით ნივთიერებებს, როგორიცაა პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი და სხვა. 

პარაცეტამოლის სუსპენზია (უფრო გავრცელებული, როგორც პარაცეტამოლის სიროფი) როგორც წესი, პატარებისთვის გამოიყენება. აღნიშნული პარაცეტამოლის დოზირებაც შესაბამისია. მაგალითად, პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ 125 მლ-იანი სიროფის შეძენა. 

რაც შეეხება პარაცეტამოლის სანთელს (სუპოზიტორიას) — პსპ-ში მისი 250 და 100მგ-იანი სახეობები შეგხვდებათ. დოზიდან გამომდინარე, ე.წ. სანთლებიც, უმეტესად, ბავშვებისთვის გამოიყენება.

მიღების წესი 

პარაცეტამოლი ურეცეპტოდ გაიცემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სპეციალისტთან არ უნდა გავიაროთ კონსულტაცია მიღების წესების შესახებ. 

პარაცეტამოლის სხვადასხვა სახეობას, იქნება ეს ტაბლეტი, სუსპენზია თუ სუპოზიტორია (ე.წ. სანთელი) განსხვავებული მიღების წესი აქვს. ასე, მაგალითად, დაბალდოზიანი სუსპენზია უმეტესად პატარებში გამოიყენება და პარაცეტამოლის 500 მგ-იანი ტაბლეტები 12 წლამდე ბავშვებში არ ინიშნება.

ტაბლეტები მოზრდილებში ინიშნება  500 მგ 3-4-ჯერ დღეში, თუმცა, 5 დღეზე მეტ ხანს მისი მიღება რეკომენდებული არ არის. 6 წლის ასაკიდან პარაცეტამოლი ბავშვებში 250-500 მგ ინიშნება, 1-3-ჯერ დღეში - მკურნალობა კი სამ დღეზე დიდხანს არ გრძელდება. 

პარაცეტამოლი ბავშვისთვის 

პარაცეტამოლის საბავშვო ხაზი საკმაოდ მრავალფეროვანია. პარაცეტამოლის სუსპენზია, იგივე სიროფი, 12 წლამდე ბავშვებში გამოიყენება. მედიკამენტის მიღებამდე, უმჯობესია, კონსულტაცია ექიმთან გავიაროთ. მისი მიღების დოზა ბავშვის წონის მიხედვით განისაზღვრება და მიიჩნევა, რომ 24 საათში 60 მგ/კგ დოზირებით უნდა იქნას გამოყენებული, ანუ საშუალოდ ოთხი გამოყენების შემთხვევაში — 15 მგ/კგ ყოველ 6 საათში. 

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დოზირება ბავშვის ასაკის მიხედვით იცვლება. 3 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დაშვებულია 2,5-5მლ (60-120 მგ) 3-4 ჯერ დღეში,1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5-10 მლ (120-240 მგ) 3-4 ჯერ დღეში, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს კი 10-20 მლ-ის  (240-480 მგ) მიღება შეუძლიათ, 3-4 ჯერ დღეში. 

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სანთლის გამოყენება ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი აქაც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დოზირებისათვის არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ბავშვის ასაკი; ამ დროს დიდ როლს ასრულებს მისი წონაც. ე.წ. სანთლის გამოყენებისას უნდა ვიცოდეთ, რომ პარაცეტამოლის სანთელი 250-იანი გამოიყენება მხოლოდ 13-20კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის, ხოლო 100მგ-იანი სანთელი — 5-8კგ სხეულის მასის მქონე ჩვილებში. 

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ თვითნებურად გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად უმჯობესი იქნება, პედიატრს დავუკავშირდეთ. თუკი ბავშვის წონა და ასაკი განსხვავებულ დოზებს მოითხოვს, უკეთესი იქნება, კონსულტაცია ექიმთან გავიაროთ.

ანოტაცია და გვერდითი მოვლენები 

პარაცეტამოლის ანოტაცია გვეუბნება, რომ პრეპარატს სხვადასხვა უკუჩვენება, ან გვერდითი ეფექტი, შეიძლება მოჰყვეს.  გარდა ამისა, შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი რეაქციებიც, რაც შესაძლო უკუჩვენების ან გვერდითი ეფექტების გრაფაში ვერ იპოვოთ – ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში უნდა დავუკავშირდეთ ექიმს.

ტაბლეტების მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, გულისრევა. დიდი დოზის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიკური მოქმედება. 

ამავე ტაბლეტების მიღების უკუჩვენებებია: 

  • მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;
  • ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
  • სისხლის სისტემის დაავადებები; 
  • ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი.

სუპოზიტორიის  (ე.წ. სანთლის) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქციები შესაძლო სიმპტომებით, მათ შორის სახის და ყელის უეცარი შეშუპება, ან უეცარი დისკომფორტი და არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება, მიმართეთ თქვენს ექიმს და აღარ მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები.
  • იშვიათად გამოვლინდა ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებდნენ სისხლის ანალიზს: სისხლის კონკრეტული თეთრი უჯრედების, ან სისხლის სხვა უჯრედების, მაგ. თრომბოციტების, პათოლოგიურად დაბალი მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა ცხვირიდან, ან ღრძილებიდან. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. 
  • ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის პრობლემები.

სიროფის, იგივე სუსპენზიის გამოყენებასაც, შესაძლოა, ახლდეს გვერდითი მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რეაქციები ძალიან იშვიათად არის აღწერილი და ყველა პაციენტში არ ვლინდება, პრეპარატის მიღებისას მაინც ყურადღების გამოჩენაა საჭირო. გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს თრომბოციტებისა თუ ლეიკოციტების შემცირება.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში აგრანულოციტოზი, ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, უფრო ხშირად კანის მხრიდან – ქავილი და სხვადასხვა სახის გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება იმ პაციენტებში, ვისაც ასპირინის და სხვა არასტეროიუდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ალერგიულობა ახასიათებთ. 

გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან   — გულის რევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. გარდა ამისა, მაღალი დოზების ხშირმა მოხმარებამ, შესაძლოა, თირკმელების ფუნქციის დარღვევამდე მიგვიყვანოს ან გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, ტოქსიური ჰეპატიტი.

მნიშვნელოვანი ასპექტია მედიკამენტის ჭარბი დოზით მიღებაც. დასაშვებზე მეტი პარაცეტამოლის მიღებამ, შესაძლოა, ღვიძლის მძიმე დაზიანება ან ღვიძლის კომაც კი გამოიწვიოს. ამის ნიშნები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ძილიანობა, ტკივილი მუცლის არეში. ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს ან გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

ორსულებში და ლაქტაციის დროს

რამდენად მიზანშეწონილია პარაცეტამოლის ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის გამოყენება? — ექიმები გვირჩევენ, რომ პრეპარატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, თუკი დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე მოსალოდნელ უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

ორსულობისას პარაცეტამოლის მიღებისას შესაძლოა, არსებობდეს, განსაკუთრებული შემთხვევები — ძალიან მაღალი სიცხე, აუტანელი ტკივილი და ნებისმიერი სხვა ჩვენება, რასაც ექიმი ჩათვლის შესაბამის მდგომარეობად. ასეთ დროს ორსულმა შეიძლება მიიღოს პარაცეტამოლის ძალიან პატარა დოზა, რაც ტკივილს შეამცირებს, ან სიცხის დამწევად იმუშავებს. ზოგადად კი პარაცეტამოლის გამოყენება ორსულობის პირველ სამ თვეში დაშვებული არ არის.

ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება სადღეღამისო დოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის საგულდაგულოდ დაცვის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პარაცეტამოლს აქვს უნარი, მოხვდეს დედის რძეში — სწორედ ამიტომ, მისი სპეციალისტის ზედამხედველობის გარეშე მიღება მიზანშეწონილი არ არის.