ლინექსი — პრობიოტიკი, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარეგულირებაში გვეხმარება

ლინექსი (Linex) წარმოადგენს პრობიოტიკს, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დასარეგულირებლად და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დარღვევის დროს გამოიყენება. 

 

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად გვხვდება — თითოეული მათგანის ფუნქცია კი ნაწლავებში მიკროფლორის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებაა. ეს ბაქტერიები საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობენ,  ხელს უშლიან მავნე ბაქტერიების გამრავლებას და აუმჯობესებენ იმუნურ სისტემას.

 

პრეპარატი სამი სახით იწარმოება: ლინექსი, ლინექსი ფორტე და ლინექსი საბავშვო. 

Linex, Linex Forte და Linex Baby — რა განსხვავებაა მათ შორის? 

 

როგორც ჩვეულებრივ ხდება, ეს სამი სახის წარმოება ერთმანეთისგან შემადგენლობით, დოზირებითა და გამოყენების მიზნობრიობით განსხვავდება.

 

  • ლინექსი — შეიცავს სამი სახეობის ცოცხალ პრობიოტიკულ ბაქტერიას: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium infantis და Enterococcus faecium. აღნიშნული წარმოება გამოიყენება ნაწლავების მიკროფლორის აღსადგენად და საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა დიარეა, მეტეორიზმი ან შებერილობა. Linex სამი სახით იწარმოება: ლინექსი კაფსულა, ლინექსი ფხვნილი და ლინექსი სუსპენზია;
  • ლინექს ფორტე — ამ შემთხვევაში, პრეპარატი მხოლოდ ორი ტიპის პრობიოტიკილ ბაქტერიას შეიცავს, თუმცა უფრო მაღალი კონცენტრაციით: Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis. შესაბამისად, მეტი ეფექტიანობით გამოირჩევა და მიკროფლორის მძიმე დისბალანსის დროს ან მაშინ გამოიყენება, როცა სწრაფი შედეგებია საჭირო; ლინექს ფორტე მხოლოდ კაფსულების სახით იწარმოება;
  • საბავშვო ლინექსი — ისიც მხოლოდ ორი ტიპის პრობიოტიკულ ბაქტერიას შეიცავს: Bifidobacterium animalis subsp. lactis და Lactobacillus rhamnosus. უბრალოდ, ჩვილებისა და ბავშვების ნაწლავური მიკროფლორის მოთხოვნებზეა მორგებული. ხშირად გვხვდება ფხვნილის ან სუსპენზიის სახით, რათა ადვილად გაიხსნას სითხეში და ბავშვებისთვის მისაღებად უფრო მოსახერხებელი იყოს. ჩვეულებრივ, განკუთვნილია ჩვილებისა და პატარა ბავშვებისთვის ნაწლავის პრობლემების (მაგ., კოლიკები, დიარეა) დროს ან ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ მიკროფლორის აღსადგენად.

ლინექსი: ანოტაცია — რას გვეუბნება ის? 

 

როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, ლინექსის ანოტაციაც აღწერს პრეპარატის ძირითად ინფორმაციას, მათ შორის მის შემადგენლობას, მოქმედების მექანიზმს, გამოყენების ჩვენებებს, დოზირებას, უკუჩვენებებს, გვერდით ეფექტებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. მათგან ძირითად ნიუანსებს კი აქაც გაგიზიარებთ.

მოქმედების მექანიზმი:

 

ლინექსი მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენაზე. პრობიოტიკები ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და აჩერებენ პათოგენურ ბაქტერიების ზრდას. ისინი ასევე ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას და ამცირებენ კუჭ-ნაწლავის დარღვევებს, როგორიცაა დიარეა, მეტეორიზმი და შებერილობა.

 

ჩვეულებრივ, პრეპარატი გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:

 

  • ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული მიკროფლორის დისბალანსი;
  • ნაწლავებში წარმოქმნილი დარღვევები, როგორებიცაა დიარეა, მეტეორიზმი და შებერილობა;
  • საჭმლის მონელების გაძნელება და კუჭ-ნაწლავის სხვა ფუნქციური დარღვევები.

როგორ მივიღოთ ლინექსი?

 

ვიდრე კონკრეტულ დოზირებაზე გადავალთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ლინექსის მიღება უმჯობესია ჭამის დროს — ეს პრობიოტიკების უკეთეს მოქმედებას უზრუნველყოფს. ასევე, ნუ მიიღებთ მედიკამენტს ცხელი სასმლის მეშვეობით, რადგან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ცოცხალი ბაქტერიები დააზიანოს.

 

გარდა ამისა, თუ ლინექსს ანტიბიოტიკებთან ერთად იღებთ, მათ შორის ინტერვალი მინიმუმ 2-3 საათი უნდა იყოს. სხვაგვარად პრობიოტიკების ეფექტიანობა შემცირდება, რაც მკურნალობის კურსს ხელს შეუშლის.

რაც შეეხება ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია მიკროფლორის დისბალანსის სიმძიმეზე. ზოგადად, მკურნალობა გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა, თუმცა ზუსტ ვადებს მკურნალი ექიმი ადგენს.

ცხადია, მედიკამენტის მიღების წესი დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და მდგომარეობაზე. თუმცა აქ ძირითად რეკომენდაციებს გაგიზიარებთ:

 

  • ლინექსი: მიღების წესი

 

ჩვილი ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე: 1 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

  • ლინექსი ფორტე: მიღების წესი 

ჩვილი ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე: 1 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

 

  • ლინექსი საბავშვო: მიღების წესი

 

ძუძუთა ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე: 1 საშე ერთხელ დღეში, ჭამის დროს.

ბავშვები 2 წლიდან 12 წლამდე: 1 საშე ერთხელ ან ორჯერ დღეში (დილას და საღამოს), ჭამის დროს.

რა უკუჩვენებები აქვს ლინექსს?

ზოგადად, ლინექსის გამოყენებების უკუჩვენებების არსებობა საკმაოდ იშვიათია… თუმცა მაინც მოიძებნება გარკვეული შემთხვევები, როდესაც მისი მიღება რეკომენდებული არაა:

  1. მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია — ლინექსის კომპონენტების მიმართ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა (განსაკუთრებით პრეპარატში შემავალი ბაქტერიების მიმართ) ძირითად უკუჩვენებას წარმოადგენს. ეს შეიძლება გამოიხატოს ალერგიული რეაქციებით, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება ან ანაფილაქსიური შოკი.
  2. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა — მართალია, ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ არსებობს მცირე რისკი, რომ იმუნოდეფიციტური მდგომარეობის მქონე პაციენტებში ლინექსში შემავალი ბაქტერიები ინფექციას გამოიწვევს.

მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ლინექსი უსაფრთხო პრობიოტიკად მიიჩნევა, სასურველია მისი გამოყენება ექიმის რჩევით; განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები ან იღებს სხვადასხვა პრეპარატს.

ასევე, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ლინექსის გამოყენება უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ მაინც რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

როგორია ლინექსის გვერდითი ეფექტები? 

ჩვეულებრივ, ლინექსს კარგად იტანს ადამიანის ორგანიზმი, მაგრამ ნებისმიერ პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები. აღნიშნული პრეპარატის შემთხვევაში ძირითადად გამოყოფენ შემდეგ პოტენციურ მოვლენებს:

 

  • ალერგიული რეაქციები — იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია თავი იჩინოს ისეთმა ალერგიულმა რეაქციებმა, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება და ანაფილაქსიური შოკი;
  • მეტეორიზმი — ზოგჯერ ლინექსის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი მეტეორიზმი,  რაც გამოწვეულია ნაწლავებში პრობიოტიკების აქტივობით;
  • ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები — მაგალითად, დიარეა ან მუცლის ტკივილი, მაგრამ ეს სიმპტომები, როგორც წესი, დროებითია და ხშირად უკავშირდება ორგანიზმის ადაპტაციას პრობიოტიკებთან.