
ბორელიოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Borrelia burgdorferi და იშვიათ შემთხვევებში — Borrelia mayonii.
Borrelia burgdorferi ადამიანებს გადაეცემა ტკიპას ნაკბენით, რომელიც, თავის მხრივ, ინფიცირდებიან ფრინველებისგან და ისეთი ცხოველებისგან, როგორებიც არიან ირმები და თაგვები.
საინტერესო ფაქტი: ბორელიოზი პირველად 1975 წელს გამოვლინდა ქალაქ ოლდ ლაიმში, კონექტიკუტში. სწორედ აქედან მოდის მისი მეორე სახელწოდება — ლაიმის დაავადება.
როგორია ბორელიოზის სტადიები?
ბორელიოზი, როგორც წესი, კლასიფიცირდება სამ ეტაპად — ასეთი დაყოფა ხელს უწყობს სიმპტომების, ინფექციის სიმძიმის და განვითარების კატეგორიზაციას.
- ადრეული ლოკალიზება: ეს სტადია ტკიპას ნაკბენიდან 1-28 დღის ფარგლებში იწყება.
- ადრეული გავრცელება: ეს ეტაპი შეიძლება ტკიპას ნაკბენიდან 3-12 კვირის შემდეგ განვითარდეს.
- გვიანი გავრცელება: ეს ლაიმის დაავადების ყველაზე გვიანი სტადიაა. მის განვითარებას შეიძლება თვეები ან წლები დასჭირდეს.
როგორია ბორელიოზის სიმპტომები?
ბორელიოზის ნიშნები ინფექციის სტადიების მიხედვით განსხვავდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სიმპტომების სიმძიმე, პროგრესირება და გამოვლენა შეიძლება ინდივიდების მიხედვით განსხვავებული იყოს. მაგალითად, შესაძლოა, ადამიანს პირველი სტადიის სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდეს, თუმცა შემდეგი სტადიების ნიშნები გამოუვლინდეს.
ადრეული სიმპტომები
როგორც წესი, ბორელიოზის სიმპტომები ტკიპას კბენიდან 3-30 დღის შემდეგ იწყება. დაავადების ერთ-ერთი ადრეული ნიშანია გამონაყარი, რომელსაც სამიზნის ფორმას ადარებენ.
ღია კანის მქონე ადამიანების გამონაყარი შეიძლება წითელი ფერის იყოს, ხოლო მუქის კანის შემთხვევაში — სისხლჩაქცევას წააგავდეს. შეხებისას ის ხშირად თბილია, მაგრამ არ არის მტკივნეული და არ იწვევს ქავილის შეგრძნებას.
სხვა სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ, ვლინდება ლაიმის დაავადების პირველ სტადიაში:
- ცხელება
- ლიმფური კვანძების გადიდება
- ყელის ტკივილი
- ცვლილება მხედველობაში
- დაღლილობა
- კუნთების ტკივილი
- თავის ტკივილი
შემდგომი სიმპტომები
ლაიმის დაავადების მე-2 და მე-3 სტადიები ხასიათდება სისტემური ინფექციით — ეს ნიშნავს, რომ ის ვრცელდება მთელ სხეულში, მათ შორის სხვა ორგანოებზეც.
შესაძლო სიმპტომებია:
- გულისცემის რითმის დარღვევა;
- სახის კუნთების სისუსტე;
- დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი ხელებში, ასევე ტერფებში;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- კისრის ტკივილი ან გაშეშება;
- მენინგიტი;
- ერთი ან მეტი მსხვილი სახსრის ართრიტი, როგორც წესი, მუხლის;
- ენცეფალოპათია (დაზიანება ან დაავადება, რომელიც ტვინზე ზემოქმედებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების მოკლევადიანი დაკარგვა, კონცენტრაციის გაძნელება და ა. შ.
როგორ ხდება ბორელიოზის დიაგნოსტიკა?
ბორელიოზის დიაგნოზის დასმა შეიძლება რთული იყოს, რადგან მისი ბევრი სიმპტომი სხვა სამედიცინო მდგომარეობის მსგავსია.
ექიმი, პირველ რიგში, გადახედავს პაციენტის სამედიცინო ისტორიას და ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას, რათა აღმოაჩინოს კონკრეტულად ლაიმის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ვიზუალური სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, ბორელიოზის გამოვლენა ლაბორატორიული ანალიზით არის შესაძლებელი. ტესტის საშუალებით პაციენტის ორგანიზმში IgM და IgG ანტისხეულები განისაზღვრება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ინფიცირებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ.
შესაბამისად, საწყის ეტაპზე, სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენოს. ამიტომ, ბორელიოზის ტესტი პაციენტს ტკიპას კბენიდან 2-6 კვირაში უტარდება.
საინტერესო ფაქტები:
IgM (იმუნოგლობულინი M) ანტისხეულებს თქვენი ორგანიზმი წარმოქმნის მაშინ, როდესაც პირველად დაინფიცირდებით ახალი ბაქტერიებით ან სხვა მიკრობებით.
ისინი წარმოადგენს ინფექციებისგან თქვენი სხეულის დაცვის პირველ ხაზს. როდესაც ორგანიზმი „დამპყრობელს“ აღმოაჩენს, თქვენი IgM ანტისხეულების დონე მცირე ხნით იზრდება. მისი ვარდნა კი მაშინ იწყება, როდესაც საქმეში IgG ერთვება.
IgG (იმუნოგლობულინი G) არის ყველაზე გავრცელებული ტიპის ანტისხეული თქვენს სისხლში და სხეულის სხვა სითხეებში. მისი დაცვის მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ „იმახსოვრებს“ მიკრობებს, რომლებთანაც ადრე ინტერაქცია გქონდათ.
თუ ეს მიკრობები დაბრუნდებიან, თქვენს იმუნურ სისტემას მათზე თავდასხმის უნარი უკვე გამომუშავებული ექნება.
როგორია ბორელიოზის მკურნალობის პროტოკოლი?
ბორელიოზის მკურნალობის გაიდლაინი კონკრეტულ შემთხვევაში ინფექციის პროგრესირებაზე იქნება დამოკიდებული.
თუ პაციენტი მკურნალობას დროულად დაიწყებს, შესაძლებელია, რომ ის დაავადებისგან სრულად განიკურნოს. დაგვიანების შემთხვევაში კი მკურნალობის პროცესი რთულდება, ამასთან სიმპტომებიც მწვავდება.
ლაიმის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბაქტერიული თერაპია. შესაძლოა, ექიმმა პროფილაქტიკის მიზნით პაციენტს, ტკიპას მოშორებიდან 72 საათის განმავლობაში, კონკრეტული ანტიბიოტიკი დაუნიშნოს. მედიკამენტის დოზირება ექიმის მიერ ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალურად განისაზღვრება.
როგორ შეგვიძლია პრევენცია?
ბორელიოზით დაავადების რისკები ზაფხულში იზრდება — მისი პრევენციის საუკეთესო საშუალება კი ტკიპას ნაკბენისგან თავდაცვაა. შესაბამისად, თუ წელიწადის ცხელ სეზონზე ღია ადგილებში, განსაკუთრებით კი ბუნებაში გასვლა გიწევთ, სჯობს დახურული ტანისამოსი ატაროთ. გარდა ამისა, სახლში დაბრუნების შემდეგ შეამოწმეთ როგორც თქვენი სხეული, ისე — ტანსაცმელი.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ტკიპა გვიკბენს?
თუ ტკიპა გიკბენთ, აუცილებელია მისი მოშორება რაც შეიძლება მალე. ამაში შემდეგი ნაბიჯები დაგეხმარებათ:
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უხეშ მოძრაობებს მოერიდეთ;
- ბამბა ან საფენი ზეთით გაჟღინთეთ, ის ტკიპას დაადეთ და კანის კარგად გაჟღენთამდე მოიცადეთ (აღსანიშნავია, რომ ზეთი ტკიპას მოძრაობის უნარს უკარგავს, შესაბამისად მისი მოცილების ამოცანა მარტივდება);
- ტკიპას დასაჭერად პინცეტი გამოიყენეთ;
- ფრთხილად, თუმცა ძლიერად გამოქაჩეთ; ამასთან ეცადეთ, ტკიპა არ დაანაწევროთ ან გახეთქოთ;
- როგორც ნაკბენი ადგილი, ისე ხელები საპნით კარგად დაიბანეთ;
თუ ტკიპას სხეულიდან ვერ ამოიღებთ ან კანში მისი ნაწილი მაინც ჩარჩება, დაუყოვნებლივ მიდით ექიმთან, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილოთ.
გავრცელებული კითხვა: ბორელიოზი გადამდებია?
პასუხი: ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ლაიმის დაავადება ადამიანებს შორის გადამდებია. ეს ნიშნავს, რომ მისი გადაცემა არ ხდება შეხების, კოცნის, სქესობრივი კავშირის, ჰაერის, საკვებისა და წყლის მეშვეობით.
აზიმაკი — ანტიბიოტიკი ბორელიოზის სამკურნალოდ
აზიმაკი, სხვა სამედიცინო მდგომარეობებთან ერთად, ბორელიოზის დროსაც ინიშნება. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი ეფექტიანად მოქმედებს მრავალი სხვადასხვა სახის ბაქტერიის წინააღმდეგ. თუმცა გაითვალისწინეთ — მისი თვითნებურად მიღება არ არის მიზანშეწონილი და მედიკამენტი ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account