რისი წამალია ატარაქსი და რა უნდა ვიცოდეთ ამ პრეპარატის შესახებ

ატარაქსი მედიკამენტია, რომლის მოქმედი, ანუ მთავარი ნივთიერებაა ჰიდროქსიზინი. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრეპარატია, რომელიც, როგორც ალერგოლოგიაში, ასევე ფსიქიატრიაშიც გამოიყენება. 

 

აფთიაქიდან ეს წამალი რეცეპტით გაიცემა, ანუ იგი მხოლოდ ექიმის ნებართვით უნდა გამოიყენოთ. გარდა ტაბლეტებისა (ატარაქსი 25 მგ), ატარაქსი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში სიროფისა და წვეთების სახითაც არის ხელმისაწვდომი.

 

მანამ, სანამ ამ პრეპარატის ანოტაციაზე გადავალთ, ჯერ ერთ საინტერესო კითხვას გავცეთ პასუხი: ნამდვილად დამამშვიდებელია ატარაქსი?

რისი წამალია ატარაქსი?

შესაძლოა გსმენიათ, რომ ატარაქსი ფსიქიატრიაში გამოიყენება შფოთვისა და უძილობის დროს. მიუხედავად ამისა, წამლების კლასიფიკაციის მიხედვით, ატარაქსი დამამშვიდებელი ან საძილე საშუალება ნაკლებადაა. იგი პირველ რიგში ანტიჰისტამინური, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც პარალელურად მოდუნებასა და ძილიანობას იწვევს. ამის გამო მას ანქსიოლიზური და სედაციური საშუალების სახელითაც ვიცნობთ.  

 

ცნობილია, რომ ჰიდროქსიზინი სისხლიდან ტვინში აღწევს და ჰისტამინის H1 რეცეპტორებზე ზემოქმედებს, რამაც შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს. ეს პრეპარატი ტვინში სეროტონინის (ქიმიური ნივთიერება, რომელიც განწყობას არეგულირებს) რაოდენობასაც ზრდის. შედეგად ატარაქსი შფოთვას ამცირებს.  

 

ჰიდროქსიზინი პირველი თაობის ანტიჰისტამინია, ანუ შედარებით მოძველებული საშუალებაა. იგი ახალ წამლებზე იშვიათად გამოიყენება, თუმცა ცნობილია, რომ ქავილს ალერგიის სხვა წამლებზე უკეთ ამსუბუქებს. ამის გამო ალერგოლოგები ატარაქსს უმეტესად სწორედ ქავილის შემსუბუქების მიზნით ნიშნავენ. 

 

ატარაქსის ანოტაცია: დანიშნულება, გამოყენება, სიფრთხილის ზომები და გვერდითი მოვლენები 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰიდროქსიზინი ექიმის დანიშნულებით გამოიყენოთ - იგი თქვენივე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით გადაწყვეტს, რამდენად შესაფერისია ეს წამალი თქვენთვის და როგორ უნდა გამოიყენოთ. მეორე მხრივ, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ჰიდროქსიზინზე დეტალური ინფორმაცია თავადაც გვქონდეს. 

როდის გამოიყენება ჰიდროქსიზინი?

ატარაქსს, ზოგადად, შემდეგი მიზნებით მიმართავენ:

 

  • შფოთვის მკურნალობისთვის (მაგალითად, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს);
  • ქრონიკული ქავილის შესამსუბუქებლად, როცა მიზეზი ალერგიულია (ჭინჭრის ციებისა და კონტაქტური/ატოპიური დერმატიტის დროს);
  • ძილის გამოსაწვევად (უძილობის დროს ან ქირურგიულ ოპერაციამდე). 

როდის არ შეიძლება მისი გამოყენება?

ჰიდროქსიზინის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ, თუ:

 

  • გაქვთ ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის, ცეტირიზინის, პიპერაზინის, ამონოფილინის ან ეთილენდიამინის მიმართ;
  • გაქვთ პორფირია;
  • ხართ ორსულად (ჰიდროქსიზინი ნაყოფის ქსოვილებში უფრო მეტად კონცენტრირდება, ვიდრე დედის) ან ლაქტაციის პერიოდში;
  • მემკვიდრულად გაქვთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი (ტაბლეტები ლაქტოზას შეიცავს);
  • ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება აღგენიშნებათ. 

 

გაითვალისწინეთ, რომ ატარაქსი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.  

 

ჰიდროქსიზინის მიღებისას სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტს აქვს:

 

  • მიასთენია;
  • წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია შარდის გამოყოფის გაძნელებით;
  • ყაბზობა;
  • გლაუკომა;
  • დემენცია;
  • კრუნჩხვითი შეტევებისადმი მიდრეკილება;
  • არითმიისადმი მიდრეკილება;
  • ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია) ანამნეზში გულის დაავადების ფონზე.

 

სიფრთხილეა საჭირო მაშინაც, თუ პაციენტი იყენებს პრეპარატს, რომელსაც არითმიის გამოწვევა შეუძლია. ზოგადად, ატარაქსი სხვა მედიკამენტებთან ხშირად შედის ინტერაქციაში, ამიტომ მის გამოყენებამდე ეს საკითხი ექიმთან აუცილებლად უნდა დააზუსტოთ.

 

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ატარაქსი ზოგჯერ ყურადღებას აქვეითებს და ფსიქომოტორულ რეაქციებს ანელებს. ამის გამო მისით მკურნალობის პერიოდში ტრანსპორტის მართვა არც ისე უსაფრთხოა. თავი უნდა შეიკავოთ სხვა ისეთი აქტივობებისგანაც, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას საჭიროებს. 

ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ატარაქსი და ალკოჰოლი ერთმანეთთან შეთავსებადი არაა, რადგან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ორივე მოქმედებს, ერთად გამოყენებისას კი ეს ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.

დაიმახსოვრეთ ისიც, რომ ატარაქსის მიღება 5 დღით ადრე უნდა შეწყვიტოთ მანამ, სანამ ალერგიაზე სინჯებს გაიკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არაზუსტი შედეგები მიიღოთ.

როგორ გამოვიყენოთ ატარაქსი — ინსტრუქცია

ჰიდროქსიზინის აბები პერორალურად მიიღება წყლის მიყოლებით. ბავშვებში, მოზრდილებში, მოხუცებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებში ატარაქსის დოზირება სხვადასხვაგვარია.

ბავშვებში ეს წამალი სხეულის მასის მიხედვით ინიშნება. ალერგიული წარმოშობის ქავილის სამკურნალოდ 3-იდან 6 წლამდე ასაკში მიიღება დღეში დაახლოებით 1 მგ./კგ. (მაგალითად, ბავშვმა, რომელიც 20 კილოგრამს იწონის, დღეში 20 მილიგრამი ატარაქსი უნდა მიიღოს); მეორე ვარიანტია დღეში 2.5 მგ./კგ. რამდენიმე მიღებაზე განაწილებული. 6 წლიდან ასაკში მიიღება 1 მგ./კგ. დღეში ან 2 მგ./კგ დღეში რამდენიმე მიღებაზე. 


იმ შემთხვევაში, თუკი ატარაქსი ანესთეზიამდე მისაღებად ინიშნება, რეკომენდებულია წინა ღამით 1 მგ./კგ. დოზით მიღება. 

მეტი სიზუსტისთვის, ასევე ბავშვის მდგომარეობის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დოზა და ტაბლეტების რაოდენობა ექიმმა განსაზღვროს. ცნობისთვის, ატარაქსი საბავშვო ფორმითაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა მისი საბაზრო დასახელება განსხვავებულია (ჰაიზინი). 

მოზრდილებში ეს წამალი შფოთვის სიმპტომური მკურნალობისთვისაც გამოიყენება. როგორც წესი, ატარაქსი 50მგ რაოდენობით მიიღება მთელი დღის განმავლობაში, გაყოფილი 3 მიღებაზე (12.5 მილიგრამი ორჯერ, დილით და შუადღით, ხოლო 25 მილიგრამი ღამით). საჭიროების შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება 300 მგ.-მდეც (ეს იგივეა, რაც 25-მილიგრამიანი 12 ტაბლეტი) გაიზარდოს. 

ალერგიული ქავილის სიმპტომური მკურნალობის დროს ატარაქსის საწყისი დოზა დღეში 25 მილიგრამია (ანუ 1 ტაბლეტი) ძილის წინ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ეს რაოდენობა 100 მილიგრამამდეც შეიძლება გაიზარდოს (3-4 ტაბლეტი დღეში).

ქირურგიულ ოპერაციებამდე ატარაქსი 50-200 მგ. დოზით მიიღება ანესთეზიამდე, წინა ღამით. მოზრდილი ადამიანისთვის ერთჯერადი დოზა 200 მილიგრამზე მეტი არ უნდა იყოს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა კი 300 მილიგრამია. 

ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა ნახევარი დოზით უნდა დაიწყოს. შფოთვის სიმპტომური მკურნალობისთვის ამ დროს 12.5 მგ. (ტაბლეტის ნახევარი) დილით მიიღება, 12.5 მგ. კი — საღამოს. 

ალერგიული ქავილის სიმპტომური მკურნალობისთვის საწყისი დოზა 12.5 მილიგრამია ძილის წინ, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება 50 მილიგრამამდეც გაიზარდოს (12.5 მგ. დღეში 3-4-ჯერ).

ამ ასაკობრივ კატეგორიაში ქირურგიულ ოპერაციებამდე, ანესთეზიამდე წინა ღამით, როგორც წესი, 25-100მგ. (1-4 ტაბლეტი) ატარაქსი მიიღება.

თირკმლის ანდა ღვიძლის უკმარისობის დროს ატარაქსი შედარებით დაბალი დოზებით ინიშნება. ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა 33%-ით უნდა შემცირდეს. 

საჭიროა ხოლმე ისიც, რომ მიღებას შორის ინტერვალები გაიზარდოს. რეკომენდებულია დღიური დოზის ნახევრის მიღება თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობისას, ხოლო მეოთხედის მიღება — მძიმე ხარისხის უკმარისობის დროს. 

რამდენ ხანში მოქმედებს ატარაქსი?

ალერგიის სიმპტომებს ჰიდროქსიზინი მიღებიდან 1 საათში ამსუბუქებს, ძილიანობას კი მიღებიდან დაახლოებით 30-45 წუთის შემდეგ იწვევს.

მოქმედების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. მაგალითად, ღვიძლის უკმარისობის დროს, ერთჯერადი მიღების შემდეგ, ჰისტამინის მოქმედება, შესაძლოა, 96 საათის განმავლობაშიც კი იყოს დათრგუნული. 

ზოგადად, პერორალური მიღებისას სხეულში წამლის მაქსიმალური კონცენტრაცია 2 საათში მიიღწევა. იგი კარგად აღწევს კანში — იმაზე უკეთ, ვიდრე სისხლში — როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი მიღების შემთხვევაში. 

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

 

ისევე, როგორც სხვა საშუალებებს, გვერდითი მოვლენები ატარაქსსაც ახასიათებს. მათი გამოვლენის სიხშირე სხვადასხვანაირია და შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ძალიან ხშირი (≥1/10);
  • ხშირი (≥1/100, <1/10);
  • ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100);
  • იშვიათი (≥ 1/10000, <1/1000);
  • ძალიან იშვიათი (<1/10000);
  • ვლინდება უცნობი სიხშირით (ანუ არსებული მონაცემებით გამოვლენის სიხშირის დადგენა შეუძლებელია). 

ნერვული სისტემის მხრივ: 

  • ძალიან ხშირია: ძილიანობა;
  • ხშირია: თავის ტკივილი, შენელებული აზროვნება;
  • ნაკლებად ხშირია: თავბრუსხვევა, უძილობა, ტრემორი; 
  • იშვიათია: კრუნჩხვები, დისკინეზია. 

ფსიქიკური დარღვევების მხრივ: 

  • ნაკლებად ხშირია: აგზნება, ცნობიერების დაბინდვა;
  • იშვიათია: ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია. 

მხედველობის მხრივ იშვიათია მხედველობისა და აკომოდაციის დარღვევები.

გულის მხრივ: 

  • იშვიათია: ტაქიკარდია;
  • უცნობი სიხშირით ვლინდება: ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია (“პირუეტის” ტიპით). 

სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ ძალიან იშვიათია ბრონქოსპაზმი. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: 

  • ხშირია: პირის სიმშრალე;
  • ნაკლებად ხშირია: გულისრევა;
  • იშვიათია: ღებინება, შეკრულობა; 

ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი სისტემის მხრივ: 

  • იშვიათია: ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა;
  • უცნობი სიხშირით ვლინდება: ჰეპატიტი

თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ იშვიათია შარდის გამოყოფის შეკავება. 

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

  • იშვიათია: ქავილი, გამონაყარი (ერითემული, მაკულო-პაპულური), ჭინჭრის ციება, დერმატიტი;
  • ძალიან იშვიათია: ანგიონევროზული შეშუპება, ოფლიანობის გაძლიერება, წამლით გამოწვეული ფიქსირებული ერითემა, მწვავე ეგზანთემურ-პუსტულური გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა და  სტივენს-ჯონსონის სინდრომი. 

იმუნური სისტემის მხრივ: 

  • იშვიათია: ჰიპერმგრძნობელობა;
  • ძალიან იშვიათია: ანაფილაქსიური შოკი. 

სისხლძარღვების მხრივ იშვიათია არტერიული წნევის დაქვეითება. 

ზოგადი დარღვევებიდან: 

  • ხშირია: სისუსტე;
  • იშვიათია: ჰიპერთერმია, თვითგრძნობის გაუარესება.

ცნობისთვის, ჰიდროქსიზინის ძირითადი მეტაბოლიტის, ცეტირიზინის, მიღებისას ზოგჯერ შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნება, რომლებიც, შესაძლოა, ჰიდროქსიზინის მიღების დროსაც გამოვლინდეს. ესენია: თრომბოციტოპენია, აგრესია, დეპრესია, ტიკები, დისტონია, პარესთეზია, ოკულოგირული კრიზი, დიარეა, დიზურია, ენურეზი, ასთენია, შეშუპება, სხეულის მასის მომატება.

გაითვალისწინეთ, რომ ჰიდროქსიზინის ზედოზირება შესაძლებელია, თუკი ამ წამალს საჭიროზე ბევრად დიდი დოზით მივიღებთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს: გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ძილიანობა, გუგის რეფლექსის დარღვევა, კანკალი, ცნობიერების დაბინდვა ან ჰალუცინაციები. შეიძლება დაითრგუნოს სუნთქვა და განვითარდეს: კრუნჩხვები, არტერიული წნევის დაქვეითება და არითმია. 

ამ ან სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა

ატარაქსი მშრალ ადგილზე უნდა შეინახოთ, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი გამოშვებიდან 5 წლის განმავლობაშია ვარგისი. ამ დროის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება მიზანშეწონილი არაა, რადგან შეიძლება ნაკლებად უსაფრთხო და ეფექტიანი აღმოჩნდეს. ვარგისიანობის ვადის შემოწმებას ატარაქსის კოლოფზე შეძლებთ. 

 

ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დავიზღვიოთ თავი. თუკი რაიმე დამატებით გაინტერესებთ ან გაეჭვებთ, უმჯობესია, მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის თქვენს მკურნალ ექიმს მიმართოთ.