
რევმატოიდული ართრიტი (RA) არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას, შებოჭილობას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. დაავადების აუტოიმუნურობა ნიშნავს, რომ ირღვევა იმუნური სისტემის გარკვეული უჯრედების ფუნქცია და ისინი ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს, კერძოდ, სახსრებს აზიანებენ.
რევმატოიდული ართრიტის დროს ძირითადად სახსრები ზიანდება, თუმცა ანთება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებზეც, მაგალითად: კანზე, სისხლძარღვებზე, ფილტვებზე, თირკმლებზე, სანერწყვე ჯირკვლებზე, ნერვულ ბოჭკოებზე, ძვლის ტვინსა და სხვა ორგანოთა სისტემებზე.
გარდა ამისა, დროთა განმავლობაში რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის შეზღუდვა ან სრული დაკარგვა.
რა ასაკიდან შეიძლება განვითარდეს რევმატოიდული ართრიტი და როგორია დაავადების კლასიფიკაცია
რევმატოიდული ართრიტი, უმეტესწილად, განვითარებას იწყებს 30-დან 60 წლამდე ასაკში. თუმცა, ზოგადად, რევმატოიდული ართრიტი ყველას შეიძლება განუვითარდეს. ბავშვებსა და მოზარდებში, ჩვეულებრივ, 16 წლიდან ვლინდება და მას უწოდებენ იუვენილურ (იდიოპათიურ) რევმატოიდულ ართრიტს.
კლასიფიკაციისას გამოიყოფა 3 ტიპის რევმატოიდული ართრიტი: სეროპოზიტიური, სერონეგატიური და იუვენილური.
სეროპოზიტიური რევმატოიდული ართრიტის დროს სისხლის შრატში აღმოჩნდება სპეციფიკური ცილა ე.წ. რევმატოიდული ფაქტორი, ან საკუთარი შემაერთებელი ქსოვილის მიმართ განვითარებული აუტო ანტისხეულები (ანტი-CCP). რევმატოიდული ართრიტის შემთხვევათა თითქმის 80% სეროპოზიტიურია.
სერონეგატიური რევმატოიდული ართრიტის დროს სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორი ან აუტოანტისხეულები არ აღმოჩნდება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა ხშირად არანაკლებ აგრესიულია.
რაც შეეხება იუვენილურ (იდიოპათიურ) რევმატოიდულ ართრიტს, მას აქვს ასაკობრივი მახასიათებელი, კერძოდ, იგი ბავშვთა ასაკის ართრიტების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სიმპტომები შესაძლოა იყოს დროებითი ან გაგრძელდეს სიცოცხლის ბოლომდე. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ზეგავლენას ახდენს ფიზიკური განვითარების ხარისხზე.
რა იწვევს რევმატოიდული ართრიტს?
რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა დაავადების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს:
- გენეტიკურმა წინასწარგანწყობამ;
- სქესმა - ქალების შემთხვევაში 2-ჯერ მაღალია რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი, ვიდრე მამაკაცებში;
- მწვავე და ქრონიკულმა ინფექციურმა დაავადებებმა;
- ინტოქსიკაციამ;
- ბაქტერიულმა დაავადებებმა;
- გრიპმა და ანგინამ;
- ძლერმა ემოციურმა სტრესმა;
- სხეულის გადაცივებამ (ჰიპოთერმია);
- ორსულობამ და აბორტმა;
- სხვა სისტემების აუტოიმუნური დაავადებებმა;
- ჭარბმა წონამ;
- მავნე ჩვევებმა და ა.შ.
დაავადების სიმპტომები, ანუ როგორ ამოვიცნოთ რევმატოიდული ართრიტი?
რევმატოიდული ართრიტი ყველა ადამიანზე განსხვავებულად და ინდივიდუალურად მოქმედებს. ზოგჯერ სიმპტომები ვითარდება რამდენიმე წლის განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში კი რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები სწრაფად ვლინდება და სწრაფადვე პროგრესირებს. გარდა ამისა, სიმპტომები შესაძლოა პერიოდულად შემცირდეს (რემისიის ფაზა) და შემდგომ კვლავ განვითარდეს (რეციდივის ფაზა).
როგორც წესი, რევმატოიდული ართრიტის მთავარი კლინიკური გამოვლინება არის სახსრების დაზიანება. სახსრების დაზიანება ვლინდება ანთებითი ხასიათის ძლიერი ტკივილით, შესივებითა და მოძრაობის შეზღუდვით. დაავადების მიმდინარეობისას ძირითადად ზიანდება მტევნის და ტერფის წვრილი სახსრები, ასევე, დროთა განმავლობაში იწყება მუხლის, მხრის, მენჯ-ბარძაყის, მკერდ-ლავიწის, საფეთქელ-ქვედა ყბის შესახსრებები დაზიანება. დაზიანებულ სახსარში ტკივილი განსაკუთრებით მძაფრდება გამთენიისას, დილით და დღის პირველ ნახევარში, რასაც ,,დილის შებოჭილობა“ (მთლიანად სხეულის და სახსრების შეშუპების შეგრძნება) ეწოდება. „დილის შებოჭილობა“ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან იგი არ ახასიათებს სხვა ტიპის ართრიტებს.
რევმატოიდული ართრიტის ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია ასევე ტემპერატურის მატება (37 C-37.5C), სისხლძარღვების ფუნქციური დარღვევა - რეინოს სინდრომი, რევმატოიდული - კანქვეშა, მოძრავი და უმტკინვეულო კვენძები.
კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები მოიცავს:
- ტკივილი, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა ერთზე მეტ სახსარში
- დილის შებოჭილობა (მთლიანად სხეულის და სახსრების შეშუპების შეგრძნება დილით ან დღის პირველ ნახევარში)
- დაღლილობა (უკიდურესი დაღლილობა)
- სისუსტე
- ტემპერატურის მატება და ცხელება
- სისხლძარღვების ფუნქციური დარღვევა
- მადისა და ძილის გაუარესება
- წონაში კლება
- თვალებისა და პირის სიმშრალე
- კანქვეშა კვანძების (ძირითადად იდაყვებსა და ხელებზე) განვითარება.
როგორ ხდება რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტირება
რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტირება შეიძლება გართულდეს, რადგან ზოგჯერ დაავადება და თანმხლები მსუბუქი სიმპტომები ეტაპობრივად ვითარდება.
რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტირება ემყარება ერთი მხრივ, სიმპტომებს (სიმხურვალე, შეშუპება და ტკივილი სახსრებში) და მეორე მხრივ, გამოკვლევის შედეგებს. გამოკვლევები მოიაზრებს ისეთი ანთებითი და იმუნოლოგიური მარკერების განსაზღვრას, როგორებიცაა:
- სისხლის საერთო ანალიზი – ინფორმაციას იძლევა ანთების პროცესის შესახებ.
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR) - ადასტურებს ანთებით პროცესებს სახსრებში.
- C-რეაქტიული ცილა (CRP)
- რევმატოიდული ფაქტორი (RF)
- ციკლური ციტრულინებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ანტი-CCP)
გარდა ამისა, რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება:
- მტევნებისა და ტერფების რენტგენოლოგიური გამოკვლევა
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
- ANA პანელი - სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის. რევმატული დაავადებების იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია ANA ჯგუფში შემავალი ორი ძირითადი კატეგორიის ანტინუკლეარული ანტისხეულის გარჩევა (1 - აუტოანტისხეულები, რომელთა სამიზნეა – დნმ და ჰისტონები და 2 - აუტოანტისხეულები, რომელთა სამიზნეა – ხსნადი ბირთვული ანტიგენები).
- ENA პანელი - სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი, რომელიც იკვლევს ბირთვული ექსტრაქტირებადი ცილების მიმართ წარმოქმნილ აუტოანტისხეულებს (ანტი-SS-A, ანტი-SS-B, ანტი-RNP, ანტი-SM, ანტი-SCL-70, ანტი-JO-1).
როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ცხოვრების წესის შეცვლას, თერაპიას, მედიკამენტებსა და ქირურგიას.
აღსანიშნავია, რომ მკურნალობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, სამედიცინო ისტორიას და სიმპტომებს.
ცხოვრების წესის შეცვლა
რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებისა და ტკივილის შესამცირებლად არსებობს მრავალი ეფექტური მეთოდი. ერთ-ერთი არის ცხოვრების წესის შეცვლა, რაც თავის მხრივ გულისხმობს შემდეგს:
- ჯანსაღი კვება და წონის კონტროლი - მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რაც მოიცავს: თევზს, ბოსტნეულს, ხილსა და ზეითუნის ზეთს.
- ფიზიკური აქტიურობა - რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა, რომელიც კუნთების გამაგრებისკენ იქნება მიმართული.
- დასვენება - სასურველია რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანები ხშირად ისვენებდნენ და არ ტვირთავდნენ სახსრებს.
- მავნე ჩვევებზე უარის თქმა - რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებმა უარი უნდა თქვან თამბაქოს მოხმარებაზე, ალკოჰოლზე და ა.შ.
თერაპია
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის პროცესში გამოიყენება თერაპიული მეთოდები, რომლებიც დამხმარეა ტკივილის მართვასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში. რევმატოიდული ართრუტის მკურნალობისას იყენებენ შემდეგ თერაპიულ მეთოდებს:
- სითბოსა და სიცივის თერაპია - სითბოს შემთხვევაში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და სითბო მოქმედებს უეცრად აღმოცენებულ ტკივილზე. რაც შეეხება სიცივეს, იგი ამცირებს ანთებით პროცესს.
- ბუნებრივი ანუ ალტერნაციული თერაპია – მოდუნების ტექნიკა, ღრმა სუნთქვა, მასაჟი, აკუპუნქტურა (ნემსებით მკურნალობა). აღნიშნული ტექნიკებით ხდება ტკივილის კონტროლი.
- ფიზიკური თერაპია - მიმართულია კუნთების გაძლიერებაზე, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდასა და ტკივილის მართვაზე.
მედიკამენტები
მედიკამენტოზური მკურნალობა, როგორც წესი, იწყება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, რომლებიც ასუსტებენ ტკივილსა და ანთებას. მსგავსი მედიკამენტებია: იბუპროფენი, ნაპროქსენი, ასპირინი და COX-2 ინჰიბიტორები.
რადგანაც რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, მკურნალობის პროცესში დაავადების პროცესის შესანელებლად გამოიყენება ანტირევმატული მედიკამენტები (DMARDs – Disease-modifying antirheumatic drugs).
გახანგრძლივებული ანთების შემთხვევაში კი რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისთვის გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც სტეროიდები.
ქირურგიული ჩარევა
თუკი სახსარი იმდენადაა დაზიანებული, რომ ადამიანს უჭირს გადაადგილება და ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულება, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, რაც გულისხმობს სახსრის დაზიანებული ნაწილის შეცვლას ლითონის ან პლასტიკის პროთეზით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account