
მედიკამენტი ჯესი ჰორმონალური, ორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. იგი გამოიყენება როგორც კონტრაცეპტივი, ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბი და ასევე, პრემენსტრუალური სინდრომის (პმს) მძიმე ფორმების სამკურნალოდ.
ჯესის კიდევ ერთი გამოყენება საშუალო სიმძიმის აკნეს ჩვენებას მოიცავს. იგი ხელს უწყობს აკნეს მდგომარეობის გაუმჯობესებას გოგოებსა და ქალებში, რომლებიც მინიმუმ 14 წლის არიან და უკვე აქვთ მენსტრუაცია.
როგორია ჯესის მოქმედების მექნიმზი
ჯესი არის წამალი, რომელიც დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაციას შეიცავს. ეს დეტალები მნიშვნელოვანია, როდესაც ჯესის მოქმედების მექანიზმზე ვსაუბრობთ.
კონკრეტულად, ჯესი მუშაობს დროსპირენონის (პროგესტინის) და ეთინილ ესტრადიოლის (ესტროგენის) შერწყმით, ჰორმონების რეგულირებისთვის. კვერცხუჯრედის გათავისუფლების პრევენციით, ის ამცირებს განაყოფიერების ალბათობას.
ჯესის ანოტაციის მიხედვით, მედიკამენტის, როგორც კონტრაცეპტივის ეფექტიანობა სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედებაზეა დაფუძნებული. ამ ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კი გულისხმობს მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ოვულაციის დათრგუნვას, ცერვიკალური სეკრეტის თვისებების შეცვლას, ამის შედეგად კი, კვერცხუჯრედისკენ მიმავალი გზა სპერმატოზოიდებისთვის ნაკლებად განვლადი ხდება.
როგორია მედიკამენტის მიღების წესი
ჯესის დანიშვნა, დოზირება, მიღების წესი აუცილებლად უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. სწორედ ექიმმა უნდა გაითვალისწინოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანამნეზი, გენეტიკური მონაცემები და რისკ-ფაქტორები და მხოლოდ შემდეგ შეწონოს, რამდენად სათანადო კონტრაცეპტივია თქვენთვის ჯესი.
ანოტაციის მიხედვით, როგორც ამ ჯგუფის მედიკამენტები, ჯესიც უნდა მიიღოთ შეფუთვაზე დატანილი რიგითობის მიხედვით, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, წყლის დაყოლებით.
ტაბლეტები უნდა მიიღოთ თანმიმდევრულად 28 დღის განმავლობაში. შემდეგ კი, უნდა გააგრძელოთ შემდეგი შეფუთვის ტაბლეტების მიღებით, შეუსვენებლად.
გაითვალისწინეთ, რომ ჯესის შეფუთვა შეიცავს 24 აქტიურ ტაბლეტს და 4 პლაცებო ტაბლეტს, ბოლო რიგში მოთავსებულს. მედიკამენტის მოხსნის სისხლდენა გამოვლინდება არააქტიური აბების მიღების დაწყებიდან მე-2 ან მე-3 დღეს და შესაძლოა, არ დასრულდეს ახალ შეფუთვაში ტაბლეტების მიღების დაწყებამდე.
იმის დასაზუსტებლად, თუ როგორ და როდის შეიძლება დაიწყოთ ჯესის მიღება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. რაც შეეხება მედიკამენტის მიღების შეწყვეტას, ანოტაციის მიხედვით, მისი შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეიძლება.
ხოლო თუ იმის გამო ამბობთ კონტრაცეფციაზე უარს, რომ გეგმავთ ორსულობას, ამ დროს რეკომენდებულია, დაელოდოთ ბუნებრივ მენსტრუალურ სისხლდენას და ამის შემდეგ დაორსულდეთ. ამგვარად გაგიადვილდებათ ბავშვის დაბადების დრო გამოთვალოთ უფრო მეტი სიზუსტით.
ჯესის გამოტოვებული ტაბლეტი — რა უნდა ვიცოდეთ
თუ პრეპარატის მიღება გამოგრჩათ, ან აგვიანებთ, აქ მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. მაგალითად, თუ 24 საათზე ნაკლებია დაგვიანება, კონტრაცეპტივის ეფექტიანობა და დაცვა არ ქვეითდება, მაგრამ თუ პრეპარატის მიღება დაგაგვიანდათ 24 საათზე მეტ ხანს, ამ შემთხვევაში კონტრაცეფციული დაცვა შესაძლოა შემცირდეს.
როდესაც ჯესის აქტიურად იღებთ, ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ აქტიური ტაბლეტის მიღება 7 დღეზე მეტი ხნით არ შეიწყვიტოთ. უფრო მეტი დეტალისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები — როდის არ შეიძლება ჯესის მიღება
არის რიგი საყურადღებო ჩვენებები და მდგომარეობები, როდესაც ჯესი არ უნდა მიიღოთ, მაგალითად თუ გაწუხებთ ვენური თრომბოემბოლია, არტერიული თრომბოზი, შაკიკი, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევები, ან სხვა ჰიპერტონიული დაავადებები. ღვიძლის, ან თირკმლის უკმარისობა, გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა, ჯესის შედგენილობაში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობა.
თუკი დაიწყეთ ჯესის მიღება და უჩვეულო სიმპტომები გამოგივლინდათ, ან არ გრძნობთ თავს კარგად, გაქვთ ეჭვი ალერგიულ რეაქციაზე, ანემიაზე, ენდოკრინულ დარღვევებზე, უჩივით მომატებულ მადას, განწყობის ცვლილებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, უძილობას, ტრემორს, თვალის სიმშრალეს, ტაქიკარდიას, ცხვირიდან სისხლდენას, შაკიკს, მუცლის ზრდას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებს, ყაბზობას ან პირის სიმშრალეს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგანაც ეს ჯესის მიღების შემდეგ განვითარებული გვერდითი ეფექტების არასრული ჩამონათვალია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account