
ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ცილებთან, ცხიმებთან, ნახშირწყლებთან და მინერალებთან ერთად, უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ვიტამინები. ისინი ძირითადად მცენარეული და ცხოველური საკვების მეშვეობით ხვდება ორგანიზმში, თუმცა ზოგჯერ საჭირო რაოდენობის ვიტამინების მისაღებად მხოლოდ კვება არ არის საკმარისი და აუცილებელი ხდება მათი დეფიციტის შევსება კვებითი დანამატის დახმარებით.
ბუნებაში 20 -ზე მეტი ვიტამინი არსებობს, მათი დიდი არჩევანია ასევე ფარმაცევტულ ბაზარზე. თუმცა ვიტამინების უკონტროლოდ და თვითნებურად მიღება არ შეიძლება. კონკრეტული ვიტამინი ადამიანმა მხოლოდ მისი დეფიციტის შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ ფოლიუმის მჟავაზე და მის როლზე ადამიანის ჯანმრთელობაში, ასევე ფოლიუმის პრეპარატებზე.
როდის არის აუცილებელი ფოლიუმის მჟავის მიღება და რას უზრუნველყოფს იგი ადამიანის ორგანიზმში?
ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობის მიღება შესაძლებელია დაბალანსებული (ფოლატის მაღალი შემცველობის პროდუქტით) კვების საშუალებით. თუმცა ამ პროდუქტების არასაკმარისად მიღების ან გაზრდილი საჭიროების მდგომარეობების დროს, ადამიანებმა, რომლებიც არიან ფოლის მჟავას დეფიციტის რისკის ქვეშ, დამატებით უნდა მიიღონ ფორტიფიცირებული საკვები, პროდუქტები ან ფოლის მჟავას პრეპარატები.
ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის ვიტამინია (ვიტამინი B9), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და აუცილებელია სისხლ-წარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება.
რას წარმოადგენს ამვილაბი ფოლის მჟავა?
ამვილაბი ფოლის მჟავა 400 მკგ (ფოლატი, L მეტილფოლატი, 5 - მეთილტეტრაჰიდროფოლატი) — ახალი თაობის ფოლიუმის მჟავაა, რომელიც წარმოადგენს ფოლიუმის მჟავის ნატურალურ, ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას მაღალი ბიოშეღწევადობით. სინთეზურად მიღებული ფოლიუმის მჟავისგან განსხვავებით, მას სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი.
ამვილაბის ფოლიუმს მჟავა წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში. ის აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ნერვული სისტემის განვითარებისათვის. ასევე ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, რაც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის.
რა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მიიღება ფოლიუმის მჟავა?
ფოლიუმის მჟავა გამოიყენება ფოლის დეფიციტით გამოწვეული ანემიების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, როგორებიცაა: ფოლიუმდეფიციტური ანემია, მაკროციტული, ჰიპერქრომული ანემია, წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია, ლეიკოპენია, მეგალობლასტური, სიდერობლასტური ანემია, წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული ანემიები.
ფოლიუმის მჟავა გამოიყენება ასევე პრეეკლამფსიის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად (არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თრომბოზი), ოსტეოპოროზის მკურნალობაში, ქრონიკული დაღლილობის ან მეხსიერების დაქვეითების, შაკიკის დროს და სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროსაც.
გარდა ამისა, პრეპარატს იყენებენ ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობისას, არაბალანსირებული, ან არადამაკმაყოფილებელი კვებით გამოწვეული ფოლიუმის მჟავის დეფიციტისას, მამაკაცთა უნაყოფობის სამკურნალოდ დაქვეითებული სპერმატოგენეზის შედეგად (ოლიგოსპერმია), ორსულობისა და ლაქტაციის დროს განვითარებული ანემიების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკისთვის.
კვლევებით დასტურდება, რომ ფოლის მჟავა ასევე ხელს უშლის ნაყოფის დეფექტების განვითარებას, როგორიცაა კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და გულის ზოგიერთი მანკი.
ასევე არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს, რომ ფოლის მჟავა მნიშვნელოვანია ინსულტის, ნეირობლასტომის და ლეიკოზების პრევენციისათვის.
რა ნიშნებით ხასიათდება ფოლიუმის მჟავის დეფიციტი?
ფოლიუმის დეფიციტის ნიშნებია: ანემია, საჭმლის მონელების პრობლემები, როგორებიცაა: უმადობა, წონაში კლება, დიარეა, სისუსტე და დაღლილობა, თავის ტკივილი, გულის რითმის დარღვევები, გაღიზიანებადობა, მეხსიერების პრობლემები, მტკივნეული ენა. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებში ფოლიუმის ნაკლებობა იწვევს ზრდის შეფერხებას.
ვინ წარმოადგენს რისკის ჯგუფს და რა იწვევს ფოლიუმის დეფიციტს?
დაავადების რისკ-ჯგუფში იმყოფებიან: ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, მოზარდები, და ორსულები. ვინაიდან ამ პერიოდში გაზრდილია მოთხოვნილება ფოლიუმის მჟავაზე.
გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის არასრულფასოვანი კვება, როდესაც საკვებად არ იყენებენ ხორცს, ბოსტნეულს კი თერმულად დიდხანს ამუშავებენ.
რომელი პროდუქტები შეიცავს ბუნებრივად ფოლიუმის მჟავას?
ფოლიუმის მჟავა შედის როგორც მცენარეულ ისე ცხოველურ პროდუქტებში მათ დიდი რაოდენობით შეიცავს:
- მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში);
- პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა);
- სოკო, ხორცი (საქონლის ღვიძლი და თირკმელი), თევზი, ხიზილალა, პომიდორი.
ორსულობა და ფოლიუმის მჟავა
ორსულებში ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარების დეფექტების წარმოშობას, როგორებიცაა: ზურგის ტვინის თიაქარი, ზურგის ტვინისა და ხერხემლის განვითარების მძიმე თანდაყოლილი დეფექტი, როდესაც ნაყოფის ხერხემალი სრულად ვერ ფარავს ზურგის ტვინს და ამის შედეგად დარღვეულია ზურგის ტვინის ფუნქცია; ასევე, ანენცეფალია — თავის ტვინის განუვითარებლობა ან არასრული განვითარება, თავის ტვინის თიაქარი და სხვა.
ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ყველა ქალი, ვინც კი შესაძლებელია, რომ დაორსულდეს, ან უკვე არის ორსული, უნდა იღებდეს ფოლიუმის მჟავას. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას მიღება: 1) ორსულობამდე 3 თვის განმავლობაში მაინც, და 2) ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში (ყოველდღიურად).
დოზირება და გამოყენების თავისებურებები
ფოლიუმის მჟავა სამკურნალო მიზნით ინიშნება მხოლოდ მოზრდილებისთვის 2-5 მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა გახლავთ — 5 მგ (1 ტაბლეტი). მკურნალობის კურსი 20-30 დღეს შეადგენს. რეკომენდებულია 2-3 კურსის ჩატარება 1-თვიანი ინტერვალით.
ფოლიუმის მჟავის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს B12 ვიტამინთან კომბინაციაში.
ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ და ორსულ ქალებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტით, ნაყოფის ნერვული ღეროს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების პროფილაქტიკისთვის ფოლიუმის მჟავა მიიღება დღეში 1-ჯერ 5 მგ (1 ტაბლეტი), ყოველდღიურად 4 კვირის განმავლობაში ორსულობის დადგომამდე და ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამოწვეულია არაბალანსირებული ან არადამაკმაყოფილებული კვებით, პრეპარატი ინიშნება 2-5 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-30 დღეს.
1-თვიანი მკურნალობის შემდეგ კურსი უნდა განმეორდეს.
მეგალობლასტური ანემიის ინიშნება ფოლიუმის მჟავას 5 მგ (1 ტაბლეტი) დღე-ღამეში 4 თვის განმავლობაში (პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 2მგ დღე-ღამეში).
სპრუს, მაკროციტული ანემიის, მალაბსორბციის, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს რეკომენდებულია დღე-ღამეში 5-15 მგ (1-3 ტაბლეტი) ფოლიუმის მჟავის მიღება.
ცელიაკიის დროს რეკომენდებულია დღე-ღამეში 5-15 მგ-ის მიღება.
ოლიგოსპერმიის სამკურნალოდ რეკომენდებულია 5 მგ (1 ტაბლეტი) ფოლიუმის მავას მიღება დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.
ფოლიუმის მჟავა არ გამოიყენება ბავშვებში!
სიფრთხილის ზომები
ფოლიუმის მჟავის ხანგრძლივი და განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღება, აჩენს სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის დაქვეითების რისკს. აქედან გამომდინარე, მკურნალობისას აუცილებელია სისხლის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი.
ხანდაზმულ პაციენტებში, ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე, უნდა ჩატარდეს ტესტი კობალამინის შეწოვის გამოსავლენად.
იმ პაციენტებმა, რომელთაც ზოგიერთი შაქრის აუტანლობა აქვთ, გლუკოზას შემცველობის გამო, პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ანემიების მქონე პაციენტებში, რადგანაც ფოლიუმის მჟავამ შესაძლოა დააბრკოლოს ავთვისებიანი ანემიის დიაგნოსტიკა, ამასთან ხელი შეუწყოს ნევროლოგიური გართულებების პროგრესირებას.
პერნიციოზური ანემიის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ციანოკობალამინთან კომბინაციაში, რადგანაც ფოლიუმის მჟავა, ასტიმულირებს რა ჰემოპოეზს და თავიდან არ იცილებს ნევროლოგიური გართულებების განვითარებას (ფუნიკულარული მიელოზი და სხვ.);
სპრუს შემთხვევაში პრეპარატი უნდა მიიღოთ ასკორბინის მჟავასთან, ციანოკობალამინთან კომბინაციაში, ჰემოთერაპიის ჩატარებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
ფოლიუმის მჟავამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ფენობარბიტალის, ფენიტოინის და პრიმიდონის კონცენტრაცია და ამგვარად გაზარდოს ეპილეფსიური გულყრების ალბათობა.
ქლორამფენიკოლი და კოტრიმოქსაზოლი ზეგავლენას ახდენს ფოლატის მეტაბოლიზმზე.
სულფასალაზინი ამცირებს ფოლიუმის მჟავის შთანთქმის დონეს. ფოლიუმის მჟავა გავლენას ახდენს მეტოტრექსატის თერაპიულ და ტოქსიკურ მოქმედებაზე.
ანტიბაქტერიული პრეპარატები, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ეთანოლი, სულფასალაზინი, ციკლოსერინი, გლუტეთიმიდი და მეტოტრექსატი ზეგავლენას ახდენს ფოლატის მეტაბოლიზმზე.
ეთანოლი და აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის ფოლიუმის მჟავის ელიმინაციას. ფოლიუმის მჟავა ზრდის ფენიტოინის მეტაბოლიზმს.
ფოლიუმის მჟავისა და ქოლესტირამინი ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია შეწოვის დაქვეითება ან შეცვლა. ამიტომ პრეპარატი უნდა მიიღოთ ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.
ფოლიუმს მჟავის ათვისებას ასევე ამცირებენ ანალგეტიკები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტაციდები, ნეომიცინი, პოლიმიქსინები, ანტიბიოტიკებთი და ციტოსტატიკები.
აზოტის ოქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ფოლიუმის მჟავის მწვავე დეფიციტი. მოერიდეთ პრეპარატის კომბინაციას ფლუოროურაცილთან.
ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატები ამცირებენ ფოლიუმის მჟავის შთანთქმას, ამიტომ ანტაციდები ფოლიუმის მჟავას გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ. ფოლიუმის მჟავამ შეიძლება შეამციროს ნაწლავებში თუთიის შეწოვა.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია მინერალურ მჟავებთან, ტუტე ნივთიერებებთან, აღმდგენებთან ერთად, რადგანაც ხდება ფოლიუმის მჟავის ინაქტივაცია.
ფოლიუმის მჟავის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა სამკურნალო საშუალებებმა, როგორიც არის პერორალური კონტრაცეპტივები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები, ალკოჰოლი, ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტები, როგორიც არის პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი, სულფანილამიდები.
გვერდითი მოვლენები
ფოლიუმის მჟავა საშუალება კარგად გადაიტანება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, სიმწრის შეგრძნება.
უფრო იშვიათად — ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ერითემა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ქოშინი ბრონქოსპაზმის შედეგად, არტერიალური ჰიპოტონია, ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის შოკი.
ასევე შესაძლოა დაფიქსირდეს: ციება, ღამის ძილის დარღვევა, კრუნჩხვები. ეპითელური უჯრედების ჰიპერტროფია თირკმელების მილაკებში და მათი ფუნქციების დარღვევა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account