რისი წამალია კეტოტიფენი? — მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის მიღებამდე

ანტიჰისტამინური საშუალება კეტოტიფენი ორგანიზმის ალერგიული რეაქციის წინააღმდეგ გამოიყენება. მისი მოხმარება რეკომენდებულია ალერგიული მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას, ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელი გარსის ანთება) წინააღმდეგ. 

აფთიაქებში შესაძლებელია მედიკამენტის როგორც ტაბლეტების, ისე სიროფის სახით შეძენა. მომხმარებელს ბულგარეთში წარმოებულ „კეტოტიფენ სოფარმას“ სთავაზობენ. 

კეტოტიფენი 1 მგ-იანი ტაბლეტის სახით 30-ცალიან შეფუთვებში გვხვდება, ხოლო სიროფი 125მლ-იანია. კეტოტიფენის ფასი ცვალებადია. 

კეტოტიფენის ტაბლეტი, ისევე, როგორც კეტოტიფენის სიროფი, ურეცეპტოდ გაიცემა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მიღებამდე ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია. 

კეტოტიფენი ხველის დროს 

მართალია, კეტოტიფენი ხველის წინააღმდეგ გამოიყენება, თუმცა, ასთმური შეტევების დროს პრეპარატის მიღება არაეფექტიანია. მისი გამოყენება, უმეტესწილად, სუსტად გამოხატული ატოპიური (ალერგიული) ბრონქული ასთმის ხანგრძლივი მკურნალობისას არის რეკომენდებული.

ხშირად კეტოტიფენსა და ნოშპას ერთად იყენებენ, სპაზმურ-ალერგიული ხველის დროს. თუმცა, ორი განსხვავებული მოქმედების პრეპარატის ერთად მიღებამდე უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა გარემოება. მაგალითად, როგორ ურთიერთქმედებენ ამ წამლების შემადგენელი აქტიური ნივთიერებები ერთმანეთთან, უნდა გამოვრიცხოთ მათი ურთიერთქმედებით გამოწვეული ალერგიები. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, რომ მედიკამენტების მიღებამდე სპეციალისტთან გავიაროთ კონსულტაცია.

როგორ მივიღოთ კეტოტიფენი?

კეტოტიფენის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტი ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი მკურნალობის ფარგლებში უნდა იქნას მიღებული. თუკი მიღების წესის, დროისა თუ ფორმის შესახებ რაიმე კითხვები გაქვთ, არ მიიღოთ გადაწყვეტილება თვითნებურად და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ექთანს დან ფარმაცევტს.

კეტოტიფენის ტაბლეტებიცა და სიროფიც შინაგანი მოხმარებისაა და, როგორც წესი, საკვების მიღების შემდეგ უნდა დავლიოთ.

უფროსებში კეტოტიფენი დღეში ორჯერ ინიშნება — 1მგ ტაბლეტი ან 5 მლ სიროფი დილას და საღამოს.

გარდა ამისა, თუკი კეტოტიფენის დამამშვიდებელი ეფექტის მიმართ მგრძნობიარე ხართ, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს — შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში წამლის დოზა საწყის ეტაპზე შემცირდეს და დროთა განმავლობაში გაიზარდოს, სპეციალისტის მეთვალყურეობით.

მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. კეტოტიფენი ხშირად იწვევს ძილიანობასა და რეაქციების გამოვლენას ანელებს. ამიტომაც ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

თუკი კეტოტიფენის ჭარბი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. ხოლო რეკომენდებული დოზის მიღება თუ დაგავიწყდათ, მიიღეთ გახსენებისთანავე. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის მიღებებს შორის გარკვეული დრო უნდა გავიდეს. ამიტომაც, თუკი პირველი დოზა დაგავიწყდათ და უკვე მეორის მიღების დრო მოდის, მიიღეთ მხოლოდ მომდევნო დოზა. 

ასევე, დაუშვებელია მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა — რაიმე დისკომფორტის, გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რა შესაძლო გვერდითი მოვლენები აქვს პრეპარატს?  

ისევე, როგორც სხვა ნებისმიერმა პრეპარატმა, კეტოტიფენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. ეს შესაძლოა, იყოს:

  • გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე, ტუჩის დახეთქილობა, ბუშტების წარმოქმნა კანზე, თვალებზე, პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე, თანმდევი მაღალი ტემპერატურით, ცხელებით, თავის ტკივილი, ხველა და ტკივილი მთლიან სხეულზე.
  • აღგზნებადობა, გაღიზიანება, უძილობა, შფოთი, თავბრუსხვევა;
  • წვის შეგრძნება შარდვისას, ხშირი შარდვა (ცისტიტი);
  • პირის სიმშრალე;
  • ძილიანობა;
  • წონაში მატება;
  • კანის ან თვალების სიყვითლე, განავლის გაფერმკრთალება, შარდის გამუქება (სიყვითლის, ჰეპატიტის ნიშნები). 
  • ძალიან იშვიათ შემთხვევებში მკურნალობისას გამოვლინდა კრუნჩხვა.

ნებისმიერი ჩივილისა თუ გვერდითი მოვლენის შესახებ დროულად აცნობეთ ექიმს.

დაშვებულია თუ არა კეტოტიფენის გამოყენება ბავშვებში?  

კეტოტიფენის ბავშვებში გამოყენება ექიმის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით დაშვებულია. თუმცა, თვითმკურნალობა არ შეიძლება. 

ასევე, გავრცელებული მითია, რომ კეტოტიფენის სიროფია საბავშვო. სინამდვილეში კეტოტიფენის როგორც ტაბლეტის, ისე სიროფის სახით მიღება პატარებისთვის დაშვებულია 6 თვის ასაკიდან. 

კეტოტიფენის ინსტრუქციის მიხედვით, ბავშვებში 6 თვიდან 3 წლამდე დასაშვებია 0,5 მგ (2,5მლ სიროფი) 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. ხოლო 3 წლიდან ზემოთ — 1მგ (5მლ სიროფი) 2-ჯერ დღეში. 

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2-3 თვეს და მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობით.

კეტოტიფენი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში კეტოტიფენის გამოყენება დაუშვებელია. მეორე და მესამე ტრიმესტრში კი შეიძლება დაინიშნოს ექიმის მიერ. თუმცა, სხვა განსკაუთრებული მდგომარეობების მსგავსად, ორსულობისას მისი თვითნებურად დალევა არ შეიძლება.

რაც შეეხება ლაქტაციას — კვლევები ადასტურებს, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში. შესაბამისად, ძუძუთი კვების დროს კეტოტიფენის მიღება უნდა შეწყდეს.