
ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაში სისხლის მიმოქცევის სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ზოგჯერ მისი მუშაობა ფერხდება, მაგალითად არტერიული წნევა იმატებს, რასაც ჰიპერტენზია ეწოდება. არის შემთხვევები, როცა გულისთვის სისხლის მიწოდება მცირდება ან იბლოკება, რაც გულის სტაბილური იშემიური დაავადების დროს ხდება.
რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში გამოსავალი არსებობს, რადგან სათანადო პრეპარატები მოგვეპოვება, ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი, რომელიც ზემოხსენებული პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება, პრესტანსია.
პრესტანსის ანოტაცია
პრესტანსი ირლანდიური ან ფრანგული წარმოების პრეპარატია (პრესტანსი თურქული წარმოებით იმავე დასახელებით ხელმისაწვდომი არაა), რომელიც ჰიპერტენზიას და/ან გულის სტაბილურ იშემიურ დაავადებას ებრძვის. მასში ორი აქტიური ნივთიერება შედის — პერინდოპრილის არგინინი და ამლოდიპინი, რომელთა კომბინაციაც ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს იძლევა.
პირველი მათგანი, პერინდოპრილი, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტია, იგივე აგფ ინჰიბიტორი. მეორე, ამლოდიპინი, დიჰიდროპირიდინების ტიპს მიეკუთვნება და კალციუმის არხების ბლოკატორია. მათი ერთობლივი მოქმედება სისხლძარღვების გაფართოებასა და მოდუნებას უზრუნველყოფს, რაც სისხლის გატარებასა და მიწოდებას აადვილებს/აუმჯობესებს.
იმ პაციენტებს, რომლებიც პერინდოპრილსა და ამლოდიპინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით იღებენ, მათი პრესტანსით ჩანაცვლება შეუძლიათ, რადგან ის ორივე კომპონენტს შეიცავს, ამის მიუხედავად, მკურნალობის დაწყებამდე ან შეცვლამდე აუცილებელია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.
გარდა აქტიური კომპონენტებისა, ტაბლეტები სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს, მათ შორისაა: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, კრემნიუმის დიოქსიდი (კოლოიდური, უწყლო) და მიკროკრისტალური ცელულოზა.
პრესტანსის მიღების წესი
აუცილებელია, რომ ექიმის მითითებები ყოველთვის ზედმიწევნით დაიცვათ. ზოგადი რჩევების სახით გეტყვით, რომ ამ პრეპარატის მიღება დილით, საუზმემდეა, რეკომენდებული. ტაბლეტს ჭიქა წყალი უნდა დააყოლოთ და ეცადოთ, მედიკამენტი ყოველდღიურად ერთა და იმავე დროს მიიღოთ. ეს მის ეფექტიანობას განაპირობებს.
თქვენთვის საჭირო დოზას სპეციალისტი დაგინიშნავთ. თუ პაციენტი მისთვის განკუთვნილ დოზას შემთხვევით გადააჭარბებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს,ან სასწრაფო დახმარებას, რადგან შედეგად არტერიული წნევის დაქვეითებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, დამატებით გამოიხატოს თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა. საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, ეცადეთ დაწვეთ და ფეხები ზემოთ აწიოთ, რათა თქვენი მდგომარეობა შემსუბუქდეს.
თუ, პირიქით, პრესტანსის მიღება გამოგრჩათ, შემდეგი დოზა ჩვეულებრივ უნდა მიიღოთ და დანაკლისის ასანაზღაურებლად ის არ უნდა გააორმაგოთ. მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება. აუცილებელია, მანამდე ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არაა გრეიპფრუტის ჭამა ან მისი წვენის დალევა, რადგან შესაძლოა, ამან სისხლში ამლოდიპინის კონცენტრაციის მატება გამოიწვიოს და ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) ეფექტი გააძლიეროს.
პრეპარატის დოზირება
პრესტანსის ერთ კოლოფში წამლის ერთი ფლაკონია მოთავსებული, რომელიც 30 ტაბლეტს შეიცავს. პრეპარატი განსხვავებული დოზებითაა ხელმისაწვდომი:
- პრესტანსი 10/10 მგ. დოზით, რომელიც მრგვალი ფორმის თეთრი ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. მის ერთ მხარეს “10/10” არის გამოსახული, ხოლო მეორეზე — კომპანიის ლოგო;
- პრესტანსი 10/5 მგ. დოზით, რომელიც სამკუთხედის ფორმის თეთრი ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. მის ერთ მხარეს “10/5” არის გამოსახული, ხოლო მეორეზე — კომპანიის ლოგო;
- პრესტანსი 5/10 მგ. დოზით, რომელიც კვადრატული ფორმის თეთრი ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. მის ერთ მხარეს “5/10” არის გამოსახული, ხოლო მეორეზე — კომპანიის ლოგო;
- პრესტანსი 5/5 მგ. დოზით, რომელიც წაგრძელებული ფორმის თეთრი ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. მის ერთ მხარეს “5/5” არის გამოსახული, ხოლო მეორეზე — კომპანიის ლოგო.
ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დოზაში თითო ტაბლეტში პერინდოპრილის არგინინისა და ამლოდიპინის სხვადასხვა რაოდენობა გვხვდება:
- პრესტანსი 10/10 მგ. დოზით 10 მგ. პერინდოპრილის არგინინსა და 10 მგ. ამლოდიპინს შეიცავს;
- პრესტანსი 10/5 მგ. დოზით 10 მგ. პერინდოპრილის არგინინსა და 5 მგ. ამლოდიპინს შეიცავს;
- პრესტანსი 5/10 მგ. დოზით 5 მგ. პერინდოპრილის არგინინსა და 10 მგ. ამლოდიპინს შეიცავს;
- პრესტანსი 5/5 მგ. დოზით 5 მგ. პერინდოპრილის არგინინსა და 5 მგ. ამლოდიპინს შეიცავს.
რა უნდა ვიცოდეთ პრესტანსის მიღების დაწყებამდე
არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობები და დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც პრესტანსის მიღება არ შეიძლება. ესენია:
- ალერგია პრესტანსში შემავალი კომპონენტებისა და პერინდოპრილის მსგავსი სხვა აგფ ინჰიბიტორების ან ამლოდიპინის მსგავსი სხვა კალციუმ ბლოკატორის მიმართ;
- წარსულში აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე გამოვლენილი მსტვინავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი და კანზე უხვი გამონაყარი (ამ სიმპტომების ერთობლიობას კვინქეს შეშუპება ეწოდება);
- დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- გულის აორტული სარქვლის სტენოზი ან კარდიოგენური შოკი, რომლის დროსაც გული ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლს ვერ ტუმბავს;
- მძიმე ჰიპოტენზია, ანუ დაბალი არტერიული წნევა;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდგომ განვითარებული გულის უკმარისობა;
- დიალიზზე ყოფნა და ჰემოფილტრაციის სხვა თერაპიები;
- თირკმლის არტერიის სტენოზი, როცა თირკმლებიდან სისხლის მოდინება შემცირებულია.
პრესტანსის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ, თუ გაქვთ:
- გულის კუნთის დაავადებაა, რომელსაც ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ეწოდება;
- თირკმლის არტერიის სტენოზი, რომლის დროსაც თირკმლის სისხლით მომმარაგებელი არტერია ვიწროვდება;
- გულის უკმარისობა;
- ჰიპერტონიული კრიზი, ანუ არტერიული წნევის საგრძნობლად მომატება;
- გულის დაავადებები;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- სისხლში ჰორმონ ალდოსტერონის ანომალიური მატება (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი);
- შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა და სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადებები.
ასევე, ექიმს უნდა აცნობოთ, თუ მარილის მცირე რაოდენობის შემცველ დიეტაზე ხართ ან მარილის შემცვლელებს იღებთ, რომლებშიც კალიუმი შედის. ამის მიზეზი ისაა, რომ სისხლში კალიუმის დონე უნდა დაბალანსდეს. სპეციალისტთან კონსულტაციაა რეკომენდებული მაშინაც, როცა ხანდაზმულ ასაკში დოზის გაზრდა გესაჭიროებათ.
პრესტანსის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ზოგიერთ პრეპარატთან ერთად პრესტანსის მიღება დაუშვებელია, რადგან შესაძლოა, მათმა ურთიერთქმედებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე არასასურველი გავლენა იქონიოს ან სასურველი შედეგის მიღებას შეუშალოს ხელი. ასეთია, მაგალითად, არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, როგორიცაა ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორები (არბ), იგივე სარტანები და ალისკირენი.
ასევე, კვინქეს შეშუპების რისკი იმატებს, თუ პრესტანსთან კობინაციაში იღებთ: რაცეკადოტრილს, მთორ ინჰიბიტორების კლასის პრეპარატებს (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა.), საკუბიტრილსა და გლიპტინების ტიპის მედიმამენტებს (ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა.).
პრესტანსით მკურნალობას მოერიდეთ, თუ იღებთ:
- ლითიუმს;
- ესტრამუსტინს;
- კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს, კალიუმის დანამატებს ან მარილის შემცვლელებს, რომლებშიც კალიუმი გვხვდება;
- პრეპარატებს, რომლებიც თირკმელების მიერ გამოყოფილი შარდის მოცულობას ზრდის;
- დიარეის სამკურნალო (რაცეკადოტრილი) ან გადანერგილი ორგანოების მოცილების საპროფილაქტიკო წამლებს (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა.);
- საკუბუტრილსა და ვალსარტანს;
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს ან ცეტილსალიცილის მჟავის მაღალ დოზებს;
- დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს;
- ფსიქიკური დარღვევების/პრობლემების სამკურნალო მედიკამენტებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, იმიპრამინის ჯგუფის ანდიდეპრესანტები და ნეიროლეფსიური საშუალებები);
- იმუნოდეპრესანტებს;
- ტრიმეტოპრიმსა და კო-ტრიმოქსაზოლს;
- ალოპურინოლს;
- პროკაინამიდს;
- სისხლძარღვების გამაფართოებელ პრეპარატებს;
- ეფედრინს, ნორადრენალინს ან ადრენალინს;
- ბაკლოფენს ან დანტროლენს;
- ისეთ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა რიფამპიცინი, ერითრომიცინი და ლარითრომიცინი;
- მცენარე “კრაზანას” (Hypericum perforatum);
- სიმვასტატინს;
- ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა არბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი და პრიმიდონი;
- დიტრაკონაზოლსა და კეტოკონაზოლს;
- პრაზოზინის, ალფუზოზინის, დოქსაზოზინის, ტამსულოზინისა და ტერაზოზინის ალფა ბლოკატორებს;
- ამიფოსტინს;
- კორტიკოსტეროიდებს;
- ოქროს შემცველ მარილებს, განსაკუთრებით შიდავენური გამოყენებისას;
- რიტონავირს, ინდინავირსა და ნელფინავირს.
შეიძლება თუ არა პრესტანსის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისას პრესტანსის მიღება არ შეიძლება. შესაბამისად, თუ ორსულობას გეგმავთ ან ფიქრობთ, რომ უკვე ფეხმძიმედ ხართ, ექიმთან კონსულტაციაა საჭირო. დიდი ალბათობით, სპეციალისტი პრესტანსს დაუყოვნებლივ მოგიხსნით, განსაკუთრებით ორსულობის დადასტურების შემთხვევაში.
შესაძლებელია, ეს პრეპარატი იმავე ეფექტის მქონე სხვა საშუალებით ჩანაცვლდეს, რომელიც ნაყოფს საფრთხეს არ შეუქმნის. თავად პრესტანსით მკურნალობა ორსულობის ადრეულ სტადიაზე და ორსულობის 3 თვის შემდეგ რეკომენდებული არაა, რადგან ჩანასახისთვის ზიანის მიყენების რისკი არსებობს.
თუკი უკვე იმშობიარეთ და მეძუძური დედა ხართ, პრესტანსს ამ შემთხვევაშიც უნდა მოერიდოთ. კვლევებით დადგინდა, რომ ლაქტაციის პერიოდში ამ მედიკამენტში შემავალი ამლოდიპინის მცირე რაოდენობა ლაქტატში გადადის, ძუძუთი კვებისას კი შესაძლებელია, ის ჩვილის ორგანიზმში მოხვდეს. აქედან გამომდინარე, აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვის ძუძუთი გამოკვება გსურთ, რათა პრესტანსის ნაცვლად სხვა მედიკამენტი დაგინიშნოთ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გარკვეული გვერდითი მოვლენები თითქმის ყველა წამალს აქვს, ამიტომ პრესტანსიც არაა გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უსიამოვნო სიმპტომები ყველა პაციენტს შეაწუხებს, ვინც კი ამ პრეპარატით მკურნალობს. ამის მიუხედავად, უმჯობესია ვიცოდეთ, რა უკუჩვენებები არსებობს. ესენია:
- მოულოდნელად განვითარებული მსტვინავი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება;
- ქუთუთოების, სახის, ენის, ყელის ან ტუჩების შეშუპება;
- მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა უხვი გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცვლა/შებერვა და სხვა;
- ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა;
- გულის შეტევა, ზედმეტად ჩქარი ან არარეგულარული გულისცემა, გულმკერდის არეში ტკივილი;
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;
ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები, რომლებიც 10-დან 1 პაციენტში ვლინდება, არის: შეშუპება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კიდურების დაბუჟება, ყურებში შუილი, მხედველობის დარღვევები, გახშირებული გულისცემა, სახის გაწითლება, ხველა, ქოშინი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, გემოს შეგრძნების დაკარგვა, საჭმლის მონელების/კუჭის მოქმედების დარღვევა, ალერგიული რეაქციები, კუნთის სპაზმები და სისუსტე.
ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის ან სხვა უჩვეულო მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გვერდითი მოვლენები 1 კვირაზე მეტხანს გრძელდება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account